"სასწაულები ჩაიდინა, დარბაზი ინგრეოდა, ხმა აღარ მქონდა... საოცარი ემოცია იყო!" - გზაპრესი

"სასწაულები ჩაიდინა, დარბაზი ინგრეოდა, ხმა აღარ მქონდა... საოცარი ემოცია იყო!"

ახლახან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნდა, სადაც ეროვნული ნაკრების ექიმის ამპლუაში იმყოფებოდა. გიორგის სპორტსმენების ექიმის საქმიანობის სპეციფიკასა და ემოციურ ეპიზოდებზე ვესაუბრეთ. როგორც გვითხრა, ამ პროფესიის ადამიანები ექსტრემალები არიან და მათი გადაწყვეტილება ზოგჯერ კლინიკაში მომუშავე ექიმმა შესაძლოა არაპროფესიულ საქციელადაც კი შერაცხოს...

- ქალაქისგან ძალიან მოწყვეტილ სოფელში - ლაფანაანთკარში (დუშეთის რაიონი) გავიზარდე. სწავლით დიდად არ ვიკლავდი თავს, მაგრამ ლიტერატურა მიყვარდა. სკოლა რომ დავამთავრე, მეთორმეტე კლასი მგონი იმ წელს დაემატა. ოჯახის წევრებმა მთხოვეს, - რაკი 1 წელი დაემატა, იქნებ მოემზადოო. მოვინდომე. იმ დროს, სამედიცინო უნივერსიტეტში სპორტული მედიცინის ფაკულტეტი ახალი ჩამოყალიბებული იყო. საკმაოდ კარგი სპორტული მონაცემები მქონდა, მაგრამ სოფელში არც რამე წრე იყო, იქ რომ მევლო და არც იმის შესაძლებლობა, რომ მშობლებს თბილისში სპორტზე ვეტარებინე. დედ-მამამ მთხოვა, - იქნებ სპორტულ მედიცინაზე ჩააბარო, სპორტსმენებთან ერთად იქნები, სპორტული ტანსაცმელი გეცმევა, რომელსაც "ჯორჯია" ეწერებაო. ბავშვური რაღაცებით, ასე ვთქვათ, მომთაფლეს და დამითანხმეს... 6 თვის განმავლობაში რეპეტიტორებთან მოვემზადე და უნივერსიტეტში გრანტით მოვხვდი. სამედიცინო სფეროში გარკვევაც მაშინ დავიწყე... ვერ ვიტყვი, სასწაული სტუდენტი ვიყავი-მეთქი. უბრალოდ, იმის ნიჭი მქონდა, რომ გამოცდების მოახლოებისას სასწავლო მასალა 10-15 დღეში მესწავლა და გამოცდა ჩამებარებინა... მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები თურქეთში მიემგზავრებოდნენ, სადაც ცერებრალურდამბლიან ბავშვებთან, შშმ პირებთან მუშაობდნენ. საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც ჰქონდათ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარიც ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ლექტორი, რომელიც ჩემთვის დღეს მისაბაძი ადამიანია, ესაა ზურა კახაბრიშვილი - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი. უნივერსიტეტში, მესამე-მეოთხე კურსზე ჩემი ლექტორი იყო. მასწავლიდა სპორტული მედიცინის საფუძვლებს, მედიკამენტებით სპორტსმენის მკურნალობას, მომზადებას... არ ვიცი, რატომ, პრაქტიკულ მეცადინეობებზე ზურას ისე მოვაწონე თავი, რომ ერთ დღეს, როცა ფეხით მივსეირნობდით, თავისთან დარჩენა შემომთავაზა და მეც მაშინვე დავთანხმდი... 2013 წლის 4 თებერვლიდან ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებთან გამგზავნა...

- რას ნიშნავს იყო სპორტსმენების ექიმი? რა სპეციფიკური მახასიათებლები აქვს თქვენს საქმიანობას?

- კლინიკაში მომუშავე პერსონალისგან ყველანაირად განვსხვავდებით. არის სიტუაციები, როდესაც ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც კლინიკის ექიმმა შესაძლოა არაპროფესიულად შეგვიფასოს, თუმცა, როცა სპორტსმენი შეჯიბრებისთვის წლების განმავლობაში ემზადება, ერთი ნაბიჯიღა აქვს დარჩენილი და ტრავმა უშლის ხელს, სამსახურებრივ პასუხისმგებლობას მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე წინ ვერ დავაყენებთ. ექსტრემალები ვართ და ზოგჯერ სასწაულებრივ გადაწყვეტილებებს ვიღებთ... მეცხრე წელია, ამ საქმეს ვემსახურები. ამ ხნის განმავლობაში, სპორტსმენებთან მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე შინ. შესაბამისად, კარგად მაქვს შესწავლილი მათი თითოეული ქმედება, გამოხედვა. ყველამ ჩვენი საქმე ვიცით - კონკრეტულ სიტუაციაში რა უნდა გავაკეთოთ, რომ ტრავმის გამო არც სპორტსმენი დაზარალდეს, არც - ჩვენი საქმე და ქვეყანა, მედალი არ დავკარგოთ...

- ახლა, ტოკიოს ოლიმპიადაზეც გქონდათ შემთხვევა, როცა შეიძლებოდა, თქვენი გადაწყვეტილება კლინიკის ექიმს არაპროფესიულად შეეფასებინა?

- გვქონდა: ანტონ პლესნოიმ გამოსვლისას, მეორე მოძრაობაზე, აკვრის დროს მუხლის სახსართან მყესის ნაწილი დაიზიანა... პლესნოი გარეთ კოჭლობით გამოვიდა. იმწამსვე გადაწყდა, რომ მისთვის ადგილობრივი ანესთეზია გამეკეთებინა. ზუსტად 2 წუთში ტკივილი გაუყუჩდა, სპორტსმენმა თავისი საქმე შეასრულა - მივიდა და წონა დააფიქსირა, რამაც ბრინჯაოს მედალი მოგვიტანა...

- ალბათ, ძლიერი ემოციები გეუფლებათ, როცა სპორტსმენები ასპარეზობენ...

- სპორტსმენი შეჯიბრებაზე ყოველთვის შესაძლებლობის მაქსიმუმის "დასადებად" მიდის. ეს ვალდებულებასავითაა, რომ ქვეყნის, გულშემატკივრების იმედი გაამართლოს და სამშობლოში მედლით დაბრუნდეს. შესაბამისად, ოლიმპიადები ემოციით დატვირთულია. ჩვეულებრივი შეჯიბრებებისგან განსხვავებით, დიდხანს გრძელდება. ლაშა ტალახაძის მაგალითს მოვიყვან: 18 ივლისი დგებოდა, როცა საქართველოდან გავემგზავრეთ. ლაშას გამოსვლა 4 აგვისტოს იყო. თუ სპორტსმენი ფსიქოლოგიურად ძალიან გაწონასწორებული არაა, რთულია, ამდენ ხანს შეჯიბრებას ელოდო, თან, სხვების გამოსვლებს ადევნო თვალი ისე, რომ არ დაესწრო, ოთახში გამოკეტილი იჯდე... ამ მხრივ ჩვენი ფუნქცია იზრდება: ექიმი მხოლოდ ფიზიკურ ტრავმაზე აღარ ზრუნავს. ჩვენ ოჯახის წევრებივით ვართ. სპორტსმენების განწყობის ამაღლებას ვცდილობთ... ბიჭებისთვის კიდევ ის არის რთული, რომ იქ ბევრი ულამაზესი გოგო მოძრაობს - სასწაული ფრენბურთელები, ხელბურთელები (იღიმის)...

ლაშა ფენომენალური ადამიანია. პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მორწმუნეა. არსებობენ მორწმუნე და ნაკლებად მორწმუნე სპორტსმენები. საბოლოოდ, ალბათ, თავიანთი გამარჯვებისთვის ყველა უფალს უხდის მადლობას, მაგრამ ლაშა სულ სხვა თემაა: სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობს, ძალიან ახლოსაა ღმერთთან... სოციალურ ქსელში ამ ოლიმპიადაზე მისი ოთახის ფოტოც გავავრცელე, სადაც ბევრი პატარ-პატარა ხატი იყო, რასაც საზოგადოების შეფასება მოჰყვა. უარყოფითი ის იყო, რომ კითხულობდნენ, - ამდენი ხატი რად უნდაო?! საჭიროდ მივიჩნიე, ვიღაცებისთვის ამეხსნა: როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები სხვადასხვა ხატს გჩუქნიან, ეს ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ვერ არჩევ, რომელი დატოვო შინ და რომელი - წაიღო. ისე ხდება, რომ ლაშას საკმაოდ ბევრი ხატი ნებისმიერ შეჯიბრებაზე თან აქვს. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ჩემი აზრით, მის სიმშვიდეში მართლმორწმუნეობა დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, მისი ნერვების "გაფუჭება", წონასწორობიდან მისი გამოყვანა ურთულესია. ვგულისხმობ, როცა ვარჯიშზეა ან შეჯიბრებაში მონაწილეობს.

GzaPress

- თქვენ ლაშას მეჯვარე იყავით, არა?

- ერთმანეთისთვის არა მხოლოდ ექიმი და სპორტსმენი ვართ, არამედ - ოჯახის წევრებიც: დიახ, მე მისი მეჯვარე ვიყავი და ახლა ბავშვის ნათლია ვარ. შესაბამისად, ძალიან გულთბილი, ახლო ურთიერთობა გვაქვს, თუმცა საქმეში ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია... ლაშას პასუხისმგებლობა აქვს თავისი ქვეყნის წინაშე და მადლობა ღმერთს, მოლოდინს ყოველთვის გვიმართლებს!..

- შეგიძლიათ, თქვენთვის ყველაზე ემოციური ეპიზოდი გაიხსენოთ?

- როცა გვერდით ლაშა ტალახაძე გყავს, ყველა შეჯიბრება ემოციურია... რიოს ოლიმპიადას (2016 წ.) აღვნიშნავ, რადგან მაშინ ლაშა და ირაკლი თურმანიძეს ძლიერი კონკურენტი ჰყავდათ ირანელი სპორტსმენის - ბეჰდად სალიმი კორდასიაბის სახით. ლაშამ სასწაულები ჩაიდინა, დარბაზი ინგრეოდა, ხმა აღარ მქონდა... საოცარი ემოცია იყო! მანამდე ისტორიაში არ ყოფილა, რომ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე 2 ქართველი სპორტსმენი ერთად მდგარიყო. ცრემლები მახრჩობდა. ის ეპიზოდი გადაღებულიცაა: დამარცხებული ირანელი სპორტსმენი გულში მიკრავს და გამარჯვებას მილოცავს. ჩემთვის ეს დიდი დაფასება, საოცარი გრძნობა იყო!..

- თქვენც სპორტული რეჟიმით ცხოვრობთ?

- 2013 წლის შემდეგ, ბევრ სფეროში მომიხდა ჩართვა, პარალელურად, მეგაპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებთან" კონტრაქტი დავდე - ამ გადაცემის ექიმი გახლდით. მოცეკვავეები სპორტულად ცხოვრობდნენ, მაგრამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მონაწილეები - ჩვეულებრივად, არასპორტულად: სიგარეტს ეწეოდნენ, სადმე თუ წავიდოდით, არც სასმელზეც ამბობდნენ უარს... იმ პერიოდში გარეგნულად ჩვეულებრივი ექიმივით გამოვიყურებოდი: სიგარეტს ვეწეოდი, ვსვამდი და ვჭამდი, როცა მინდოდა... 2015 წელს ამ პროექტიდან წამოვედი, რადგან აღარ მეცალა - ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა - მთლიანად სპორტზე "გადავერთე". ერთ დღეს ვარჯიშზე გიორგი ასანიძე გამეხუმრა, - არაფრის თავი არ გაქვს, ერთ მოძრაობას ვერ გააკეთებო. ჰოდა, ორძელზე აზიდვა მართლა ვერ გავაკეთე. ხასიათი წამიხდა. გიორგიმ მითხრა, - თუ გინდა, გასწავლიო... 2015 წლის დასაწყისიდან უკვე ვარჯიში დავიწყე. მოწევასაც თავი დავანებე... მას შემდეგ, საკუთარ თავზე უამრავი ცდა ჩავატარე, ყველანაირი კვების რეჟიმი გამოვცადე, ბევრი რამ ვისწავლე. ამან ჩემს განვითარებაში უზარმაზარი როლი ითამაშა, რადგან იყო დრო, როცა სპორტსმენთან მხოლოდ სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების უფლებას ვაძლევდი თავს, დღეს კი, როცა მათთვის საკვები დანამატები, ვიტამინები მოგვაქვს, უკვე ვიცი, ვის რა რაოდენობა მივცე. მას შემდეგ, რაც სპორტით თავადაც დავკავდი, გუნდში ჩემი როლი ბევრად გაიზარდა. ახლა შეჯიბრების დროს შტანგასაც თავად ვაწყობ, სანამ სპორტსმენი მთავარ ფიცარნაგზე გავა. მწვრთნელი წონას რომ გეტყვის, ზუსტად ის წონა უნდა დააყენო და ეს წამებში უნდა მოხდეს. ამის სწავლას ბევრი დრო დასჭირდა, მაგრამ შევძელი და ამ მხრივ, დღეს უნივერსალი ვარ. არის შემთხვევები, როცა გიორგის მითითებით, ვარჯიშებსაც მე ვაძლევ სპორტსმენებს, თვალყურს ვადევნებ... ჩვენი ყოველდღიურობა მხოლოდ მედიცინა აღარ არის.

- ცოტა რამ თქვენი ოჯახი შესახებაც გვითხარით...

- ჩემი მეუღლე ფარმაცევტია. ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს - ერთმანეთს სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან ვიცნობთ. პატარა გოგონა გვყავს, რომელიც მალე 2 წლის გახდება. ჩემი მშობლები, და-ძმა დუშეთში ცხოვრობენ. როცა ვიცლით, მაშინვე ჩემს საყვარელ ლაფანაანთკარში მივდივართ, რაც სიმართლე გითხრათ, იშვიათად ხდება. საქართველოში გუშინ, გამთენიისას ჩამოვფრინდი, რამდენიმე დღეში კი ისევ მივფრინავ, ამჯერად - პოლონეთში: ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი ტარდება. იმედი მაქვს, ქართველ გულშემატკივრებს იქიდანაც გავახარებთ. წინ კიდევ ბევრი შეჯიბრებაა - დატვირთული წელი გვაქვს...

ეთო ყორღანაშვილი