"ჩემთვის მზე აღარ ანათებდა... დღეს ჩემი სიცოცხლის მიზეზი ლაშაა" - გზაპრესი

"ჩემთვის მზე აღარ ანათებდა... დღეს ჩემი სიცოცხლის მიზეზი ლაშაა"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი - 21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით, ლაშა ბექაური ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ტელეეთერში ისაუბრა...

ჩვენ ლაშას ბებიას, ქალბატონ ეთერ წიკლაურს დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად საბერძნეთში იმყოფება:

- შეჯიბრებებზე ლაშას მონაწილეობის ყურება არ შემიძლია - ძლიერი ემოციები მეუფლება. უბრალოდ, სანთლებს ვანთებ და შედეგს ველოდები. ყოველთვის ღმერთის იმედი მაქვს, რომ არ დამტოვებს, დაგვეხმარება... ასეც ხდება, დაილოცოს უფალი! რასაც ლაშიკომ მიაღწია, ყველაფრისთვის უფლის მადლობელი ვარ.

- გამარჯვებამდე ლაშამ აღნიშნა: მოგებულ მილიონს რას ვუზამ, არ მიფიქრია, მაგრამ პირველ რიგში, მინდა ბებია და დეიდა, რომლებიც საბერძნეთში მუშაობენ, საქართველოში ჩამოვიყვანოო. რა იგრძენით, როცა ეს მოისმინეთ?

- დიდი ხანია, რაც ლაშიკო ამას მეუბნება, - ჩამოდი, ბაბო, ჩამოდიო... ოჯახის წევრების ერთად ყოფნა ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეგ სიტყვები რომ მოვისმინე, მესიამოვნა... ჩამოვალ და ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები.

- ლაშას გამარჯვების შესახებ როგორ შეიტყვეთ?

- ლაშას გამოსვლებს რომ ვერ ვუყურებ, ველოდები, "ფეისბუკზე" ინფორმაცია როდის გამოქვეყნდება. სანამ შეჯიბრების შედეგს სოციალურ ქსელში ვნახავ, ვიღაც სხვა ცდილობს, რომ მახაროს, - ლაშამ გაიმარჯვაო, არადა, ლაშას ჩემთან უკვე დარეკილი აქვს, - ბაბო, გილოცავ, გავიმარჯვეო (იღიმის)!..

- ლაშას დამსახურებით, სრულიად საქართველოს სიხარულს ალბათ ემიგრანტებიც განსაკუთრებულად შეხვდნენ, არა?

- ძალიან. გუშინ გარეთ რომ გავედი, სადაც ქართველები თავს იყრიან, შევნიშნე, რომ 2-3 ქალი ერთად იდგა (შეუძლებელია, ყველა ემიგრანტს ვიცნობდე) და უკვე იმ ბედნიერებაზე ლაპარაკობდნენ, რაც საქართველოში იყო. ძალიან მესიამოვნა. ერთი ქალი საკმაოდ დიდი ასაკის გახლდათ. დანარჩენებს ეუბნებოდა, - არ მეგონა, კიდევ თუ შეიძლებოდა, საქართველოში ამხელა სიხარული რამეს გამოეწვია, ემოციებისგან სულ ვტიროდიო!.. მოკლედ, ქართველები ძლიერ ემოციებში იყვნენ.

GzaPress

- ლაშასთან ერთად რა პერიოდი გაქვთ გატარებული?

- საბერძნეთში პირველად რომ წამოვედი, ლაშა საქართველოში პატარა დავტოვე, მაგრამ 2007 წელს, როცა დავბრუნდი, ჭიდაობაზე უკვე დადიოდა. მაშინვე ეტყობოდა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარდა. წვიმდა თუ თოვდა, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა - მაინც ვარჯიშობდა. ღამით ადგებოდა ხოლმე. გამეღვიძებოდა, - ლაშიკო, შენ ხარ-მეთქი? - ჰო, უნდა წავიდე, სირბილი გვაქვს, უნდა ვირბინოო, - მპასუხობდა (იღიმის)... თავდაპირველად, ლაშიკოს ოჯახი ზემო ქედში ცხოვრობდა. იქ ცხოვრება ბავშვებს ძალიან უჭირდათ, რადგან 13 კილომეტრის ფეხით გავლა უწევდათ... როცა ლაშა უკვე ჭიდაობაზე დადიოდა, ჩემთან ერთადაც ცხოვრობდა, არხილოსკალოში.

- როგორი ბავშვი იყო?

- ყველა და ყველაფერი უყვარდა: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები... ყველა ასაკის ადამიანთან ურთიერთობდა. ზოგთან კურდღლისთვის მიდიოდა - ის კურდღელი მომეცი, ლამაზი თვალები რომ აქვს, უნდა გავაშენოო. ჰყავდა მტრედები... ერთხელ, სახლის წინ, შუა ეზოში, რაღაც ორმოც კი ამოთხარა - თევზები უნდა მოვაშენოო (იცინის)... ყველაფერი აინტერესებდა...

- რამდენი ხანია, რაც ემიგრაციაში იმყოფებით?

- 2003 წლიდან საბერძნეთში ვარ, მაგრამ შემდეგ, 2007 წელს ვაჟი გარდამეცვალა და საქართველოში დავბრუნდი. 2 წელი საქართველოში ვიცხოვრე, მერე კი ისევ საბერძნეთში გავემგზავრე, რადგან 1 შვილი საბერძნეთში მყავდა, მეორე - საქართველოში... ამის შემდეგ ემიგრაციაში შემოვრჩი...

- თქვენ შესახებ გვიამბეთ...

- ისეთი მძიმე წარსული მაქვს, რომ მოყოლა ძნელია... 29 წლის ვიყავი, როცა მეუღლე გარდამეცვალა. 3 შვილი დამრჩა. შემიძლია ვთქვა, რომ გაზრდისას ბავშვებს არაფერი გასჭირვებიათ, მაგრამ როცა სტუდენტები გახდნენ, იმ დროს საქართველოში ძალიან ცუდი პერიოდი იდგა. მართლა ყველას უჭირდა, მათ შორის - მეც, მაგრამ მანამდე, მადლობა ღმერთს, რომ პატარების აღზრდისას პრობლემა არ მქონია. ჩემმა მეუღლემ ხალხში დიდი კვალი, სითბო და სიყვარული დატოვა, რამაც ჩემი შვილების აღზრდაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა... შემდეგ, სხვა ქვეყანაში გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, მაგრამ ალბათ არსებობს ვითარება, რაც ემიგრაციაში წასვლას, სხვა ქვეყანაში მუშაობას გადაგაწყვეტინებს. მარტო მე კი არ აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში - ყველამ კარგად იცის, ნახევარი საქართველო საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ... 2007 წელს, როცა ვაჟი გარდამეცვალა, ჩემთვის ყველაფერი დაიხურა - საერთოდ, მზე აღარ ანათებდა, ყველაფერს შავ ფერებში ვხედავდი. დღეს იმის მიზეზი, რომ შეიძლება ვთქვა, - არა, უნდა ვიცოცხლო, ვიარსებო-მეთქი, - არის ლაშა... ვფიქრობ, რომ ადამიანმა მომავლის იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო. ღმერთი დიდ განსაცდელს რომ გაძლევს, შემდეგ ამას სიხარულიც მოჰყვება... კარგად მახსოვს, როცა ლაშიკომ ვარჯიში დაიწყო და შეჯიბრებებზე სოფლებში, რაიონიდან რაიონში გადაჰყავდათ, სახლში დაბრუნებული მეუბნებოდა: - როცა ვჭიდაობდი, ბაბო, ასე მეგონა, ძიაკო სადღაც იჯდა და მიყურებდა; მინდოდა, მომეგო, რომ ძიაკო გამეხარებინაო. ეტყობა, ფიქრობდა, რომ ამ სიტყვებით გამახარებდა...

GzaPress

- ბიძასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა?

- 7 წლისაც არ იყო ლაშა, როცა ბიძა გარდაეცვალა. ალბათ, კარგად არ ახსოვდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დამწუხრებულს რომ გვხედავდა, უნდოდა, სულ ბიძაზე ესაუბრა, რთული სიტუაციიდან გამოვეყვანეთ. დაღონებულს რომ დამინახავდა, მოვიდოდა და მომეფერებოდა, - ბაბო, ასეთი დაღონებული ნუ ხარ, რა, გეხვეწებიო... მინდოდა თუ არა, ცრემლები უნდა შემემშრალებინა და მოვფერებოდი... ძალიან მოსიყვარულეა.

- თქვენს ვაჟს რა დაემართა?

- ავტოავარიის შედეგად დაიღუპა: გაყინულ გზაზე მანქანა მოსრიალდა და რკინის ბოძს შეეჯახა...

- ლაშას დეიდა ამჟამად საბერძნეთში არ იმყოფება?

- არა, არა. ჩემი გოგო, შვილთან ერთად, საქართველოშია, ზაფხულის არდადეგების გასატარებლად. მისი მეუღლე მუშაობდა. ამიტომ მათთან ერთად საქართველოში წასვლა ვერ შეძლო. ლაშიკო ტოკიოში რომ გაემგზავრა, მეორე დღეს დეიდამისი საქართველოში ჩავიდა... საკუთარი დისშვილი ყველას უყვარს, მაგრამ ჩემი გოგონები ერთმანეთის შვილებს საკუთარისგან არ ასხვავებენ - შვილებივით უყვართ.

- საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებთ?

- ჩემთვის ეს ოცნება იყო, ამ დღისთვის ვემზადებოდი, რომ ლაშიკო ასეთ დიდ წარმატებას მიაღწევდა... კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული მაქვს. სამწუხაროდ, აცრიდან 15 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება არ შემიძლია... ინტერნეტში ვუყურებდი, ტოკიოდან საქართველოში დაბრუნებულ ლაშას როგორ დახვდნენ. თითქოს მთელი ღამე მეც საქართველოში ვიყავი... რასაც განვიცდი, ყველაფერი რომ გითხრათ, ალბათ, ერთკვირიანი ინტერვიუც არ გვეყოფა (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი