"მამა ბიჭებს ეკითხებოდა, - რამე ხომ არ უთამაშია და წაუგიაო?"
მსახიობი ზურა ნიჟარაძე გამოგვიტყდა, რომ წიგნების აქტიურად კითხვა, უხერხულ სიტუაციაში მოხვედრილმა, თავმოყვარეობის გამო დაიწყო... რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ლიტერატურული ნაწარმოებებიდან მიღებული ნუგეშით, თანაგრძნობით ხშირად გამკლავებია.
- დაახლოებით მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ოჯახის წევრების რჩევით, ჟიულ ვერნის, მაინ რიდის ნაწარმოებების კითხვა დავიწყე... შემდეგ იყო პერიოდი, როცა ქართულ დეტექტიურ რომანებს ვკითხულობდი: რომან გვენცაძის "საბედისწერო გასროლა", ალექსანდრე იასაღაშვილის "მგლის ბილიკი"... ეტყობა, მაშინ ეს წიგნები ტრენდული იყო... მერე, რამდენიმე წლის განმავლობაში, უკვე სულ კლასიკურ ნაწარმოებებს ვკითხულობდი.
- ბავშვობაში თუ იყო ეტაპი, როცა მშობლებს თქვენთვის წიგნის კითხვის დაძალება სჭირდებოდათ?
- არა, არა... ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად იყო: სკოლაში კარგი მოსწავლე არ ვყოფილვარ - 4-იანები და 3-იანები მყავდა. მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ, ყველა საგანში 5-იანს ვიღებდი. უკვე მეუბნებოდნენ, - ამდენი კითხვა არ გინდა, ცოტათი "განიავდიო"...
- სწავლის ტემპს რატომ მოუმატეთ, თქვენს ცხოვრებაში რა მოხდა?
- სკოლაში 9 კლასი დავამთავრე, 3 წელი კი ხელოვნების ლიცეუმში ვსწავლობდი (სამსახიობო მიმართულებით). როცა ლიცეუმში ბიჭები კლასიკურ ნაწარმოებებზე საუბრობდნენ, ლაპარაკში ვერ ჩავერთე - მათ მიერ ნახსენები ნაწარმოებები წაკითხული არ მქონდა. ეს ყველაფერი ძალიან "მეტკინა" - თავმოყვარეობა სულ მქონდა... მეათე კლასიდან წიგნების კითხვა აქტიურად დავიწყე. სახლიდან თითქმის არ გავდიოდი. წლების შემდეგ გავიგე, რომ თურმე მამაჩემი სახლიდან გადიოდა და ბიჭებს (ჩემს უფროს მეგობრებს) ეკითხებოდა, - რამე ხომ არ უთამაშია და წაუგია? ხომ არაფერი დაუშავებია, გარეთ რომ არ გადისო?.. მოკლედ, ძიება მიმდინარეობდა... ჭრაქისა და სანთლის შუქზე დილის 5 საათამდე ვკითხულობდი. ფაქტობრივად, დღე-ღამეში 3 საათი მეძინა, რადგან დილის 9 საათზე ლიცეუმში უნდა ვყოფილიყავი... შემდეგ უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ჩემი პედაგოგი - გოგი ქავთარაძე "მწიგნობართუხუცესს" მეძახდა...
- ალბათ მხოლოდ თავმოყვარეობის საკითხი არ იყო და წიგნის კითხვა სიამოვნებასაც გგვრიდათ, არა?
- თავდაპირველად, თავმოყვარეობის ამბავი იყო - უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. შემდეგ, მოგეხსენებათ, წიგნმა ისეთი შეჩვევა იცის, რომ შინ როგორი დაღლილიც უნდა დავბრუნებულიყავი (ან იშვიათად - ნასვამი), 30 ფურცელი მაინც უნდა წამეკითხა. კითხვა ძალიან მიყვარდა. იმ დროს მართლა უამრავი რამ წავიკითხე. ხანდახან წიგნის კითხვას ერთ დღეში ვასრულებდი. პიესებს რაც შეეხება, შემეძლო, დღეში 2-3 წამეკითხა...
- სწრაფი ტემპით კითხვისას, განსაკუთრებულად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები დაგამახსოვრდათ, თქვენზე ძლიერი ზეგავლენა რომელმა მოახდინა?
- მეათე კლასში ვიყავი, როცა შინ მეუბნებოდნენ, - გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" წაიკითხე, თუკი წიგნის "გემოს" გაგება გინდაო... ოჯახში კითხვა ძალიან უყვარდათ. რა ნაწარმოების წაკითხვაც ურჩევიათ, ყველაფერი მომეწონა, მაგრამ "გველის პერანგის" კითხვა სამჯერ დავიწყე და ვერ შევიგრძენი, ვერ "მივუდექი": 60 ფურცლამდე წავიკითხავდი - არაფერი ხდებოდა... მერე, მახსოვს, რაჭაში გავემგზავრე. სპეციალურად, მხოლოდ "გველის პერანგი" წავიღე. მახსოვს, ნაწარმოების სიუჟეტში კვანძი რომ გაიხსნა, კითხვას მივყევი და, დავასრულე თუ არა, წიგნი გადმოვაბრუნე და მაშინვე ხელახლა კითხვა დავიწყე... გენიალური წიგნია! ეტყობა, მანამდე მისი წაკითხვისთვის მზად არ ვიყავი. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ასაკში მკითხველს ნაწარმოები სხვადასხვაგვარად გეჩვენება, თუ კარგ წიგნს კითხულობ. გრიგოლ რობაქიძე საოცარი მწერალი და პიროვნება იყო. ადამიანს გერმანიაში, შილერისა და გოეთეს ქვეყანაში კლასიკოსად რომ აღიარებენ, ზედმეტი განხილვა აღარაა საჭირო...
- საერთოდ, გჩვევიათ ერთი და იმავე ნაწარმოების რამდენჯერმე წაკითხვა?
- ყოფილა პერიოდი, როცა მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" 2-3-ჯერ წავიკითხე. საერთოდ, რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოები რომ წამიკითხავს და შემდეგ ეკრანიზაცია მინახავს, მერე ნაწარმოები ხელახლა წამიკითხავს, - აბა, წიგნში ის ეპიზოდი როგორ არის აღწერილი-მეთქი?..
- შეგიძლიათ, იმ ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია დაგვისახელოთ, რომელიც განსაკუთრებულად მოგეწონათ ან პირიქით - იმედი გაგიცრუათ?
- როგორც მახსოვს, ქართველებს უცხოური კლასიკური ნაწარმოების მხოლოდ ერთი ეკრანიზაცია გვაქვს გადაღებული - სერვანტესის "დონ კიხოტი" რეზო ჩხეიძემ გადაიღო (კახი კავსაძე და მამუკა კიკალეიშვილი თამაშობენ). არც ინსცენირება მომწონს, არც გადაღება, არადა, სერვანტესის ეს ნაწარმოები მსოფლიო წიგნთა სამეულში შედის. რა თქმა უნდა, გენიალური ნაწარმოებია, მაგრამ ეკრანიზაცია არ მომწონს, "ჩემთან არ მოვიდა". საერთოდ, ბატონ რეზოს გენიალური ნამუშევრები აქვს - მხოლოდ "ჯარისკაცის მამა" რომ დავასახელო, საკმარისია. ამის შემდეგ, სერვანტესის ნაწარმოებს რომ "მოჰკიდებ ხელს" და ასეთი რაღაც გამოგივა, აი, შემოქმედება საინტერესო ზუსტად ამიტომ არის: როგორი მაგარიც უნდა იყო, თავდაპირველად არ იცი, რა გამოგივა... შთამბეჭდავი ეკრანიზაციებიდან ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმს - "ნათლიას" დავასახელებ (მარიო პიუზოს ნაწარმოების მიხედვით): გენიალური მსახიობები თამაშობენ, მუსიკაც, რეჟისურაც ძალიან კარგია!..
- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდათ?
- კი, ამაზე მიფიქრია. ედმონდ როსტანდის პიესაში - "სირანო დე ბერჟერაკი" სირანოს როლს ვითამაშებდი. თუ არ ვცდები, საქართველოში ამ სპექტაკლში სირანო ოთარ მეღვინეთუხუცესს აქვს ნათამაშები. ეკრანიზაციაც არსებობს - ჟერარ დეპარდიე მონაწილეობს... ქართული კლასიკიდან, ყვარყვარე თუთაბერის როლს ვითამაშებდი. ეს როლი უშანგი ჩხეიძეს, რამაზ ჩხიკვაძეს, დათო დვალიშვილს, გოგი ქავთარაძეს და კიდევ ბევრს კარგად აქვს ნათამაშები. ასევე, "სამანიშვილის დედინაცვალში" კირილე მიმინოშვილს განვასახიერებდი (ჩემებური ხედვით).
- რომელი ავტორის წერის მანერა მოგწონთ განსაკუთრებულად?
- ბევრი მომწონს. მაგალითად, ქართველი მწერლებიდან ნოდარ დუმბაძე ადამიანებთან "ძალიან ახლოსაა", მის ნაწარმოებებში ყველაფერი "მკითხველის გვერდით" ხდება - ძალიან მომწონს! ასევე, რა თქმა უნდა, დავასახელებ მიხეილ ჯავახიშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას, გურამ დოჩანაშვილს, რეზო ინანიშვილს, გურამ რჩეულიშვილს... როგორ ჩამოვთვალე?!.
- თქვენს ცხოვრებაში წიგნს ახლაც დიდი ადგილი უკავია?
- ახლა - ვერა. ამ მხრივ, კარგი ბიჭი აღარ ვარ. წიგნისკენ გული როგორ არ მიმიწევს? ეს ისეთი "სენია", ვერაფრით "გადააგდებ". ვინმე თუ მირჩევს - წაიკითხე, კარგი წიგნიაო, ვკითხულობ ან თუ ყურს მოვკრავ - ახალგაზრდა პოეტია, კარგად წერსო, ვინტერესდები... პოეზია ძალიან მიყვარს!..
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- ახლახან წავიკითხე გელა ჩარკვიანის "ნაცნობ ქიმერათა ფერხული", თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა"... ბოლო რომელი იყო, არ მახსოვს. 2 კვირის განმავლობაში რომ არაფერი წამიკითხავს, ეს უეჭველად ვიცი, რადგან ახლა სხვა საქმეებზე ვარ "გადართული": გადაღებიდან ღამის 2 საათზე დაბრუნებული, დილის 8 საათზე რომ უნდა ადგე, კითხვას ვეღარ ახერხებ ადამიანი... 25 წლამდე ასაკი საინტერესო ამიტომაა - მეტი დრო გაქვს, უფრო მაგრად კითხულობ. მერე უკვე შენს ცხოვრებაში სხვა, ყოფითი პრობლემები შემოდის: სამსახური, ოჯახი... უფრო მოუცლელი ხარ, თუმცა წიგნის კითხვისთვის დროის გამოძებნა ყოველთვის შეიძლება.
- წერა გიტაცებთ?
- როგორც აღვნიშნე, პოეზია ძალიან მიყვარს. ერთხელ ლექსი დავწერე, რაც არანაირ მუზას არ უკავშირდებოდა - უბრალოდ, რითმები ერთმანეთს შევუხამე. მეორე დღეს რომ წავიკითხე, ვთქვი: ჩემს სიცოცხლეში ლექსს აღარ დავწერ, რადგან რაც მე დავწერე, ამას "ლექსი" არ ჰქვია-მეთქი... პოეზია უფრო რითმაში ჩასმული ტკივილი, ვნება მგონია, რაც ავტორის დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს... სხვათა შორის, მოთხრობა, ჩანახატი, ესე არასოდეს დამიწერია, თუმცა ბევრი მეუბნება, - ძალიან კარგად დაწერო. მართლა ვგრძნობ, რომ შეიძლება საინტერესო ნაწერი გამოვიდეს, რადგან უინტერესო საუბარი არ მახასიათებს. ანალიზიც შემიძლია... გარდა იმისა, რომ ადამიანს წერის ნიჭი ღმერთმა უნდა მოგცეს, ამას სწავლაც უნდა, - იცოდე, რა და როგორ დაწერო, 5-6-ჯერ სცადო და შემდეგ შეიძლება რაღაც გამოგივიდეს... ისე, ბიოგრაფიული ხასიათის სამი მოთხრობა გონებაში უკვე მაქვს. სიბერისკენ რომ წავალ, ლიტერატურულ ჩარჩოშიც მოვაქცევ, როგორც შევძლებ...
- სამაგიდო წიგნი გაქვთ?
- "სამაგიდოს" ვერ დავარქმევ, მაგრამ რომელი პოეტის ხასიათზეც ვარ, მის შემოქმედებას ვკითხულობ, მაგალითად - ვაჟა-ფშაველა, ტიციან ტაბიძე, ლადო ასათიანი, მურმან ლებანიძე...
- თქვენს მსოფლმხედველობაზე განსაკუთრებული ზეგავლენა რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?
- საერთოდ, რამდენ წიგნსაც წაიკითხავ, იმდენი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ - მკითხველზე ზეგავლენას აუცილებლად ყველა ნაწარმოები მოახდენს. მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ეტელ ლილიან ვოინიჩის "კრაზანა" წავიკითხე და წაკითხული ძალიან სხვანაირად, სულისშემძვრელად მივიღე... ადამიანი ნებისმიერ ნაწარმოებს იმიტომ კითხულობ, რომ რაღაცამ აგაღელვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გულზე არ მოგხვდა და არ "ჩაგითრია", კონკრეტული წიგნის კითხვას თავს დაანებებ - ლიტერატურული ნაწარმოებების მეტი რა არის?!.
- ჟურნალ "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევთ?
- მოდი, მთელმა საქართველომ "ვეფხისტყაოსანი" წავიკითხოთ. სკოლაში რასაც გვასწავლიდნენ, თუ ძალიან კარგი პედაგოგი არ გვყავდა, ის "სხვა" "ვეფხისტყაოსანი" იყო... ადამიანი იმ დონემდე უნდა მიხვიდე, რომ გაიაზრო, შოთა რუსთაველის სახით, ერს როგორი მარგალიტი გვყავს - პოემა აფორიზმებითაა სავსე! მხოლოდ "ვეფხისტყაოსანი" რომ წაიკითხო, ცხოვრებას ისწავლი ადამიანი - შეგიძლია, ამ წიგნით იხელმძღვანელო...
ეთო ყორღანაშვილი