ნიკო ნანიტაშვილი: "ცუდი, უხამსი და ბოროტი იუმორი არ მექნება" - გზაპრესი

ნიკო ნანიტაშვილი: "ცუდი, უხამსი და ბოროტი იუმორი არ მექნება"

ღამის შოუს ფორმატის გადაცემას - "შაბათის საღამო" მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი წაიყვანს. რით იქნება ის ამ ფორმატის სხვა გადაცემებისგან გამორჩეული - ამის შესახებ თავად მსახიობი გვიამბობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, კარგი იუმორი აქვს.

- ნიკო, ამ სიახლეს გილოცავ, რთულ საქმეს შეეჭიდე, იუმორისტული გადაცემის კეთება ადვილი არ არის.

- გეთანხმები, ძალიან რთულია. ერთ დღეს მითხრეს, ტელევიზიაში მივსულიყავი. კონკრეტულად ვისი იდეა იყო ამ გადაცემის წამყვანად ჩემი შერჩევა, არ ვიცი. ჩაწერილმა "პილოტმა" მოწონება დაიმსახურა და დამტკიცება ამის შემდეგ მოხდა. აქამდე ამ მიმართულებასთან პირდაპირი შეხება არ მქონია. ამიტომ ცოტათი დაბნეული ვიყავი, 2-3 დღე ვიფიქრე, შემოთავაზებაც მოულოდნელი იყო. ამ გამოწვევაზე უარი არ ვთქვი, რატომაც არა? ვცდი-მეთქი, ვიფიქრე. თავის დროზე ასე ვცადე დილის გადაცემაზე მუშაობაც. პირდაპირ ეთერში მუშაობასაც თავისებური სირთულე ახლავს. მაშინ მეგობარმა მითხრა, დილის გადაცემისთვის ბიჭს ეძებენო. მივედი, იქაც ჯერ "პილოტი", მერე ორი გადაცემა ჩავწერეთ და დამამტკიცეს.

- გამოდის, რომ ახალ გამოწვევებს თამამად იღებ.

- ზუსტად ვიცოდი ამ არხზე ჩემს გამოჩენას რაც მოჰყვებოდა, ჯერ ეთერში არ გასულა გადაცემა, და უკვე პრომოს გავრცელების შემდეგ უამრავი კომენტარი დაიწერა. როცა არაფერს წერენ, ის უფრო საშიში და საგანგაშოა...

- ამ კომენტარების ნაწილი წავიკითხე, ბევრი უსიამოვნო რამ ეწერა, განიცადე?

- ულვაშზე ატეხეს ერთი ამბავი, საბჭოთა კავშირიაო? ამაზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს. იმაზეც მეცინება, რამაზ ჩხიკვაძეს რომ მადარებენ: "თქვენ მოკალით ძერა?" ეს კიდევ ძალიან სასაცილოა.

- ამბობენ, ამ პროექტში მოხვედრა მანანა ბერიკაშვილმა "ჩაგიწყო".

- აბა, რა ქნა!.. კომენტარების კითხვას მაქსიმალურად ვერიდები, მაგრამ ამას ვერ ვუკრძალავ დედას, ბებიას, ისინი ეცნობიან და ნერვიულობენ. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, ვინ ვარ, რამდენად ვარ მიკერძოებული, ვერევი თუ არა პოლიტიკაში. მე ვარ მსახიობი და ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, მზად ვარ განვიხილო ყველა შემოთავაზება. მანანა ბერიკაშვილმა "ჩამიწყო" კი არა, ძალიან ბევრმა პროექტმა დამბლოკა იმის გამო, რომ მისი სიძე ვარ, თან - ისეთმა პროექტებმა, სადაც ჩემი ადგილი ნამდვილად იყო.

- წამყვანის ამპლუაში თავი კომფორტულად იგრძენი? ოჯახური გარემო კი გქონდა.

- ჩემი თავის იმედი რომ არ მქონოდა, ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. ჩემთვის ერთადერთი დისკომფორტი ის არის, რომ არ მინდა, გადაცემაში ბევრი პოლიტიკა იყოს. ამ ქვეყანაში ყველგან დიდი დოზითაა პოლიტიკა - ცეკვაში, სიმღერაში, ლექსის თქმაში, ღიმილში... ხალხი დაიღალა, მეც მათ შორის, თუმცა ისიც ვიცი, რომ ამას ბოლომდე ვერ ავცდებით. საბედნიეროდ, ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი. პირველი გადაცემა სტანდარტული ღამის შოუ იყო. დროთა განმავლობაში დავიხვეწებით, ვეცდები, ჩემი როგორც წამყვანის ფუნქცია მხოლოდ გამოსვლა და გამოცხადება არ იყოს, ყველა პროცესში მაქსიმალურად ვიქნები ჩართული, შევასრულებ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. ვფიქრობ, ამით ვიქნები გამორჩეული ამ ფორმატის გადაცემებისგან, რომლებიც სხვადასხვა არხზე გადის.

- მანანა ბერიკაშვილის პირველ სტუმრად მოწვევა ვისი იდეა იყო?

- ეს წინადადება პროდიუსერმა ზვიო ბლიაძემ წამოაყენა და მეც დავთანხმდი. მომავალი გადაცემის სტუმრების მოწვევაშიც ჩვეულებრივად ვიქნები ჩართული, გადაწყვეტილებებს გუნდურად ვიღებთ.

GzaPress

- სასურველი სტუმრები ვინ არიან, ვისთანაც გგონია, რომ ხუმრობა კარგად გამოგივა?

- ძალიან ბევრი არტისტი და შოუბიზნესის წარმომადგენელი. პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ მათგანს ახლოს ვიცნობ, მათი მოწვევა და მათთან კონტაქტი არ გამიჭირდება. ჯერ დასაწყისია, "ცხელები" თანდათან შემოვა.

- სამსახიობო მონაცემების, ცეკვისა და სიმღერის გარდა, შენი ძლიერი მხარე რა არის, რაც ამ საქმის კარგად კეთებაში დაგეხმარება?

- საქმეს, რომელსაც ვიწყებ, ბოლომდე ვიყვარებ და ძალისხმევას არ ვიშურებ. ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი, ჩემს თავს ამ სფეროში რომ ვერ ვხედავდე. ვეცდები, ყველა სტუმართან გულწრფელი ვიყო. არ ვიქნები პედალირებული არც რომელიმე პოლიტიკურ მიმართულებაზე ან პოლიტიკოსზე, ამის შარს ვერავინ მომდებს, არავის პიარზე არ ვიმუშავებ. ცუდი, უხამსი და ბოროტი იუმორი არ მექნება.

- პიროვნული თვისებებიდან რა იყო შენში ისეთი, რაც არ მოგწონდა და გამოასწორე?

- სულ ვცდილობ, ბევრი ვიკითხო, ამას ისე, როგორც მე მინდა, ვერ ვახერხებ, ძალიან დატვირთული ვარ, თეატრში ბევრ სპექტაკლში ვარ დაკავებული. ნელ-ნელა ვსწავლობ ჩემს შეცდომებზეც. ვცდილობ, ზედმეტად არ დავახარჯო ჩემი ნერვები იმას, რაც სანერვიულო არ არის. ამ გადაცემაზე მუშაობის პარალელურად ჩემს თავს სულ დავაკვირდები და განვითარებაზე ვიზრუნებ. იუმორი უნდა იყოს მსუბუქი და არა კონკრეტული ადამიანის გასალანძღად გამოყენებული. ისედაც დაძაბული ცხოვრებაა, ადამიანების გონებამ ამ გადაცემის დროს უნდა დაისვენოს, გაერთოს. ხშირია შემთხვევა, როცა გასართობი შოუ პოლიტიკურს ემსგავსება, რაც მაყურებლისთვის დამთრგუნველია.

- ჯანსაღ კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

- ეს აუცილებელია. ახლობლებს სულ ვეუბნები, დაივიწყონ, რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც უყვართ და პატივს სცემენ; შექებას მირჩევნია, მათგან კრიტიკული აზრი მოვისმინო. დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ბევრი მოფერება არ მინდა, მირჩევნია, შემომილაწუნონ. ყველანაირ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ და არა იმას, ულვაში რატომ გაქვსო?

- ოჯახის წევრებმა რა გითხრეს? ჭიათურიდან ბევრი ზარი იყო?

- როცა საქმე ეხება ბებოს, მეზობელს, რომლის ხელშიც გავიზარდე, უჭირთ ობიექტურობა შეინარჩუნონ. ბებოსთვის ყოველთვის კარგი ხარ, რა და როგორც უნდა გავაკეთო.

- ელისაბედის აზრი მაინტერესებს.

- იცოდა, რომ მისი დაბადების დღე და მამას გადაცემა ერთ დღეს იყო. თავის დაბადების დღეზე იმდენად გადართული იყო, მამისთვის არ ეცალა. ეპატიება - დაქალებს მასპინძლობდა.

- ანოსგან რჩევებს ხშირად იღებ?

- ის ყოველთვის ახერხებს, იყოს ობიექტური, ამ დროს არა ვარ მისი მეუღლე, რიგითი მაყურებლის პოზიციიდან მელაპარაკება. მისგან მივიღე შენიშვნები, რომლებსაც გამოვასწორებ. მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, რა მომენტში მქონდა დაძაბულობა, ცოტა სხვაგვარი რა მომენტში უნდა ვყოფილიყავი. ეს გადაცემა ისე ჩაიწერა, მუშაობისთვის ბევრი დრო არც გვქონია. ჩემს თავს ძალიან კრიტიკული და მკაცრი თვალით ვუყურებ.

- პირველი გადაცემა ოჯახის წევრებთან ერთად ნახე?

- არა, გადაცემა რომ დაიწყო, სახლიდან გავედი, ოჯახურ გარემოში ვერ ვუყურებდი. რომ დასრულდა, მერე შემოვედი, მერე მარტო წყნარად დავჯექი და ვუყურე. ძალიან რთულია, ცოცხალი დიალოგის დროს ხუმრობა ისე ააწყო, არც შენ დაზარალდე, არც შენი სტუმარი და არც გადაცემა, ამას თანდათან ვისწავლი.

- რადგან სტუმრად მანანა ბერიკაშვილი გყავდა, მეგონა, მოჰყვებოდი ამბავს, მასთან შვილის ხელის სათხოვნელად თვალახვეული რომ მიხვედი.

- (იცინის) ჩაწერა რომ დასრულდა, ვთქვი, ეს ამბავი როგორ დამავიწყდა-მეთქი?!. ერთ დღეს ბატონმა დიმა ხვთისიაშვილმა თქვა, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი სპექტაკლის - "ჩვენ გველის დიდება" დადგმას აპირებს და მსახიობების კასტინგი უნდა ჩაატაროსო. სიმღერა უნდა შემესრულებინა. კასტინგზე ყველა ძალიან ნერვიულობდა. სცენაზე პირველი ვინ ავაო? გავიფიქრე, სხვების ნერვიულობა რომ ვნახო, შეიძლება საერთოდ ვეღარ ავიდე-მეთქი და ამიტომ პირველი გავედი. შემდეგ ქალბატონმა მანანამ თქვა, ჩემი გოგოც იმღერებსო. ანომ კარგად იმღერა. როლზე დამამტკიცეს, რეპეტიციები დაიწყო და ჩემი და ანოს ურთიერთობაც ძალიან მალე აეწყო. ერთ დღეს გივი პაპამ თქვა, - ამ ბიჭმა ჩვენთან სიარულს მოუხშირაო (იცინის)... ძალიან მალე მივედი ოჯახში და მათ ანოს ხელი ვთხოვე. იმ დღეს "სამი მუშკეტერი" უნდა მეთამაშა. სახლიდან ბეჭედი წამოვიღე, ჩაფიქრებული მქონდა, სპექტაკლის შემდეგ ანოსთან მივსულიყავი. ფარიკაობის დროს ერთმა მსახიობმა დაშნა თვალში მომარტყა. პირველი მოქმედების დასასრული იყო. დიმა ხვთისიაშვილმა სასწრაფოდ ექიმთან წამიყვანა. საბედნიეროდ, თვალის დაკარგვას გადავურჩი. ბერიკაშვილებთან თვალახვეული მივედი და ოჯახს ანოს ხელი ვთხოვე.

- დაბოლოს, ჩვენს მკითხველს რას ეტყვი?

- "შაბათის საღამოები" არის შოუ, რომელიც ტელესივრცეს სჭირდება. ამ შოუს არ ვაკეთებთ "ბოროტულად", ვინმეს გულის მოსაფხანად, ვინმეს შესაქებად ან დასამცირებლად. მსგავსი ფორმატის გადაცემას ამ ტელევიზიაში დავით გოგიჩაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ის იყო ძალიან კარგი წამყვანი, არ შეიძლება დავივიწყოთ. მაქსიმალურად ვეცდები, მაყურებელი გავახალისო კარგი იუმორით, ვისიამოვნოთ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით. ბედნიერი ვიქნები, მაყურებელი ამ გადაცემას თუ შეიყვარებს და შაბათის საღამოს ჩვენთან ერთად გაატარებს.

თამუნა კვინიკაძე