"ძველი სამსახურიდან წამოსვლა არც მინანია" - გზაპრესი

"ძველი სამსახურიდან წამოსვლა არც მინანია"

იუმორისტი და მუსიკოსი მიშა ცინცაძე დიდწილად მამას უმადლის პასუხისმგებლობის იმ ძლიერ გრძნობას, რომელიც აქვს. როგორ გაუჩნდა პირველი შემოსავალი და შეუძლია თუ არა ფულის გონივრულად ხარჯვა? - ის ამ და სხვა "საქმიან" დეტალებზე გვესაუბრა.

- 15-16 წლის ვიყავი, როდესაც უკვე საკუთარი ფულის გამომუშავება დავიწყე. ნელ-ნელა, გამოცდილების საფუძველზე, ფულის საჭიროება გავიაზრე და მიზნობრივი ხარჯვის უნარიც შევიძინე. შემდეგ ოჯახმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა, თუ როგორ უნდა ვხარჯო ფული.

- საკუთარი შემოსავლის ქონის სურვილი როგორ გაგიჩნდა? მცირე ასაკშივე მუშაობა რატომ დაიწყე?

- სიტუაციის შესაბამისად მოხდა: ჩემი მეგობარი უკვე სტუდენტი იყო, მე კი - ჯერ მე-11 კლასის მოსწავლე. მაშინ "მანსანკანის" გუნდებს შორის შეჯიბრებები ტარდებოდა და მუსიკისთვის ფონოგრამები სჭირდებოდათ. პატარა ასაკიდანვე მუსიკალურ ინსტრუმენტებთან შეხება მქონდა. ასე თუ ისე, მუსიკალური ფონოგრამების კეთება უკვე შემეძლო. ამის გამო დამიკავშირდნენ და ასე, შემთხვევით, ფონოგრამებით ჯიბის ფულის შოვნა დავიწყე.

- შენ მიერ გამომუშავებული პირველი თანხა რაში გამოიყენე?

- პირველად რა თანხა მივიღე, არ მახსოვს, მაგრამ ჩემი შემოსავლით, სურვილითა და გემოვნებით ნაყიდი ნივთი - გიტარა მახსოვს. 200 ლარად ვიყიდე. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი.

- ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში მამის შესახებ მოგვიყევი - აგვისტოს ომის პერიოდში, ომში მყოფს როგორ დაგირეკა და ფონოგრამებთან დაკავშირებული ნაკისრი პასუხისმგებლობა შეგახსენა...

- დიახ. მამისგან ბევრი ვისწავლე - საქმის და საერთოდ, ცხოვრების შესახებ, ადამიანებისადმი დამოკიდებულება... 3-4 წლის ვიყავი, როცა მამამ ინსტრუმენტული ანსამბლი შექმნა. მის თვალწინ, ასე ვთქვათ, მის სამსახურში ვიზრდებოდი. ჩემდა უნებურად, საქმისადმი მამის დამოკიდებულებას ვხედავდი. ეს ყველაფერი დაკვირვებით ვისწავლე, შემდეგ უკვე არაერთი ღირებული, ძვირფასი რჩევა მომცა, რომელიც ბევრჯერ გამომდგომია.

- მაგალითად?

- რჩევებს ყოველთვის განსხვავებული ფორმით იძლევა. მაგალითად, მეუბნება ხოლმე, - მეწაღე რომ იყო, თუ შენი საქმე გიყვარს, პირველი მეწაღე იქნები. მთავარია, რასაც აკეთებ, ის საქმე გიყვარდეს და არ გღლიდესო. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ძვირფასი რჩევაა.

- გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ?

- ყოველ შემთხვევაში, ინტერესი დაკარგული არ მაქვს. როცა ადამიანს შენი საქმე გაინტერესებს, ნაკლებად გღლის.

- იუმორის, მუსიკის სფეროში გიცნობთ. ამ სფეროებისგან განსხვავებული საქმე შეგისრულებია შემოსავლის ან უბრალოდ, ინტერესის გამო?

- არ მახსენდება. ეს 2 სფერო ისეთი კომპლექსურია, იმდენ რამეს მოიცავს, რომ ძალიან ბევრის საშუალებას გაძლევს. ამიტომ ამის იქით გადაცდენა ჯერ არ დამჭირვებია...

- მას შემდეგ, რაც საკუთარი შემოსავალი გაგიჩნდა, ყოფილა პერიოდი, როცა უსამსახუროდ დარჩენილხარ?

- კი, რა თქმა უნდა. იყო შემთხვევა, როცა სამსახურიდან წამოვედი და ყველანაირი შემოსავლის გარეშე დავრჩი, მაგრამ იმ დროს ჯერ ცოლ-შვილი არ მყავდა. ცოტა ხანს დედ-მამა მეხმარებოდა. ეს სიტუაცია 2-3 თვეს გაგრძელდა, მერე უკვე ახალი, უკეთესი და საინტერესო სამსახური ვიპოვე. ამიტომ ძველი სამსახურიდან წამოსვლა არც მინანია. ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ შეიძლება სიახლე უკეთესიც იყოს ცხოვრებაში...

- დამოუკიდებლად ცხოვრებას შეჩვეულს უცებ, მშობლების დახმარება რომ დაგჭირდა, რთული არ იყო?

- ცოტათი. ასეთ დროს ადამიანი ცალკე უხერხულობას გრძნობ, ცალკე - დისკომფორტს, რადგან შენს თავზე არ ხარ დამოკიდებული, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან ვინერვიულე-მეთქი, მოგატყუებთ. არც ჩემი ოჯახის წევრებს უგრძნობინებიათ რამე და დიდად არც მე შემიწუხებია ისინი. ამიტომ ეს ამბავი ჩვეულებრივად გადავიტანე.

- ამჟამად, შენი შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?

- ის, რასაც ტელევიზიაში ვაკეთებ. ამავდროულად, ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი: მე და ჩემმა ძმამ მუსიკალური ჯგუფი შევქმენით. სახელად Mაიკერუ ("მაიკერუ") დავარქვით. პირველი სიმღერა - ჩჰიტ-ცჰატ "იუთუბზე" უკვე გამოვაქვეყნეთ. ნელ-ნელა ამ ყველაფრის "მოხოდვას" ვიწყებთ.

- Maikeru რას ნიშნავს?

- იაპონურად ჩემი სახელი ასე გამოითქმის. ჯგუფისთვის ეს სახელწოდება ჩემი ძმის იდეა იყო - რაღაცნაირად, ლამაზად ჟღერდა...

- ჯგუფში თქვენი ფუნქციების შესახებ გვითხარი...

- ჩემი ძმაც მრავალპროფილური მუსიკოსია. თანამედროვე მუსიკას "აკეთებს". გადავწყვიტეთ, ასეთი ჟანრისთვის მოგვეკიდებინა ხელი: ქართული რეტრო სიმღერები შეგვექმნა, ბლუზის ელემენტებით, ანუ ძველი სიმღერა რომ აიღო და მისი რემიქსი გააკეთო, ასე ვაკეთებთ, ოღონდ - ჩვენ მიერ შექმნილ სიმღერებს. ძველებურ ქართულ მოტივებზე სიმღერას ვწერთ, შემდეგ უკვე განახლებულ არანჟირებას ვუკეთებთ, რომ ისე გამოვიდეს, თითქოს ძველი სიმღერაა განახლებული.

- ჯგუფში ორნი ხართ?

- კი. ამ საქმეში ასევე, ჩემი მეუღლეა ჩართული - ჩვენი პიარ-მენეჯერია.

- როგორ ფიქრობ, თქვენი წამოწყება ფინანსურად მოგებიანი იქნება?

- არ ვიცი, ამას თვითონ საქმე გვაჩვენებს. ბევრ კარგ რაღაცას ვგეგმავთ. დიდი ხანია, ვემზადებით, სიმღერებს ვწერთ... სიმღერების დიდი "სეტი" მოვამზადეთ...

- პანდემიის გამო არასაკონცერტო პერიოდია...

- ეს ყველაფერი დაგვეხმარა, რადგან დრო გვქონდა, რეპეტიციები გაგვევლო, მოგვეფიქრებინა, დაგვეწერა, ჩაგვეწერა და ა.შ. სხვათა შორის, ტექნიკურად თავიდან ბოლომდე ყველაფერს ჩვენ ვამზადებთ. ჯერჯერობით ილუსტრაციულ არტებს ვაკეთებთ და სიმღერებს ვუთითებთ... მოკლედ, მთლიანი პროდუქტის აუდიოვიზუალი ჩვენ სამის - ჩემი, ჩემი ძმის და ნათიას (ჩემი მეუღლის) გაკეთებულია.

misha-ojaxi-1634651063.jpg

- მიშა, ოჯახურ ბიუჯეტს როგორ განკარგავთ?

- სიმართლე გითხრათ, ამაში ნათია ძალიან დამეხმარა, რადგან ოჯახში ბუღალტრული თვისებები მას უფრო აღმოაჩნდა, ვიდრე მე. რეალურად, ორივე განვკარგავთ, მაგრამ დაუგეგმავი გადაცდომები რომ არ მოხდეს, ამაზე ნათია არის პასუხისმგებელი. ბიუჯეტის სწორად მართვა, ხარჯვა ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესია. თუ ეს თვისება ცოლ-ქმარს შორის არც ერთს არა აქვს, ცხოვრება ძალიან ჭირს.

- შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- რა თქმა უნდა, ჩვენი სისუსტეები გვაქვს, რომლებზეც ლოგიკურად, ხანდახან უარს ვერ ვამბობთ, ხან - ვამბობთ... ჩემი შემოსალის დიდი ნაწილი, როგორც ალბათ ბევრი ქართველის, ბანკში "მიდის", ნაწილი იმ ახალ საქმეს ხმარდება, რაც წამოვიწყეთ, რადგან საქმეში ფულის ჩადების არ მეშინია - ვგეგმავ, რომ მერე საქმემ ფული თვითონ "დაატრიალოს"... უმნიშვნელოვანესია ბავშვის ფაქტორი. თან, წელს ჩემი შვილი პირველკლასელი გახდა, ამიტომ საზრუნავი და ხარჯი ცოტათი დაგვემატა...

- სამსახურის საშოვნელად ოდესმე "სივი" გაგიგზავნია?

- აუ, არ მახსოვს... აქამდე ისე მოვედი, რომ ასეთი რამის გაკეთება არ დამჭირვებია, რადგან "მანსანკანიდან" დაწყებული, ჩემი შესაძლებლობები - მაგალითად, ტელევიზიისთვის - ნათელი იყო. ყველაფერი თავისთავად მოხდა...

- ოფიციალურად რა განათლება გაქვს მიღებული?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე.

- ჟურნალისტად გიმუშავია?

- 4 წელი აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობდი: ვიყავი კულინარიული რუბრიკის, სპორტული საბავშვო გადაცემის წამყვანი, ასევე - ზღაპრების გადაცემის წამყვანი და ავტორი...

- ჟურნალისტიკა შენთვის საინტერესო სფეროა? შეიძლება მომავალში ჟურნალისტის ამპლუაში გიხილოთ?

- კონკრეტულად, ჟურნალისტის ამპლუაში თუ მიხილავთ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ამწამს ის პერიოდი მიდგას, როდესაც პარალელურად მინდა, ახალი რაღაცები ვცადო...

- მიშა, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე საქმიან ან დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?

- ჩემი გამოცდილების საფუძველზე, 2 რჩევის მიცემა შემიძლია: არასოდეს გაჩერდნენ. ყოველთვის განვითარდნენ, რამე ახალი ისწავლონ, თუნდაც იმ სიტუაციაში შემოსავლის მოტანა არ შეეძლოს - გამოცდილება მაინც შეიძინონ; სიახლებს არასოდეს შეუშინდნენ.

ეთო ყორღანაშვილი