"არ მინდა ბევრი ფული მქონდეს" - გზაპრესი

"არ მინდა ბევრი ფული მქონდეს"

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კონკრეტულად ერთ პროფესიაზე არ ვფიქრობდი, როგორც ბავშვების უმრავლესობას, მეც მრავალმხრივი ინტერესი მქონდა, ხან ექიმობა მინდოდა, ხან - კოსმონავტობა. ჩვენს ოჯახში სიმღერა სულ იყო, მაგრამ მომღერლობასა და დიდ სცენაზე გამოსვლაზე არ ვფიქრობდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...იმედია, კარგ რამეებს ამბობენ, უმეტეს შემთხვევაში ხაზგასმა ჩემს ემოციურობაზე ხდება.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...მთლიანად მე ვარ სავიზიტო ბარათი (იცინის), გამორჩეულად რა ვთქვა? მართლა არ ვიცი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ მოვიქცეოდი. ის გარემო, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით დგანან, ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ისევ მათ გვერდით ყოფნას ვისურვებდი, მხოლოდ პატარა ცვლილებები შეიძლება შემეტანა.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...დაბადება ამ ქვეყანაში, ქალაქში, ოჯახში.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც შემიძლია ვენდო; რომლებიც თავიანთი არსებობით ბედნიერებას მანიჭებენ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...არ გავჩერდე, ვიყო სულ მოძრაობაში. სულ ახალი ინტერესები მიჩნდება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...დამიშვია შეცდომები, რომლებზეც მისწავლია, ისეთი შეცდომებიც დამიშვია, რომლებზეც ვერაფერი მისწავლია. ალბათ ბევრი შეცდომა ჯერ კიდევ არ მაქვს დაშვებული და მომავალში დავუშვებ. ადამიანი უშეცდომოდ ვერ იცხოვრებ, მით უმეტეს, როცა სულ მოძრაობაში ხარ, მაშინ საერთოდ არაფერი არ უნდა აკეთო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადვილად შემიძლია. მიმტევებელი ბუნება მაქვს, ეს გადაუჭარბებლად ნათქვამია. მას შემდეგ, რაც ჩემს შეცდომას გავაანალიზებ, ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა თავადაც არ მიჭირს.

- ვიბნევი...

- ...უკვე იშვიათად. დაბნეულობა ალბათ წარსულში დარჩა. დღეს როცა რაღაცას ვერ ვიგებ ან არ ვიცი, შეკითხვას ვსვამ, შესაბამისად პასუხებს ვიღებ. ეს დაბნეულობას გამორიცხავს.

- ვნანობ...

- ...პატარ-პატარა სინანულები ცხოვრებაში ყველას გვაქვს, ვერ დავკონკრეტდები. ხომ არის შემთხვევა, ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის ისე ვერ ვმოქმედებთ.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო იქ, სადაც ვარ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ბევრ რამეს, გააჩნია, იმწამს როგორია ჩემი ემოცია. უსამართლობას, ადამიანის დამცირებას, ჩაგვრას როცა აწყდები, შეუძლებელია გულგრილად შეხედო.

- საკუთარ თავზე კონტროლი...

- ...არასდროს დამიკარგავს, ასეთი აფექტური მდგომარეობა არ მქონია.

- მეზარება...

- ...იმ საქმის კეთება, რომელიც არ მიყვარს. ცხოვრებაში ბევრ ადამიანს აქვს პერიოდი, როცა ხელფასის გამო მუშაობს, ის საქმე სულაც არ უყვარს, მაგრამ ხელფასი სჭირდება და უნდა იმუშაოს. ასეთი პერიოდი მეც მქონდა.

- სიყვარული - ეს...

- ...ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნებაა ცხოვრებაში. ვისურვებ, სიყვარულის უნარი ყველა ადამიანს ჰქონდეს.

240142445-2651223418520793-1512489413272225508-n-copy-1634634565.jpg

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი ძალიან პატარა, არც ვიცი, ის გრძნობა სიყვარული იყო თუ არა, მაგრამ მახსოვს სასიამოვნო, კარგი, ამაღლებული განცდა მქონდა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ვინმე მეორე ადამიანმა. ის შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეგობარი ან სულაც ახალგაცნობილი პიროვნება. ჩემთვის ასეთივე კარგი ემოციის მომტანია მუსიკა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...და სიძლიერეც ჩემ გვერდით მყოფი უახლოესი ადამიანები არიან.

- ვამაყობ...

- ...ამ ადამიანებით.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...გულის სიღრმეში მიხარია, როგორ შეიძლება არ გამიხარდეს, როცა მეტყვიან, რა კარგად იმღერეო, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, მათ შორის შექებასაც. ზღვარს გადასული და გადამეტებული თუ არის, მერე უხერხულობის განცდა მეუფლება.

- შიში მაქვს...

- ...არ დავკარგო საყვარელი ადამიანები. მინდა, ყველანი ჯანმრთელად და დიდხანს მყავდნენ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ხშირად აღარ მსაყვედურობენ. მეგობრების დიდი ნაწილი ბავშვობიდან მომყვება. ჩვენ უკვე ვიცით, ვინ როგორი ვართ, სწორედ ასეთები მივიღეთ ერთმანეთი და საყვედურებს აღარ ვეუბნებით.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ ვერ ვისწავლე.

- ვიტყუები, როცა...

- ...შემიძლია მეორე ადამიანს ნათქვამი ტყუილით მდგომარეობა შევუმსუბუქო.

- თავისუფლება არის...

- ...გააზრებული გქონდეს შენი საქციელი. შეკითხვების დასმა სირცხვილი არ არის, გააზრებული უნდა გქონდეს, შენთვის რა არის ფასეული და რა - ნაკლებად მნიშვნელოვანი.

- ინტუიცია...

- ...ვერ ვიტყვი, რომ კარგად მაქვს განვითარებული. ამას არც არასდროს დავკვირვებივარ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ასეთი რამ ხშირად არ ხდება. ჩემ გარშემო, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანია. ამ დროს შეიძლება მოვუსმინო მუსიკას. ადამიანს განმარტოებისას ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ მინდა, ბევრი ფული მქონდეს. რატომ არ მინდა? ზუსტი მიზეზი არ ვიცი. ბევრი ფული მართლა არ მხიბლავს. რამდენიც უნდა მქონდეს, ზუსტად ვიცი, არ გავიჩერებდი, სულ გავცემდი. ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც ძალიან ბევრი არ არის საჭირო, მათ შორის ერთ-ერთი ფულია.

- მენატრება...

- ყველა ის ადამიანი, რომელთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებდა და დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს საუკეთესო მდგომარეობა ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნაა. მუსიკა, ინსტრუმენტზე დაკვრაც ძალიან მშველის, ბევრი მუსიკოსი მეგობარი მყავს, როგორ ცუდადაც უნდა ვიყო, როგორი რთული მდგომარეობაც უნდა მქონდეს, მათთან ურთიერთობა უებარი წამალია. ზოგიერთს ცხოვრების მძიმე ეტაპზე ჩაკეტვა სჩვევია, მე ამ ადამიანების კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უამრავი დარიგება მომისმენია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...იყავით ბედნიერები! ამას ჩემს თავსაც ვუსურვებ. ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, ვეცადოთ, ბედნიერება პატარა დეტალებშიც კი ვიპოვოთ და, რაც მთავარია, რაც ყველაზე მეტად გვაკლია, გთხოვთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

თამუნა კვინიკაძე