"ლუკას რომ ვუყურებ, თავი სიზმარში მგონია" - გზაპრესი

"ლუკას რომ ვუყურებ, თავი სიზმარში მგონია"

ბოლო დროს მსახიობ ნატა გულიაშვილზე ბევრს საუბრობენ იმ გადაცემების გამო, რომლებშიც სკანდალურად წარმოჩინდა. გულშემატკივრების გამამხნევებელი კომენტარების პარალელურად, უამრავი არცთუ სასიამოვნო შეფასებები იწერებოდა სოციალურ ქსელებში, რომელთა წაკითხვა მე, გარეშე პირსაც კი ძალიან არ მსიამოვნებს. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, ნატასთან ინტერვიუ ჩამეწერა და ის არასკანდალური, საქმიანი კუთხით წარმომეჩინა. თუმცა, შორენა ბეგაშვილზე საუბარსაც ვერ ავუარეთ გვერდი...

- ძალიან აქტიური, გადარეული, ახტაჯანა ბავშვი ვიყავი. დავიბადე და გავიზარდე საბურთალოზე, მიცკევიჩზე. სახლთან ახლოს დიდი მოედანი გვქონდა, სადაც საღამოობით ვმართავდით დისკოთეკას. მთელი საბურთალოდან მოდიოდნენ ჩვენს სტადიონზე. იცოდნენ, რომ ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ერთგვარი ივენთი გვქონდა. პირველ სართულზე ვცხოვრობდი და დამაგრძელებლებით გვქონდა გაყვანილი "ხაზი" ჩემი სახლიდან სტადიონამდე, რომ მეზობლის დიდი მაგნიტოფონი ჩაგვერთო, რომელსაც ზოგჯერ ელემენტებითაც ვამუშავებდით. ცეკვის ჯგუფიც შევქმენით და ვასრულებდით რეპს, რომელიც იმ დროს ძალიან მოდური იყო... მიყვარდა "რეზინობანა", "ორდროშობანა", დავძვრებოდი ხეებზე... მოკლედ, ძალიან ცოცხალი და იდეებით სავსე ბავშვი ვიყავი.

- რატომ გადაწყვიტე მსახიობობა?

- დედაჩემი მსახიობი და რეჟისორია. ზუსტად 30 წელი მუშაობდა ტელევიზიაში, პირველ არხზე და ფაქტობრივად, მეც იქ გავიზარდე...

მახსოვს, 6-7 წლის ასაკში უკვე ვამბობდი, რომ მსახიობობა მინდოდა. დედ-მამა მხარში ამომიდგნენ, ბევრ რამეში დამეხმარნენ და თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჰოროსკოპით ლომი ვარ და ჩვენ პირდაპირ გვიწერია დახასიათებაში, რომ ხელოვნება - ეს ჩვენი სფეროა. "ლომების" უმრავლესობა არტისტი, რეჟისორი, მომღერალი ან მხატვარია. მსახიობობა ნამდვილად ჩემი პროფესია იყო და არასდროს მინანია, თეატრალურში რომ ჩავაბარე. თეატრი, კინო და ტელევიზია ჩემი ცხოვრებაა.

სტუდენტობა ყველაზე კარგი პერიოდი იყო. საოცარი რეჟისორის ხელში აღმოვჩნდით: გივი სარჩიმელიძისგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. გამიმართლა, რომ სტუდენტობის პირველსავე წელს გადამიღეს ჩეჩნურ მხატვრულ ფილმში "მარშო" (თავისუფლება). გადაღება პანკისში, ომალოსა და დუისში იყო.

- ფილმისთვის როგორ შეგარჩიეს?

- ფილმის რეჟისორი, მურად მაზაევი ჩვენთან, თეატრალურ უნივერსიტეტში სარეჟისოროზე სწავლობდა (ბუბა ხოტივარს ჰყავდა ჩეჩნური ჯგუფი, სადაც 15 ჩეჩენი ბიჭი იყო). ჰოდა, ერთხელაც მითხრეს, მურადს შენი გაცნობა უნდა, ფილმს იღებს და როლის შემოთავაზებას აპირებსო. ეს დიდწვერიანი ჩეჩენი ბიჭი რომ დავინახე, თავიდან შევშინდი, მაგრამ საოცრად კარგი ადამიანი აღმოჩნდა. სცენარი რომ წამაკითხა, ძალიან მომეწონა და როლზე დავთანხმდი. სხვათა შორის, ფილმის გადაღება "ოსკაროსანმა" მსახიობმა ვანესა რედგრეივმა დააფინანსა. ჩემთან ერთად თამაშობდნენ ნინო კობერიძე და მარიამ კუბლაშვილიც, რომელმაც მასწავლა ჩეჩნური ენა, ამ ფილმში მომიწია ამ ენაზე საუბარმა.

ფილმმა ბევრი პრიზი აიღო. გაიმარჯვა საფრანგეთისა და გერმანიის ფესტივალებზე და მეც გადმომცეს ჯილდო, როგორც "საუკეთესო მსახიობს". მადლობა უფალს, რომ ამ ფილმში მონაწილეობის საშუალება მომეცა...

ამ მხატვრული ფილმის შემდეგ გადამიღეს თემურ თათარაშვილის ვიდეოკლიპში "მე სანამ შენამდე მოვედი", სადაც ბოშა გოგონა ვითამაშე, მერე გოგიტა გოგიძის "ღამე, მე და შენ"-ში გადამიღეს, ასევე ბოშას როლში. შემდეგ იყო სერიალი "მუსკულები", მერე 2 წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ვთანამშრომლობდი და შემდეგ "ამტანებში" მივიღე მონაწილეობა.

- პოპულარობის გარდა, ამ რეალითი-შოუმ რა მოგიტანა?

- "ამტანი" იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩემს ცხოვრებაში. თვალწინ მიდგას ყოველი დღე, მაშინდელი ემოციებიც მახსოვს, რომ არ გვქონდა საჭმელი და ვცდილობდით მის მოპოვებას. უდიდესი მადლობა მამუკა ღლონტს, რომ ეს შანსი მომცა. სირთულისა და იმის მიუხედავად, რომ მაშინ გული ბევრჯერ მეტკინა, მაინც კარგად მახსენდება ის პერიოდი. სწორედ "ამტანების" შემდეგ ვიგრძენი საზოგადოების დიდი ყურადღება და სიყვარული, რაც დღემდე მომყვება - ამდენი წელი გავიდა და ადამიანების სიყვარულს ისევ ვგრძნობ.

- როგორც მსახიობს, ყველაზე დიდი წარმატება რამ მოგიტანა?

- ყველაზე დიდ წარმატებად ჩეჩნურ მხატვრულ ფილმს მივიჩნევ. დრამატული როლი იყო და ფილმის ოპერატორი, ბატონი ნუგზარ ნოზაძე მეუბნებოდა, - პირველი კურსის სტუდენტის მიერ ამ როლის ასეთი შესრულება მაკვირვებსო... დიდ წარმატებად მივიჩნევ "ნოტერდამ დე პარისში" ესმერალდას როლის შესრულებას, რამაც ათათურქის ოქროს მედალი და 10.000 ლირა მომიტანა. წარმატებული იყო ჩემი და ონისეს დუეტიც და ახლა, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მე და მომღერალმა ნინო ღავთაძემ ჩავწერეთ დუეტი და სულ მალე ვიდეორგოლსაც გადავიღებთ ერთ კარგ სიმღერაზე.

- ნატა, დედობამ რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?

- დედობა - ეს ენით აღუწერელი გრძნობაა, რამაც ძალიან შემცვალა. ჩემი შვილი - ლუკა რამიშვილი უკვე 6 წლისაა და რომ ვუყურებ, თავი სიზმარში მგონია. მიხარია, ასეთი დიდი ბედნიერება და საჩუქარი რომ მერგო წილად. ღმერთს ვთხოვ, ყველა ქალს მისცეს შვილი. ლუკა იმხელა სტიმულს მაძლევს და იმდენ სიხარულს მჩუქნის, რომ არ ვიცი, მის გარეშე რა უნდა მექნა... ვცდილობ, კარგი დედა ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ, შვილსაც არ ვაკლებ ყურადღებას. ხშირად ვსეირნობთ ერთად, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, მიმყავს ხოლმე სამსახურში, რაც ძალიან მოსწონს... ვფიქრობ, მომავალში კარგი მეგობრებიც ვიქნებით.

- შენს ახლანდელ სამსახურზეც გვიამბე...

- როგორც ივენთმენეჯერს, უკვე მიცნობთ, რადგან მაქვს უამრავი "გახსნა" გაკეთებული (რესტორნების, ლაუნჯების, მაღაზიების და ა.შ.). ხშირად ვაწყობ ღონისძიებებს, ვუძღვები სადღესასწაულო პროგრამებს... ასევე, ვარ ტელეკომპანია "თრიალეთის" მთავარი პროდიუსერი და მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა "ნატას გეიმ შოუ", სადაც სტუმრებს მოსვლა უხარიათ...

218944139-879341936271326-8282751465422360569-n-1634651667.jpg

- აუცილებლად უნდა გკითხო შენსა და შორენა ბეგაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალზე. როგორც ვიცი და შენც ხშირად აღნიშნავ, რომ მეგობრები იყავით. თქვენ შორის უკმაყოფილების მიზეზი რეალურად, რა გახდა?

- დიახ, ვიყავით კურსელები თეატრალურ უნივერსიტეტში და მერე მეზობლები გავხდით, როცა შორენამ თავის ყოფილ მეუღლესა და შვილთან ერთად ბინა იქირავა ჩემს მეზობლად. 4 წელი ცხოვრობდნენ იქ და თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. ისე მიყვარდა ეს წყვილი, რომ როცა უკვე "ამტანებში" ვმონაწილეობდი, ოჯახის წევრების გარდა, მათ ამბავსაც ხშირად ვკითხულობდი. მერე გადავიდნენ სხვაგან, მაგრამ ამის შემდეგაც გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა ისე, რომ მგონი, ყველა იმ სახლში, სადაც შორენა ცხოვრობდა, ნამყოფი ვარ.

უთანხმოების მიზეზი რა გახდა, ამაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ უნდა ვთქვა. მოგეხსენებათ, ამას წინათ შორენამ თავის გადაცემაში მიმიწვია და მანამდე ამ გადაცემის პროდიუსერი, ნიკა ხაჩიძეც შემეხმიანა, რომელსაც ასევე კარგად ვიცნობდი. ცხადია, მათ შემოთავაზებას დავთანხმდი. წინასწარ შევთანხმდით იმაზე, რომ ჩემთვის უნდა შეეკერათ წითელი შარვალ-კოსტიუმი (კაბაზე კატეგორიული უარი ვთქვი), ვარცხნილობაზეც ვისაუბრეთ და იმაზეც, თუ რას შემომთავაზებდნენ ესთეტიკურ ცენტრში. დამპირდნენ, რომ ვისაუბრებდით ჩემს შემოქმედებაზეც, წარმატებულ როლებზეც... თუმცა, გადაცემის ჩაწერისას შორენამ მხოლოდ ყვითელ თემებზე გაამახვილა ყურადღება...

- შესაძლებელია, შორენას სხვებმა ურჩიეს ან მოსთხოვეს, რომ საუბრის თემა შეეცვალა და ეს სულაც არ იყო მისი ინიციატივა...

- კარგი, გასაგებია, ყველას უნდა სკანდალური გამოვიდეს გადაცემა, მაგრამ შორენას, თუნდაც როგორც მეგობარს, მაინც შეეძლო, კითხვები ჩემს საქმიანობაზეც დაესვა და თუ პროდიუსერს რამე არ მოეწონებოდა, უბრალოდ ამოჭრიდნენ, მაგრამ შორენამ ეს არ გააკეთა... ნუ კარგი, არა უშავს, მაგრამ ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ სხვა პირობაც არ შეასრულა...

მოკლედ, ესთეტიკურ ცენტრში რომ მივედით, ხელმძღვანელმა, ალბინამ დამინახა თუ არა, ისე თბილად მომიკითხა, გამიკვირდა. მითხრა: ისეთი კარგი გოგო ხარ, რა გაგიკეთოთ და რით გაგალამაზოთ, არ ვიციო. კამერა იღებდა ამ ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ეკრანზე ვინ გაუშვებდა? არ ვიცი, მას და შორენას ახლა როგორი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ალბინამ აღნიშნა: მეზობლები რომ იყავით, ეტყობა ამიტომ დაემსგავსეთ ერთმანეთსო. მერე შორენას რუსულად უთხრა, - იცოდე, თუ ცუდად მოიქცევი, შენს პლაკატს ჩამოვხსნი და ნატას პლაკატს გავაკრავო. შვილს გეფიცებით, თუ სიტყვას ვამატებდე. შორენამ ამაზე გაიღიმა, მაგრამ როცა ეს სიტყვები ალბინამ მეორედაც უთხრა, მეც უხერხულად ვიგრძენი თავი, შორენა კი აშკარად გაღიზიანდა და ვითომ გაეხუმრა: ალბინა, ახლავე შედი შენს ოთახშიო...

სანამ ლოყებზე ცხიმის დაშლის პროცედურას დავიწყებდით, ალბინას ვთხოვე, შეიძლება რომ ბოტოქსი გამიკეთოთ-მეთქი? დამთანხმდა. ამაზე შორენა ლამის გაგიჟდა და ზუსტად 15 წუთი ეხვეწებოდა სპეციალისტს, ნატას ბოტოქსი არ გაუკეთოთო. რატომ? რა მიდიოდა მისგან? ვითომ მიმიკა აღარ გექნებაო. მთელი სახე ჩაბოტოქსებული აქვთ ადამიანებს და ჩემი ერთი ბოტოქსი რა პრობლემა იყო? თან იცოდა, რომ ორ კვირაში იწყებს ბოტოქსი მოქმედებას და ორი კვირის მერე რა მოუვიდოდა ჩემს სახეს, ეს რატომ აღელვებდა? გადაცემა ხომ უკვე ჩაწერილი იქნებოდა. მოკლედ, მაინც ჩემი გავიტანე და გამიკეთეს. იმ დროსვე ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო. ესთეტიკური ცენტრიდან რომ გავედით, მისაყვედურა, რა პანიკები ატეხეო?..

- ბუნებრივი ნატა მშვენიერი იყო და საერთოდ არ საჭიროებდა რაიმე ჩარევას - ასე ბევრი ფიქრობს... იქნებ შორენაც ამის გამო გეწინააღმდეგებოდა?

- მე ტუჩების გარდა, არაფერი მაქვს გაკეთებული, სხვებისგან განსხვავებით... თანაც, ახლა სახალხოდ დავდე პირობა, რომ წონაშიც დავიკლებ და ძველ ტუჩებსაც დავიბრუნებ, ამას თქვენც გპირდებით...

ჩემი ბოტოქსი არ იყო შორენას სადარდებელი, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ ჯერ კიდევ ესთეტიკურ ცენტრში ყოფნისას გაბრაზდა. ნეტავ რა ეგონა, მართლა ჩამოხსნიდნენ მის პლაკატს და ჩემსას გააკრავდნენ?.. აი, კიდევ ერთი სიტუაცია: დიზაინერებთან რომ წამიყვანეს, იქაც გავოცდი. ხომ შეთანხმებული ვიყავით, რომ ჩემთვის კოსტიუმი უნდა შეეკერათ, მაგრამ შეწუხებული სახით მითხრეს, შორენამ დარეკა, თეთრი კაბა შეუკერეთო, ამიტომ შარვალ-კოსტიუმზე არ ვიმუშავებთო. ამაზე მართლა გავგიჟდი. ჯერ ერთი, თეთრი ფერი არ მიყვარს და მეორეც, კაბის ჩაცმა არ მინდოდა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. შორენამ, - წინა გმირს ეცვა შარვალ-კოსტიუმი და შენც იმავეს ხომ არ ჩაიცვამო? მაშინ წითელი კაბა შემიკერეთ-მეთქი. - არა, თეთრი უნდა იყოსო. მოკლედ, დიზაინერები ცუდ დღეში ჩაცვივდნენ და ბოლოს მითხრეს, - ოღონდ ჩვენგან არ გეწყინოს რამეო და მთლიანობაში შემიკერეს 3 კაბა: თეთრი, წითელი და შავი - ოქროსფერი ორნამენტებით. კარგი, სამოსის ამბავი გადავყლაპე, მაგრამ თმაზეც პრობლემა შეიქმნა. სტილისტმა აუხსნა შორენას, რომ ვერც შინდისფრად შემიღებავდა და ვერც ყავისფრად, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნით, ექსპერიმენტები მაინც ჩამიტარეს. საშინელება მჭირდა, ფერი არ დაჯდა, ამიტომ ისევ შავად შემიღებეს და რაც მთავარია, თმა დამიმოკლეს, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ რასაც დამპირდნენ, თითქმის არაფერი შეასრულეს და ამაზე მქონდა პრეტენზია. მართლა ძალიან მეწყინა შორენასგან, ასე რომ მომექცა. მერე ინტერვიუში თქვა: ნატა მე მბაძავს და მე რომ არ მგავდეს, თმა ამიტომ შევჭერით. გვინდოდა, ნატა თავის თავს დამსგავსებოდაო. რაც თავი მახსოვს, გრძელი თმა მაქვს, თვითონ ჰქონდა სულ კისრამდე და შავადაც ბოლო წლებში შეიღება და კიდევ მე ვბაძავ? ცხვირიც მე გავიკეთე? ალბათ ჰგონია, ვცდილობ მისი კონკურენტი ვიყო, არადა, ასე ნამდვილად არ არის. რა გამოვიდა, ის თეთრი კაბა იმიტომ ჩამაცვა, რომ 400 კილო გამოვჩენილიყავი და ამით გავებანძებინე? კარგი, შეიძლება მე რაღაც მომეჩვენა, მაგრამ გარშემო მყოფებიც რომ აღნიშნავენ, მართალი ხარ, ეს კაბა არ უნდა ჩაგეცვაო, ამას რა ვუყოთ? ბევრი და მათ შორის ცნობილი ადამიანებიც მეუბნებიან, - რაც შორენამ გაგიკეთა, ამას მეგობარს კი არა, მტერსაც არ გაუკეთებენო...

245050781-3686528594783281-1792349790079315959-n-1634651650.jpg

- გადაცემის მერე თუ შეხვდით და ისაუბრეთ?

- არა, ამის მერე არანაირი კონტაქტი არ მქონია. ის კი არა, "ფეისბუკ"-მეგობრებიდანაც წამშალა. საოცრებაა. თურმე არ ვიცნობდი ამ ადამიანს, თავი სიზმარში მგონია და მართლა ძალიან მწყინს. ალბათ უნდოდა ამ გადაცემით ვიღაცებისთვის დაემტკიცებინა, რომ ჩემზე მაგარი გოგოა.

- მე ვფიქრობ, რომ ორივეს თქვენ-თქვენი ნიშა გაქვთ და მეგობრული ურთიერთობის გაფუჭება ვიღაცისთვის რაიმეს დასამტკიცებლად, ნამდვილად არ ღირდა...

- აი, მეც ზუსტად მაგას ვამბობ, ერთი გადაცემა უღირდა ურთიერთობის გაფუჭებად? ჩემს გამწარებად? რითი უნდა დავმსგავსებოდი მე მას, როცა ტუჩების გარდა არაფერი მაქვს დამატებული?! მართალია, მეგობარი რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა ასე არ მწყენოდა ეს ყველაფერი.

მერწმუნეთ, მე არ ვარ მარტო გოგონა რეალითი-შოუდან, შინაგანად არ გახლავართ სკანდალური ადამიანი, მაგრამ ვერ მოვითმენ, როცა უსამართლოდ მექცევიან. არავის არაფერს დავუთმობ. ჩემს დამცირებას არავის ვაპატიებ. კონფლიქტს მე არასდროს ვიწყებ და ამიერიდან არც არავის მივცემ საშუალებას, უსამართლოდ მატკინოს გული... მადლობა ღმერთს, ბევრი ადამიანი მიცნობს და მგულშემატკივრობს. ცუდი კომენტარების პარალელურად, უამრავი დადებითი წერილი მომდის და ეს ადამიანები მაძლევენ ძალას და სტიმულს საიმისოდ, რომ კარგად ვიყო, პროექტებსა და საქმეზე ვიფიქრო, ღონისძიებები დავგეგმო. ადამიანებო, მიყვარხართ, მე თქვენ მაძლიერებთ.

ლიკა ქაჯაია