სურვილი, რომელიც ტელეწამყვანს 10 წლის შემდეგ აუხდა - გზაპრესი

სურვილი, რომელიც ტელეწამყვანს 10 წლის შემდეგ აუხდა

"ნიჭიერიდან" შემოთავაზებას მას შემდეგ ველოდები, რაც ეს პროექტი დაიწყო. სულ მომწონდა, სულ ერთგული მაყურებელი ვიყავი, მაგრამ წამყვანად არავინ მეპატიჟებოდა. როგორც იქნა, ეს სურვილი 10 წლის შემდეგ ამისრულდა", - ამბობს "ნიჭიერის" წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი.

რა შეცვალა ამ პროექტმა მის გეგმებში, როგორ ახასიათებს თანაწამყვანს, რას ფიქრობს მასზე, რა დროს იბნევა, რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ და ვინ არის ის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, ვისაც მისი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 9 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ცხვირი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მსუქანიაო, სინამდვილეში უშხვართესი ვარ. იმასაც ხშირად ამბობენ, რომ ცანცარა ვარ. არ ვაპროტესტებ, მართლა ასეა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ბაღში ლექსი რომ წავიკითხე. იმდენად კარგად გამომივიდა, ფურორი მოვახდინე, ყველა ლაპარაკობდა, რა მაგარი ბავშვიაო. მაშინდელი ემოცია ახლაც მახსოვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...დედას და მამას, ისინი ყოველთვის ჩემი დიდი მხარდამჭერები იყვნენ, სწორი არჩევნის გაკეთებაში მეხმარებოდნენ, ცდილობდნენ, სწორ გზაზე დავეყენებინე.

- ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევს...

- ...არის დედა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ძალიან კარგი ოჯახი მყავს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიყო მსახიობი. თეატრში თამაში მინდა ძალიან, მაგრამ ვინ მათამაშებს? მე არ მაქვს საამისო განათლება, ტელევიზორში რომ ვცანცარებ, იქ ასე არ გამოვა, თეატრში როლებზე ასე არ ეპატიჟებიან, ამ მხრივ დავიჩაგრე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პირდაპირი ვარ, თუმცა, როცა საჭიროა, ტყუილის თქმაც შემიძლია, მანევრირების უნარი მაქვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ძალიან სენსიტიური ვარ, ყველაფერი გულთან მიმაქვს, განვიცდი. ჩემ შესახებ ყველას აზრი მაინტერესებს. ვინმეს რამე თუ არ მოეწონება, ძალიან ვნერვიულობ; თუ გამაკრიტიკებენ, შეიძლება იმ ღამეს არ დამეძინოს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...დიდად არაფერი მისწავლია.

- პატიება შემიძლია...

- ...ყოველთვის, რადგან თავადაც ბევრ შეცდომას ვუშვებ და ვფიქრობ, მეორე შანსი ყველას უნდა ჰქონდეს.

- შეცდომის გააზრების შემდეგ...

- ...ბოდიშის მოხდა, პატიების თხოვნა არასდროს მიძნელდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ხანდახან ვნერვიულობ, ხანდახან - არა, გააჩნია, ცხოვრების რა ეტაპზე ვარ. შემოქმედებითი კრიზისი როცა მაქვს, ვღელავ და დეპრესიაში ვვარდები.

- ვიბნევი...

- ...როცა ძალიან გამოსულ, "სვეცკი" ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას, თავადაც ატყობენ, მათი კლასის რომ არ ვარ.

- ვნანობ...

- ...არაფერს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...მეცნიერი, რომელიც გამოიგონებს "კოვიდის" წამალს და ამ საზარელ პანდემიას დაასრულებს.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ჩემს ქმარს. ის ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, ვისაც ამის უნარი შესწევს. ვრიგდებით მას შემდეგ, როცა ის ხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა და მერე ბოდიშს მიხდის.

- სიყვარული - ეს...

- ...არის ურთიერთგაგება და თავისუფლება.

GzaPress

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ამ გრძნობას ვმალავდი. იმ ბიჭმა დღემდე არ იცის, რომ მიყვარდა. არც ვიცი, ახლა სად არის.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების უზნეობა.

- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...მეგობრებმა.

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის და თამამად. ვფიქრობ, ჯობს, გარისკო და სცადო, ვიდრე შემდეგ ამ ნაბიჯის გადაუდგმელობა ინანო.

- ჩემი ჰობია...

- ...კითხვა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ოჯახი.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ, მაიონეზის რეკლამას ვუყურებდი, ბავშვი ბებიისკენ მირბის, და გული ამიჩუყდა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მსიამოვნებს, ძალიან. ამ დროს უხერხულობის განცდა საერთოდ არ მაქვს, შექებას ვიფერებ.

- ვამაყობ...

- ...ჩემი ოჯახით.

- შიში მაქვს...

- ...ერთი რაღაცის, სერიოზული ფობია მაქვს, მაგრამ არ ვიტყვი, არ მინდა ამ შიშის შესახებ ხალხმა გაიგოს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ასეთი არაფერი მახსენდება.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...თმას გადავინერგავდი.

- ვმალავ...

- ...არაფერს. ეს ჩემი ხასიათია. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობა ძალიან მინდა, ცხოვრებაში თამაში არ გამომდის.

- ვუფრთხილდები...

- ...ოჯახს, ჯანმრთელობას.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- შპაგატში ჩაჯდომა.

- ვიტყუები, როცა...

- ...საჭიროა. კარგი ინტუიცია მაქვს და ვხვდები, რა დროსაა ეს საჭირო.

- თავისუფლება არის...

- ...შენს სხეულში კომფორტულად ყოფნა, აკეთებ იმას, რაც შენს ზნეობას არ ეწინააღმდეგება.

- როცა მარტო ვარ...

- ...არ მიყვარს ეს მდგომარეობა. ვეძებ ადამიანს, რომ შემომიერთდეს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი.

- რამდენიც არ უნდა გადამიხადონ...

- ...არ მივიღებ მონაწილეობას იმ პროექტში, რომელიც არ მომწონს.

- მენატრება...

- ბავშვობა.

- ვაგროვებ...

- ...სათვალეებს. დიდი კოლექცია მაქვს, რაოდენობა არასდროს დამითვლია.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს აუცილებელია მეგობრებთან ურთიერთობა, ეს წამალია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ დედამ მითხრა, ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, იცოდე, რომ ეს რაღაც შენი მომავლის უკეთესობისკენ შესაცვლელად ხდება, შეიძლება იმ წუთში გეჩვენებოდეს, რომ ცუდად ხარ. ეს არის 100%-იანი სიმართლე და ვფიქრობ, მკითხველს აუცილებლად გამოადგება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მეგობრებო, იმედი მაქვს, წამყვანის ამპლუაში თქვენს იმედებს არ გავაცრუებ, იყავით ბედნიერები, იცხოვრეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღით და ოჯახის წევრებთან ბევრი დრო გაატარეთ!

GzaPress

* * *

- მეგაშოუები და ასეთი ფორმატის გადაცემები ძალიან მომწონს. რატომღაც წამყვანის ამპლუაში არასდროს განმიხილავდნენ. როცა ხვეწნა-მუდარას მოვრჩი, სწორედ მაშინ დამირეკეს და შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. ახლა, როცა უკვე იმ გადაცემის წამყვანი ვარ, მთელი ცხოვრება რომ ველოდებოდი, ძალიან ვნერვიულობ. არ ვიცი, როგორ გამომივა. აქამდე იმდენად კარგი წამყვანები ჰყავდათ, ვღელავ, რამდენად კარგად გავართმევ თავს. 6 წელია ტელევიზიაში არ ვყოფილვარ.

- ეს ნერვიულობა პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარეა, არა?

- რა თქმა უნდა, ამ გადაცემას ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს. წლევანდელი მე-10 საიუბილეო სეზონი განსაკუთრებით კარგად არის გაკეთებული, იმდენი შთამბეჭდავი და გამორჩეული ნომერია, მაყურებელს აქამდე რომ არ უნახავს.

- პარტნიორზე, გიორგი ბახუტაშვილზე რას იტყვი?

- გიორგი არის ერთ-ერთი ნიჭიერი ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, მისგან ბევრს ვსწავლობ. ჩვენი დინამიკა სხვადასხვაა და ვფიქრობ, საინტერესო ტანდემი გვექნება.

- გიორგი რა პიროვნული თვისებებით არის გამორჩეული?

- საოცარი იუმორი აქვს, სულ მუდამ გახალისებს და, როგორ ხასიათზეც უნდა იყო, აქვს უნარი, კარგი განწყობა შეგიქმნას. ის სულ მხარში მიდგას, არ არის პრეტენზიული, გუნდურ საქმეს კარგად ართმევს თავს. გიორგისთან მუშაობა ძალიან იოლი და სასიამოვნოა.

- ამ პროექტმა შენს გეგმებში რა შეცვალა? როგორც ვიცი, ამერიკაში წასვლას აპირებდი.

- ბილეთები უკვე აღებული მქონდა, 19 სექტემბერს მივფრინავდი და "ნიჭიერისთვის" დავრჩი.

- მეუღლე ამ ამბავს როგორ შეხვდა?

- ძალიან კარგად. ბენი ჩამოვიდა და ახლა ამ პროექტის და ჩემი დიდი გულშემატკივარია.

- ახლა დაკავებული იქნები, ბავშვის გაჩენის შემდეგ ასეთი ეტაპი არც გქონია, ოვი ამ ამბავს როგორ ეგუება?

- ბაღის გახსნას ველოდები, რომ მივიყვანო. მიხარია, მისი სოციალიზაცია მოხდება. ეს ბავშვი რაც დაიბადა, ისე გამოვიდა, რომ სულ სახლშია. ჯერ ძალიან პატარა იყო, მერე პანდემია დაიწყო და... ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან სიამოვნებს და ბაღში მიყვანის დღეს თავადაც ინტერესით ელოდება.

- ამ პროექტმა ბენის გეგმებიც ხომ არ შეცვალა?

- აქ იმდენი ხნით დარჩება, რამდენი ხნითაც მისი სამსახური მისცემს საშუალებას. ჩამოსვლას არ აპირებდა, პირიქით, ჩვენ უნდა დავბრუნებულიყავით. უხარია საქართველოში ყოფნა, მოსწონს, სამსახურიდან პატარა "შატალო" გამოუვიდა.

თამუნა კვინიკაძე