"მთავრობის პირდაპირი ვალია, რომ ჩვენ გვემსახურებოდეს" - გზაპრესი

"მთავრობის პირდაპირი ვალია, რომ ჩვენ გვემსახურებოდეს"

პატარა ასაკის მიუხედავად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი, კარგად ჩამოყალიბებული აზრი აქვს. ამჯერად მარიამს იმ საკითხებზე საუბარი ვთხოვეთ, რაც დღესდღეობით ყველაზე მეტად აღიზიანებს...

- ბოლო პერიოდში, რაც შემაწუხებლად მაღიზიანებს, ადამიანების ხელოვნურობაა. ჩემი აზრით, ბევრი "ფეიკია" არა მარტო ადამიანებში, არამედ - ყველგან: რეკლამებში, ფილმებში, სიმღერებში... ყველაზე მაგრად გულწრფელი ადამიანები მიყვარს. მინდა, რომ როცა ვინმეს ველაპარაკები, მის თვალებში ხელოვნურობას არ ვხედავდე. "ხელოვნურობა" რა არის, ცოტათი რთული ასახსნელია.... "ინფლუენსერები" ამიტომ მიშლიან ნერვებს: რასაც ისინი ამბობენ, არაფერი ნამდვილი არაა. ხალხს თავიდანვე ასე ვაფასებ: თუ მომეჩვენა, რომ გულწრფელია, უკვე "მევასება"; თუ შევატყვე, ხელოვნურია, თამაშობს, მაგრად მაღიზიანებს...

- "ინფლუენსერის", რეკლამის, ასე ვთქვათ, ხელოვნურობას ალბათ, თავისი მიზეზი აქვს. შენი აზრით, ადამიანი ხელოვნური რატომ არის, ეს რა მიზანს ემსახურება?

- ხელოვნურობაში მთავარი ისაა, რომ ფიქრობ, რა გინდა ხალხს დაანახვო, როგორ გინდა მათ თავი მოაწონო... მერე ამ როლის თამაშს იწყებ. დღეს ასე ბევრი ადამიანი იქცევა. ვინც ასე ვთქვათ, "სფოთლაითზეა" - ვისაც ხალხი უყურებს. მაგალითად, "ინფლუენსერმა" იცის, 13 წლის ბავშვებს რა მოეწონებათ და შესაბამის რაღაცებს აკეთებს, რაც "მისი" საერთოდ არაა. ასე "ფოლოვერების" საშოვნელად, "ლაიქების" მოსაგროვებლად იქცევა. როცა მიზეზი ფულის შოვნის სურვილია, კიდევ გასაგებია, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი "ფოლოვერი" ჰყავდეს და ბევრი "ლაიქი" ჰქონდეს, ხალხს საკუთარი თავის "გაყიდვა" რატომ უღირს?!.

- ნაცნობი "ინფლუენსერები" არ გაგინაწყენდებიან?

- რუსკა ქარქაშაძე ჩემი თანაწამყვანია. მგონი, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი "ინფლუენსერია". მიუხედავად იმისა, რომ რუსკა მაგრად მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, "ინფლუენსერობაზე" სულ ვეღადავები. ჩემს პოზიციას არასოდეს ვმალავ, რომ ეს სისულელე მგონია. ჯერჯერობით, რუსკას არ სწყინს.

GzaPress

- კიდევ რა გაღიზიანებს ჩვენს საზოგადოებაში?

- "ცარიელი" ადამიანების არსებობა. გარკვეულწილად, ესეც ხელოვნურობასთან კავშირშია, მაგრამ ბოლომდე - არა. ჩემი ერთი ნაცნობი ამბობდა, - ძალიან არ მიყვარს საშუალო-სტატისტიკური ადამიანებიო. აი, ზუსტად საშუალო-სტატისტიკური ადამიანები მაღიზიანებენ, რომლებსაც არანაირი მისწრაფებები არ აქვთ და რაღაცნაირად, "ცარიელები" არიან, არაფერი უყვართ, არ მოსწონთ...

- რა იწვევს იმას, რომ ადამიანს არ ან აღარ აქვს მისწრაფებები?

- "თამაში ჭვავის ყანაში" ჩემი საყვარელი წიგნია. მასშია ეს ფრაზა - ვიზრდებით და ფერებს ვკარგავთო, თუმცა ასეთი "ცარიელები" მცირე ასაკშიც არიან. წარმოდგენა არ მაქვს, ამას რა იწვევს, ალბათ - ბევრი რამ: ოჯახი, სადაც ადამიანი გაიზარდა, მისი სოციუმი, სადაც ცხოვრობს, შეიძლება - განათლების დონეც... მიზეზი მართლა არ ვიცი, მაგრამ მგონი, ამის გამოსწორება იმით შეიძლება, რომ ასეთ ხალხს ბევრ რამესთან ჰქონდეს წვდომა, ტაბუდადებული არაფერი იყოს, ბავშვები იმ "ჩარჩოთი" აღარ გაიზარდონ, რომ ეს ცუდია, ის - კარგი. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ კაცის მკვლელობაზე არ თქვა, - ცუდიაო? უბრალოდ, მაგალითად, ბავშვები ისეთი სულელური აზრით - ვარდისფერი გოგოს ფერია, ლურჯი - ბიჭისო, არ აღიზარდონ. რაღაცები თავად გავიგოთ და აღმოვაჩინოთ. ადამიანი იმიტომ ცხოვრობ, რომ ბევრი რაღაც აღმოაჩინო. ეს თუ არ გააკეთე, ფაქტობრივად, შენს ცხოვრებას ფუჭად ხარჯავ.

- თავად როგორ გარემოში გაიზარდე?

- საერთოდ, ძალიან თავისუფალ ოჯახში გავიზარდე და სკოლაშიც ისეთ გარემოში მოვხვდი, რომ თავისუფლების ფასი ვისწავლე. შეიძლება ითქვას, გამიმართლა. ისე, ბევრი ადამიანია, ვინც რაღაცაში დამეხმარა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ოჯახი და სკოლა იყო.

- რამ შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოს, რის გამო ბრაზდები?

- ალბათ, ჩემზე გაუწონასწორებელი ადამიანი მართლა არ არსებობს. შეიძლება, აბსოლუტურად ყველაფერზე გავბრაზდე. ყველაზე მეტად მაშინ ვმწარდები, როცა მგონია, რაღაც უმარტივესი ხალხს აუხსნელად უნდა ესმოდეს, თუნდაც - ის, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანს არ უნდა დაარტყა. ხალხის ნაწილი ამას რომ ვერ იგებს, ძალიან ვბრაზდები, რადგან მგონია, რომ ახსნაც არ სჭირდება.. იმავდროულად, შეიძლება უბრალოდ, კალამი არ მომცე და ისე გავბრაზდე, რომ რაღაც დავლეწო.

- ეს დადებით თვისებად მიგაჩნია?

- არა, თუმცა რაღაც დადებითი არის, რადგან ეგ სიბრაზე მოტივატორია, "საწვავივით" არის, რომ რაღაცები "იბაზრო", ასე ვთქვათ, "ხოდს" გმატებს. მოკლედ, სიბრაზე მოტივაციასაც გაძლევს და ენერგიასაც, მაგრამ საკუთარ ფიქრებზე კონტროლი არ უნდა დაკარგო, რადგან პირადად მე, ხშირად დამმართნია, რომ ძალიან კარგი მიზანი მქონია, მაგრამ ისე გავბრაზებულვარ, არასწორი რაღაცები მითქვამს. მთავარია, საკუთარ თავზე კონტროლი შეინარჩუნო - ჯერ იფიქრო და მერე ილაპარაკო. როცა გაბრაზებული ხარ, სამწუხაროდ, რაც ტვინში მოგდის, იმას იძახი...

- ამ თვისების დაძლევას ცდილობ? როგორც მახსოვს, სამომავლოდ პოლიტიკის სფეროშიც გესახება საკუთარი თავი. ალბათ, თავშეუკავებელი პოლიტიკოსები არ მოგწონს, ხომ?

- ვერ ვიტყვი, რომ ამ თვისების დაძლევაზე დიდად ვმუშაობ-მეთქი, რადგან სიმართლე გითხრა, ჯერჯერობით, ამ თვისებით "ვკაიფობ" კიდეც. ვხვდები, კარგი არ არის და მომავალში უნდა გამოსწორდეს, მაგრამ მგონია, ასაკის ამბავიცაა და რაღაცნაირად, ჩაწყნარდება... პოლიტიკოსს თავის კონტროლი მართლა სჭირდება. მართლა მნიშვნელოვანია, ჩხუბისას არ გამხეცდეს... თავის კონტროლი უნდა ვისწავლო.

GzaPress

- დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას როგორ შეაფასებ?

- არჩევნებს თვალყურს ვადევნებდი. რაც საარჩევნო უბნებზე ხდებოდა (გაყალბებები, "ძველი ბიჭები" ამომრჩევლებს თავზე რომ ადგანან...), ჩვენს რეალობას ძალიან კარგად ასახავს. ნამუსი ხომ უნდა გეყოს, რომ ასე არ მოიტყუო? მგონია, არჩევნებს "ღიად" აყალბებენ, არ რცხვენიათ... ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ, რადგან გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, ხალხზე არ ფიქრობს... ამ თემაზე ბევრი სასაუბროა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება ხალხისთვის კი არ მუშაობს, ხალხი მუშაობს ხელისუფლებისთვის, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა: ყოველთვის ამას ვამბობ, რომ მთავრობა ხალხის დაქირავებულია, რადგან გადასახადებს ჩვენ ვიხდით. მთავრობის პირდაპირი ვალია, რომ ჩვენ გვემსახურებოდეს, მაგრამ არ გვემსახურება. მთავრობის წევრები მხოლოდ საკუთარ თავებზე ზრუნავენ. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერში რუსეთის ხელიც ურევია. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, - ციხე შიგნიდან ტყდებაო? ახლა ეს ხდება. რუსეთი გვტეხს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ტიპი არ არის, ძალიან მაგრად ცდება. ცუდია, რომ ჩვენი პოლიტიკური კომპასი ძალიან შემოტრიალდა და რუსეთისკენ მიდის, რაც ჩვენს მომავალს წვავს, პირდაპირი მნიშვნელობით - შეიძლება, მომავალი აღარ გვქონდეს ან გვქონდეს მხოლოდ რუსეთის გუბერნიაში ყოფნით. რაც სისხლით, მსხვერპლით მოვიპოვეთ - დამოუკიდებლობა, იმასაც დავკარგავთ...

- მართალია, კერძო სკოლაში სწავლობ, მაგრამ ზოგადად, განათლების სისტემაზეც საინტერესო იქნება შენი აზრი...

- ამ თემაზე გადაცემა "ჩათშიც" ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ მაინც უამრავი სათქმელი რჩება. მარტივად გეტყვი: უბრალოდ, სისტემა ორიენტირებულია, რომ რობოტებივით მოაზროვნე ადამიანები "გამოიყვანოს", რადგან არ შეიძლება, ყველა ბავშვს ერთნაირად მიუდგე. საზამთროების მაგალითს მოვიყვან: თავდაპირველად, სანამ ნაყოფი პატარაა, კუბიკს აცვამენ. როცა საზამთრო იზრდება, კუბის ფორმას იღებს. ბავშვებსაც ასე ზრდიან, შაბლონური მასალით. სკოლა ინდივიდებს არ ზრდის - მთავარი პრობლემა ესაა. სამწუხაროდ, ეს ყველას არ ესმის. დღესდღეობით, ბევრი რესურსი გვაქვს. შეიძლება, სხვანაირი აზროვნების მქონე გარემოში გაიზარდო, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირი ტიპი გამოხვიდე - მაგალითად, შეიძლება ინტერნეტში რაღაც წაიკითხო და მიხვდე, რომ ისე არაა სწორი, როგორც დედა გეუბნებოდა... ასევე, სამწუხაროდ სკოლებში დიდი კორუფცია სუფევს. მარტივ მაგალითს დავასახელებ: წიგნების დამზადებაში ფული კეთდება. პირადად მე, წიგნი ვიყიდე, რომელიც შუაზე გაიხა, ფურცლებად დაიშალა, ისეთი უხარისხო იყო. განათლება ჩვეულებრივ ბიზნესადაა ქცეული, პოლიტიკა ამაშიც ერევა. მგონია, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, რომ "ვიწრო" აზროვნების ხალხად გავიზარდოთ, თავისუფლების არანაირი მოთხოვნილება არ გვქონდეს... მინდა, ყველა ადამიანი ინდივიდი გახდეს, საკუთარი თავი ეძებოს და მასის ნაწილად არ იქცეს.

ეთო ყორღანაშვილი