"დღევანდელი კანონებით, ჩემი მასწავლებლები დასაჭერები არიან" - გზაპრესი

"დღევანდელი კანონებით, ჩემი მასწავლებლები დასაჭერები არიან"

მსახიობ ნიკა ქაცარიძეს ბლიც-ინტერვიუსთვის დავურეკეთ. თეატრში რეპეტიციების შემდეგ, ღამით, ისევ რეპეტიციის მოლოდინში მყოფი მსახიობი დაუზარლად გვესაუბრა. ისიც გაგვიმხილა, რომ ფილმში - "ალექსანდრე დიუმას მოგზაურობა საქართველოში" ითამაშებს. "რეჟისორმა დამირეკა - ალექსანდრე დიუმას როლს ვინ შეასრულებს, თუ არა შენო?.. "დავგუგლე" და გარეგნობით მართლა ვგავარ..." - გვითხრა ნიკამ...

- რეპეტიციების შემდეგ, დღის ბოლოს თავს როგორ გრძნობთ ხოლმე?

- თუ რეპეტიცია რობერტ სტურუასთან მაქვს, რეპეტიციის შემდეგ ძალიან სასიამოვნო გრძნობა მეუფლება - თავს ვგრძნობ სამყაროს ნაწილად, რომელიც რაღაცას აკეთებს, ალბათ ღმერთს რაღაცაში სჭირდება... სპექტაკლის პრემიერამდე წარმოუდგენელ რეჟიმში ვმუშაობთ: კარგი, მე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ 84 წლის კაცი უწყვეტ რეპეტიციას ატარებს ღამის პირველ საათზე! რა ძალა აქვს?.. სტურუა მარტო რეჟისორი არაა, სამყაროს ფიგურაა, რომლის აზრიც მხოლოდ მსახიობებმა კი არა, ყველამ უნდა გაითვალისწინოს. როგორც ეგ მეუბნება, ისე რომ ვითამაშო, ვიქნები მარლონ ბრანდო, ბრედ პიტი, ჯონი დეპი და საერთოდ, ყველა!.. სტურუას "იქით" ხელოვნება აღარ არსებობს...

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად, რის გამო გსაყვედურობენ?

- ისე უზნეოდ არ ვიქცევი, რომ ვინმემ მისაყვედუროს. ერთადერთი დედაჩემია, რომელიც მსაყვედურობს - სახლში დაღლილი რომ მოდიხარ, რატომ გინდა, კიდევ ღვინო დალიოო?..

- რატომ გინდათ ღვინის დალევა?

- ფიქრში, ფანტაზიაში მეხმარება და ჩემს შეგრძნებებს უფრო ამძაფრებს, თუმცა შეგრძნებები ისედაც არ მაკლია - უბრალოდ მინდა, გავაძლიერო (იღიმის).

- ძირითადად, რაზე ფიქრობთ ხოლმე?

- სიკეთეზე, სიყვარულზე, შვილებზე, რომ ნიჭიერად, სწორად გავზარდო (ანუ ისე, როგორც თავად მიმაჩნია სწორად, თორემ შვილების "სწორად გაზრდა" რას ნიშნავს, ეს საერთოდ არავინ იცის დედამიწაზე), საყვარელ ადამიანებზე - მინდა, რომ კარგად იყვნენ... მსურს, ძალიან ბევრი ფული მქონდეს, რომ ადამიანებს დავეხმარო. ეტყობა, ამიტომაც არ მაქვს: ალბათ ღმერთი თავად გააკეთებს იმ სიკეთეებს, რაც უნდა, რომ სხვებს გაუკეთოს... ასევე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი საქმე ნიჭიერად ვაკეთო...

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- მართლა არ მჯეროდა, როცა ვიგებდი, რომ მსახიობებს ესიზმრებოდათ, თითქოს სცენაზე გასულებს ტექსტი ავიწყდებოდათ. მეგონა, სულ იტყუებოდნენ... საკუთარ თავზე გამოვცადე: ბოლო დროს მესიზმრება, რომ ტექსტი არ მახსოვს. სცენაზე ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე... კოშმარული სიზმრებია...

- რეალურ ცხოვრებაში სცენაზე ტექსტი დაგვიწყებიათ?

- არა. ფენომენალური მეხსიერება მაქვს. ყველაფერს ვიმახსოვრებ. შეიძლება ეს კარგიც იყოს და ცუდიც...

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?

- კარგი მოსწავლე ვიყავი. უბრალოდ, ახლა ვხვდები, რომ მასწავლებლები იყვნენ არასწორები: ძალიან ცუდად მექცეოდნენ. შეიძლება მთები გადავდგა, თუ ტკბილად დამელაპარაკები. ისინი უხეშად, აგრესიულად მექცეოდნენ... ეგონათ, ჩემგან "ნიუტონი" გამოვიდოდა. კარგი მასწავლებლის ხელში შეიძლება ჩემგან მართლა საოცრება გამოსულიყო...

- მასწავლებლები გსჯიდნენ?

- კი, ყურებს მიწევდნენ, საშინლად მექცეოდნენ, ძალადობდნენ... დღევანდელი კანონებით, ჩემი მასწავლებლები დასაჭერები არიან, ნათელა გეგეჭკორის გამოკლებით - ის ჩემი პირველი მასწავლებელი, უსაყვარლესი ქალი გახლდათ.

- მასწავლებლების არასწორმა მოქცევამ თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე, ზრდასრულობის ასაკში, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა?

- გახსენებისას ვაგინებ ხოლმე, მეტი არაფერი. სხვა რაზე უნდა ასახულიყო? მათ საქციელს ჩემზე სხვა გავლენა არ მოუხდენია, რადგან სამყაროს "სხვა ინფორმაციით" მოვევლინე. ისინი რას მიზამდნენ? ღმერთს როგორიც უნდოდა, ისეთი ვიქნებოდი...

- ისეთი საქციელი ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?

- ოჰ, კი, კაცო... ჩემი მეზობლის ცემა სულ მინდოდა. რომ გავიზარდე, მერე ვცემე... დღესაც სიამოვნებით ვცემდი. უბრალოდ, ამის უფლებას ზნეობა და მორალი არ მაძლევს.

- მსახიობობის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდით?

- ხატვა. ჩემთვის მუსიკასაც ვწერ - მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან. ასევე კარგად გამომდის ამბის მოყოლა და მინდა, ფურცელზე გადავიტანო... პირველ რიგში, მაინც ხატვას დავასახელებ: სულ მინდოდა, რაღაც დამეხატა, ფერებისგან რამე შემექმნა... მხატვარი უფრო თავისუფალი ვიქნებოდი, ვიდრე მსახიობი ვარ. ფერები გაქვს და დახატე, რაც გინდა, - მხატვარზე მეტად თავისუფალი არავინ არსებობს!..

- რა თემაზე ხატავთ?

- საერთოდ არ ვხატავ. საღებავები არ მაქვს, თუმცა ზუსტად ვიცი, შედევრები გამოვა, რადგან ჩემი გონება უამრავი ფერითაა "მოწამლული". ოჯახის წევრები ჩემი ნახატებით აღფრთოვანებული არიან. დედა მეუბნება, - ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ, ნახატი დიდ მასშტაბში უნდა გადაიტანოო, - მაგრამ როგორც ვთქვი, საღებავები, ფუნჯები არ მაქვს და საერთოდ, სხვა პროფესიას მივყავი ხელი...

- რამე კომპლექსი გაქვთ?

- ძალიან კომპლექსიანი ვარ. მსახიობობაც ამიტომ მინდოდა. მსახიობი, რომელიც გეტყვის, რომ კომპლექსები არა აქვს, აბსოლუტური იდიოტია.

- ყველაზე უცნაური რა კომპლიმენტი მიგიღიათ?

- ახლახან სახლში რემონტი რომ მქონდა, ელიავას ბაზრობის მენეჯერმა მითხრა, - მგონი, შენ მართლა რემონტს აკეთებო...

- ხელოსნებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- კარგი ხელოსანი არ არსებობს! პირადი გამოცდილებით ვამბობ. ხელოსანს ვუთხარი, - მე მატყუებ, ბიჭო? ეს როლი ნათამაშები მაქვს-მეთქი!.. სულ რაღაც 27 კვადრატულ მეტრზე ლამინატის დაგებაზე იყო საუბარი, მაგრამ ისე მომექცნენ, როგორც ჩემი პერსონაჟი იქცეოდა სერიალში...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- შვილებს, განსაკუთრებით - ლაზარეს. ვეკითხები: - ფეხბურთელი უნდა გახდე? "ბარსელონაში" თამაში გინდა-მეთქი? მეთანხმება. - როგორი კაცი ხარ-მეთქი? - კარგი კაცი ვარო, - მპასუხობს. სამყაროს საოცრებაა! ლაზარესთან დიალოგში გადის დღე... მარიტაზე საუბარიც დაუსრულებლად შემიძლია, მაგრამ ძალიან აფერისტი ბავშვია: როცა რამე სჭირდება, მაშინ მოგეტმასნება, მაშინ უყვარხარ... მისთვის "რა მომიტანე" მქვია. ლაზარეს ჩემ გარდა არაფერი არ აინტერესებს.

GzaPress

- თქვენ მიერ განსახიერებული რომელი როლი გეამაყებათ?

- საამაყო არაფერია. რომელიმე მათგანი შედევრია? თუ შედევრი არაა, საამაყოც არაა. ვიცი, რომ განსაკუთრებული არაფერი შემიქმნია. ეს იყო საშუალო დონის მიწიერი მსახიობის მიერ განსახიერებული როლები...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- მინდა, უჩინმაჩინი ვიყო.

- რას გააკეთებდით?

- ვაიმე, ადამიანებს საშინელებებს დავმართებდი! ალბათ ვინმე გეტყოდა, რომ ბანკს "გაიტანდა". უჩინმაჩინი რომ ვიყო, ბანკის გატანა რად მინდა?! გავერთობოდი.

- პირველად ვის ესტუმრებოდით და რა ოინს მოუწყობდით?

- ბიძინა ივანიშვილს ვესტუმრებოდი. გავაგიჟებდი... წარმოგიდგენია, უჩინმაჩინი რომ ვიყო, ჩემი ფანტაზიის მქონე მსახიობი კაცი ბიძინა ივანიშვილს რას დავმართებდი?!. არ ვიცი, კონკრეტულად ეს პიროვნება რატომ დავასახელე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ეგ არის.

- რას დამართებდით?

- რაც უყვარს, გავუქრობდი თვალსა და ხელს შუა. სტაფილოს წვენი უყვარს. ჰოდა, არ ექნებოდა, რა...

- თქვენი მესაიდუმლე ვინ არის?

- ჩემი მეუღლე - ნინო ბერიძე, ულამაზესი ქალი. ვეკითხები, - საერთოდ, ჩემში რა იპოვე, ჩემგან რა გინდა, ჩემნაირ იდიოტ კაცს ცოლად რატომ გამომყევი-მეთქი? ახლაც, თეატრში რეპეტიცია მაქვს. ღამის რომელი საათია, არც ვიცი...

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- ჩემი საქმის კეთება და ალბათ, შვილების გაზრდა. ღმერთი ამ სამყაროში ამიტომ მტოვებს - ალბათ ვჭირდები, თორემ ერთ წამში გამაქრობდა.

- წარმოიდგინეთ, ქალად რომ გაიღვიძოთ, რას იზამთ?

- ყველაზე საშინელი ქალი ვიქნებოდი. კაცებს დედას ვუტირებდი... თან, თუ ლამაზი ვიქნებოდი, ვაიმე, წარმოიდგინე, ლამაზმა ქალმა, რომელსაც კაცის გონება აქვს, რა შეიძლება კაცს დამართოს?!. კაცების მოტყუებას რა უნდა? ჭკვიანები გგონია? იდიოტები არიან. შეხედავენ ლამაზმკერდიან ქალს და მორჩა, ჭკუა ეკეტებათ!..

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- სიყვარული, რომელმაც გადამარჩინა და გადამარჩენს. ეს ღმერთის ძალაა, რომელიც ან გაქვს, ან - არა. თუ გიყვარს, გადარჩები...

ეთო ყორღანაშვილი