"იცოდა, რომ ცოლი მყავდა..." - გზაპრესი

"იცოდა, რომ ცოლი მყავდა..."

სახელი, გვარი: ლაშა გურგენიძე.

ასაკი: 33 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, მანამდე - სტომატოლოგიის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრების მსახიობი, ასევე - სთენდაფერი.

ჰობი: ფოტოგრაფია.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მუსიკა.

ცხოვრების დევიზი: სიყვარული.

- ლაშა, პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- როცა პაროდიები პირველად გავაკეთე. მთელმა საქართველომ ამით გამიცნო. ხალხისგან კეთილგანწყობას, სიყვარულს ვგრძნობდი.

- ყველაზე მეტად ვისი პაროდიის გაკეთება გიყვართ?

- ზურა ყიფშიძის, კახი კავსაძის, ნინო ქათამაძის.

- საკუთარ თავს კარგად იცნობთ?

- ალბათ, კარგად - ვერა, მაგრამ - საკმაოდ. მაგალითად, ფოტოგრაფიაში ჩემი უნარიც შემთხვევით აღმოვაჩინე: კიევში პატრიარქთან ერთად ვიყავი. ჩემს უკრაინელ მეგობრებს ფოტოაპარატი ვთხოვე - უბრალოდ, რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღება მინდოდა. ფოტოგადაღებას ისე შევყევი და ისე გამიტაცა, რომ მეგონა, ჩემი პროფესია იყო. სხვათა შორის, ახლა ფოტოგამოფენის მოწყობას ვაპირებ... მაგალითად, სტუდენტობის პერიოდში, ხატებს ვამკობდი. 240-მდე ხატი მაქვს გაკეთებული. მათ შორის, ბევრი - ტაძრებშია, ზოგი - საზღვარგარეთ გაგზავნილი...

- დილით ჯერ საუზმობთ თუ სოციალურ ქსელებს სტუმრობთ?

- აუ, აი, ეგ სენი მაქვს, ვერ მოვიშორე: საწოლიდან ადგომისთანავე ტელეფონს ვიღებ, რომ გავიგო - რა ხდება, ვინ მომწერა... სიახლეებს ვეცნობი. შემდეგ წყალს ვსვამ, შხაპს ვიღებ, მერე კი ვსაუზმობ.

- მეგობრები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?

- იმას, რომ ძალიან "ბევრი" და დამღლელი ვარ. უკვირთ, ამდენი ენერგია საიდან მაქვს. ხომ იცით, რუსკა მაყაშვილი როგორი აქტიური, გადარეულია, არა? აი, მეც ასეთი ვარ. ახლა ჩემი ენერგია უფრო დავაბალანსე, რომ გარშემო მყოფები ნაკლებად შევაწუხო.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ბოლოს ოთარ ჭილაძის "ცირკი" კიდევ ერთხელ გადავიკითხე. მიყვარს და აუდიოს ან ვიდეოს ჩაწერასაც ვაპირებ...

- თქვენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- მუსიკა. ძირითადად, უფრო კლასიკას ვუსმენ. გია ყანჩელის შემოქმედება ძალიან მიყვარს.

- თქვენი სახელი მოგწონთ?

- რა ვიცი, კი: მარტივი, მსუბუქი სახელია.

- სკოლაში გოგონებს შორის პოპულარული ბიჭი იყავით?

- არა. გოგონებს არ მოვწონდი. რამდენიმე მათგანი მეგონა, მიყვარდა. ვაქტიურობდი. ვცდილობდი, გამეკვირვებინა; რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რომ სასურველი გოგონების ყურადღება მიმექცია. ვინც მომწონდა, მათ არ მოვწონდი.

- გოგონები დღეს თუ აქტიურობენ თქვენთან ურთიერთობისას?

- სიყვარულს, პატივისცემას გამოხატავენ - მომწონს შენი იუმორი, სპექტაკლიო და ა.შ. ფლირტამდე და ვნებამდე არ მიდის საქმე. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც იყო, მაგრამ იქვე გავაჩერე, რადგან ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს. თან, იმ ადამიანმა იცოდა, რომ მეუღლე მყავდა (ყველამ იცის)... მოკლედ, ყველაფერი ჩვენს ხელშია: ენერგიას საითაც მიმართავ, იქით წავა, რა... ჩემს ცოლში ყველაფერია, რაც მჭირდება, რამაც შეიძლება ქალში გაგაგიჟოს: გარეგნობა, პიროვნება, სილამაზე, მეგობრობა...

- როგორ ფიქრობთ, ადამიანები ნამდვილ სახეს როგორ სიტუაციაში ავლენენ?

- შეიძლება, ვცდები, მაგრამ ალბათ - გაჭირვების, განსაცდელის ჟამს. ბოლო დროს, ამაში უფრო მეტად დავრწმუნდი. თუნდაც ახლა, პანდემიისას უამრავმა ადამიანმა ნამდვილი სახე გამოაჩინა: გამოჩნდა მათი პიროვნება, დამოკიდებულება, ფასეულობა... ბევრ მათგანზე გულიც ამიცრუვდა. რაღაცნაირად, შექმნილმა ვითარებამ ადამიანები გამოავლინა. იმას კი არ ვამბობ, რომ მე იდეალური ვარ? რა თქმა უნდა, ხასიათში მეც ბევრი "ნაგავი" მაქვს... ალბათ, როცა ყველას რაღაც სჭირდება, ამ დროს არჩევანს აკეთებ - მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ თუ სხვაზეც? ჩემი აზრით, მხოლოდ საკუთარ თავზე არასდროს უნდა იფიქრო. სხვასაც უნდა გაუზიარო ემოცია, ტანსაცმელი თუ საკვები, მით უმეტეს, ისეთ დროს, როცა ძალიან სჭირდებათ...

- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებსა და აუცრელებს შორის შუღლზე რას ფიქრობთ?

- ხომ იცით, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს, არა? პირადად მე, აცრას ვაპირებ: ვირუსი გადატანილი მაქვს. დღემდე უსაფრთხოების ყველა წესს ვიცავ. ძალიან ფრთხილად ვარ, რომ ვირუსი კიდევ არ შემხვდეს და მერე სხვას არ გადავდო, მით უმეტეს - რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს... აგვისტოს შუა რიცხვებამდე ადგილი არაა, რომ ავიცრა. უნდა ავიცრა, რადგან 2 შვილი მყავს, ინდური შტამი კი ბავშვებისთვის საშიშია. საერთოდ, მგონია, რომ მოსახლეობა უნდა აიცრას და ეს პანდემია დავასრულოთ, რადგან შექმნილი სიტუაცია რთულია. ასე როდემდე უნდა ვიყოთ? ჩაკეტვები, კომენდანტის საათი... ერთმანეთს და საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ. 2 დღის წინ, ჩემს დეიდაშვილს შვილი შეეძინა. ბავშვს ძუძუთი კვებავს და უნდა აიცრას; ნინო სურგულაძე ორსულადაა და აიცრა... ჩემი აზრით, აცრით ჩიპს არ გვიდგამენ, არც ბლუთუზით იგზავნება რაღაცები (იღიმის)...

- როგორ ფიქრობთ, თქვენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხართ?

- აუ, ალბათ, ჩემზე ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ: იუმორით სავსე, ხალისიანი, ენერგიული ადამიანიაო... გარკვეულ სიტუაციებში, პერიოდულად, "ნაგავი" ხასიათი მაქვს: ფეთქებადი, იმპულსური ვარ, ბუნებრივია - ზომიერად, მაგრამ მაინც... ძალიან ემოციური გახლავართ: მაგალითად, შეიძლება რაღაც საკითხი ძალიან "შემეხოს" და ამ საკითხზე ხმამაღლა, აქტიურად, ენერგიულად ვისაუბრო. ზოგს ჰგონია, მას ვეჩხუბები, რაღაცას ვუმტკიცებ. არადა, ასე არ არის. ემოციურად განწყობილი საკითხის მიმართ ვარ და არა - კონკრეტული ადამიანის. ზოგი ვერ ხვდება და ჰგონიათ, მათ ვუტევ - რატომ ჩხუბობ, ბიჭოო (იღიმის)?..

- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- მაგალითად, ერთი-ორჯერ გახმოვანებაზე მივედი. მეგონა, უპრობლემოდ ჩავწერდი. ყველანაირად ვეცადე, გახმოვანება კარგი გამოსულიყო, მაგრამ დამკვეთს რაღაც არ მოეწონა... სხვა კონკრეტული შემთხვევები მახსენდება.

GzaPress

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- თაკოს (მეუღლეს). ყველაფრის გამო ვურეკავ: აზრს ვეკითხები, ემოციებს ვუზიარებ... ჩემი სულის ადამიანია.

- სტომატოლოგად გიმუშავიათ?

- არა. ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა. როგორც კი სტომატოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე და პრაქტიკაზე კლინიკაში მივედი, "ქვედა ყბა", ცვილი და შპადელი დავდე - მაღაზიაში ჩავალ და ამოვალ-მეთქი... ჩავედი და საბუთების შესაგროვებლად სირბილი დავიწყე, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში შემეტანა.

- მოგვიანებითაც არ გაგჩენიათ სურვილი, რომ სტომატოლოგად გემუშავათ?

- ვიცი, სტომატოლოგებს მაღალი შრომითი ანაზღაურება აქვთ, მათი საქმიანობა ძალიან მოთხოვნადია. შეიძლება, ადამიანმა ცხვირის, მკერდის ოპერაცია არ გაიკეთო, მაგრამ კბილი აუცილებელია, რომ ბოლოს და ბოლოს, ჭამო, ღიმილზე რომ არაფერი ვთქვათ (იღიმის). მიფიქრია - ამ საქმეს რომ გავყოლოდი, დიდი შემოსავალი ხომ მექნებოდა-მეთქი?.. დღეს ცუდად ვარ თუ კარგად, იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- სიყვარული, სიკეთე და პასუხისმგებლობა. შეიძლება, ვაჭარბებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს 3 ფასეულობა მინდა იყოს ჩემი ქმედებების განმსაზღვრელი და ამისკენ ვისწრაფვი. პასუხისმგებლობაში იმას ვგულისხმობ, რომ როგორ ცუდადაც უნდა იყო, რაც უნდა გაწუხებდეს, შენი საქმე მაინც უნდა გააკეთო, თან, კარგად. ესაა პასუხისმგებლობა საქმისადმი, კოლეგებისადმი, ოჯახისადმი... სიყვარულს რაც შეეხება, ის ყველაზე მთავარია: რასაც უსიყვარულოდ აკეთებ, არაფერს ფასი არ აქვს. თუ მთელი სული, გული, გონება, ენერგია, სიკეთე, დამოკიდებულება არ "ჩადე", ვერავისში ვერასდროს კეთილ ნაყოფს ვერ გამოიწვევ... სიკეთე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც ძალიან გვჭირდება. "სიკეთეში" მხოლოდ ერთმანეთის დახმარება არ იგულისხმება, ასევე - პატივისცემაც, გვერდით დგომა, გაგება, პატიება...

ეთო ყორღანაშვილი