"არის პერიოდები, როცა სიყვარული დიდი მოტივატორია" - გზაპრესი

"არის პერიოდები, როცა სიყვარული დიდი მოტივატორია"

დავინტერესდით, მსახიობი ანა ჯავახიშვილი ეკრანსა და სცენის მიღმა როგორია, ცხოვრების როგორი სტილი აქვს, როგორ იმოსება, ვისთან მეგობრობს და ვინ არიან მისი ოჯახის წევრები...

- პრანჭია საერთოდ არ ვარ. ასეთი არც სკოლის ასაკში და არც სტუდენტობისას არ ვყოფილვარ. ჩაცმასაც განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვუთმობ. მთავარია, სამოსი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, რომ ხელი არ შემიშალოს. ამიტომ გადაღებებზე, თუ საშუალება მაქვს, საკუთარ თავს სხვანაირს ვხედავდე, ძალიან მიხარია ხოლმე.

- მოგწონს, როცა ეკრანზე საკუთარ თავს გამოპრანჭულს ხედავ?

- ჩემი თავის ყურება არ მიყვარს და ხშირად ვერ ვუყურებ, მაგრამ როცა ობიექტურად, კარგ ფორმაში ვარ, მსიამოვნებს, რა თქმა უნდა.

ვარცხნილობა, თმის ფერი

- თმის ფერი ჩვეულებრივი, წაბლისფერი მაქვს. არც თმის სტრუქტურაა განსაკუთრებული - ოდნავ ტალღოვანია. როცა საბალეტო სკოლაში დავდიოდი, მთელი ბავშვობა და შემდეგაც, მხრებამდე თმა მქონდა, რომ თმის აწევა შემძლებოდა. მერე, როცა ცეკვას თავი დავანებე, ეტყობა, გარკვეული პროტესტის განცდა მქონდა და თავი გადავიპარსე. 2 წელი თავგადაპარსული დავდიოდი. ძალიან მომწონდა, მაგრამ როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი და უკვე ტურებზე უნდა გავსულიყავი, საჭირო იყო, თმა გამეზარდა - თავგადაპარსული ვერ მივიდოდი. მოკლედ, აბიტურიენტობისას თმა რომ გავიზარდე, მას მერე ძირითადად, ასეთი ვარცხნილობა მაქვს: ხან - მხრებამდე, ხან - ოდნავ გრძელი, ხან - ოდნავ ვიმოკლებ.

- თმის ფერის შეცვლის სურვილი არ გაგჩენია?

- თმა არასოდეს შემიღებავს, მაგრამ სურვილი ყოველთვის მაქვს, რომ სხვანაირი ფერიც მოვსინჯო...

- ამაში რა გიშლის ხელს?

- ეს ყოველთვის პრობლემურია: კასტინგზე მისულს გეუბნებიან, - რატომ შეიცვალე? ძველი სურათები გქონდა გამოგზავნილიო. სპექტაკლშიც ყოველთვის პრობლემა იქმნება: ყველას კონკრეტული ფერის თმით რომ ახსოვხარ, მერე ხშირად გადაღებვა გჭირდება. მგონია, თმის ასე მოვლას ვერ შევძლებ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გადაღება მქონდა, სადაც თმა ხელოვნურად დამიგრძელეს. რეალურად, წელამდე თმა არასოდეს მქონია. ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, ხომ არ გავიზარდო-მეთქი? ჩემთვის უცხო ვარცხნილობა იყო, გარეგნობა შემეცვალა... ადამიანებს უფრო ხშირად მოკლე ვარცხნილობა უცვლის გარეგნობას. არ მეგონა, თუ გრძელ თმას ასეთი ეფექტი ექნებოდა.

- თმას როგორ უვლი?

- უბრალოდ, ვიბან და ვიშრობ (იცინის). სტილისტთან რომ მივდივარ, ყოველთვის ვეუბნები, - ისე გამიკეთე, რომ უბრალოდ, როცა გავიშრობ, შედარებით ნორმალური ვარცხნილობა მქონდეს-მეთქი. შინ არც თმის უთო მაქვს და არც სახვევი. ვგეგმავ, ვიყიდო - იქნებ ვარცხნილობის გაკეთება თავად ვისწავლო...

მაკიაჟი, სახის კანის მოვლა

- წარბის გელი, წარბის დასავარცხნი და ტუში - ეს არის, რასაც ყოველდღიურად, ასე თუ ისე, ვიყენებ. სახის კანის მოვლას რაც შეეხება, გრიმის, სხვადასხვა ფუნჯით გაკეთებული მაკიაჟის გამო, ვცდილობ, ისე არ დავიძინო, რომ სახე არ დავიბანო, მერე უნდა დავიტენიანო და ა.შ. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო და შინ რა გვიანაც უნდა დავბრუნდე, სახის კანის მოვლის რუტინას აუცილებლად ვასრულებ.

სამოსი

- ლამაზად ჩაცმა ზაფხულში უფრო მიყვარს, რადგან ბევრი ვარიანტია, როგორ ჩაიცვა. საერთოდ, კაბები მიყვარს. ზამთარში, სამწუხაროდ, მთავარია, კომფორტულად ვიყო და მაქსიმალურად თბილად მეცვას, რომ სადაც მივალ, არ გავცივდე. კოსტიუმების დიზაინერებმა ჩემი ამბავი უკვე იციან და მეუბნებიან, - არ გაგყინავ, ნუ გეშინიაო (იცინის). ძალიან მცივანა ვარ და მირჩევნია, რაც შეიძლება თბილად ვიყო...

ჭრელი ფერებიც მიყვარს და სადაც - გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. თავისუფალი სტილის სამოსი მომწონს, მაგრამ თუ ღონისძიებაზე მივდივარ, შედარებით კლასიკურად ვიმოსები.

- საღამოს სამოსის შერჩევას ვინმეს ანდობ თუ თავად წყვეტ, რა ჩაიცვა?

- ალბათ, როგორც ყველა დედას, დედაჩემსაც ყოველთვის დიდი სურვილი აქვს, ჩემთვის სამოსის შერჩევაში ჩაერიოს, მაგრამ ძირითადად, თავად ვწყვეტ.

სამკაული, აქსესუარები

- 1 ბეჭედი მაქვს, რომელიც დაახლოებით 8 წელია, სულ მიკეთია - არ ვიხსნი, თუკი გადაღებაზე მოხსნა არ ხდება საჭირო. საერთოდ, სამკაულს ხშირად არ ვიყენებ, მაგრამ ბოლო დროს საყურეების გაკეთება დავიწყე. მთელი ზაფხული მეკეთა. ახლაც მომწონს. წინათ საყურეებს ვერ ვეგუებოდი...

- შენს ბეჭედს რაიმე ამბავი ხომ არ უკავშირდება?

- საერთოდ, ბეჭდებს რთულად ვარჩევ. როგორიც მომწონს, ჩემი ზომის არ არის ხოლმე - ძირითადად, დიდია. ეს ბეჭედი კომფორტულია ჩემთვის. ერთ-ერთი მიზეზი ესაა, რის გამოც თითქმის არ ვიხსნი. თან, ბებიაჩემს ეკუთვნოდა, შემდეგ - დედაჩემს, დედამ კი მე მაჩუქა...

- აქსესუარებზე რას გვეტყვი?

- ჩანთები ძალიან მიყვარს, ძირითადად - პრაქტიკული, რაშიც თითქმის ყველაფერი ეტევა. ავტომობილის შეძენამდე ზურგჩანთებსა და დიდი ზომის ხელჩანთებს ვიყენებდი. ახლა, როცა უკვე ავტომობილი მყავს, ძალიან პატარა ზომის წელის ჩანთას ვატარებ. დიდ ჩანთაში მოსათავსებელი ნივთები უკვე მანქანაში აწყვია.

image00001-copy-1634649511.jpeg

ვარჯიში და დიეტა

- რამდენიმე კვირაა, რაც ვარჯიში დავიწყე. თებერვალში კორონავირუსი გადავიტანე. თითქოს არაფერი - გართულების გარეშე გამოვჯანმრთელდი, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ორგანიზმი, ასე თუ ისე, დასუსტებული იყო, რადგან ჩვეულ რეჟიმში ვერ ვმუშაობდი, რეპეტიციაზე დიდხანს ვერ ვძლებდი, ადვილად ვიღლებოდი. ვარჯიში ამიტომ დავიწყე. სხვათა შორის, კმაყოფილი ვარ - ტონუსში ყოფნა ნამდვილად კარგია.

- კვების რეჟიმი, რაციონი როგორი გაქვს?

- რეჟიმი არ გამაჩნია. ძირითადად, დღეში ერთხელ ან ორჯერ ვჭამ, რაც ძალიან ცუდია. საუზმე არ მიყვარს. ვცდილობ, იმ ერთხელ ან ორჯერ, როცა ვჭამ, ჯანსაღი საკვები მივიღო. ხორცს, თევზს ისედაც ვერ ვჭამ. კვების რაციონიდან რძის ნაწარმიც ამოვიღე. ძირითადად, ბოსტნეულს გეახლები.

საქმე

- ამჟამად, სერიალ "იდეალურ დედაში" ვმონაწილეობ. ზაფხულში, დმანისის ნაქალაქარზე, სადაც ზეზვა და მზია აღმოაჩინეს, სპექტაკლი - "იგი" ვითამაშეთ. რეპეტიციები და შემდეგ, თამაშის პერიოდიც თვე-ნახევარი გრძელდებოდა... ახლა სპექტაკლი "დრაკონი" აღვადგინეთ, რომელსაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვთამაშობდით, სექტემბრის ბოლოს კი პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში გვექნება.

- მეხუთე სეზონია, რაც "იდეალური დედა" ეთერში გადის. შემოქმედებითმა გუნდმა ახალი წევრი როგორ მიგიღო?

- "იდეალურ დედაზე" ძირითადად, ის სტაფი მუშაობს, ვინც სერიალს - "მისამართის გარეშე" იღებდა. მათთან მუშაობა ძალიან კომფორტულია - ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ... გამიხარდა, რომ ისევ მათ გუნდში აღმოვჩნდი.

- შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლად რომელი მიგაჩნია?

- სანამ გარკვეული პერიოდი არ გავა, მნიშვნელოვნად ვერაფერს წარმოვიდგენ ხოლმე, რაშიც კი მონაწილეობა მიმიღია. თან, პანდემიის გამო, ასარჩევი არც ისე ბევრია: თეატრები დაკეტილი იყო, გადაღება არ შეიძლებოდა, ყველანი სახლში ვიყავით... ამიტომ თქმა რთულია...

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?

- ალბათ, გარკვეულწილად, ახლა არ მაქვს აღქმული, მაგრამ პირველად პოპულარობა "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ ვიგრძენი, მერე კი ფილმში - "და ჩვენ ვიცეკვეთ".

ჰობი

- პანდემიის პერიოდში მე და ჩემმა მეგობრებმა ტანსაცმლის ბრენდი შევქმენით. დიზაინი მოვიფიქრეთ, მკერავებს დავუკავშირდით... ვიფიქრეთ - ვცადოთ, ვნახოთ, რა გამოვა-თქო... ახლა, როცა ყველანი ჩვენს საქმეს დავუბრუნდით, ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება. ვაპირებთ, ამ საქმეს ხელახლა მივხედოთ. ნამდვილად ისეთ სამოსს ვქმნით, რომელსაც თავადაც სიამოვნებით ჩავიცვამდი. თავიდანვე, ბრენდი ფართო მასებზე კი არ გავთვალეთ, არამედ - იმაზე, რომ სამოსი თავად მოგვწონებოდა, თან - ქართული ყოფილიყო. მეც დიდი სიამოვნებით მაცვია... ისე, ბევრი რამით ვარ დაინტერესებული. შეიძლება, ბალეტიც ჰობად მივიჩნიოთ. ბალეტის კარგი მაყურებელი ვარ - ყველა სიახლეს თვალს ვადევნებ... სპორტის მსგავსად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბალეტში დაბრუნებაც შეუძლებელია. ისე, ჩემთვის ვვარჯიშობ, ვიწელები, გარკვეულ მოძრაობებს ვაკეთებ, რომ ასე თუ ისე ფორმაში ვიყო...

ოჯახი

- ოჯახის წევრები მგულშემატკივრობენ და ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულები არიან. ბავშვობიდან ასე იყვნენ განწყობილნი. ადამიანში ეს თვისება ძალიან მომწონს, რომ ყველაფრისთვის თავზე ხელს არ გისვამენ - ჯანსაღი კრიტიკის უნარი აქვთ... ჩემზე ბევრად უფროსი (11-12 წლით) ძმები მყავს. მათ ჩემს გაზრდასა და აღზრდაში დიდი როლი ითამაშეს... ჩემს სამუშაო სფეროსთან კავშირი ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს: მამაჩემი ქირურგია, დედა - იურისტი.

- როცა უკვე თაყვანისმცემლები გაგიჩნდა, უფროსი ძმები სიმკაცრეს ხომ არ იჩენდნენ?

- არა, ორივესთან ძალიან ვმეგობრობ. ეგ პრობლემა არასდროს მქონია. ყოველ შემთხვევაში, "ღიად" არაფერი დაუშლიათ.

სამეგობრო

- ჩემი მეგობრების უმრავლესობას სამსახიობო სფეროსთან კავშირი არა აქვს. რა თქმა უნდა, მეგობრები მსახიობებს შორისაც მყავს, მაგრამ ჩვენს ასაკში და ამ სფეროში მეგობრის პოვნა თითქოს რთულია. ძირითადად, ბავშვობის მეგობრები მყავს. ვერ ვიტყვი, რომ ბევრნი არიან, მაგრამ ვინც მყავს, მგონია, რომ მთელი ცხოვრება მეყოლებიან...

ალბათ როგორც ყველა ახალგაზრდა, ჩვენც ვმოგზაურობთ, თავისუფალ დროს კინოში დავდივართ ან ზაფხულობით ერთმანეთის აგარაკებზე ვერთობით...

პირადი ცხოვრება

- ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს და არც არასდროს მქონია, თუ როგორი ბიჭები მომწონს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. ადამიანში ჯერ უფრო ენერგიას, აურას "ვხედავ", მერე კი - გარეგნობას. თუ შინაგანად ძალიან მომწონს და ჩემთვის "ახლო" ადამიანია, რა თქმა უნდა, ჩემთვის საუკეთესოც ის არის.

- სიყვარული შენზე როგორ მოქმედებს?

- სხვადასხვანაირად: არის პერიოდები, როცა სიყვარული დიდი მოტივატორია, და არის პერიოდები, როცა პირიქით - გარკვეულწილად, ურთიერთობა უკან გხევს, როგორც ადამიანს, პროფესიონალს, რადგან ვერაფერს ვეღარ აკეთებ. ალბათ იმ ადამიანს გააჩნია, ვისთან ერთადაც იმ დროს ხარ...

ეთო ყორღანაშვილი