რას ურჩევს ეთო გუგავა კახა კალაძეს - გზაპრესი

რას ურჩევს ეთო გუგავა კახა კალაძეს

მსახიობი ეთო გუგავა პერიოდულად სოციალურ ქსელში აქტიურობს და პრობლემების შესახებ წერს. მის გაშუქებულ ამბებს რამდენჯერმე დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა...

გადავწყვიტეთ, მასთან იმ საკითხებზე გვესაუბრა, რაც დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე მეტად აწუხებს.

- პირადად მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ორ დიდ კოშმარს - საზოგადოებრივ დაპირისპირებასა და "კოვიდ 19"-ს შორის ვცხოვრობ. დაპირისპირება ჩვენთვის დამანგრეველია, რაც ჩვენს წინსვლაზე კატასტროფულად ცუდად მოქმედებს და მიჭირს, საქართველოს შესახებ შვილებს ვუთხრა, - ეს ქვეყანა თქვენი სამშობლოა, რომელსაც, თუ საჭირო გახდება, თავი უნდა შესწიროთ-მეთქი. არსებულ გარემოში ამის თქმა რთულია, როცა ჩემი შვილები ხედავენ, ადამიანებს ერთმანეთი როგორ სძულთ. ხალხმა ვიღაც პოლიტიკოსები გავაფეტიშეთ. არჩევნებში ხმას სამშობლოს მომავლისთვის კი არ ვაძლევთ, არამედ - გვარ-სახელებს ვირჩევთ, ანუ მათ, ვინც უფრო "გვეკარგტიპება", პირადი ჯიბის გასქელებაში ხელს გვიწყობს... ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მთავრობა იქნება, - ჩემი შემოსავალი და ცხოვრება ჩემი და მეუღლის ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მაგრამ არიან მაგალითად, ბიზნესმენები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ არსებული მთავრობა დარჩეს სათავეში; სხვა ბიზნესმენები, ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის, ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ და სურთ, ეს მთავრობა შეიცვალოს. საერთოდ, მსგავსი "დაახლოებულობა" ცუდ ფონს ქმნის. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მთავრობაში ვინმეს ყოფნა, პირადად მათთვის, არაფრის მომტანია, მაგრამ თითქოს არჩევნები შეჯიბრებაა და ფსონებს ცხენებზე დებენ. იმაზე არ ვფიქრობთ, იმ "ცხენის" გამარჯვება ქვეყნისთვის რისი მომტანია. იდეას კი არ ვაძლევთ ხმას, არამედ სახელებსა და გვარებს. ამ დაპირისპირებაში ძალიან ცუდი ქვეყანა გავხდით, ორად გავიყავით და ერთმანეთს ვხოცავთ. პრინციპში, მინდა თუ არა, მეც ამის მონაწილე ვხდები და ის ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, - აპოლიტიკურები ვართო. ეს ძალიან მაწუხებს. სიტუაციას გვერდიდან რომ შევხედოთ, გაუთავებელ ომს დავინახავთ იარაღის გარეშე. იარაღია ენა, სიტყვები... ასეთი საქართველო არ მიყვარს...

პანდემიას რაც შეეხება, ამანაც დაპირისპირება - პანდემიისგან თავის დახსნის საშუალება და მისი უარყოფა - გამოიწვია. პირადად მე, ვაქცინაციის მომხრე ვარ. განა ერთმანეთს ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ვეტყვით, - კარგი, რადგან შენ არ იცრები, იქნებ თავს მოუფრთხილდე, მოდი, პირბადე გაიკეთეო? არა, ვეუბნებით, - მკვლელი ხარო! ერთმანეთს ასე "ვხოცავთ". რეალურად, ომისთვის იარაღი საჭირო არ არის. ომისთვის საჭიროა მიზეზი, რატომ ვეომებით ერთმანეთს, მერე კი რითიც შეგვიძლია, ერთმანეთს ვებრძვით... ასეთ დაპირისპირებებს უკვე კატასტროფამდე მივყავართ. ვეღარ ვუძლებ. ხანდახან არაფერს ვკითხულობ და არც სოციალურ ქსელში ვწერ. თვეების შემდეგ "მომაწვება" და ისევ "მივაყრი" ხოლმე...

eto-1-1634651279.jpg

- სოციალურ ქსელში, ამა თუ იმ პრობლემის შესახებ თქვენს პოსტებს შედეგი მოჰყოლია?

- კი, თუნდაც დახარისხებული ნაგვისთვის ურნები რომ დადგეს, ამ თემაზე გადაღებულ ჩემს ვიდეოს ნახევარ მილიონზე მეტი "ნახვა" ჰქონდა. დიდი ამბავი იყო. მერიაც გამომეხმაურა... ასევე, ქუჩაში სრულიად შიშველი ბოშა ბავშვები რომ იწვნენ და მოწყალებას ითხოვდნენ, ამაზე გადაცემაც მომზადდა, პოლიციაც ჩაერთო, სოციალური სამსახურებიც და ფულის შოვნის ეს კონკრეტული მეთოდი აღმოიფხვრა. ვაქცინაციას რაც შეეხება, ბევრი ადამიანი დავარწმუნე, რომ აცრაში ცუდი არაფერია და რაღაც შეთქმულება, თითქოს "ცუდი ძიები" ჩიპს გვიდგამენ, სისულელეა, პროპაგანდაა, რომელსაც ადამიანები უნებლიეთ აჰყვნენ... ჩემმა "პოსტებმა", პირადმა მიმოწერებმა, შეკითხვებმა, გასაუბრებებმა შედეგი გამოიღო: ადამიანები უკვე "სქრინებს" მიგზავნიდნენ, როგორ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციისთვის ან მთხოვდნენ, დამერეგისტრირებინა...

- რამდენიმე დღის წინ კახა კალაძის "პოსტის" ქვეშ, რომელიც ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაწერა, კომენტარები შეაგროვეთ, სადაც ხალხი თავიანთი საცხოვრებელი ბინის პრობლემების შესახებ წერდა და თქვენს პრობლემასაც შეეხეთ. თქვენი საცხოვრებელი ბინა კონკრეტულად რა საფრთხის წინაშეა?

- ჩემს სახლთან, სანდრო ეულის ქუჩაზე არის მიწის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი, რომელიც პერიოდულად იყიდებოდა, - ვიღაცა ტყუვდებოდა, იყიდდა როგორც ასაშენებლად კარგ ფართობს, მერე აღმოჩნდებოდა, რომ მშენებლობის წამოწყება დაუშვებელი იყო, რადგან ნიადაგი ამის საშუალებას არ იძლეოდა და ა.შ. ეს ამბავი წლების განმავლობაში გრძელდებოდა... მერიას ვევედრებოდით, რაკი მშენებლობა ნებადართული არ არის, სკვერი გაეკეთებინა, სანამ მიწა ნაგავსაყრელად გადაიქცეოდა. რა თქმა უნდა, ამაზე უარს გვეუბნებოდნენ. ერთ დღესაც, აგვისტოში, აღნიშნულ მიწაზე მშენებლობა დაიწყო. შედეგად ჩემი სახლი ზანზარებს. ვერ წარმოიდგენთ, მაგიდაზე სადილი როგორ ლივლივებს. თავდაპირველად, ჭაღებს ვუყურებდით - ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა. მიწისძვრა გვეგონა, მერე თავბრუს ხვევას, მხედველობის პრობლემას დავაბრალე. აივნიდან გადავიხედე და - მიწის ნაკვეთზე უზარმაზარი სამშენებლო ტექნიკა გადაადგილდებოდა. რა თქმა უნდა, მეზობლები დაინტერესდნენ, ეზოში ჩავიდნენ და მშენებლობის წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლებოდა, რადგან მიწისქვეშა წყლები გადის. მით უმეტეს, ამ მიწის თავზე (ამაღლებულ ადგილას) სამი 16-სართულიანი კორპუსი დგას, რომლის ჩამოშლის საშიშროება ისედაც არსებობს. უპასუხეს, - კარგად ვიცით, რასაც ვაკეთებთ, აქ ხიმინჯებს გავაკეთებთ, წყალზე პრობლემა არ იქნებაო... მოკლედ, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, წყალზე აშენდება მშვენიერი კორპუსი - დიზაინი ძალიან კარგია... მანამდე, იქვე კლინიკა აშენდა, რომელთანაც "სასწრაფო დახმარების" ავტომობილი ვერასდროს აღწევს, რადგან 3 საცხოვრებელი კორპუსია, ვიწრო ქუჩაა, რომელშიც 1 მანქანა თუ შედის, დანარჩენები ვერ გამოდიან. ახლა კლინიკის ავტოსადგომზე, 3 კორპუსის მშენებლობა მალე დასრულდება. იქ ხალხი რომ შესახლდება და თავიანთი ავტომობილებით მოვლენ, ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდება. სწრაფი ნაბიჯით გავლაც კი ვერ მოხერხდება.

- თქვენი საცხოვრებელი კორპუსი საფრთხის შემცველ ადგილასაა აშენებული?

- ძალიან კარგად დგას, პროფესიონალების აშენებულია. წესით, დიდ დატვირთვასა და მიწისძვრებს უნდა გაუძლოს, მაგრამ - მეეჭვება, რადგან ჯერ ერთი, უკვე 40 წლისაა და თან, წამოწყებული მშენებლობის გამო, ფაქტობრივად, დღეში რამდენჯერმე მსუბუქი მიწისძვრაა. პლუს, კორპუსის განაპირა მხარეს, რომელიც უშუალოდ მშენებლობას დაჰყურებს, წარმოუდგენელი ამბავი ხდება - ყველაფერი ჟელიბონივით ლივლივებს... რასაკვირველია, კორპუსის ამხანაგობამ მერიას მიმართა, მაგრამ პასუხი არავის გაუცია. რა მშენებლობის შეჩერებაზეა საუბარი, როცა მას კომპანია "ანაგი" აწარმოებს? როგორც ამბობენ, მისი მფლობელი კალაძეა, ზოგმა თქვა - ივანიშვილის ძმაო, ზოგმა - ორივეო... არ ვიცი, მფლობელების შესახებ ინფორმაცია როგორ მოვიძიო...

eto-2-1634651265.jpg

- თბილისში მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ხალხის კომენტარები როგორ შეაგროვეთ?

- კალაძეს "პოსტზე" ჩემმა ახლობელმა მიუწერა - ბათუმელებზე ლოცვას რომ მორჩები, იქნებ მერე მოგვხედოო... კომენტარებით დავინტერესდი, "ჩავშალე" და რას ვხედავ? ყოველი მეორე დასაბუთებულად წერს, როგორ ენგრევა სახლი, უდევს ამის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა. ყველა კომენტარი დაახლოებით ასე იწყება: წლების განმავლობაში გევედრებით და ყურადღებას არ გვაქცევთ. იქნებ ახლა მაინც წაიკითხოთ, რასაც გწერთ, გთხოვთო... იცით, პრობლემა რაშია?.. მოქალაქე მერს ვევედრები, რომ მოწყალება მოიღოს და მოგვისმინოს. განა ვალდებულია, რომ მოვიდეს და მშენებლობა შეაჩეროს? არა, ყურადღების მოპყრობას ვემუდარებით. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც რაღაცის სათავეში ვსვამთ, მეფესავით ვეპყრობით. ბუნებრივია, მეფე ხარკს მოგვთხოვს. თუ მოქალაქეები მას ისე მოვექცევით, როგორც დაქირავებულ თანამშრომელს, რომელიც ცოტათი "ზემოთ" დავსვით, რაღაც საკითხი მივაბარეთ და ეცოდინება, რომ თუ დაკისრებულ საქმეს ვერ გააკეთებს, გავათავისუფლებთ, ვფიქრობ, შედეგს მივაღწევთ, მაგრამ რაღაცნაირი ხალხი ვართ - თუ ვინმე თანამდებობის პირი გახდება, ისეთი მოწიწებით ვექცევით, თითქოს რაღაც სერიოზული დამსახურება აქვს. კალაძე ფეხბურთელი იყო და ქალაქის მერი გახდა. რატომ უნდა მოვექცე როგორც დავით აღმაშენებელს, როცა არაფერი გაუკეთებია?! კი, სკვერები, ტროტუარები, ველობილიკები გააკეთა, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, ქალაქის მერი დიზაინერი კი არ არის, რომელიც გადაწყვეტს, სად საქანელა დადგას და სად - "აიწონა-დაიწონა"? ეგ ყველაზე სასაცილო საქმეა. ქალაქში გაცილებით მეტი საფრთხეებია. ხალხს ჭერი თავზე ენგრევა. წლების წინ, მიწისძვრის დროს, სოლოლაკი საერთოდ ჩამოიშალა. დღემდე დარჩა შენობები, რომელთა შეკეთებაც წინა ხელისუფლებამაც ვერ დაასრულა. ჯერ ადამიანის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნო, მერი ამიტომ ხარ. ბათუმის მერი მკლავებდაკაპიწებული, ცრემლებით სავსე თვალებით, ნანგრევებზე უნდა მდგარიყო და თითოეული კენჭი, ქვა უნდა აეღო, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები მოეძებნა. თუ ამას არ აკეთებდა, უნდა გადამდგარიყო. სხვა ქალაქის მერს რაც შეეხება, კი არ უნდა ლოცულობდეს, უნდა ზრუნავდეს, რომ ანალოგიური სიტუაცია მის ქალაქში არ მოხდეს.

იცით, რა მინდა ვკითხო იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც გაუმართლათ და თანამდებობებზე ისე მოხვდნენ? ქირურგიული ოპერაცია რომ დასჭირდეთ, მე გამაკეთებინებენ? ბოლო წლებია, მედიცინა მომწონს... არა, კბილსაც არ ამომაღებინებენ, რადგან სტომატოლოგი არა ვარ. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს! მოსახლეობის დიდი ნაწილი მისით იმიტომ არის აღფრთოვანებული, რომ კალაძის გემოვნება მოსწონთ. ეს ხომ აბსურდია? მოდი, მაშინ დემნა გვასალია პრეზიდენტად დავსვათ - მოდის პიკში დღეს ეგ არის.

- ლოცვის გარდა, კალაძემ თბილისობისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებისთვის გადარიცხა...

- კი, მაგრამ ჯერ ერთი, ეს იდეა თბილისელებს შორის გაჩნდა. ამაზე მთელი სოციალური ქსელი ალაპარაკდა. ყველა ვწერდით, რომ არ გვინდოდა "ონლაინ თბილისობა". ეს ბიუჯეტის, თბილისელების ფულია, პირადად კალაძეს არაფერი უჩუქებია. თავად თუ ვინმეს ეხმარება, ძალიან მაგარია, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ის თანხა ბათუმელებს თბილისელებმა ვაჩუქეთ, რასაც კალაძეც დაეთანხმა და ხელი მოაწერა. კარგია, რომ დაგვთანხმდა...

ეთო ყორღანაშვილი