რატომ არ მოსწონს ნუცა ჯანელიძეს სოციალური ქსელები - გზაპრესი

რატომ არ მოსწონს ნუცა ჯანელიძეს სოციალური ქსელები

ყოველთვის ღიმილიანი, პოზიტიური და ხალისიანი - ასეთად იცნობს ჩვენი საზოგადოება ნუცა ჯანელიძეს. როგორ ინარჩუნებს მხნეობასა და ოპტიმიზმს? - ამის თაობაზე მუსიკოსი თავად გვესაუბრება.

- როგორ ვინარჩუნებ მხნეობას? - ჩემი საიდუმლო ძალიან მარტივია: უნდა ვეცადოთ, პოლიტიკაში არ ჩავერიოთ და ისეთი თემების გარჩევა არ დავიწყოთ, რომელიც დღეს ჩაგვიმწარებს. მეორე "რეცეპტიც" მაქვს: ვიღაცას ბოროტად არ უნდა მოვექცეთ და ცუდი არ ვუსურვოთ, თორემ ბუმერანგივით უკან მოგვიბრუნდება. რა თქმა უნდა, პრობლემები მეც მაქვს, მაგრამ სხვისთვის თავს მოხვევა არ მიყვარს. შეიძლება წავიდე და მეგობარს ან ახლობელს ვეწუწუნო, მაგრამ რა?.. ამით სხვასაც გულს დავუმძიმებ და საკუთარ თავსაც ვერ ვუშველი. ყველაზე დიდ სტიმულს კი ჩემი საქმე მაძლევს - საქმე, რომელიც მიყვარს და ამდენი წელია ვემსახურები.

- როგორ დაიწყო თქვენი გატაცება მუსიკით?

- არც კი მახსოვს, ამ საოცარ სამყაროში როგორ აღმოვჩნდი, რადგან დედაჩემიც მუსიკოსი - ვოკალისტი იყო. მას კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. მუსიკის სიყვარული ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა - ბებიაჩემი ქუთაისის საეკლესიო გუნდში მღეროდა, სადაც რეგენტები ზაქარია ფალიაშვილის ძმები იყვნენ. მეც ორი-სამი წლის ასაკიდან ვმღეროდი... ერთხელ ჩემი მშობლები კიკეთში ამოსულან, სადაც ბებიასთან დამტოვეს. ქუჩაში ვიღაც ბავშვის ხმა გაუგონიათ, რომელიც ძალიან ლამაზად ასრულებდა სიმღერას ფილმიდან - "ჭრიჭინა", მაშინ ძალიან პოპულარული იყო. დედაჩემს უთქვამს: ალბათ ამ ბავშვის დედა რა ბედნიერია, ნეტავ, ჩვენს შვილსაც გამოჰყვეს ასეთი ნიჭიო... სახლში რომ შემოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს "მომღერალი" მე ვიყავი. რა თქმა უნდა, გაიხარეს და სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ მუსიკოსი უნდა გამოვსულიყავი. მოგვიანებით ბევრი კომპოზიტორი ამბობდა: ნუცას ისეთი სმენა აქვს, ხმას თითქოს ნემსის ყუნწში აძვრენსო. არ მინდა, ვინმემ თავის ქებად ჩამითვალოს, მაგრამ ასეა. მშობლებმაც, როგორც კი შენიშნეს, რომ კარგი სმენა მქონდა, მუსიკის პედაგოგთან მიმიყვანეს. გამოგიტყდებით, ზოგიერთი ნაწარმოების დაკვრა მიყვარდა, ზოგიერთის - არა და ამის გამო, სწავლა ცოტათი მეზარებოდა, მაგრამ მასწავლებელი რასაც დამავალებდა, ყველაფერს ვასრულებდი. ასე თანდათან "მოვიწამლე" მუსიკით და საბოლოოდ გადავწყვიტე, კონცერტმaისტერი გავმხდარიყავი. ეს ჩემი საყვარელი საქმე გახდა, რომელსაც დღემდე ვერ ვთმობ.

- ბევრ ცნობილ მომღერალთან და კომპოზიტორთან თანამშრომლობდით...

- ყველასთან მიმუშავია, გარდა ნანი ბრეგვაძისა. ამიტომ ყველას აქ ჩამოთვლა გამიჭირდება: გოგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე, მაცაცო სებისკვერაძე, ნანული აბესაძე, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე - ამ უნიჭიერეს ხალხთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. ერთხელ თამარ გვერდწითელსაც გავუწიე პარტნიორობა, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული და კონცერტზე გამოვიდა. მისი სიმღერის შესასწავლად მხოლოდ ერთი დღე მქონდა, მაგრამ ისე ვიმუშავეთ, რომ საღამოს ყველას ეგონა, ამ სიმღერაზე ალბათ ორი კვირა მაინც ივარჯიშესო. სხვათა შორის, ერთი "ნაკლიც" მაქვს: ჩვენი ცნობილი, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორები რაღაც ახალ სიმღერას რომ დაწერდნენ, მე მაშინვე ზეპირად ვსწავლობდი, მერე ზეპირად ვუკრავდი და ამ სიმღერების ნოტები არ არსებობს. მაგალითად, გოგი ცაბაძის "ვაი, შენ, წუთისოფელო" - ნოტები შემორჩენილი არ არის. ვინმეს სწავლა რომ მოუნდეს, "იუთუბზე" უნდა იპოვოს და იქიდან ისწავლოს.

- ცნობილია, რომ ხელოვანები რთული ხალხია. ძნელია ნიჭიერ ხალხთან მუშაობა?

- არ მიყვარს რაღაცების გართულება. რამდენჯერ ცუდად ვყოფილვარ, გაღიმების თავიც არ მქონია, მაგრამ სცენაზე ისე გამოვსულვარ, ეს არავის გაუგია. ჩვენი მისიაა, მომღერალს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და თუ საჭიროა, დავეხმაროთ კიდეც. თუ პროფესიონალი ხარ და საქმე გიყვარს, ნებისმიერი სირთულის დაძლევა შესაძლებელია.

- რეპეტიციებსა და კონცერტებზე ალბათ სახალისო ამბებიც ხდებოდა...

- როგორ არა! ძალიან სახალისო იყო ეთერ კაკულიასთან მუშაობა, რომელიც საოცარი ადამიანი გახლდათ და იუმორიც განსაკუთრებული ჰქონდა. ძალიან ენაკვიმატი იყო გოგი დოლიძეც. ის ზაურ ბოლქვაძესთან ერთად კვარტეტში მღეროდა. ერთხელ რეპეტიციაზე მითხრა: არა, მამა, ასე არაფერი გამოგვივაო. - რატომ-მეთქი? - რატომ და, ყველამ ზაურა ბოლქვაძეს უნდა ვუყუროთ: რა ვიცით, მაგი რა ხასიათზე იქნება - ხან გრძლად მღერის, ხან - მოკლედ და როგორც იმღერებს, ჩვენც უნდა ავყვეთო.

კარგად მახსენდება 1996-2000 წლები, როცა ანსამბლ "ფორტესთან" ერთად მოსკოვში ვცხოვრობდი. იქაურებისთვის "თბილისო", "სულიკო" და "მე რა მამღერებს" ყველაზე საყვარელი სიმღერებია. სულ გვეხვეწებოდნენ, რომელიმე შეგვესრულებინა. სიგიჟემდე უყვართ "არგო", რა დონის კონცერტიც უნდა ჩატარდეს, ბოლოს მაინც "არგოთი" ასრულებენ. იქ ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მუსიკა ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას, ის საზღვრებს არღვევს და მტრებსაც კი ამეგობრებს. მუსიკას იმხელა დრო და ენერგია მიაქვს, იმდენად აქტიური ცხოვრება გავიარე, რომ ეს წლები არც კი ვიცი, სად და როგორ გამიფრინდა.

nuca-janelidze-copy-1634899871.jpg

- კარიერა ბევრ ქალს უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში. თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?

- იმდენად ლაღი და ხალისიანი ცხოვრება მქონდა, რომ შეიძლება ასეც ითქვას. ახლა პანდემიამ დაგვაბრკოლა, თორემ კოლეგები ყოველი კონცერტის შემდეგ ვიკრიბებოდით, ხან ბარში მივდიოდით, ხან ვინმესთან სტუმრად ან ქალაქგარეთ გავდიოდით და ძალიან ლამაზ, ბრჭყვიალა საღამოებს ვაწყობდით. ცხადია, ოჯახმა და მეგობრებმაც იცოდნენ, რომ ცუდად არ მოვიქცეოდი, მაგრამ პირად ცხოვრებაზე როცა საუბრობენ, სულ ეს გენიალური სიტყვები მახსენდება: "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების"... რაც უნდა მოინდომო, საკუთარ პრინციპებსაც რომ გადაახტე, შენს ცხოვრებაში მაინც ვერაფერს შეცვლი, თუ ეს ღვთის ნებით არ გადაწყდა. მართალია, მოძღვარი არ მყავს, მაგრამ უფლის რწმენა ყოველთვის მქონდა, დილით სანთლის დანთების გარეშე სახლიდან არ გამოვალ. სკოლა რომ დავამთავრე, საერთოდ, მონასტერში წასვლა მინდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.

- არჩევნის წინაშე რომ ყოფილიყავით - ან ოჯახი, ან - კარიერა, რომელს ამჯობინებდით?

- მქონდა პერიოდი, როცა ვფიქრობდი, ჩემს პროფესიას თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ საბოლოო არჩევანი საქმის სასარგებლოდ გავაკეთე. ძალიან გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი ძმისშვილები და მათი შვილები მყავს - ეს არის ჩემი ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს.

- ქალბატონო ნუცა, "ფეისბუკში" და სოციალურ ქსელებში აქტიური ხართ?

- არა, "ფეისბუკში" საერთოდ არა ვარ. მართალია, იქ ვიღაცამ ჩემი სახელით გვერდი შექმნა და ჩემი ფოტოებიც დადო, მაგრამ ყველას, ვინც მწერს და მსაყვედურობს, პასუხი რატომ არ გამეციო, მინდა ვუთხრა: ხალხო, ეს ჩემი გვერდი არ არის, მე არ ვარ. ვინც ეს გვერდი შექმნა, ეტყობა, ჩემი გულშემატკივარია და მადლობაც გადავუხადე ყურადღებისთვის, მაგრამ თქვენი ჟურნალის მეშვეობით ყველას ვეუბნები: მე არა ვარ "ფეისბუკის" მომხმარებელი. მიზეზი მარტივია: არ მინდა, სოციალურ ქსელზე ზედმეტად დამოკიდებული გავხდე.

- დაბოლოს, პანდემიის პერიოდი როგორ გაიარეთ - "კოვიდ 19"-ს თუ გადაურჩით?

- ჯერჯერობით „კოვიდსაც“ გადავურჩი და აცრის გაკეთებაც მოვასწარი: მეორე აცრა 5 ივნისს გავიკეთე. დეპრესია და უიმედობის განცდაც არ მქონია, რადგან სულ ვმუშაობდი. მადლობა ღმერთს, სამსახური მაქვს - ბავშვებს ვასწავლი. ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ "მოდი ნახესთან" გავაკეთეთ საბავშვო სტუდია და იქაც ვმუშაობ. პარალელურად, ტელევიზიაშიც ვარ, გადაცემაში "მუსიკალური თამაშები". ასე რომ, არ გავჩერებულვარ და სულ ჩემი კოლეგების ბედი მაწუხებს, ვინც მთლიანად კორპორაციულ კონცერტებზეა დამოკიდებული.

ხათუნა ჩიგოგიძე