"პირველი დღეები რთული იყო, შემდეგ დიდი შვება ვიგრძენი" - გზაპრესი

"პირველი დღეები რთული იყო, შემდეგ დიდი შვება ვიგრძენი"

მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი იმ იშვიათი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც სოციალურ ქსელებს ბევრ დროს არ უთმობს. დავინტერესდით, მოცეკვავე რომელი ქსელების მომხმარებელია და ვირტუალურ სამყაროში მის ყურადღებას რა იქცევს...

- სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში ცოტათი უფრო გავაქტიურდი. დაახლოებით 10 წლის წინ "ფეისბუკზე" დავრეგისტრირდი, 5 წლის წინ კი - "ინსტაგრამზე". იმ მიზნით არ დავრეგისტრირებულვარ, რა მიზნითაც ახლა ვიყენებთ, რომ ჩვენი სახე და საქმე "გავაპიაროთ". უბრალოდ, ხალხთან კავშირი, სიახლეების გაცნობა მინდოდა. საერთოდ, ბოლო პერიოდში ჩემთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება "ინსტაგრამი" იყო: ჩემთვის საინტერესო სფეროებიდან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებდი, რადგან ცეკვის სამყარო ამ ქსელში აქტიურადაა ჩართული... ახლა ვცდილობ, სოციალური ქსელები სხვა მხრივაც შევისწავლო და გამოვიყენო.

- წინასწარ ფიქრობ, როგორი სახის "პოსტი" შექმნა, დღის რომელ მონაკვეთში გამოაქვეყნო?..

- ყოველდღიურად ასე არ ვგეგმავ, თუმცა, მაგალითად, თუ ჩვენი სტუდიისთვის, რეკლამის სახით, ვიდეოს გადაღება გვინდა, რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე ვფიქრობთ. სხვათა შორის, როგორც მასწავლეს, დიდი მნიშვნელობა აქვს, "პოსტს" რომელ საათზე გამოაქვეყნებ. ამიტომ ამას ყურადღებას ვაქცევ, როცა რეკლამის სახით რამეს ვაქვეყნებ. თუკი უბრალოდ, ჩემი ფოტოს "დადება" მსურს, წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან სოციალურ ქსელს იმისთვის არ ვიყენებ, რომ გამიცნონ, როგორც ჯულიანა ბარ-გნარი. ბევრს ვიცნობ, ვინც ქსელს საზოგადოებისთვის თავის გასაცნობად იყენებს. უბრალოდ, ჩემთვის ეს ცოტათი დამღლელია - ჩემი ცხოვრების რეჟიმს საერთოდ არ შეესაბამება: ფიქრებით მთლიანად სოციალურ ქსელზე უნდა "გადავერთო" და ვირტუალურ სამყაროში ვიცხოვრო, რაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ყველაფერს ერთდროულად, ძალიან წარმატებით ასრულებს. მათ გვერდებზე შესვლა ძალიან მსიამოვნებს, რადგან საინტერესო "პოსტებს" ვკითხულობ, ინფორმაციებს ვიღებ... ვიცი, რომ მათ მხოლოდ ვირტუალური ცხოვრება არა აქვთ, - რეალურ სამყაროში აქტიურად ცხოვრებასაც ახერხებენ. ამ თვისების გამომუშავებაც ალბათ შესაძლებელია, როცა ვირტუალურ სამყაროს ისე უყურებ, როგორც დამხმარე ძალას. თუ საჭირო იქნება, დადგება დრო, როცა სოციალურ ქსელში მაქსიმალურ რესურსს გამოვიყენებ.

- "ფეისბუკზე" რა ტიპის სიახლეები იქცევს შენს ყურადღებას?

- პირველ რიგში, სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებთან დაკავშირებული სიახლეები: ბოლო პერიოდში, "ტოპმასწავლებლებისა" და მოცეკვავეების ონლაინსემინარები, გაკვეთილები ძალიან აქტუალური გახდა. მათ გვერდზე ბევრი მაღალი დონის შეჯიბრება, კარგი მოცეკვავეების ვიდეოა გაზიარებული. ჩემში ყველაზე ძლიერ ინტერესს ეს სფერო იწვევს. ასევე, მცირე დოზით, ყველაფერი მაინტერესებს: გვერდები თავის მოვლის შესახებ, სასარგებლო პროდუქცია, საინფორმაციო გამოშვებები...

- აგრესიის შემცველი "პოსტები" შენზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს?

- მიმაჩნია, რომ სოციალურ ქსელში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. როცა ადამიანი პროვოკაციულ "პოსტს" აქვეყნებს, მგონია, რომ საზოგადოებისგან გარკვეული რეაქციისთვის ის უფრო უნდა იყოს მზად. უბრალოდ, პირადად მე, ასეთი "პოსტები", საიდანაც ნეგატიური ენერგია მოდის, დიდად არ მაინტერესებს - ვერიდები, არ ვკითხულობ... სოციალურ ქსელში ან კარგს ვწერ, ან - საერთოდ არაფერს, ცხადია, თუ რაღაც მასშტაბური კოშმარი არ ხდება, რომლის შესახებაც საკუთარ აზრს ყველა გამოხატავს. ისიც ვიცი, რომ შეიძლება ვინმემ ნებისმიერი რამის გამო დაგცინოს, ცუდი კომენტარი დაგიწეროს. უბრალოდ, ასეთი კატეგორიის ხალხის აზრი არც მაინტერესებს და ჩემზე ზეგავლენასაც არ ახდენს.

- სოციალურ ქსელში ვინმე "დაგიბლოკავს"?

- კი. ვფიქრობ, ადამიანმა ზღვარი უნდა იცოდეს, შემაწუხებელი არ უნდა იყოს, რაღაცებს ხვდებოდეს. როცა ვერ ხვდება, ვაგებინებ (იღიმის).

- შენ შესახებ უარყოფით, სალანძღავ კომენტარს წასწყდომიხარ?

- გულწრფელად რომ გითხრათ, მსგავსი რამ არ მახსენდება. საერთოდ, სოციალური ქსელის ისეთი მომხმარებელი არ ვარ, ვინც გამოქვეყნებულ "პოსტთან" დაკავშირებული ყველა დეტალით ინტერესდება. შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ უარყოფით ენერგიას ვერიდები, მაგრამ ჩემ მიმართ დაწერილი უარყოფითი არაფერი მახსენდება, პირიქით - ხალხისგან სულ დადებით, პოზიტიურ ემოციას ვიღებ. ალბათ ადამიანი როგორ ემოციასაც გასცემ, ისეთივეს იღებ (იღიმის).

- უცნობი ადამიანები პირად შეტყობინებებს გწერენ?

- მწერენ. ძალიან ვცდილობ, ბავშვებს ყოველთვის ვუპასუხო, იმიტომ, რომ წარმომიდგენია, ბავშვი რომ ვიყო, მყავდეს ობიექტი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მიყვარს, მესიჯი მივწერო, მაგრამ პასუხი ვერ მივიღო, ძალიან დამწყდება გული. ჰოდა, შეძლებისდაგვარად, როცა თავისუფალი დრო მრჩება, სოციალურ ქსელში შევდივარ და ბავშვების შეტყობინებებს მაქსიმალურად ვპასუხობ - არ მინდა, უყურადღებოდ დავტოვო. ცუდს არაფერს მწერენ, თუმცა, გულახდილად რომ გითხრა, ყველას ვერ ვპასუხობ...

GzaPress

- ვინმესთან ვირტუალური ნაცნობობა გაგიბამს, რაც შემდეგ რეალურ ურთიერთობაში გადაზრდილა?

- არა. ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია, ზუსტად ვიცი. ისეთი "არავირტუალური" პიროვნება ვარ, რომ უმნიშვნელოვანესია, ადამიანს თვალებში ჩავხედო. ჩემთვის ვირტუალურ სამყაროში, მეგობრული თუ სხვა ტიპის ურთიერთობა ვერ შედგება. როცა ადამიანს პირადად გავიცნობ, შემდეგ კიდევ ბევრი დრო მჭირდება ხოლმე, რომ მის მიმართ ნდობა გამიჩნდეს, მერე კი - კარგად, საფუძვლიანად დავუმეგობრდე. მეეჭვება, ასეთი ურთიერთობა ვირტუალურ სამყაროში შედგეს.

- დღე ისე გასულა, რომ სოციალურ ქსელში შენი გვერდი არ შეგიმოწმებია?

- კი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აგვისტოში არა მხოლოდ სოციალურ ქსელში არ შევსულვარ, არამედ მგონი, მობილური ტელეფონიც კი არ მჭერია ხელში - დავკარგე. სხვათა შორის, მობილურის გარეშე პირველი დღეები ძალიან რთული იყო, მაგრამ შემდეგ დიდი შვება ვიგრძენი. ამ გრძნობით რამდენიმე კვირა დავტკბი. ესეც საჭირო იყო: ვიგრძენი, ამ პატარა ნივთზე - მობილურ ტელეფონზე როგორი დამოკიდებულები ვართ. კარგია, როცა დამოკიდებულებისგან თავისუფლდები, თუმცა, რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში, მობილურის გარეშე ვერაფერს გააკეთებ...

- ტელეფონის დაბრუნების შემდეგ უფრო ხშირად ხომ არ დაიწყე მისი გამოყენება?

- არა, პირიქით - ვიგრძენი, რომ მობილური ტელეფონით სარგებლობა დიდად არ მინდებოდა. თითქოს დამოკიდებულებისგან გავთავისუფლდი. დიდად არც მაინტერესებდა, სად რა ხდებოდა. უბრალოდ, სოციალურ ქსელში საჭიროებისთვის (სტუდიის საქმის გამო) შევდიოდი, მესიჯებს ვკითხულობდი, თუმცა ზუსტად ვიცი: სამუშაო წელი რომ დაიწყება, ქსელში ისევ მაქსიმალურად "ჩართულები" ვიქნებით (იღიმის).

- "ფეისბუკისა" და "ინსტაგრამის" გარდა, რომელიმე სხვა ქსელშიც გაქვს გვერდი?

- "ტიკ-ტოკზე", მაგრამ მგონი, გამიუქმდა. ლამაზი ვიდეოებიც გვქონდა ატვირთული... "ტიკ-ტოკი" უფრო საჩვენო პლატფორმაა. გპირდებით, კიდევ უფრო ლამაზი ვიდეოებით დაგიბრუნდებით. დიდი გეგმები გვაქვს. მთელი წელი წინაა. იმედია, პანდემია ხელს არ შეგვიშლის და ყველაფერი დასტაბილურდება...

ეთო ყორღანაშვილი