წარსულში დატოვებული დრამატიზმი, ახალი საზღვრები და სიმშვიდე ნელი აგირბას ცხოვრებაში
"მას ეზიზღება ჩარჩოები, აკრძალვები, შეზღუდვები. იქსტრიმით სავსე, დრამატული ცხოვრება აქვს. უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი. სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს, ურჩევნია, რჩეული მოხიბლოს და აიძულოს თვითონ ელტვოდეს, ბუნებით ამაყია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი ტელეწამყვან ნელი აგირბას ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგთან პირადი ჰოროსკოპის შესადგენად, ორჯერ ვარ ნამყოფი. ეს მეცნიერება ჩემთვის საინტერესოა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ასტროლოგთან მქონდა ვიზიტი. დაბადების დროს, ვარსკვლავების მდებარეობის განლაგების შესწავლა ვცადე და ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც მივიღე.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები ამაყები და დაუმორჩილებლები ხართ, ეთანხმები?
- ცალსახად ასეა.
- "ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რაც მას ხშირად აიძულებს, კონფლიქტში იყოს ზემდგომებთან".
- ცხოვრების ახალ ეტაპზე ეს თვისება ჩემში შეიძლება უფრო გამოიკვეთოს. აქამდე თითქოს ინკუბაციის პერიოდში ვიყავი. 30 წლის მერე დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, უკვე 35 წლის ვარ, მეტ-ნაკლებად სტაბილურებას ვგრძნობ. რაც შეეხება კონფლიქტს, ასეთ შემთხვევაში, იმ ადამიანთან ურთიერთობას ეგრევე ვამთავრებ.
- რისკზე ხშირად მიდიხარ?
- ძალიან ხშირად.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ სპონტანური, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმაც გჩვევია.
- ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა ცვლილებებს ვერ ვეგუებოდი, შემდეგ ეს რეჟიმი "გადავრთე" და ჩემში სპონტანური ნაბიჯების გადადგმა წავახალისე. ასე ცხოვრება გაცილებით საინტერესოა.
- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".
- გარემო ხშირად ლიდერის როლში მამყოფებდა, ამ როლს საკუთარი სურვილით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვიღებდი. ვერ ვიტყოდი რომ მიყვარდა, პასუხისმგებლობა და ტვირთი იყო. შეიძლება უბრალოდ ვერ ვაფასებდი. ადამიანები იმას, რაც ადვილად გვეძლევა, უმეტეს შემთხვევაში ვერ ვაფასებთ.
- "მას შესწევს ძალა, საყვარელ საქმეს თავი ბოლომდე მიუძღვნას, მაქსიმალურად დაიხარჯოს".
- მართალია, ეს უნარი მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, საქმეზე მეტად ადამიანებზე მქონდა "გადართული", ამან საყვარელი საქმეები დამიზარალა, რასაც ძალიან განვიცდიდი. ბათუმში ბავშვებთან დაკვრას ვერ ვახერხებ, ამიტომ ჩემი ინსტრუმენტი თბილისში წამოვიღე, მეგობართან მქონდა დატოვებული, ახლა მომიტანა, რომ შევხედე და მივხვდი, შემიძლია დავუკრა, ისეთი ბედნიერების განცდა მომიტანა, არ ვიცი, რას შევადარო. წარსულში თავს არ ვუწყობდი ხელს, მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა. სულ ადამიანების ზრუნვაზე, მათი საქმეების ბოლომდე მიყვანაზე ვიყავი გადართული.
- საცხოვრებლად ბათუმში გადახვედი, ეს დაბრუნება როგორი იყო? ვიცი, რომ გარკვეული პერიოდი ამ ქალაქს გაურბოდი.
- სოფელში მინდოდა საცხოვრებლად გადასვლა, თბილისში გავყიდე ბინა, მაგრამ ორსულობის პერიოდი დაემთხვა და ვერ შევძელი სოფლის ცხოვრების მოწყობა. ბათუმში წასვლა შუალედური ეტაპია. ეს ძალიან საინტერესო დაბრუნება იყო, ბავშვობასთან შერიგება.
- მომავალში სოფელში ცხოვრებას აპირებ?
- 2017 წელს ორბეთში მიწის ნაკვეთი ვიყიდე. ახლა ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი აპირებს იქ დასახლებას და შესაძლოა, სახლი მეც ავიშენო. ჩემში ამ სურვილსაც ვაკვირდები, მინდა გავერკვე, სოფლად ცხოვრების ასეთი ძლიერი სურვილი რატომ მაქვს?
- კუროებს მიწის სიყვარული ახასიათებთ.
- მართლა? მეგონა ბავშვობით იყო ნაკარნახევი, თურმე საქმე სხვა რამეში ყოფილა. წლების წინ, როცა ბინას ვიძენდი, ორ ადგილს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი: ერთი ნუცუბიძის ბოლო პლატოზე, ბოლო კორპუსის ბოლო სართული იყო, მეორე - ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნახევარსარდაფი. ვთქვი, მიწიდან ასე შორს ყოფნა არ შემიძლია-მეთქი, ამიტომ არჩევანი ნახევარსარდაფზე გავაკეთე. კურო ყოფილა მთავარ ამბავში, მადლობა რომ ეს მითხარი. ახლა თბილისში კვირაში 3 დღით ჩამოვდივარ, გადაცემისთვის "თჰე თალკ შოუ", რომლის თანაწამყვანიც ვარ და ამავდროულად პედაგოგიკას ვსწავლობ. შემოქმედებითად ვვითარდები. პედაგოგიკა სულ მაინტერესებდა. X კლასში რომ ვიყავი, ჩემივე სკოლაში V კლასელებს დებატების ტექნიკას ვასწავლიდი.
- ბავშვები ბათუმში ცხოვრებას როგორ შეეგუვნენ?
- თავიდან გაუჭირდათ, ახლა მოსწონთ, კარგად არიან.
- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".
- ასეა, იმდენად მეწვრილმანე ვარ (თუ ვიყავი), ახლა ამ თვისების აღმოფხვრაზე ვმუშაობ. მაქსიმალიზმით გადარეული ვიყავი. ახლა პატარ-პატარა ნაბიჯებით ვსწავლობ, როგორ გავუშვა რაღაცები, როგორ გავატარო ჩემს ცხოვრებაში.
- გამოდის, რომ საკუთარი თავის "გამოძერწვის" პროცესში ხარ.
- შეიძლება ასე ითქვას, ეს პროცესი 5 წლის წინ დავიწყე.
- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები".
- ეს ჩემი მთავარი თვისებებია.
- როგორ იქცევი მაშინ, როცა ვიღაც ცდილობს ჩარჩოში მოგაქციოს, შეზღუდვები დაგიწესოს...
- გააჩნია იმ ადამიანთან რა ურთიერთობა მაქვს, შემიძლია დავშორდე, შემიძლია გავესაუბრო, მაგრამ იმ საუბრამდე ძალიან ბევრი ვინერვიულო, ვიტირო.
- როგორ ფიქრობ, რა დროს წახვიდე დათმობაზე ამის გააზრება გიჭირს?
- ცხოვრების რაღაც პერიოდი უკომპრომისო ვიყავი, შემდეგ მეორე უკიდურესობა დამემართა. მერე მივხვდი, შეუძლებელია, მუდმივად კომპრომისული ნაბიჯები გადადგა, ბოლოს "ფეთქდები", ახლა ჩემს საზღვრებს ვსწავლობ, რაღაც ხაზის იქით, უკან დახევა აღარ შეიძლება. ჩემი შვილებისთვის უნდა ვიყო, მშვიდი, კარგი და მოსიყვარულე დედა.
- "იქსტრიმით სავსე დრამატული ცხოვრება აქვს".
- ასეთი ცხოვრება მქონდა. მას შემდეგ, რაც ეს დავინახე და გავიაზრე, მგონი გავთავისუფლდი. ასე ცხოვრების სურვილი აღარ მაქვს.
- დრამატიზმი წარსულში დატოვე, დღევანდელ მდგომარეობას რას დაარქმევდი?
- ახლა სიმშვიდეს და მინდობას ვსწავლობ. აშკარად ვხედავ, დღეს ჩემი სურვილების და ფიქრების მატერიალიზაცია აჩქარებულია, ამ პროცესით ვერთობი. წარსულში ჩემი ცხოვრება სულ გადარჩენის რეჟიმში ცხოვრება იყო. ვფიქრობდი, აი, ბავშვებს სჭირდებათ და ხელფასისთვის უნდა ვიმუშაო.
- "მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს".
- ხანგრძლივი ქორწინება არ მქონია, დღემდე მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში არასდროს მომხდარა.
- მიზანს ადვილად აღწევ?
- თუ ის მიზანი საჭიროა, ადვილად ვაღწევ. როცა საჭიროებას ვგრძნობ, ყველაფერი ლაგდება.
- "მტრობის დროს იმპულსურად მოქმედებს, ის სუსტი მოწინააღმდეგეა, ბევრ შეცდომას უშვებს".
- ძალიან იმპულსური ვიყავი, მეგონა, ახლა ასე თუ არ მოვიქცევი, მოვკვდები-მეთქი.
- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით. მისი განრისხება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და გზად ყველაფერ შემხვედრს ანადგურებს".
- მართალია, ახლა ამ ბრაზის მართვას ვსწავლობ. ბრაზი ყველაზე რთული სამართავია, იმიტომ რომ მაღალი ამპლიტუდა აქვს. სხვა ემოცია თუ ნელ-ნელა ვითარდება, ბრაზის შემთხვევაში, ემოცია უეცრად ფეთქდება და მისი დაჭერა ძალიან რთულია. თავიდან ვისწავლე შემჩნევა, გაბრაზებული ვიყავი? მერე დანაშაულის გრძნობის გაშვება ვისწავლე, ცხოვრება რომ არ მოეწამლა. მერე "გზაში მიხვედრა" შევძელი, ვბრაზდები და ჩემს თავს ვეუბნებოდი, შენ ახლა უნდა დავწყნარდე. ახლა ვხვდები, ბრაზი მორევას როდის ცდილობს და მის მართვას ვიწყებ.
- საკუთარი თავი სიღრმისეულად გაქვს შესწავლილი.
- ამისთვის ყოველდღე ვმუშაობ.
- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. მას ურჩევნია მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს თვითონ ელტვოდეს".
- მამაკაცისთვის დევნა არასდროს დამიწყია, დღეს ურთიერთობას საერთოდ აღარ ვეძებ, ადრე სულ ამას ვეძებდი, საკუთარი თავის შეყვარების ნაცვლად, სულ მინდოდა, ეს სიყვარული ვინმესგან მიმეღო. ახლა საკუთარი თავის შეყვარებაზე ვმუშაობ. რაც შეეხება კაცებს, დევნა არასდროს დამიწყია, მაგრამ როცა იმავეს სხვა ცდილობდა, მის მიმართ აგრესია მეწყებოდა. არჩევანი თავად უნდა გამეკეთებინა და მერე მას უნდა მოვეხიბლე. გამოდის, ასტროლოგებს ვეთანხმები.
- "ბუნებით ამაყია".
- ასეა.
- ეს სიამაყე ამპარტავნებაშიც ხომ არ გადადის?
- ამას ვაკონტროლებ, ვაკვირდები, მედიტაცია ძალიან მეხმარება.
- "ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა".
- ასეა, მაგრამ ამ ნათქვამში არ არის ამპარტავნება (იცინის).
- მადლობა ინტერვიუსთვის!.
- მადლობა შენ, ჩემთვის ძალიან საინტერესო რუბრიკაა.
თამუნა კვინიკაძე