"ეგონათ, ნიჩბოსნობაზე გასართობად დავდიოდი" - გზაპრესი

"ეგონათ, ნიჩბოსნობაზე გასართობად დავდიოდი"

მარიამ ქერდიკაშვილი კანოისტთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახლავთ. ტურნირი პორტუგალიაში გაიმართა. მასში 23 წლამდე ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მარიამი საკუთარი შედეგით იმედგაცრუებულია. პორტუგალიიდან დაბრუნებული სპორტსმენი გოგონა გულახდილად გვესაუბრა...

- ემოციურად ძალიან დატვირთული შეჯიბრება იყო, რადგან 23 წლამდე კანოისტთა ჩემპიონატზე გასვლის ბოლო წელი მქონდა - ძალიან ვნერვიულობდი. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მგულშემატკივრობდნენ, ასევე - მწვრთნელების მიმართ.

- მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა რას ნიშნავს თქვენთვის?

- უპირველეს ყოვლისა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩემთვის არც ისე სასიხარულო იყო, რადგანაც სხვაგვარი შედეგი მქონდა წარმოდგენილი. უფრო მეტად იმედგაცრუების შეგრძნება დამეუფლა, რადგან ჩემი გულშემატკივრების იმედი ვერ გავამართლე. მიმაჩნია, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა.

- ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერ კონკურენტებად ვის მიიჩნევდით?

- რა თქმა უნდა, ჩემპიონატამდე ჩემი გათვლები მქონდა: წინასწარ ვიცოდი, რომელი სპორტსმენები იყვნენ ძლიერები და აქცენტი მათზე გავაკეთე. გვერდით ევროპის ჩემპიონი მედგა, რომელმაც მომიგო, მაგრამ ვიცოდი, ამისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია. ასევე, ძლიერ კონკურენტად მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, კანადელი სოფია ჯენსენი მყავდა.

- პანდემიის გამო, შეჯიბრება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა?

- შეჯიბრება ჩვეულ ფორმატში ჩატარდა, მაგრამ პანდემიის გამო, ყველა რეგულაციას ვიცავდით. სპორტსმენები დაცულები ვიყავით. 3 დღეში ერთხელ ტესტის გაკეთება იყო საჭირო.

- შეჯიბრებისთვის როგორ ემზადებოდით?

- ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. შეკრებები ძირითადად ბაზალეთზე გვქონდა. მძიმე და დამღლელი ვარჯიშები იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა მევარჯიშა. ვცდილობდი, ყოველ ვარჯიშზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეკეთებინა.

- საერთოდ, საქართველოში შესაბამისი პირობებია, რომ ნიჩბოსნობაში შეჯიბრებებისთვის სპორტსმენი სათანადოდ მოემზადოს?

- საქართველოში კარგი ადგილები გვაქვს, სადაც მომზადება შეგვიძლია, მაგალითად - ფოთი, ასევე - ბაზალეთიც, მაგრამ შესაბამისი ბაზები არ გვაქვს, რაც ძალიან სამწუხაროა. ქალაქებში საჭირო ინვენტარის პრობლემაც დგას, მაგალითად - დუშეთში ბავშვები რიგრიგობით ვარჯიშობენ ხოლმე, რადგან ნავები არ გვყოფნის.

- მარიამ, პორტუგალიაში მიღწეული წარმატება თქვენთვის ალბათ პირველი არ არის...

- ჩემი წარმატება 14 წლიდან დაიწყო, როდესაც შეჯიბრებაზე პირველად გავედი - "ქალთა თასზე" მე-4 ადგილი დავიკავე. შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე (18 წლამდე სპორტსმენებს შორის) მეხუთე ადგილი ავიღე. წელს იტალიაში ევროპის ჩემპიონატში ვმონაწილეობდი, სადაც მეორე ადგილზე გავედი (500 მ დისტანციაზე). წელსვე ჩეხეთში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე. საქართველოს ჩემპიონატიც მოგებული მაქვს... შემდეგ ევროპის თამაშები მქონდა, სადაც ფინალში მერვე ადგილი დავიკავე. წელს 2 სალიცენზიო ტურნირიც მქონდა, სადაც ტოკიოს საგზურის მოპოვება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულს შეეძლო. სამწუხაროდ, ორივე ტურნირზე მეორე ადგილი მერგო. ასევე, პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონი გავხდი. წლის ბოლო შეჯიბრებას რაც შეეხება, მსოფლიოს ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი დავიკავე.

- საერთოდ, ნიჩბოსნობით როდის დაინტერესდით?

- 10 წლის ვიყავი, როცა ნიჩბოსნობით დავინტერესდი. თავდაპირველად, ნიჩბოსნობაზე ჩემი ძმა დადიოდა. მთხოვა, მეც მასთან ერთად მევლო. მერე ჩემმა ძმამ თავი დაანება, მე კი სპორტის ამ სახეობაში დავრჩი. ვარჯიში ჯერ ბაიდარით დავიწყე, მაგრამ ერთ წელიწადში მივხვდი, რომ ჩემთვის კანოე უფრო საინტერესო იყო.

- სპორტის ამ სახეობით შენს გატაცებას ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ?

- თავდაპირველად ეგონათ, რომ ნიჩბოსნობაზე გართობის მიზნით დავდიოდი და აუცილებლად თავს დავანებებდი, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, რომ სერიოზულად მაინტერესებდა. დედაჩემს უნდოდა, კომაროვის სკოლაში ჩამებარებინა - მათემატიკის მიმართულებით "წავსულიყავი", მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ სპორტს დავუბრუნდი.

- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- ბიძა ჩემი დიდი გულშემატკივარია, ასევე - ოჯახიც და მეგობრებიც, მაგრამ ბიძაჩემი ყველაფერს აკეთებს, რომ წარმატების მიღწევაში არაფერმა შემიშალოს ხელი. მეგობრები მუდამ ჩემ გვერდით არიან.

- საქართველოში ნიჩბოსნობის სფეროში რომელი სქესის წარმომადგენელი სპორტსმენები ჭარბობენ?

- სპორტის ამ სახეობით ძირითადად, ბიჭები არიან დაკავებულნი. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი გოგო ვართ. ნიჩბოსნობა სპორტის ურთულესი სახეობაა. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში ბევრი გოგონა ამიტომაც არ არის.

- საკუთარ მაგალითზე გვიამბე, კანოისტები როგორი რეჟიმით ცხოვრობთ?

- შეკრებას ოქტომბერში ვიწყებთ ხოლმე. შეკრების ხანგრძლივობა 3 კვირაა. წყალზე დილით ადრე გავდივართ - 2 საათის განმავლობაში ვვარჯიშობთ. საღამოს ვარჯიშს 4 საათზე ვიწყებთ და 6-ზე ვამთავრებთ. ურთულესი რეჟიმი გვაქვს, რადგან წლის განმავლობაში სულ შეკრებებზე ყოფნა გვიწევს, ოჯახიდან შორს ვართ. თვეში ერთი კვირით გვიწევს შინ ყოფნა... კვების რაციონს მკაცრად ვაკონტროლებთ - ყოველთვის ნაკლებად კალორიული, უცხიმო საკვები უნდა მივირთვათ.

- კიდევ რას საქმიანობთ?

- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებით ვსწავლობ. მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. თავისუფალ დროს ასევე, ჩოგბურთის თამაში მიყვარს. კიდევ, მუსიკალური შოუების ყურებაზე ვგიჟდები!..

- თქვენი ოჯახიც გაგვაცანით...

- მყავს მშობლები და ძმა. მამა რესტორანში მუშაობს, დედა დიასახლისია. ძმამ კომაროვის სკოლა დაამთავრა. 3 წლის წინ პოლონეთში საცხოვრებლად გაემგზავრა. ახლაც იქ ცხოვრობს.

- თქვენს პირად ცხოვრებაზე, სამეგობრო წრეზე რას გვეტყვით?

- შეყვარებული არ მყავს. მეგობრები ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, სპორტის გამო, მათთან ხშირად ყოფნას ვერ ვახერხებ.

- მომავალი როგორ გესახებათ? რა გეგმები, მიზნები გაქვთ?

- ჩემი მიზანი ოლიმპიადის მოგებაა! ამ მიზნის გამო, ვიცი, ბევრი შრომა მომიწევს, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. მომავალს რაც შეეხება, ვფიქრობ, სწავლას ბიზნესის მიმართულებით გავაგრძელებ...

ეთო ყორღანაშვილი