ბუბა მირცხულავა შვილის მოლოდინში, მისი იღბალი, ცინიზმი და რისკის სიყვარული - გზაპრესი

ბუბა მირცხულავა შვილის მოლოდინში, მისი იღბალი, ცინიზმი და რისკის სიყვარული

"ის ილუზიით არ ცხოვრობს, ყველაფერს თავის სახელს არქმევს და სხვებისგანაც ამას მოითხოვს. რეალისტია, ხშირად მიდის რისკზე. შესაძლოა მოკრძალებული, თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ რეალურად სხვებისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით იმართება. ცინიკოსია, ხშირად ცინიზმით კომპლექსების დაფარვას ცდილობს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ბუბა მირცხულავას ზოდიაქოს ნიშანია.

- იყო პერიოდი, როცა ასტროლოგიით ძალიან გატაცებული ვიყავი, ვკითხულობდი ლიტერატურას, ახლა ბევრი დრო აღარ მაქვს, ინტერესი მეტ-ნაკლებად გამინელდა, ჩემს ცხოვრებაში სხვა განცდები და ინტერესები შემოვიდა, სექტემბრის დასაწყისისთვის შვილს ველოდები.

- სქესს ამხელთ?

- ჯერ არ ვამხელთ, საიდუმლოდ ვტოვებთ.

- შვილის მოლოდინი როგორია?

- დიდი განცდაა, ისეთი სიახლისთვის ვემზადები, რომელიც ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მგონია, მამობა სხვაგვარ ადამიანად მაქცევს.

- აპირებ, ბავშვის დაბადებას დაესწრო?

- რთული საკითხია, ჩემს მეუღლეს უნდა, რომ მშობიარობას დავესწრო, მაგრამ არ ვიცი, ფსიქოლოგიურად რამდენად შევძლებ. უარს კი არ ვამბობ, უბრალოდ, პასუხი ჯერ არ ვიცი. როცა ფაქტის წინაშე დავდგები, მაშინ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცევი. ასე უფრო მართალი ვიქნები საკუთარ თავთანაც, ჩემს მეუღლესა და შვილთანაც. ორი გზაა: ან თანხმობა, ან უარი. ორივე შემთხვევაში საკმარისი არგუმენტი მექნება. ვნახოთ, იმ ერთ წამს რომელი გადაწონის.

- როდესაც ქორწინდებოდი, თუ გაითვალისწინე ან წაიკითხე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს რამდენად ეწყობოდა?

- არა, მე და სოფოს ურთიერთობა თავიდანვე ძალიან კარგად აგვეწყო და სხვა აღარაფერი მაინტერესებდა.

- რეალისტი ხარ? ასტროლოგები ამბობენ, რომ ღრუბლებში ფრენა არ გჩვევია.

- მართალია, ვცდილობ რეალისტი ვიყო, ჩემში ეს თვისება მომწონს. ღრუბლებში ფრენა არ მიყვარს, მეოცნებეც კი არ ვარ, მიწაზე ყოველთვის მყარად ვდგავარ. ვისახავ მიზანს და მჯერა, ჩემში არსებულ რესურსს სწორად თუ მივმართავ, მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

- "ის არის ჭკვიანი, ეჭვიანი, პატივმოყვარე, ფრთხილი, მიზანდასახული და უკომპრომისო, რომლისთვისაც უარი მიუღებელია".

- ამ ყველაფერზე მეტად ჯიუტი და პრინციპული ვარ, მაგრამ მიჭირს გარჩევა, როდის ვარ ჯიუტი და როდის - პრინციპული. უკომპრომისო არ ვარ. როცა ადამიანთან ურთიერთობ, "მე ვარ და ჩემი ნაბადი" არ გამოვა, უკომპრომისობა წარმოუდგენელია. ნებისმიერი ურთიერთობა გაგებაზეა დამოკიდებული. სადაც გაგებაა, იქ უკომპრომისობა ვერ იქნება.

- "კმაყოფილი მხოლოდ მაშინ არის, როცა ადამიანებზე ეფექტს ახდენს, უმთავრესი მოტივაცია აღიარებაა".

- როცა რაღაცას აკეთებ, გინდა, ვინმემ დაინახოს და თქვას, რა კარგია. ფსიქოლოგიურად ეს ყველა ადამიანს სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტივაციაც არ გექნება.

- "შესაძლოა მოკრძალებული, თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ რეალურად სხვებისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით იმართება".

- არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, ასე ნამდვილად არ არის. ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც რამე მაქვს დასამტკიცებელი, ეს თავად ვარ და სექტემბრიდან - ჩემი შვილი იქნება.

- ცინიკოსი ხარ?

- ზოგჯერ ძალიან ცინიკოსი ვარ. სხვათა შორის, ჩემში ეს სარკაზმი მომწონს, მინუსი არ მგონია. ირონიული პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ ვარ.

- როგორ ფიქრობ, ცინიზმით კომპლექსების დაფარვას ხომ არ ცდილობ? გულახდილად მითხარი, ამ მდგომარეობაში საკუთარი თავი არასდროს გამოგიჭერია?

- ძალიან ინდივიდუალურია, გარკვეულწილად შეიძლება ასეც იყოს, რამდენჯერმე გამომიჭერია, მაგრამ ეს არ ხდება დაგეგმილად; მოგვიანებით გამიაზრებია, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ცინიზმით რაღაც კომპლექსი დავფარე.

- "მას არ უყვარს პირადი ცხოვრების დემონსტრირება".

- ძალიან ინტიმური საკითხია. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვერასდროს დავჯდები სატელევიზიო შოუში, კამერების წინ და ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ლაპარაკს ვერ დავიწყებ. ამ მხრივ, ჩემი მეუღლე ჩემზე მეტად თავშეკავებულია.

- "ის მოჩვენებითი ილუზიით არ ცხოვრობს, ყველაფერს თავის სახელს უწოდებს და სხვებისგანაც ამას მოითხოვს".

- მე ხომ რეალისტი ვარ.

- ყოველთვის ახერხებ, ემოციები გონებას დაუქვემდებარო?

- არა.

GzaPress- მნიშვნელოვან მომენტებში?

- ხან გონება ბატონობს, ხან - ემოცია, ჩემს შემთხვევაში ასეა, მაგრამ უმეტესად გადაწყვეტილებას გონებით ვიღებ.

- როდესაც მიზანს ისახავ და ამ მიზნისკენ სვლას იწყებ, ტაქტიკური გათვლები, სვლები, სტრატეგია გაქვს შემუშავებული თუ სპონტანურად მოქმედებ?

- ხან როგორ ხდება და ხან - როგორ, ზოგჯერ დავმჯდარვარ, მიფიქრია და სპონტანურად ძალიან კარგი იდეა მომსვლია. დაგეგმილი ქმედებების და სპონტანურობის შერწყმაც ხდება.

- მიზნამდე მისასვლელ საშუალებად ცბიერი გზებიც აგირჩევია?

- ეს არასდროს მომხდარა. რა ინტრიგა და რა ცბიერება?! საბედნიეროდ, ასეთი არა ვარ.

- "ის საიმედო მეორე ნახევარია, იშვიათად უცრუებს იმედს პარტნიორს, მაგრამ ასევე იშვიათად უწყობს სიურპრიზს, არ უმღერის სერენადებს..."

- ჰო, სოფოსთვის სერენადა არასდროს მიმღერია და ალბათ ვერც ვუმღერებ. არა მგონია, ეს თავადაც უნდოდეს. რომანტიზმი ზომიერი დოზითაა ჩვენს ურთიერთობაში.

- ხშირად რისკავ?

- (იცინის) შენ თავიდან ბოლომდე გამოგიკვლევივარ. ვრისკავ. თუ არ გარისკე, ისე იშვიათად გიმართლებს, ძლიერი უნდა იყო, რომ გარისკო.

- "არავის ენდობა. ის ყოველთვის წინ მიდის, ეზიზღება დადგენილი წეს-ჩვეულება, იერარქია და კონსერვატორული აზროვნება".

- ადამიანებს ადვილად არ ვენდობი. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, მათგან ნდობას არ მოვითხოვ. იმ ადამიანებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლი (ასეთი ცოტაა), ყველა სიტუაციაში თვალდახუჭული ვენდობი, ნახევარზე მეტი ბავშვობის მეგობრები არიან, ნაწილი - უნივერსიტეტში გაცნობილი.

- ცხოვრებაში ხშირად გიმართლებს? ასტროლოგები თვლიან, რომ იღბლიანი ხარ.

- მიმართლებს, თუმცა თინეიჯერობის წლებში ასე არ ვთვლიდი, მეტიც, მეგონა, რომ უიღბლო ვიყავი. მაშინ უაზრო აგრესიაც მქონდა, გარდატეხის ასაკი ბევრისთვის რთულად გადასატანია. დეპრესია წარსულში დარჩა. დღეს მივიჩნევ, რომ იღბლიანი ვარ. ჯანმრთელობა, კარიერა, აწყობილი პირადი ცხოვრება, ახლობლების კარგად ყოფნა, კარგი მეგობრები, მალე მამა გავხდები - ეს ყველაფერი მაქვს და უკმაყოფილო რომ ვიყო, დიდი უმადურობა იქნება.

თამუნა კვინიკაძე