ვის ექცევა ადგილობრივი ხელისუფლება უგულო ფეოდალივით? - გზაპრესი

ვის ექცევა ადგილობრივი ხელისუფლება უგულო ფეოდალივით?

2 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი აკრიტიკებს, მის შედეგებში ეჭვი შეაქვთ პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებსაც... კრიტიკოსებს შორისაა უფლებადამცველი და იურისტი სოფო ხორგუანი, რომელიც არჩევნებს სვანეთში აკვირდებოდა. "იმას, რაც მესტიაში ჩაატარეს, არჩევნები არ ერქვა, ეს ერთი დიდი სიყალბე იყო", - თქვა მან ჩვენთან საუბრისას.

- არჩევნებში პარტიას "საქართველოსთვის" ვუჭერდი მხარს და სვანეთში ამ პარტიის დასახმარებლად წავედი. რატომ მაინცდამაინც "საქართველოსთვის"?.. ჩემი დიდი სურვილია, როგორმე ეს ორპოლუსიანობა დავძლიოთ და მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. გადავწყვიტე, გიორგი გახარიას გუნდისთვის მხარი დამეჭირა, თუმცა, არჩევნებში არ ვმონაწილეობდი. იქ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მმართველ ძალას პარტია პირადი კეთილდღეობისთვის სჭირდება. "ოცნების" წევრები ყველაფერზე მიდიან, რომ პრივილეგიები შეინარჩუნონ და რასაც ისინი აკეთებენ, ჩვეულებრივი კრიმინალია. მათ ხალხი, ქვეყანა, სახელმწიფო არ ახსოვთ, მხოლოდ თავიანთ ძალაუფლებას არიან ჩაბღაუჭებული. სწორედ ამიტომ, "ოცნებამ" სამარცხვინო კამპანია ჩაატარა, განსაკუთრებით - რეგიონებში და მათ შორის, ჩემს მშობლიურ კუთხეში - სვანეთში. ამ არჩევენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს და ძალიან შორს ვართ იმ დემოკრატიისგან, რომელსაც ვესწრაფვით. ისიც მესმის, რომ ერთ დღეში სახელმწიფო არ შენდება, მაგრამ ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ვავსებთ ამ ქვეყნის ბიუჯეტს და აუცილებლად უნდა გვქონდეს რწმენა, რომ ეს ფული სწორად იხარჯება. სწორედ ამისთვის გვინდა სახელმწიფო, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ, რომ სახელმწიფომ ის საკითხები მოაწესრიგოს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკაში შემთხვევითი ადამიანების ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია.

59295251-2459985947347821-49365190164086784-n-1634650703.jpg

- რა განცდა გქონდათ სვანეთში ყოფნისას?

- იქ ყოფნისას კიდევ უფრო მწვავედ ვიგრძენი, რომ განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობთ და ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს. ჩემთვის სვანეთის მაგალითი სამწუხაროა, რადგან ეს მაგალითი შეიძლება მთელ საქართველოზე განვაზოგადოთ. იქ მუდმივი უსამართლობის განცდა მქონდა, რადგან ვხედავდი პრივილეგირებული ადამიანების კასტას, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან არის დაახლოებული. ეს კასტა სახელმწიფოსგან მაქსიმალურ სარგებელს იღებს, ხოლო დანარჩენები ღარიბდებიან და სოციალურად დაუცველები ხდებიან. იმაზე უფრო ამორალური რა უნდა იყოს, როცა ადამიანის გაჭირვებით მანიპულირებ?! უკიდურესი სიღარიბე, სიდუხჭირე და უსამართლობის განცდა - ჩვენს რეგიონებში ეს ჩვეულებრივი ამბავია და სვანეთი გამონაკლისი ვერ იქნება. არადა, სვანებს ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ ღირსეულად იცხოვრონ. მაგალითად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა აქვთ, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ მოიპოვება. საგანძური მთელ სვანეთშია გაბნეული. გარდა ამისა, სვანეთი არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტებს. შვეიცარიის მთები ლამაზია, მაგრამ სვანეთს საფრანგეთზე, იტალიასა და შვეიცარიაზე არანაკლები ტურისტული პოტენციალი აქვს. ეს პოტენციალი სწორად რომ გამოვიყენოთ და ხელისუფლებამ სვანეთს სათანადოდ მიხედოს, ეს მთელი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკას შეცვლის. სხვათა შორის, ისეთ ადგილებში, როგორიც სვანეთია, მთელ მსოფლიოში მხოლოდ მილიონერები ცხოვრობენ. სვანეთში ისეთი ბუნებაა, რომ მნახველი ყოველთვის ეყოლება.

- როგორც ვიცი, არსებობს გეგმა, რომელიც სვანეთის განვითარებას ითვალისწინებს, ეს გეგმაც თაროზეა შემოდებული?

- გეთანხმებით, ეს გეგმა არსებობს და მისი განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. გეგმა სახელმწიფომაც დაამტკიცა, მაგრამ რატომღაც თაროზე შემოდეს. არადა, ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, 3-4 წელიწადში სვანეთიც ამოისუნთქავს, სამეგრელოც და იმერეთიც. მე მაინტერესებს, სად წავიდა 6 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან დაიხარჯა? სვანებმა შარშან მოწეული კარტოფილიც კი ვერ გაყიდეს, დიდი რაოდენობით ხილი მიწაზე ყრია და ლპება მაშინ, როცა თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი ირანულ და თურქულ ხილს მამასისხლად ყიდულობს. სურვილი არა აქვთ, თორემ ხომ შეიძლება ჩირის საწარმო ან სუვენირების საწარმო გააკეთონ, რომ ხალხმა ეს პროდუქცია გაყიდოს და საარსებო წყარო გაუჩნდეს? სვანეთში არ არის გზა, არ არის ნორმალური კანალიზაციის სისტემა, მესტიის სოფლებში შუქი ხან აქვთ და ხან - არა. ყველგან ბიტკოინის მაინერები დგას. სვანეთში ელექტროენერგიის ფულს არ იხდიან და ალბათ ამიტომ, შუქი ხშირად ქრება. შარშან მთელი ზამთრის განმავლობაში სოფლებს შუქი ნორმალურად არ ჰქონია. ინტერნეტი არ არის, სკოლას 2007 წელს გამოშვებული 2 ცალი კომპიუტერი რომ აქვს, იქ ბავშვებმა დისტანციურად როგორ ისწავლონ? ბავშვებს სწავლა უნდათ და ინტერნეტი არა აქვთ, ფეხბურთის თამაში უნდათ და მოედნები არა აქვთ. რატომ? ამაზე პასუხი ვინმეს აქვს?!

- ამბობთ, რომ უსამართლობის განცდა დაგეუფლათ, რატომ?

- კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით: მესტიაში გავიცანი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი შარშან დაამთავრა და მშობლიურ რაიონში დაბრუნდა. ის სამართალმცოდნეა და სვანეთში მუშაობის დაწყება სურს. წარმოიდგინეთ, უხელფასო სტაჟირების უფლებაც არ მისცეს. ამ დროს, შტატები ყველგან გაბერილია და ადგილობრივ ჩინოვნიკებს ბიუჯეტი საკუთარი ჯიბის ფული ჰგონიათ. რეგიონის ხელისუფლება, როგორც უგულო ფეოდალი, ისე იქცევა: თუ უნდა, რაღაცას გიფეშქაშებს ან რაღაცის აშენების უფლებას მოგცემს და თუ არ უნდა - თავს არ შეიწუხებს. ერთ-ერთ სოფელში ვნახე ბაღი, რომელიც 2014 წელს უნდა აშენებულიყო. ტენდერი სამჯერ ჩაიშალა და ახლა თავიდან გამოცხადდა. უზარმაზარი ფული დაიხარჯა, რომ სოფელ მულახში დიდი სპორტსკოლა აშენებულიყო, რომელიც არ მუშაობს. მულახელებმა გზა გადაკეტეს და ასე მიაღწიეს, რომ გენგეგმა დაემტკიცებინათ და სოფელში გზა გაეყვანათ. მულახში ბევრი კოშკია და ასე დაიცვეს სოფელი, რადგან იქ ვიღაცას ჰესის ჩადგმა უნდა, ვიღაცას - მრავალსართულიანი კორპუსის აშენება... წარმოიდგინეთ, მესტიაში დიალიზის აპარატი არის, მაგრამ ექთანი არ ჰყავთ, რომელიც მას მოემსახურება, ამიტომ, დიალიზზე დამოკიდებული ადამიანები საცხოვრებლად სხვაგან გადადიან: შეუძლებელია, 3 საათი დანჯღრეულ გზაზე იარო, დიალიზზე მიხვიდე და უკან ისევ დანჯღრეული გზით დაბრუნდე. ამის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა კიდეც. სამთო-სათხილამურო კურორტია, გარშემო სულ მთებია და მთელ მესტიაში ერთი ტრავმატოლოგი არ არის, უფრო მეტიც, ავტობუსი არ არის, რომ მესტიიდან ხაიშამდე ან სხვა სოფლებამდე დღეში ერთხელ მაინც იაროს. ამხელა მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ადგილობრივ ხელისუფლებას რაზე უნდა ველაპარაკოთ?!. მე ამ ადამიანებს საქართველოს და სვანეთის მოძულეებს ვეძახი! ეს მომხვეჭელური დამოკიდებულება - რაც შეიძლება მეტი "ამოქაჩო" ისე, რომ ხვალინდელ დღეზე არ იფიქრო, - ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. სამწუხაროდ, სვანეთი ჩემთვის ერთგვარი თვალსაჩინოება იყო, რომ მეფიქრა - საქართველოს სხვა რეგიონებშიც ანალოგიური სიტუაციაა.

- არჩევნები როგორ ჩატარდა?

- მუქარა, დასჯა, დაშინება, პირდაპირ მოსყიდვა - ყველა მეთოდი გამოიყენეს! რაც იქ ჩატარდა, ამას არჩევნები არ ჰქვია. არჩევნები ნიშნავს, რომ მოქალაქეს თავისუფალი არჩევნის უფლება აქვს და იმ ადამიანებს ირჩევს, რომლებმაც მისი პრობლემები უნდა მოაგვარონ. ვინ დამარწმუნებს, რომ სვანეთში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობამ ხმა მისცა სიდუხჭირეს, რომელშიც ახლა ცხოვრობს?.. ჭუბერი სოზარ სუბარის სოფელია და ნეტავ იცოდეთ, რა საშინელი გზაა იქ. საკუთარ სოფლებსაც არ აქცევენ ყურადღებას. 21-ე საუკუნეში ხალხი ნორმალურ გზას და მუდმივ შუქს რომ ნატრობს, რაზეა ლაპარაკი?! გაიძახიან - სპეციალისტები არ გვყავსო; ჩადიან ახალგაზრდები და არ ასაქმებენ, რადგან მათ ადგილზე ვიღაც ახლობელი ჰყავთ გაფორმებული. ყველგან კორუფცია და ნეპოტიზმი მეფობს! ალბათ ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ სვანეთი იქაურებმა დატოვონ და მერე ვიღაცებმა ჰესები ჩადგან, ოქრო ამოთხარონ, წიაღისეული და ხეტყე გაიტანონ... სვანეთს ისე უყურებენ, როგორც განძს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა უნდა გამოიყენოს...

- ხელისუფლება უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ 2 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა, ამაზე რას ეტყვით მკითხველს?

- ეს კიდევ უფრო ამაზრზენი სიყალბეა! როდესაც მეუბნებიან, მოიყვანე ის ხალხი, ვისზეც 2 ოქტომბრამდე ან იმ დღეს ზეწოლა განახორციელესო, ეს კიდევ უფრო მდაბალი საქციელია: წარმოიდგინეთ, ადამიანს იმის შეეშინდა, რომ ფარული კენჭისყრის დროს საკუთარი ნება გამოეხატა და ახლა ეუბნებიან, სიმართლე თქვას. თავად ხომ იციან, როგორ მოიგეს ეს არჩევნები?! სიმართლე ისეთი რამ არის, რაც არასდროს დაიმალება და ეს სიყალბე, ადრე თუ გვიან, მაინც გამჟღავნდება - ამაში დარწმუნებული ვარ.

241627244-4791480197531706-1193050228038365329-n-1634650684.jpg

- თუ ასეა, სვანები როგორ ეგუებიან ამ ყველაფერს?!

- ისინი გმირები არიან! სხვას ვერაფერს ვამბობ, რადგან იქ ცხოვრება ნამდვილი გმირობაა. როცა გაძლებაზე ხარ, მაგრამ შენს მშობლიურ სოფელს და რაიონს არ ტოვებ, ეს მართლა გმირობაა. ეს ხომ ის ხალხია, რომელმაც საქართველოს დიდი განძი შემოუნახა. საქართველო მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, თორემ იმის ახსნა არ შეიძლება, დღემდე როგორ მოვედით! სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ცხოვრობს ყველასგან მოტოვებული ხალხი, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება და ეს ხელისუფლება მასზე ძალადობს, რომ თავისი პრივილეგიები შეინარჩუნოს.

- ამ ფონზე მეორე ტურში რაიმე ცვლილებას ელოდებით?

- სამწუხაროდ, სვანეთში სულ სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მხოლოდ ცაგერში ჩატარდება მეორე ტური ხელისუფლებისა და გახარიას პარტიის კანდიდატებს შორის. გვიხარია, რომ ურთულეს პირობებში ამ გამარჯვებას მაინც მივაღწიეთ. როცა ხალხი იმდენად დაკნინებული და შეშინებულია, რომ 60-ლარიანი სოციალური დახმარების შეწყვეტის შიშით თავის ხმას ყიდის, ეს მაინც გამარჯვებაა. ადამიანის ასეთ დღეში ჩაგდება არის ყველაზე ამაზრზენი და მდაბიო საქციელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ თავის ხალხს გაუკეთოს. სვანეთში რამდენიმე უნიჭიერესი ახალგაზრდა გავიცანი, რომელსაც ხელი არ შეუწყვეს და ახლა სახერხში ან რომელიმე ჰესზე შავ მუშად მუშაობენ. შავ მუშებად განიხილავენ იქ მცხოვრებ ადამიანებს - ეს არის უბედურება! მიუხედავად ამისა, ეს წრე მაინც უნდა გავარღვიოთ. სულ ვიმეორებ: მე ახლა ვიწყებ სვანეთისთვის ბრძოლას-მეთქი. "კაპიკსაც" არ შევარჩენ, თითოეულ თეთრს შევამოწმებ, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯება. არ გამომეპარება არც ერთი ტენდერი, არც ერთი გარიგება, რომელსაც დადებენ! ნურავის დაავიწყდება, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ცარიზმს შიშველი ხელებით ებრძოდა: ჩემი დიდი ბაბუა ხალდეს აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო და მისი ადვოკატი აკაკი წერეთელი გახლდათ. გული მწყდება, რომ ეს ამაყი და შეუპოვარი ხალხი ასე დააკნინეს, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ და ვიცი, რომ ყოველთვის ასე არ იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე