"ამბობენ, თავი ქალი ჯერ არ გვყოლია და აქამდე ამიტომ ვართ უთავოდო..." - გზაპრესი

"ამბობენ, თავი ქალი ჯერ არ გვყოლია და აქამდე ამიტომ ვართ უთავოდო..."

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გურიაში გაერთიანებულ ოპოზიციას საერთო კანდიდატი ეყოლება, რომელსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს - ლანჩხუთის მერობისთვის ცნობილი იურისტი, პარტია "ტრიბუნას" ერთ-ერთი ლიდერი ლია მუხაშავრია იბრძვის. ქალბატონი ლია "ქართული ოცნების" კანდიდატს, ლანჩხუთის მოქმედ მერს და პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატს გაუწევს კონკურენციას. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ სამი კანდიდატია.

- ქალბატონო ლია, ლანჩხუთში თქვენი საარჩევნო კამპანია როგორ მიმდინარეობს?

- გურიაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხთან უშუალო ურთიერთობას. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს შევხვდე, მოვისმინო მათი საწუხარი და ვუთხრა ჩემი გეგმები. ჩემთვისაც საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რამდენად არის ახლოს ჩემი გეგმები მათ მოთხოვნებთან და რამდენად შესაძლებელია პრობლემების გადაჭრა. ხალხის აქტიურობაა შეხვედრებზე და ალბათ ისევე, როგორც ყველგან, მათი მოთხოვნები მინიმალურია: უნდათ, რომ იყოს გზა, წყალი, კომუნიკაცია, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა. ეს არის ყველაზე დიდი საჭიროება ლანჩხუთში. მერე მოდის ინდივიდუალური, ლოკალური პრობლემები, რაც სხვადასხვა სოფელში განსხვავებულია. ძალიან აწუხებთ სამუშაო ადგილების არარსებობა. ჩემი მთავარი საპროგრამო სათქმელიც ეს არის - მაქვს მოფიქრებული, როგორ შეიძლება შეიქმნას ყველა სოფელში სულ მცირე, 5 სამუშაო ადგილი.

- თუ ლანჩხუთის მერად აგირჩევენ, რას ჰპირდებით გურულებს?

- ჩემი უმთავრესი ამოცანა იქნება, ყველა სოფელში, იქ არსებული შენობა-ნაგებობების ინვენტარიზაცია გავაკეთო და ადგილობრივი მედიით გამოვაცხადო, თუ ვინმე მოიტანს ისეთ ბიზნესგეგმას, რომელშიც რეალისტურად იქნება გააზრებული და დაგეგმილი ამ კონკრეტულ შენობაში რაღაც საწარმოს, სავაჭრო ადგილის თუ რაიმე სხვა ობიექტის გახსნა და იქ სულ მცირე, 5 ადამიანის დასაქმება, მაშინ ამ ქონებას ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან გადავიტანთ მუნიციპალიტეტის ბალანსზე და ასეთ ადამიანს ერთ ლარად გადავცემთ. ვფიქრობ, ამის მსურველები გამოჩნდებიან. ვთქვათ, ემიგრაციაში წასული ლანჩხუთელია, რომელმაც მცირე კაპიტალი დააგროვა და ვერ ხედავს ახლა პერსპექტივას, საკუთარ სოფელში როგორ დააბანდოს თანხა; ისინიც დაინტერესდებიან, ვინც ლანჩხუთში არიან და ვერ ხედავენ შესაძლებლობას, საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყონ. ყველა ბიზნესი, რომელიც კეთდება, უნდა იყოს სოციალური საწარმოს ფორმით, რომელიც მოგების შემთხვევაში წარმოების გაფართოებასა და ხალხის დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, სულ მცირე, 200-მდე ახალ სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც დიდი ამბავია დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით და იმას დაგვანახვებს, რომ ადგილზე შეიძლება საქმის წამოწყება, რომელიც არ გაიძულებს, ოჯახს მოსწყდე, უცხოეთში წახვიდე, პირიქით, შენს მამულში გააკეთო ხელსაყრელი და სარფიანი საქმე.

- ლანჩხუთში წლების წინ კოოპერატივი გახსენით. მახსოვს, სოფელ-სოფელ დადიოდით, რომ გაგეწევრებინათ ადგილობრივები. რამდენად გაამართლა თქვენმა იდეამ და იმ კოოპერატივმა?

- მართლა კარდაკარ ჩამოვიარე და ბევრ ოჯახს ეს გეგმა გავაცანი, ამან გამოიღო ის შედეგი, რომ ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი კოოპერატივი ვართ, სადაც 98 ოჯახია გაწევრებული. კოოპერატივი, რომელსაც აქვს ქარხანა და თხილის გადამუშავების სრული ციკლი. ეს ბევრი სტერეოტიპის დანგრევის კარგი მაგალითი იყო. კოოპერაცია მნიშვნელოვანია. ეს არის საფუძველი, რომ სოფელში რაღაც პოზიტიური დაიწყო, ამიტომ, თუ მერად ამირჩევენ, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება, მოსახლეობაში აამაღლოს ცნობიერება, მოახდინოს ორგანიზება, რომ კოოპერატივები უფრო სწრაფად და უფრო ეფექტიანად განვითარდეს. ახლახან თურქეთში ვიყავი მივლინებით და სამი მუნიციპალიტეტის მერს შევხვდი. ისინი პირდაპირ ეხმარებიან ფერმერებს, კოოპერატივებს, უფორმებენ ხელშეკრულებას, რომ შეისყიდიან მათ პროდუქციას, აძლევენ სავაჭრო ფართობს, უშენებენ ახალ მაღაზიებს. მსგავსი რამ რომ მოხდეს ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, კოოპერატივები გაცილებით ძლიერები და უფრო წარმატებულები იქნებიან.

- თურქეთში რა ვიზიტით იყავით?

- სოფლის განვითარების ასოციაციამ მიგვიწვია და 5-კაციანი დელეგაცია ჩავედით. საინტერესო შეხვედრები გვქონდა. მაგალითად, ვნახეთ ენერგოკოოპერატივი, რომელიც მზის პანელებისგან იღებს ელექტროენერგიას ჯერ თავისი წევრების დასაკმაყოფილებლად და შემდეგ აძლევს იმ კოოპერატივებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არიან განლაგებული და მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით სარგებლობენ. ჩვენ მარტო გორთან გვაქვს ქარის გენერატორები, იქ კი ყველა გორაკზე იყო ქარის გენერატორები დაყენებული და მზის პანელები ყველა ოჯახს აქვს.

- როგორც ვიცით, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

- გაიაფდა და შედარებით ხელმისაწვდომია დღეს. თუ იყენებთ დენის გამაცხელებელს, ერთი წლის ხარჯით, რასაც ელექტროენერგიის საფასურში იხდით, შეგიძლიათ შეიძინოთ მზის პანელები და შემდგომში უფასო ცხელი წყალი გექნებათ. ჩვენს ქვეყანაში მზის პანელები ძალიან ხელსაყრელია. 4 წელია, გურიაში მაქვს ასეთი გამაცხელებელი და თითქმის 9-10 თვე არ ვსარგებლობ გაზით, რომ წყალი გავაცხელო.

GzaPress

- ცნობილმა იურისტმა ლია მუხაშავრიამ რატომ გადაწყვიტა ლანჩხუთის მერობისთვის ბრძოლა? ისიც უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ხართ.

- როდესაც გადავწყვიტე მერობის კანდიდატად მეყარა კენჭი, ჩემთვის პრინციპული იყო, რომ ეს უბრალოდ მონაწილეობა არ ყოფილიყო, არამედ გამემარჯვა და რაიმე პოზიტიური როლი მეთამაშა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. შეგნებულად გავუკეთე ორგანიზება იმას, რომ ლანჩხუთში პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს შევხვედროდი. ჩვენ გვაქვს უნიკალური შემთხვევა ლანჩხუთში - აქ მერობის სულ სამი კანდიდატია. ოპოზიციური პარტიები ლანჩხუთში გავერთიანდით არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ამირჩიონ მერად, არამედ იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ, რაც შეიძლება მეტად განვითარდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

- თქვენი კანდიდატურა რომ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მისაღები იყო, ალბათ ამის მიზეზი თქვენი რეპუტაცია და პრინციპულობაა, რაც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი...

- ეს არა მარტო ჩემი დამსახურებაა. როდესაც პარტიებმა მოისმინეს ჩემი საპროგრამო გეგმა, მოეწონათ და მითხრეს, დაგიჭერთ მხარს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გახდე ლანჩხუთის მერი და მერე ვითანამშრომლოთ საკრებულოშიო. მართლა მინდა ვაჩვენო მთელ ქვეყანას, ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე როგორ შეიძლება პოზიტიური ცვლილებები მოხდეს, თუკი სათავეში მოვა ის ხალხი, რომელიც არ იქნება კორუფციულ სქემებთან კავშირში და გულწრფელად შეეცდება, რაიონი და მუნიციპალიტეტი ამოიყვანოს მძიმე მდგომარეობიდან.

- ამას როგორ მოახერხებთ?

- საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს და შემიძლია, საბიუჯეტო სახსრების გარდა, მოვიზიდო საგრანტო დაფინანსებები დონორებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროს განვითარებას. ერთ-ერთი ჩემი საპროგრამო ამოცანაა ყველა შეჭირვებულ ოჯახს, სადაც არის სკოლის მოსწავლე, ინტერნეტი ჰქონდეს, რომ სწავლის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველა ბავშვს ჰქონდეს.

- როგორ მიმდინარეობს ამომრჩევლებთან შეხვედრები?

- დავდივართ სოფელ-სოფელ, უბან-უბან და ვატარებთ შეხვედრებს. ასევე მაქვს ინდივიდუალური შეხვედრები. ყველა სოფელს ჭკუის საკითხავი კაცი ჰყავს, რომელსაც ავტორიტეტი აქვს, უმთავრეს საკითხებზე სოფელში აზრს ეკითხებიან და მის აზრს ითვალისწინებენ. ამ ადამიანებთან მივდივარ, ვუხსნი, რა მინდა გავაკეთო, ვუსმენ, მათ როგორ ესახებათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა. ასეთი შეხვედრები ორივე მხარისთვის სასარგებლოა. მათთვის უფრო ცხადი ხდება, რატომ უნდა დამიჭირონ მხარი. კანონი დღეს ძალიან შემზღუდავია, თვითმმართველობა ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომ ეს არჩევნები არ არის უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნები. მარტო იმისთვის არ ვიბრძვით, რომ ჩვენი მერი და ჩვენი წარმომადგენელი გვეჯდეს საკრებულოში, არამედ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და ნორმალური პარლამენტი ავირჩიოთ, რომელიც შეცვლის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს. დღეს ბიუჯეტი მტკიცდება ცენტრში, ფული გამოიყოფა თბილისში. ადგილობრივი თვითმმართველობა თუ არ გახდა იმ მიწა-წყლის პატრონი, რომელზედაც განთავსებულია მუნიციპალიტეტი, არანაირი თვითმმართველობა არ იქნება ეფექტიანი. ამ ცვლილებებისთვის საჭიროა ახალი პარლამენტი, რომელიც გააფართოებს თვითმმართველობის უფლებებს. ადგილობრივმა მერმა უკეთესად იცის, როგორ უნდა გადაწყდეს პრობლემები. ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე, ნუ მომცემენ კონკრეტულად მე ან ჩემს პარტიას ხმას, ნებისმიერი შემოხაზონ... თუ 41-მა მიიღო 43 პროცენტზე მეტი, მაშინ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და კიდევ 5-6 წელი ამ რეალობაში გავაგრძელებთ ცხოვრებას.

- გაქვთ მოლოდინი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება?

- მაქვს მოლოდინი. მე "ქართული ოცნებით" კმაყოფილი ადამიანი ჯერ არ მინახავს. დასაქმებულების ოჯახის წევრები და პარტიის წევრებიც კი ჩუმად მეუბნებიან, თქვენ მოგცემთ ხმასო, რადგან ხედავენ, ჩიხში ვართ.

- რამდენად კარგად იცნობენ გურულები ლია მუხაშავრიას?

- 6 წლის წინ გადავსახლდი გურიაში. როცა ქუჩაში ან ბაზარში მხვდებოდნენ, მეკითხებოდნენ, - ცა, მართლა გადმოსახლდი გურიაშიო? ვეუბნებოდი, - აგერ ვარ, ბატონო-მეთქი, - და ძალიან უხაროდათ... ბევრი ადამიანი მომმართავს კონსულტაციისთვის, როგორც იურისტს. ჩემი სოფელი გადაბმულია ლანჩხუთთან და ხშირად მხედავენ ლანჩხუთში, ასევე ბევრი სირბილი მომიხდა კოოპერატივთან დაკავშირებით - სულ ცოტა, 5 სოფელია ჩემს კოოპერატივში გაერთიანებული. ჩვენი ქარხანაც ფუნქციონირებს, ესეც ხელსაყრელია ადამიანებისთვის, რადგან მათ შუამავლის გარეშე აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩააბარონ ქარხანას თხილი. ადგილობრივ მედიაში პოპულარული ვარ, ჟურნალისტებს დიდი მადლობა ამისთვის; ხშირად ვჩნდები ცენტრალურ მედიაში და ჩემი კრიტიკული კომენტარები საყურადღებოა - სოფლის მეურნეობის საკითხებზე ყოველთვის გამოვთქვამ ძალიან კონკრეტულ კრიტიკას. წლებია სოფელში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, იქ რა ხდება. როდესაც რაიონში ხმა გავარდა, რომ კანდიდატი ვიქნებოდი, მეუბნებოდნენ, იქნებ რამე უკეთესობა იყოს და გვეღირსოს, ნორმალური მერი ჰყავდეს ლანჩხუთსო. ამისთვის მართლა ყველაფერს გავაკეთებ.

- ალბათ ქალი ქალაქის მერად პირველი შემთხვევა იქნება, ამას გურულები როგორ უყურებენ?

- ჩემს პარტიულ სიაში ორი მესამედი ქალია, თანაც ის ქალები, რომლებიც დაიბადნენ და ცხოვრობენ ლანჩხუთის რიონში. ყველა კვალიფიციური ადამიანია, რომელსაც არ ჰქონია პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გამოჩენის საშუალება. ამ ადამიანებმა კარგად იციან პრობლემები, დარწმუნებული ვარ, ფასდაუდებელი საკრებულოს წევრები გახდებიან. ყველა ხვდება, რომ ძალიან წესიერი ხალხი მოვდივართ ადგილობრივ ხელისუფლებაში და ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ აქაური მცხოვრებლების ყოფა. ამოცანა კი არის - ვინც წასვლას აპირებს რაიონიდან, აღარ წავიდეს, და ემიგრაციაში მყოფები დაუბრუნდნენ თავიანთ კერიას, ადგილზე იპოვონ სამუშაო, შექმნან დოვლათი, თავადაც აწარმოონ ბიზნესი, არგონ საკუთარ თავს და ქვეყანას.

GzaPress

- ხელისუფლება ხშირად არჩევნებზე ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ამის არ გეშინიათ?

- ვფიქრობ, ადმინისტრაციული რესურსი ლიმიტირებული და მწირია. მაგალითად, ლანჩხუთს ერთადერთი მოედანი აქვს, რომელსაც ადგილობრივები "კრუგს" ეძახიან. იმ ადგილას მოწესრიგებული იყო ასფალტი, ადგილები პარკინგისთვის დახაზული, ამ მოედნის გარშემო 4-სართულიანი კორპუსებია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო, არ შეიხედებოდა. ახლა მოედნის მხრიდან ამ ფასადების შეკეთება დაიწყეს და ასფალტი ამოჭრეს და ქვაფენილს აგებენ. ამან გამოიწვია ადგილობრივების საშინელი აღშფოთება: ამ ადგილიდან 200 მეტრში ნახავთ ჩაოხრებულ გზებს, ტროტუარებს, დაქცეულ შენობებს და ამ დროს, გაკეთებულს ანგრევენ და ახალს იქ აკეთებენ, ხოლო გასაკეთებელს ხელი არ ახლეს. ამის იქით ვერ წავიდა ადმინისტრაცია უგუნურობის ან სტრესის გამო, რადგან მოელიან, რომ არჩევნებს წააგებენ. გარდა ამისა, ადამიანები ხედავენ, რომ არანაირი ხეირი "ოცნებისგან" არ არის, ამდენი წლის განმავლობაში იყო ეს ადამიანი მერი და გამოცდილი ჰყავთ... პარტიები ყველა ნაბიჯს უკონტროლებენ "ქართულ ოცნებას" და არა მგონია, არჩევნებზე რამე გამოგვაპარონ. ყველას გვეყოლება წარმომადგენლები უბნებზე, ერთმანეთის მხარდაჭერით არც ერთ დარღვევას არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე.

- გურულების იუმორი საყოველთაოდ ცნობილია. რაიმე სახალისო ამბებს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ძალიან ბევრია ასეთი. ამბობენ, თავი ქალი ჯერ არ გვყოლია და აქამდე ამიტომ ვართ უთავოდო... ძალიან აქტიურად გამოდიან შეხვედრებზე ქალები და ხშირად მივმართავ მათ, - არ იქნება საშვები საჭირო, თუ მე ამირჩევთ, ჩემი კაბინეტის კარი ღია იქნება-მეთქი. მპასუხობენ, - მაი კი ვიცით, სად ცხოვრობ და სახლში მოგაკითხავთო. ამისთვისაც მზად ვიყავი მანამდეც, კონსულტაციებზე სულ მოდიოდნენ. რომ მოვიდოდნენ ჩემს სახლში და ვხვდებოდი სამუშაო ფორმაში, უკვირდათ. რომ მხედავდნენ, მეტყოდნენ, - ი ქალი რომ არის იურისტი, იმას დოუძახეო. - მე ვარ, ბატონო, - ვეტყოდი. - დოუძახე, წადი, იმას, - დაჟინებით ისევ ითხოვდნენ. - მე ვარ, ბატონო-მეთქი, კიდევ რომ გავუმეორებდი, ამხედ-დამხედავდნენ და მეტყოდნენ, - დასტურ შენ ხარ, ცა, თუ?.. მერე, არ გრცხვენია, აგერ მიწაზე რომ მუშაობ?! - რა არის მაგაში სასირცხვილო-მეთქი?! - და დაიმორცხვებდნენ...

თეა ხურცილავა