მარიამ სანოგოს "მე თვითონ", ცინიზმი და გულწრფელობა - გზაპრესი

მარიამ სანოგოს "მე თვითონ", ცინიზმი და გულწრფელობა

"უჩვეულო გულწრფელობა, გარშემო მყოფთა მიმართ კეთილი დამოკიდებულება და სხვათა ნაკლოვანებების მიმართ ტოლერანტული მიდგომა მას საზოგადოებაში განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას უხვეჭს. პერიოდულად მისთვის სულიერი სიცარიელის და მარტოობის განცდა უცხო არ არის, ხშირად ცინიკოსია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი ტელეწამყვან მარიამ სანოგოს ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია საინტერესო მეცნიერებაა, პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ შესწავლილი მაქვს ჩემი ნიშანი, ვიცი, როგორ მახასიათებენ. ვერ ვიტყვი, დილით სახლიდან ისე არ გავდივარ, ასტროლოგთა პროგნოზს თუ არ გავეცანი-მეთქი, მაგრამ გაფრთხილება და ცოდნა კარგია, მზად შეგიძლია დახვდე ამა თუ იმ მოვლენას.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ღორის წელში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული ზნეობრივი თვისებებითა და სულიერი სიძლიერით გამოირჩევიან, ასევე ახასიათებთ გაჯიუტება, სიფიცხე და ზედმეტი ემოციურობა, ასეა?

- ყველა დეტალს ვეთანხმები (იცინის), ზუსტად ჩემი აღწერაა.

- რა დროს ჯიუტდები?

- ჩემი პრინციპები მაქვს, რომლებსაც არასდროს ვღალატობ. ზოგჯერ ეს სიჯიუტის ფორმას იღებს. ჩემებური შეხედულება, პირადი დამოკიდებულება მაქვს მოვლენების, ადამიანების მიმართ და ეს ჩემი პრინციპებითაა განპირობებული. სხვათა შორის, სიჯიუტე მიზნის დასახვის და მერე იმ მიზნამდე მისასვლელი გზის წარმატებით გავლაშიც მეხმარება.

- ვფიქრობ, ამაში კარგად განვითარებული ინტუიციაც გეხმარება.

- მართალია, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს.

- ფიცხ ხასიათზე რას გვეტყვი?

- საერთოდ, არაკონფლიქტური ვარ, ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან დიდი კონტროლის ხარჯზე ხდება. არ დავმალავ, ემოციური "აფეთქებები" მქონია, მაგრამ არ მინანია. იმ ყველაფერს წინ იმდენი ფიქრი უძღოდა, რომ... რასაც ვაკეთებ, მერე აღარ ვნანობ.

- "უჩვეულო გულწრფელობა, გარშემო მყოფთა მიმართ კეთილი დამოკიდებულება და სხვათა ნაკლოვანებების მიმართ ტოლერანტული მიდგომა მას საზოგადოებაში განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას უხვეჭს".

- ახლა იმდენი კარგი რაღაც თქვი, უნდა დაგეთანხმო, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ გულწრფელი ადამიანი ვარ, იმდენად გულწრფელი, რომ ხშირად ამ თვისების გამო სინანულიც მქონია. დროთა განმავლობაში ვისწავლე, ვისთან შეიძლება ვიყო ბოლომდე გულწრფელი, ვის შეიძლება ეწყინოს ჩემი გულწრფელობა. ყოველთვის ვცდილობ, არც საკუთარ თავს ვავნო და არც - სხვას.

- ემოციების დაფარვა გიჭირს?

- მიჭირს. ზედმეტი ემოციურობა ხელის შემშლელი შეიძლება იყოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სამსახურში, საკმაოდ მშვიდი და წყნარი ვარ, შინ - ხმაურიანი და ემოციური.

- "გემოვნებიანი ჩაცმით გამოირჩევა და საცხოვრებელიც თავისივე გემოვნებით აქვს მოწყობილი".

- ახლა მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლის მოწყობის პროცესში ვართ. გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ, მხოლოდ ჩემი გემოვნებით არ კეთდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა არის ტრენდული, არამედ ის, რაც მოგვწონს და თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სახალისო და სასიამოვნო პროცესი ყოფილა.

- "მისი ოპტიმიზმი ზოგჯერ მოჩვენებითია".

- მართალია. ზოგჯერ თავს ვაიძულებ, პოზიტიურად და ოპტიმისტურად ვიფიქრო. ბევრს ვფიქრობ და ხშირად მოვლენის განვითარების არცთუ ისე კარგ ვარიანტებს განვიხილავ. ეს ალბათ თავდაცვის მექანიზმია, შეიძლება ითქვას, რომ ცუდისთვის თავს ამზადებ, მერე ამბავს აღარ აქვს მოულოდნელობის ეფექტი და აღარ არის შოკის მომგვრელი. არც პესიმისტი ვარ და არც მეოცნებე, რეალისტი ვარ. ძალიან კარგად ვიცი, გააზრებული მაქვს, ცხოვრებაში მოულოდნელად შეიძლება ყველაფერი კარგად წავიდეს, ან მოხდეს პირიქით.

- "ძლიერ სულიერ განცდებს ის ხშირად მალავს, არ სურს გარშემო მყოფთა შეწუხება".

- მართალია. ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც ამ აზრზე ვარ, ჩემი პრობლემა მე უნდა მოვაგვარო.

- "სხვების კარგად ყოფნისთვის ის დაუღალავად იღვწის, ზოგიერთი ახლობლის ცხოვრების უკეთ მოწყობაზე ფიქრი მოსვენებასაც კი უკარგავს".

- ეს ჩვეულებრივი ამბავია, არა?

- თვლი, რომ ყველა ადამიანი ასეთია?

- არ ვიცი, ჩემთვის ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა. ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები - ყველა იმდენად მიყვარს, ძალიან მინდა, კარგად იყვნენ, ამისთვის მე თუ რამის გაკეთება შემიძლია, ძალას არ ვიშურებ.

- "მზრუნველი ბუნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ შვილებს გადამეტებული სიმკაცრითაც კი ექცევა".

- ჩემი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, საერთოდ კი სიმკაცრეს აღზრდის მეთოდად არ ვთვლი. როცა შვილის გაჩენა გადავწყვიტე, ბავშვების ფსიქოლოგიას კარგად გავეცანი. უაზრო სიმკაცრე და დედების სურვილი, ბავშვმა ყველა ნაბიჯი მისი კარნახით გადადგას, ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია.

- "პერიოდულად მისთვის სულიერი სიცარიელის და მარტოობის განცდა უცხო არ არის".

- XXI საუკუნეში ის იქნება გასაკვირი, ადამიანს ეგზისტენციალური კრიზისი რომ არ ჰქონდეს, ესეც ჩვეულებრივი მოვლენა მგონია. სწორედ ასეთი კრიზისების პერიოდი მეხმარება ჩემი თავის უკეთ შეცნობაში. საკუთარ თავთან, ფიქრებთან მარტო დარჩენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია.

img-8207-copy-1634900155.jpg

- "ასეთი განდეგილობის ხანას შემდეგ აქტიური ქმედითი პერიოდი ცვლის".

- რა თქმა უნდა, თავზე საბნის წაფარება და თვითგვემაში ჩავარდნა ცოტათი უმადურობაზეც მიანიშნებს. როცა ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი ხარ და გაქვს იმის უნარი, რაღაც შეცვალო, ამ დროს უმოქმედობა და თვითგვემა გამოსავალი არ არის. უმადურობას რომ თავი დავანებოთ, უშედეგოა, არაფრის მომტანია, ამიტომ ჯობს, ქმედებაზე გადავიდეთ, მართვის სადავეები ავიღოთ.

- მატერიალისტი ნაკლებად ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ არ ვარ, საკუთარ კეთილდღეობაზე ყველა ადამიანი ფიქრობს. გადამეტებული დოზით მატერიალისტი არ ვარ, ჩემი სურვილების დაკმაყოფილების გონივრული გზები ვიცი, ამ ყველაფერს თავად კარგად ვუმკლავდები, ჩემი საყვარელი გამოთქმაა "მე თვითონ".

- "მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებასთან, მიწასთან ხშირ კონტაქტს".

- მართალია. ბუნება ძალიან მიყვარს, სოფელი მაქვს გორში - ხიდისთავი, რომელიც ძალიან მიყვარს. ახლა ხშირად ვეღარ ჩავდივარ, მაგრამ როცა ვახერხებდი, იქ ხეხილსაც სიამოვნებით ვუვლიდი.

- "ის კარგი ორატორია, აქვს კარგი მეხსიერება, ცნობისმოყვარეა, ამავდროულად სჩვევია გაორება, არაორგანიზებულობა, მოუთმენლობა და ტყუილების სიყვარული".

- ტყუპი ვარ, მაგრამ ასცენდენტი კირჩხიბში მყავს. ვფიქრობ, ჩემი სტაბილური ხასიათი კირჩხიბის დამსახურებაა. არ ვარ ის ტყუპი, რომელშიც ორი ადამიანი ცხოვრობს, გაორება არ მჩვევია, თუმცა შეიძლება ეს თვისებაც სასიკეთოდ გამოიყენო. თინეიჯერობის წლებში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მახსოვს, მაშინ ერთი მოვლენის მიმართ, ორგვარი დამოკიდებულება მქონდა. ახლა ვხვდები, რა არის ნორმალური და რა - არა. ზოგჯერ საჭიროა, კონკრეტულ ამბავს, მოვლენას სხვისი თვალით შეხედო, შეაფასო. თვისების, რომელსაც გაორება ჰქვია, სასიკეთოდ გამოყენება შესაძლებელია.

- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია".

- შეუძლებელი არაფერი არ არის. სწორხაზოვანი ადამიანი არა ვარ, გონივრული არგუმენტის მოსმენის შემთხვევაში, პოზიცია შეიძლება შევიცვალო და ეს ვაღიარო. ჩემთვის ახლობელი ადამიანების აზრი მნიშვნელოვანია, მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან კარგი რჩევა ხშირად მიმიღია და გამითვალისწინებია. ისეთი ჯიუტი ადამიანი არ ვარ, რომელიც არავის უსმენს, თავისი სიჯიუტის გამო იჩეხება და კისერს იტეხს.

- ცინიკოსი ხარ?

- ვარ, მაგრამ იშვიათად. ცინიზმი არ მიყვარს.

- რა შემთხვევაში გამოხატავ?

- ახლობლების მიმართ - არასდროს, უფრო უცხოების მიმართ, რომლებიც მცდარ შეფასებებს აკეთებენ. ამ შემთხვევაშიც ძალიან იშვიათად გამოვხატავ.

- "ეს არის ნიშანი, რომელიც გამუდმებით დახვეწას და იდეალთან მიახლოებას ცდილობს".

- იდეალურობა რომ არ არსებობს, ეს ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, მაგრამ ჩემთვის იდეალი რაც არის, იმის მიღწევა შესაძლებელია. ყველა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ და ვისწავლოთ საკუთარ თავთან მუშაობა, ვიზრუნოთ განვითარებაზე, რომ ხვალ იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ახლა ვართ.

P.S. გამოყენებულია გიორგი ცაავას ფოტოები.

- მარიამ, რას იტყვი გადაცემაზე, რომლის თანაწამყვანიც ხარ?

- The Talk Shaw ძალიან საინტერესო პროექტია, კარგი გუნდი აკეთებს. ძალიან ადვილად მივიღე გადაწყვეტილება, ამ შოუს თანაწამყვანი გავმხდარიყავი. შოუს აქვს მიზანი და დანიშნულება, აქცენტი კეთდება ყველა იმ თემასა და პრობლემაზე, რაც ჩვენს საზოგადოებაში მწვავედ დგას.

- თანაწამყვანებზე რას გვეტყვი?

- არაჩვეულებრივი გუნდია, ყველას ჩვენი როლი, პოზიცია გვაქვს, ამავე დროს ერთმანეთისგან განვსხვავდებით. საბოლოო ჯამში ყველას ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს, მაგრამ მისასვლელი გზა - ყველას ინდივიდუალური. საზოგადოება რომელიმე ჩვენგანში საკუთარ თავს აუცილებლად ამოიცნობს. მაყურებელს ჩვენივე გამოცდილებას და თავს გადახდენილ ამბებსაც ხშირად ვუზიარებთ. მაგალითად, ჩემს თავს გადახდენილი ამბავი რომ გავიხსენე, როცა ვიღაც ქალბატონმა მითხრა, მე შენთან ერთად ლიფტში არ შემოვალო, ეს ჩემი ბევრი მეგობრისთვისაც კი უცნობი ამბავი იყო და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ პროექტს აქვს აღებული სოციალური პასუხისმგებლობა და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

თამუნა კვინიკაძე