რას ზვერავდა ნანული სარაჯიშვილი თელავის ბაზარში?
მასწავლებლობა უნდოდა, მაგრამ პროფესიად ისევ არტისტობა აირჩია და ამ გადაწყვეტილებას დღემდე არ ნანობს.
ჟურნალი "გზა", 2011 წელი
- ალბათ ყველამ იცის, რომ ჩემი კარიერა ფილმით - “მანანა” დაიწყო. მახსოვს, ამ როლზე საქართველოს ყველა რეგიონიდან ხუთასზე მეტი ბავშვი გასინჯეს. ერთ დღეს, ბატონმა რეზო ჩხეიძემ ზაქარია გუდავაძესა და შალვა მატაშვილს (“მანანაზე” ისინი მუშაობდნენ) ურჩია, წადით და სარაჯიშვილების ბავშვი გასინჯეთ ამ როლისთვის, ლამაზი ბავშვი არ არის, მაგრამ ძალიან ცოცხალიაო. ასე წამიყვანეს სინჯებზე. სიმართლე გითხრათ, მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია. როცა სინჯებზე მისულმა ლამაზ-ლამაზი ბავშვები დავინახე, აბა, მე ვინ ამიყვანს-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ როლზე დამამტკიცეს. ახლა რეჟისორს თუ მოეწონები, როლზე მაშინვე დაგამტკიცებს; მაშინ კი ამ პროცესში დიდი საბჭო მონაწილეობდა და “ცეკა-ტეკას” გავლით გვაძლევდნენ როლს. როცა სახლში დარეკეს და როლზე ნანული დაამტკიცესო, გვითხრეს, ისე ვინერვიულე, სიცხე 40 გრადუსამდე ამეწია. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ვმონაწილეობდი, როგორებიც იყვნენ სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია, მედეა ჩახავა, იაშა ტრიპოლსკი... არაჩვეულებრივ პროფესიონალებთან ერთად ვითამაშე და მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
- მითხარით, რეჟისორებს რეზო ჩხეიძემ ურჩია ჩემი კანდიდატურაო. ბატონი რეზო თქვენი ოჯახის ახლობელი იყო?
- ჩემი უფროსი და ფილმებში - “საბუდარელი ჭაბუკი” და “ჩვენი ეზო” - მონაწილეობდა. ამის გამო რეზო ჩხეიძესაც ძალიან დაუახლოვდა ჩემი ოჯახი. ერთ-ერთ ოჯახურ ქეიფზე კი, ისე ვიცეკვე და ვიმღერე, თავი დავამახსოვრე (იღიმის).
- როგორც ვიცი, ფილმში მონაწილეობის შემდეგაც არ მოგინდათ მსახიობობა.
- ფილმის გადაღების პროცესში მივხვდი, რომ მსახიობობა ძალიან რთული პროფესია იყო. პატარაობიდანვე მიყვარდა ბავშვები და პედაგოგობა მინდოდა. ეზოში საკლასო ოთახი მქონდა მოწყობილი; დედაჩემის მელიის ტყავს მოვისხამდი, ბავშვებს დავსვამდი და ვთამაშობდი, ვითომ ისინი მოსწავლეები, მე კი მასწავლებელი ვიყავი. მამაჩემს უნდოდა, სამედიცინო ინსტიტუტში შემეტანა საბუთები. მაშინ ექიმობა “მოდაში” იყო. “მანანას” გადაღების შემდეგ სესილია თაყაიშვილს დავუმეგობრდი. სკოლას რომ ვამთავრებდი, მკითხა, რას აპირებ, სად აბარებო? რა ვიცი, ქალბატონო სესილია, მამას სამედიცინოზე, მე კიდევ - პედაგოგიურზე მინდა ჩაბარება-მეთქი. - “ნი ვკოემ სლუჩაი!” თეატრალურ ინსტიტუტში უნდა ჩააბარო, შენ გაქვს მონაცემები, რომ კარგი მსახიობი გამოხვიდეო, - მომიჭრა. ძალიან სიტყვაძუნწი ქალბატონი გახლდათ, არაჩვეულებრივად თამაშობდა, მაგრამ თავისივე შესრულებული როლები იშვიათად მოსწონდა, საქებარ სიტყვებსაც ხშირად არ იმეტებდა და ეს რომ მითხრა, ძალიან გახარებული მივედი სახლში. მაშინვე ვუთხარი დედაჩემს, სესომ მითხრა, სამსახიობოზე ჩააბარეო. დედას უნდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ მამა სასტიკი წინააღმდეგი იყო. უწინდელი ხალხი თეატრალურ ინსტიტუტს არასერიოზულად უყურებდა. იმ დროს კონსერვატორიაში, სამხატვრო აკადემიასა და თეატრალურ ინსტიტუტში იმაზე ადრე ბარდებოდა გამოცდები, ვიდრე უნივერსიტეტში. დედამ მითხრა, - საბუთები შევიტანოთ თეატრალურ ინსტიტუტში, თუ მოხვდი, ხომ კარგი, თუ არა და, მერე სხვაგან ჩააბარეო. პირველივე წელს ჩავირიცხე. უკვე სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მამას სიმართლე რომ გავუმხილე და ძალიან გაბრაზდა. კარგა ხანს გულს არ მიჩვენებდა, მაგრამ მერე, ჩემი მონაწილეობით სპექტაკლებსა და ფილმს რომ ნახავდა, ძალიან მოსწონდა.
- იმ დროს თეატრალური ინსტიტუტი ძალიან ცოტა სტუდენტს იღებდა, არა?
- კი, სარეჟისორო ფაკულტეტზე 5 წელიწადში ერთხელ ცხადდებოდა მიღება და მხოლოდ 5 ადამიანს იღებდნენ.
- სწორედ ამის გამო, ნიაზ დიასამიძეს მოსწრებულად უხუმრია თეატრალურ ინსტიტუტზე...
- ჰო, ერთ დღეს, როცა გამოცდები ბარდებოდა, რუსთაველზე გამოუვლია და თავისი ნაცნობისთვის უკითხავს, სად აბარებო? - სარეჟისოროზე და მხოლოდ 5 კაცს იღებენო. - არა უშავს, თუ წელს ვერა, მომავალ წელს ცდი ბედსო, - დაუმშვიდებია ნიაზს. - არა, სტუდენტებს მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ იღებენო, - შეუჩივლია ნაცნობს. ნიაზს ხელები გაუშლია, - ვაჰ, კაცო, ინსტიტუტია თუ “ლოტკაო”?! არაჩვეულებრივი პედაგოგები გვასწავლიდნენ - ხორავა, მრევლიშვილი, ბაბულია ნიკოლაიშვილი... ჩემს ჯგუფში გია ფერაძე, ავთო მიქაძე და დათო დვალიშვილი სწავლობდნენ. მეორე კურსზე ვიყავი, როცა სპექტაკლში - “ხანუმა”, ბაღდათურის ცეკვა შემომთავაზეს, რომელსაც მანამდე სოფიკო ჭიაურელი ცეკვავდა. მაშინ სოფიკო ცოტა ხანი თამაშობდა რუსთაველის თეატრში და მერე ისევ მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდა. მის მაგივრად ცეკვა მე შემომთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვაზე არასდროს მივლია, ეს საქმე მეხერხება და ასე დავთანხმდი რობიკო სტურუას შემოთავაზებას. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, უკვე 40 წელია, თეატრში ვმუშაობ... პარალელურად კინოშიც ვთამაშობ.
- სწორედ კინოს საშუალებით გახდით პოპულარული...
- მართალია, ყველამ იცის, სპექტაკლში 100 როლიც რომ ითამაშო, ქუჩაში არავინ გიცნობს; კინოში ერთი როლის შესრულებას კი დიდი პოპულარობა ახლავს თან. ძალიან მიყვარს ჩემი როლი, რომელსაც ფილმში - “ვერის უბნის მელოდიები” - ვასრულებ. დიდი ბედნიერებაა გიორგი შენგელაიასთან მუშაობა... მსახიობის პროფესიას დიდი შრომა და ჯაფა ახლავს თან, მაგრამ დაღლილობას მაყურებლის სიყვარული გავიწყებს. ახლაც, სერიალის - “გოგონა გარეუბნიდან” - გადაღებაზე ვიღლები, მაგრამ ჩემი როლი ძალიან მიყვარს. სერიალის ეს სეზონი რომ დასრულდება, ფილმსაც გადავიღებთ.
- თეატრში შესრულებულ რომელიმე როლს ხომ არ გაიხსენებთ, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულია?
- სპექტაკლში - “ყვარყვარე”, მე და ჯემალ ღაღანიძე წამყვანები გახლდით და ჩემს როლს დიდი სიყვარულით გავიხსენებ. იყო ასეთი სპექტაკლი - “შეშლილი, შეშლილი ახალი წელი”, სადაც მე და მანანა გამცემლიძე ვთამაშობდით. მანანას ენა ებმოდა და მე მის ნალაპარაკევს ვთარგმნიდი. მოსამსახურის როლს ვთამაშობდი სპექტაკლში - “კავკასიური ცარცის წრე”. ამ სპექტაკლით თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარეთ. მახსოვს, პირველად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და მექსიკაში ვითამაშეთ. სპექტაკლს ყველგან დიდი წარმატება ხვდა წილად.
- მოდი, ისიც გავიხსენოთ, როგორ შემოგთავაზათ მაროს როლი ზაზა კოლელიშვილმა ფილმში - "გარიგება".
- ზაზამ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და მერე სარეჟისოროზე ჩააბარა. “გარიგება” მისი სადიპლომო ნამუშევარია. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით და ერთხელ, ფილმის შესახებ მომიყვა. სცენარი ძალიან მომეწონა. მიტოს როლი ზაზასვე უნდა ეთამაშა, მაგრამ მერე უარი თქვა, პირველი ფილმია, რეჟისორიც ვიყო და მსახიობიც, რთულია, ვერ გავრისკავო. მაროს როლზე ერთი კახელი გოგოს დამტკიცება უნდოდა. არც ზაზას უფიქრია, ჩემთვის როლი შემოეთავაზებინა და არც მე გამჩენია ეს აზრი. ერთ მშვენიერ დღეს, ზაზა მირეკავს და მეუბნება, ნანულ, ჩემოდანი ჩაალაგე, კახეთში მივდივართო. ვერაფრით მივხვდი, რა უნდოდა. თურმე იმ გოგომ არ გაუმართლა იმედები. მერე მითხრა, - ახალგაღვიძებულზე მომაფიქრდა, რომ ყველაზე კარგად ამ როლს შენ შემისრულებდიო... წავედით კახეთში და ღადავ-ღადავით გადავიღეთ ფილმი. თელავში გვაშაყირებდნენ, ამ ფილმით “ოსკარი” უნდა აიღოთო. “ოსკარი” არა, მაგრამ საერთაშორისო ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის “ოქროს არწივი” კი მერგო. მოგეხსენებათ, ამ ფილმის გაგრძელებაც გადავიღეთ და ალბათ მასაც ისევე შეიყვარებს მაყურებელი, როგორც მისი პირველი ნაწილი შეიყვარა.
- წარმოშობით კახეთიდან ბრძანდებით, მაგრამ როგორც ვიცი, იქ არასოდეს გიცხოვრიათ. არ გაგიჭირდათ კახელი ქალის როლის შესრულება?
- ჩვენი გვარი წარმოშობით სიღნაღიდანაა, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად სიღნაღში ფილმის - “აურზაური სალხინეთში” - გადაღებაზე ვიყავი. “გარიგებას” სოფელ აკურაში ვიღებდით, მაგრამ თელავში ვიყავით დაბინავებულები. ერთ დღეს, დილაადრიან ავდექი და ბაზარში წავედი. ვაკვირდებოდი, როგორ ლაპარაკობდა ხალხი, როგორი კილო ჰქონდათ და როგორ ურთიერთობდნენ ერთმანეთთან; დავდგებოდი ვაშლის გამყიდველებთან და ვაჭრობას ვუსმენდი... ყოველდღე ასე “ვზვერავდი” სიტუაციას და თელავის ბაზრიდან ბევრი რამ “ავკრიფე”.
- თქვენი ყველაზე ახალი როლი ვენერა ბებოა. არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ თქვენი პერსონაჟი გგავთ...
- როგორც ყველა ქალს, ახალ-ახალი ამბები მეც მაინტერესებს, მაგრამ სერიალში ჩემი ცნობისმოყვარეობა ცოტა გადამეტებულია. მიყვარს ჩემი პერსონაჟი - კეთილი ქალია. როცა როლზე დასამტკიცებლად ჩემს კანდიდატურას განიხილავდნენ, ბებიობისთვის ახალგაზრდააო, უთქვამთ, მაგრამ მარინა კახიანი შეჰკამათებია, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მსახიობია და მოხუცსაც ითამაშებსო. წესით, უკვე ბებო უნდა ვიყო. ხშირად მეკითხებიან, ცხოვრება თავიდან რომ დაიწყოთ, რამეს შეცვლიდითო? სიმართლე გითხრათ, ცხოვრების განმავლობაში ადამიანებს მხოლოდ გამოცდილება გვემატება, თორემ ჭკუა - არა. არჩევანის წინაშე რომ დამაყენონ, პროფესიად ისევ მსახიობობას ავირჩევდი. სიმართლე გითხრათ, ჩემს ასაკს რომ გავიხსენებ, თავადაც მიკვირს, ნუთუ ეს მე ვარ, როდის გავიდა ამდენი წელი-მეთქი?!
- შეიძლება ითქვას, რომ პროფესიას პირადი ცხოვრება მიუძღვენით.
- ბოლოს ეგრე გამოვიდა (იცინის). სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი უკვე გვიანია. კარიერაზე ზრუნვაში ძალიან გავერთე, ხან გასტროლზე ვიყავი, ხან როლზე ვმუშაობდი... შეუძლებელი და მოუხერხებელი არაფერია; ადამიანი რასაც მოისურვებს, ყველაფერს შეძლებს. მთავარია, რომ მთელი გულით და სულით მოინდომო. მსახიობის ბედი ჭრელია, თუ გამუდმებით მაყურებლის თვალთახედვის არეში არ ხარ, ავიწყდები.
ელენე ბასილიძე