"ღამით ვლოცულობთ და ნეტავ დილა რომ თენდება, მაშინ რატომღა ვერჩით ერთმანეთს?" - გზაპრესი

"ღამით ვლოცულობთ და ნეტავ დილა რომ თენდება, მაშინ რატომღა ვერჩით ერთმანეთს?"

გია ჯაჯანიძესთან ყოველი ინტერვიუს შემდეგ ვრწმუნდები, რომ ჩემს რესპონდენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და გულწრფელია - ადამიანებსა და სიცოცხლეზე შეყვარებული, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით სავსე... რა ოცნება აისრულა დიდობაში, რატომ იქცა მისთვის დაბრკოლებად ზედმეტი სინდისიერება როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერაში და რატომ არ ხიბლავს ამპარტავნება და მედიდურობა, - ამ და სხვა თემების შესახებ ვისაუბრეთ.

- "ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას დედის სიყვარული ჰქვია" (ზიადელი).

- სამი დედმამიშვილი ვართ. დავოჯახდით, გვეყოლა შვილები, მაგრამ დედამ ერთმანეთის იმხელა სიყვარული ჩაგვინერგა, დღემდე რომ გვავსებს. ეს გრძნობა განუმეორებელია. როცა საზღვარგარეთ მივდივარ, პირველ რიგში, ჩემი და-ძმისთვის ვყიდულობ საჩუქრებს და შემდეგ - შვილებისთვის. ეს არის უდიდესი სიყვარული, ოღონდ ყოველგვარ ეგოიზმს აცილებული, ორივე მხრიდან - ნამდვილი, ჯანსაღი და საოცარი.

- "ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით" (ზიგმუნდ ფროიდი).

- სხვათა შორის, არასდროს მიოცნებია ბევრ ფულზე. ჩემი ყველა ჩანაწერი დღიურში მთავრდებოდა ასე: "ყველაზე მეტად მინდა, რომ ამქვეყნად ბევრ ადამიანს ვუყვარდე". ეს ოცნება მქონდა და მგონი, ავისრულე, მაგრამ - ნაწილობრივ. ხშირად ვფიქრობ, ვისაც არ ვუყვარვარ, რატომ, რა დავუშავე? ხომ შეიძლება, მათაც ვუყვარდე-მეთქი!

- "კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება" (მარკ ტვენი).

- რა თქმა უნდა, მეგობრები აუცილებელია იდეალური ცხოვრებისთვის. 60 წლის ვარ და დღემდე მომყვებიან ბავშვობის მეგობრები, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. მეგობრობასთან დაკავშირებითაც მაქვს ერთი ოცნება - მინდა, ჩემნაირი მეგობარი მყავდეს, მე როგორიც ვარ, ისეთი, ჩემსავით ერთგული (იცინის). ერთხელ მეგობარს ვუთხარი, რა ბედნიერი ხარ, რომ შეგიძლია ბოლომდე "დაიცალო" ჩემთან და ყველაფერი თქვა, მერე კი მშვიდად დაიძინო; მეც მინდა ასეთი მეგობარი-მეთქი. ჯერ ვერ ვიპოვე. შესანიშნავ წიგნს რა სჯობია, მაგრამ აი, სინდისმა ბევრჯერ უკან დამხია. ზედმეტი სინდისიერება დაბრკოლებაა როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერაშიც. არ ვამბობ, რომ უსინდისობა კარგია და მისაღები, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ ასე. ვეღარც შევიცვლები, ასეთი ვარ.

GzaPress

- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული, მეგობრობა კი - არა" (ოსკარ უაილდი).

- ვერ დავეთანხმები ოსკარ უაილდს, მე ბევრი მეგობარი ქალი მყავს.

- "საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია" (სოფოკლე).

- სხვათა შორის, რასაც მეკითხებით, ყველაფერზე მაქვს სტატუსი დაწერილი: სიყვარულზე, ეგოიზმზე, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვთ, იმ ადამიანებზე. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას, თუ თავს კონტროლი ვერ გავუწიე, პირდაპირი მნიშვნელობით, პირი მრჩება ხოლმე ღია... ცუდი რამ უნდა ვთქვა: იმდენად მეცოდება ასეთი ხალხი, რომ მხარს ვუბამ მათ და ვეუბნები, - რა მაგარი ხარ, რა კარგი ხარ!.. არ მომწონს, როდესაც განსაკუთრებულად მექცევიან, რაკი ტელევიზორში ვჩანვარ, - როგორ შეიძლება, მხოლოდ ამის გამო სცე ვინმეს პატივი?! ისე გიყვარდე, რა მოხდება, რა დაშავდება?! მე შემიძლია სტაჟიორსაც მოვუდუღო ყავა, რა მოხდება ამით? მთელი ჩემი ცხოვრება უცნაური, დაუჯერებელი ამბებითა და შემთხვევებით არის სავსე. იციან ჩემმა მეგობრებმა, წლების განმავლობაში ერთ "ბომჟთან" ვმეგობრობდი. იმდენად განათლებული იყო, რაღაცის გარკვევა რომ დამჭირდებოდა, მას ვურეკავდი, წარმოგიდგენიათ? ერთხელ კაფეშიც წავედი მასთან ერთად. შეიძლება ითქვას, მედიდურობის განცდა ნულს ქვემოთ მაქვს, რადგან ჩემთვის ღირებულია სული და დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. რის სიდიდე, რა ამპარტავნება?!. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: 1995 წელს ამერიკაში ვიყავი. ვხუმრობდი ხოლმე, ჭიათურიდან პირდაპირ მანჰეტენზე მოვხვდი-მეთქი. იქ მაჩუქეს შავი ტყავის გრძელი ლაბადა, შარვალი, პერანგი, ჰალსტუხი, შარფი. მოკლედ, სულ ტყავებში ვარ გახვეული და მახსოვს, ავდივარ ტელევიზიის კიბეზე. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემნაირად არავის აცვია. ბოლო საფეხურზე დავდექი, ფეხი დავაბიჯე ლაბადის კალთას და სულ გორაობით დავეშვი ძირს. იმ ერთხელ მქონდა სიამაყის გრძნობა და მაშინაც ასე დამემართა. ამით ღმერთმა ნიშანი მომცა, - რა ამერიკა, რის ტყავი, დაეტიე შენს ტყავშიო!.. ხშირად დავდივარ ბაზრობაზე და მეუბნებიან, - ვაიმე, ვარსკვლავი ხარ და ბაზრობაზე რატომ ყიდულობო?! არ მაქვს განდიდების მანია და რა ვქნა. 4 კვადრატული მიწა გვეკუთვნის ბოლოს, იქ მთავრდება ჩვენი სიცოცხლე.

- "ყველა კარგი პერიოდი ყოველთვის არის შედეგი თქვენი დაუღალავი შრომის და წარსულში მუდმივი თავგანწირვის. რასაც აკეთებთ დღეს, თქვენს ხვალინდელ ცხოვრებას რომ მოიტანს შედეგად. თუ გსურთ, ხვალაც მიიღოთ ნაყოფი, დათესეთ ყოველდღე! თუკი ოდნავ მაინც მოადუნებთ კონცენტრაციას, მაშინვე ჩასრიალდებით უკან" (დონალდ ტრამპი).

- პატივს ვცემ ტრამპს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ამერიკულად აზროვნებს: ჩვენთან ძალიან ბევრსაც შრომობენ ადამიანები, წელში წყდებიან, მაგრამ მაინც ვერ აღწევენ წარმატებებს. რა თქმა უნდა, წინ რომ წახვიდე, შრომა აუცილებელია და ისიც, რომ სხვისი შრომა დააფასო.

- "თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას" (ხალხური).

- არ არის ასე. ადამიანს შეიძლება ერთხელ უმტყუნოს ნერვებმა, მაგრამ გონს მოეგოს და გაიაზროს თავისი დანაშაული თუ შეცდომა. რამდენი შემთხვევაა, როდესაც შეცდომას უშვებენ, მაგრამ შემდეგ ცდილობენ გამოასწორონ! არ შეიძლება ასე, ხელის ერთი მოსმით ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა.

- "ლამაზი ქალი მოსწონს თვალს, კეთილი - გულს. პირველი ლამაზი ნივთია, მეორე კი - სიმდიდრე" (ნაპოლეონ ბონაპარტი).

- შეიძლება ეს ასაკმა მოიტანა, მაგრამ ჩემი აზრით, ქალს თუ სული არ ულამაზებს სხეულს, მისი ფიზიკური სილამაზე არაფერია. ლამაზ ქალს, რომელსაც სულიერება არა აქვს, ბიჟუტერიას შევადარებ. ამიტომაც არასდროს მითქვამს არც ერთ ქალზე, მახინჯიაო.

- "ქალი სიყვარულისგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი).

- ქალი ჭკვიანდება და კაცი სულელდებაო? არაერთგვაროვნად შეგვიძლია ამ გამონათქვამის გაგება. არის შემთხვევები, როდესაც ორივე სულელდება და ჩერჩეტდება სიყვარულისგან ან - პირიქით, როდესაც ორივე ბრძენდება. თუ მართლაც იპოვი შენს მეორე ნახევარს, მაშინ ბრძენდები. აღარც მახსოვს, მე როგორი ვიყავი შეყვარებულობისას (იცინის). ჩემს მეხსიერებას შემორჩა ერთი გოგო, რომელმაც მითხრა: "შენ მე მიყვარხარ!" რაღაცნაირად მეუცნაურა, ჩვენ, ყველა ხომ ასე ვუხსნით ხოლმე სიყვარულს ვინმეს, - მე შენ მიყვარხარო. ყურში მომხვდა და ვთხოვე, გამიმეორე-მეთქი. რომ დავფიქრდი, ასე უფრო სწორია. მე მიყვარხარ კი არა, შენ მიყვარხარ! როდესაც გიყვარს, სწორედ მისით უნდა იწყებოდეს ყველაფერი, ეს არის ნამდვილი. ეს მოხდა ახალგაზრდობისას, მაგრამ დღემდე მახსოვს და მაბედნიერებს.

GzaPress

- "ადამი პირველი იღბლიანი მამაკაცი იყო, რადგან სიდედრი არ ჰყავდა" (ებრაული ანდაზა).

- ვაიმე, ამაზე რა უნდა გითხრათ?!. სამი ცოლი მყავდა და სამივე სიდედრთან საოცრად კარგი ურთიერთობა მქონდა, სასწაული ქალბატონები იყვნენ. სამივეს ხომ დავცილდი და მაინც მიგზავნიდნენ თავიანთი ხელით გაკეთებულ კომპოტებს, მურაბებს, ტყემლებს, დაბადების დღეზე საჩუქრებსაც, ვგიჟდებოდი მათზე.

- "უმჯობესია, ხალხს შეცდომის ჩადენის ნება მისცე, ვიდრე გახდე მათი სიძულვილის საგანი იმის გამო, რომ საბოლოო ჯამში, შენ აღმოჩნდი მართალი. ჩვეულებრივ, ხალხი ბევრად უფრო იოლად გაპატიებს შენს აცილებებს, შეცდომებს და წარუმატებლობას, ვიდრე შენს წარმატებებს და მართებულობას. იმავდროულად, საკუთარი შეცდომების დანახვა აუცილებელია, რომ ისევ არ ჩაიდინო ისინი. მეტოქე, რომელიც ეძებს თქვენს შეცდომებს, უფრო სარგებლიანია, ვიდრე მეგობარი, რომელსაც უნდა, დამალოს ისინი" (ლეონარდო და ვინჩი).

- შეცდომა არის გამოცდილება, მარცხი არის განძი, თუ მას სწორად შეაფასებ და დაინახავ. ისეთი გამოუსწორებელი შეცდომები არ დამიშვია, რაზეც დღეს ვინანებ, თუმცა შეცდომები დამიშვია ადამიანების შეცნობისას. ვერ ვიჯერებ, როგორ შეუძლიათ გიღალატონ, გეაფერისტონ, რამე დაგიშავონ, საქმეში ხელი შეგიშალონ უღირსი ხერხებით, არადა, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები. გაგიკვირდება, რატომ იქცევიან ასე, როცა სხვა არჩევანიც ჰქონდათ.

- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - ღალატია. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს აპატიებ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად გამეორდება, ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).

- მე ყველაფერს ვპატიობ ადამიანებს, მაგრამ მერე აღარ ვაძლევ ღალატის, ცუდად მოქცევის შესაძლებლობას. როდესაც ვინმე რამეს მიშავებს, მაშინაც საკუთარ თავს ვიდანაშაულებ. ვფიქრობ, ახლოს რომ არ მომეშვა, ხომ ვერ დამაზიანებდა-მეთქი?! უცნაური მეხსიერება მაქვს. ეტყობა, წამიერი სიმწარე მავიწყდება, ოღონდ სიფრთხილის მომენტი მაქვს "ჩართული", - ვპატიობ, მაგრამ აღარ ვენდობი. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მიყვარს, მაგრამ პატივს არ ვცემ. შეიძლება ეს გაგიკვირდეთ. ერთი საშინელი ადამიანია, ვერ ენდობი, ვერაფერს ეტყვი, ვიცი, მაშინვე სხვას მოუყვება, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს, პატივს კი არ ვცემ. ამას პირშიც ვეუბნები ხოლმე.

- "შურიანები კვდებიან, მაგრამ შური - არასოდეს" (მოლიერი).

- ცოტა რიტორიკულია. კი ბატონო, შური არ კვდება. ეს არის სენი, რომელსაც ადამიანი ვერ ამარცხებს. ბებია მეუბნებოდა, - ვთქვათ, გამდიდრდა ადამიანი, ეს არის მისი ბედი, შენ მაინც არ მოგეცემა მისი არაფერი, ამიტომ ნუ შეგშურდება და ნურც დაიტანჯებიო. ასევეა სხვისი წარმატების შემთხვევაში. თუ გული გწყდება, შენც გააკეთე რამე, შენც იშრომე. არასდროს მშურს სხვების.

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- შეიძლება არ დამიჯერონ, მაგრამ არ მეშინია სიკვდილის, სიბნელის, მიცვალებულის, მარცხის. საერთოდ არ მაქვს შიშის გრძნობა, რამის ფობია. ისე, ადამიანისთვის საკუთარ თავზე საშიში არაფერი და არავინ არ არის.

- "თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა" (გოდერძი ჩოხელი).

- ძალიან მინდა, დუმილით გიპასუხოთ... ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია. ერთ-ერთ საეკლესიო დღესასწაულზე, აღდგომას, სამების ტაძარში ვერ შეხვიდოდი, იმდენი ხალხი იყო. მაშინ გავიფიქრე, - ღამით რომ მოვდივართ და ვლოცულობთ, ნეტავ, დილა რომ თენდება, მაშინ რატომღა ვერჩით-მეთქი ერთმანეთს?!. ამ პოლიტიკამ ხალხი მგლებად აქცია კი არა, საკუთარი სახე დააკარგვინა. ბედნიერი ვარ, რომ გოდერძი ჩოხელს ახლოს ვიცნობდი; ადამიანს, რომელსაც ვერც შეატყობდი, რომ იყო ამხელა გენიოსი და თან ამხელა სევდას ატარებდა.

ნინო ჯავახიშვილი