"საკუთარი თავი გოიმად მიმაჩნდა" - გზაპრესი

"საკუთარი თავი გოიმად მიმაჩნდა"

- ნინი, წარმოიდგინე, რომ არავინ გიცნობს. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენ - ვინ ხარ?

- საკუთარი თავის დახასიათება რთულია, მაგრამ ჩემს სახლში ამბობენ, რომ უჟმური ვარ, სამსახურში კი - ძალიან მხიარული. თავად მიმაჩნია, რომ მხიარული ვარ, რადგან ისეთ ხალხთან მიწევს მუშაობა, სხვაგვარად არც გამოდის. ვფიქრობ, მეგობრული ვარ. საერთოდ, ადამიანები მიყვარს. ბევრი მეგობარი მყავს. ყველაში რაღაც დადებით თვისებას ვპოულობ და მარტივად ვიყვარებ. შეიძლება ეს კარგი თვისება არც არის, მაგრამ ადამიანებს ადვილად ვენდობი, მიყვარდება (მეგობრულად)...

- როგორი ადამიანი ვერ იქნება შენ გვერდით?

- ეჭვიანი. მართლა ვერ ვიტან, როცა უაზროდ ეჭვიანები არიან და ყველაფერზე გეწუწუნებიან: - ვაიმე, რატომ, როგორო? ყველა ნაბიჯს გიკონტროლებენ... ასეთ დროს ვიბოჭები. ასევე, მატყუარა ადამიანი ძალიან მბოჭავს: პატარა ტყუილში თუ "დავიჭირე", ურთიერთობას იქვე ვასრულებ. კიდევ, პირფერ ადამიანთან, ვინც მიღიმის, ზურგს უკან კი ძირს მითხრის, ვერასდროს ვიკონტაქტებ. ზედმეტად მომთხოვნები და ეგოისტი ადამიანებიც არ მიყვარს... მოკლედ, მეგობრული, მხიარული, გულთბილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა მომწონს.

- რისი კომპლექსი გაქვს?

- საერთოდ, კომპლიმენტის მიღების კომპლექსი მაქვს (იცინის)... რაღაცნაირად, მადლობასაც მოწიწებით ვიხდი - მეც არ ვიცი, რა მემართება...

- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა უთქვამთ?

- სკეტჩებიდან გამომდინარე, მაგალითად, ბოლო დროს ასეთ კომპლიმენტს ვიღებ: ქალი კი არა, შამპუნის რეკლამა ხარო (იცინის)...

- ვინმე გძულს?

- არა. არის შემთხვევები, როცა ვინმეზე ვბრაზდები, მაგრამ მალევე ვივიწყებ. სიძულვილი ნამდვილად არ შემიძლია.

- ამჟამინდელი საქმიანობის გარდა, ყველაზე უკეთ რა საქმე გამოგდის?

- სამზარეულოში ტრიალი, ოღონდ - თუ სახლში მარტო ვარ, ხელს არავინ მიშლის. რასაც ვამზადებ, კარგად გამომდის. ისიც მიყვარს, როცა ჩემ მიერ მომზადებულ კერძს სხვა სინჯავს და მოსწონს. ხაზს უსვამენ ხოლმე, რომ კულინარიული ნიჭი მაქვს.

- როცა ადამიანს პირადად პირველად ხვდები, შენს ყურადღებას მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- სახე, თვალები, მერე კი - ჩაცმის სტილი, სუნამო და ხელის თითები. როცა უკვე კონტაქტში შევდივარ, მნიშვნელოვანია საუბრის მანერა და ჩვენი აზრების თანხვედრა იმ თემაზე, რომელზეც ვსაუბრობთ.

- შენთვის როგორი გარემოა კომფორტული?

- მეგობრული. უჟმური ადამიანების (ცხოვრება რომ ეზარებათ და კითხვებზე მოკლედ, "კი" და "არათი" გპასუხობენ) გარემოცვაში დაძაბული ვარ: ვიბოჭები, ვერ ვკონტაქტობ.

- პირველი სიყვარული როდის გეწვია?

- დაახლოებით 14 წლის ვიყავი. ბავშვური გატაცება იყო, რომელიც 1 წელს გაგრძელდა - "სიყვარულსაც" ვერ დავარქმევ. ასაკით ცოტათი ჩემზე უფროსი იყო. მასთან შეხვედრაზე მარტო არ მივდიოდი - მამიდაშვილი მიმყავდა ხოლმე. შემდეგ, ლეკვი მაჩუქა და მერე უკვე მასთან შესახვედრად მარტო გავდიოდი - მის მიმართ ნდობა გამიჩნდა (იცინის).

- საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა შეგქმნია?

- არა, არასოდეს. იმედია, არც შემექმნება. რაღაცას რომ გავაკეთებ და სხვა მეტყვის, - კარგად გამოგივიდაო, მაინც ჩემს თავს ვაკრიტიკებ. თავს ვაჯერებ, რომ მიზნამდე ბოლომდე მისული არ ვარ და კიდევ მეტის გაკეთება შემიძლია.

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- მგონი, არაფერი... არც ვეწევი, არც ვსვამ...

- მაშინ გვითხარი, შენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რას მიიჩნევ?

- საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, მით უმეტეს - საუკეთესო თვისების დასახელება... ჩემს თავზე კარგს მაინც არ ვიტყვი - რასაც სამსახურში მეუბნებიან, იმას გაგიმეორებ (იცინის): გულწრფელი, გულთბილი, მოსიყვარულე ადამიანი ხარ და ეს თვისებები საუკეთესოდ მიგვაჩნიაო...

- როგორი ადამიანი მიგაჩნია გოიმად?

- საკუთარი პირადი ცხოვრება რომ არ გააჩნია და სხვისაში ხელებს აფათურებს; კიდევ - ისეთი ადამიანი, ვინც ვიღაცის ჭორს აჰყვება. მაგალითად, ასეთი შემთხვევები მქონდა: ჩემი მონაწილეობით გადაღებულ კლიპსა თუ სკეტჩზე უარყოფით კომენტარებს რომ წერდნენ, განვიცდიდი. შემდეგ ჩემი თავი დავაჯერე: - რატომ უნდა აჰყვე? გოიმები, ბოღმიანები, გაბოროტებულები არიან-მეთქი. მაშინ საკუთარი თავი გოიმად მიმაჩნდა, რადგან მათ კომენტარებს ვყვებოდი და ვბრაზობდი.

- ყველაზე ხშირად ვის და რის გამო ეკამათები?

- ყველაზე ხშირად სახლში ვკამათობთ: დღემდე დედა ჭამასთან დაკავშირებით მეკამათება, რადგან ძალიან ცუდად ვიკვებები - ამას ვაღიარებ, მაგრამ ვეუბნები, - დამანებეთ თავი, ჩემი ცხოვრება მაქვს და ამ ყველაფერს თავად გადავწყვეტ-მეთქი (იცინის). მზა საკვებს ვიღებ, რაც არ მოსწონს. ჩემს ძმასთანაც ვკამათობდი, მაგრამ ისეთი სიხშირით - არა, როგორც დედასთან. მაგალითად, ჩვენი კამათის საგანი იყო, თუ რატომ აიღო ჩემი მობილური ტელეფონის დამტენი, როცა თავისიც ჰქონდა (იცინის)?..

- დიეტა დაგიცავს?

- კი. დღემდე დიეტას ვიცავ: საღამოს 6 საათის მერე არ ვჭამ. ცომეულს არ ვიღებ. ერთადერთი, ტკბილეულზე უარს ვერ ვამბობ - კვების რაციონიდან არასოდეს ამომიღია. შემიძლია მთელი დღე ტკბილეული მივირთვა და სხვა საკვებს არ გავეკარო. ვგრძნობ, ორგანიზმი მისუსტდება, როცა ტკბილს არ ვიღებ. ჭარბი წონა არასოდეს მქონია, რომ შევეწუხებინე, მაგრამ თავს მაინც ვაკონტროლებ.

- კვების რეჟიმი არასოდეს დაგირღვევია?

- დიდი ხანია, ასეთი რეჟიმი მაქვს. ხანდახან ცოტათი ვარღვევ, როცა მაგალითად, დაბადების დღის წვეულებაზე ვარ, მაგრამ საღამოს ტორტს არ მივირთმევ.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- სხვათა შორის, ჩვენი მიშა ანდღულაძის წიგნი - "ნადგომი წყალი". ძალიან კარგი, დამაფიქრებელი, ცხოვრებისეული წიგნია. ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა - არ ველოდი...

- ავტორს გაუზიარე შთაბეჭდილებები?

- კი, რა თქმა უნდა. საერთოდ, მიშა ისეთი ადამიანია, რომელსაც ძალიან კარგი ცხოვრებისეული რჩევების მოცემა შეუძლია. მისი წიგნის წაკითხვის შემდეგ, რაღაც კითხვები გამიჩნდა, მიშას გავუზიარე და ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ შორის კარგი საუბარი შედგა.

- ამჟამად რომელ სერიალს უყურებ?

- "ქაღალდის სახლს" და "ჩემი ცოლის დაქალებს". სამწუხაროდ, ბევრი დროც არ მრჩება, რომ დავჯდე და ტელევიზორს ვუყურო. მუშაობა შაბათ-კვირასაც მიწევს.

- რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებ უპირატესობას?

- "ინსტაგრამს", შემდეგ - "ფეისბუკს", "ტიკ-ტოკს".

- ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი რა ყოფილა, როცა სოციალური ქსელით არ გისარგებლია?

- ახლახან, "ფეისბუკზე" შეფერხება რომ მოხდა, დაახლოებით საღამოს 9 საათიდან სოციალურ ქსელებში შესვლას ვცდილობდი. "ინსტაგრამს" და "ტიკ-ტოკსაც" ვერ ვიყენებდი... შემდეგ, დილის 7 საათზე იმ იმედით გამეღვიძა, რომ ხარვეზი გამოსწორებული დამხვდებოდა. მანამდე ვერც ტელევიზორს ვუყურე, ვერც ოჯახის წევრებს ვეკონტაქტე. მეღადავებოდნენ, - სოციალურ ქსელზე ძალიან დამოკიდებული ყოფილხარო. მართლა ასეა: თვალებს რომ ვახელ, ეგრევე ტელეფონს ვიღებ, რომ სოციალურ ქსელში შევიდე და "ავსქროლო".

a9785949-b5a1-40b9-9de8-ac2fa202026a-copy-1634899457.jpeg

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- ძირითადად, დავფრინავ, შემდეგ ბედნიერი ვიღვიძებ. ხშირად არ ვნახულობ სიზმრებს და არც ისეთი რამე მესიზმრება, რომ დილით წყალს მოვუყვე.

- ცრურწმენების გჯერა?

- მაგალითად, მარილი რომ დაიყრება და თითქოს ჩხუბი მოხდება, ასეთი რაღაცების არ მჯერა, მაგრამ რაღაც-რაღაცების შეიძლება მჯეროდეს.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- სიზმარში რომ დავფრინავ, ძალიან მსიამოვნებს. ფრენა რეალურ ცხოვრებაშიც რომ შემეძლოს, გადავფრინდებოდი, საცობებს თავს ავარიდებდი...

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ალბათ, მხიარული ადამიანების სიაში შევიდოდი და სამყაროს დადებითი ემოციებით გავამხიარულებდი. მიმაჩნია, რომ დღეს ეს მართლა მნიშვნელოვანია.

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- თავაზიანად ვიშორებ. ძალიან ამართლებს, როცა ადამიანს მშვიდად, წყნარად ელაპარაკები. თუ სოციალურ ქსელში შეტყობინებას მიგზავნის, ყურადღებას არ ვაქცევ, არც "ვსინავ", მაგრამ ვკითხულობ, რა მომწერა. როცა მიმაჩნია, რომ პასუხის გაცემა საჭირო არაა, ნერვებს არ ვიშლი და ჩემს საქმეს ვაგრძელებ.

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- დაახლოებით 1 კვირის წინ სუნამო მაჩუქეს, რომელიც ძალიან მიყვარს. გამიხარდა. იმ ადამიანის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს, მაგრამ ასე ვთქვათ, ფლირტის ეპიზოდი გვქონდა. საჩუქრის აღებას არც ვაპირებდი, მაგრამ თავად მთხოვა, - ძალიან გამიხარდებაო...

- შენი აზრით, რა არის სიყვარული?

- პირველ რიგში, ნდობა (მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრული სიყვარული იქნება თუ ქალვაჟური). თუ ადამიანის მიმართ ნდობა გამიჩნდა, ესე იგი, ის ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია.

- შენი ცხოვრების მთავარი ღირებულება რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- წინდახედულoბა. საერთოდ, პრინციპული ადამიანი ვარ. ყველაფერს ვგეგმავ და ისე ვაკეთებ. გადაწყვეტილებებს სწრაფად არ ვიღებ. მქონია შემთხვევა, როცა დაუფიქრებლად გადავდგი ნაბიჯი, მერე კი - ვინანე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჯერ გავიაზრო, ჩემი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაზე რამდენად დადებითად აისახება და მერე ვიმოქმედო. ყველაფერს ამ პრინციპით ვაკეთებ...

ეთო ყორღანაშვილი