"გეხვეწებით, როგორმე სინათლე დამანახვეთო..." - გზაპრესი

"გეხვეწებით, როგორმე სინათლე დამანახვეთო..."

ბათუმის ტრაგედია თავისი მიზეზებით, წინა პირობებითა და სხვადასხვა გარემოებით კიდევ დიდხანს იქნება ქართველი საზოგადოების განსჯის საგანი. იმ ორი დღის განმავლობაში ერთადერთი ნათელი წერტილი სამაშველო ოპერაციაში ჩართული მეხანძრე-მაშველები და "ბათუმის წყლის" 38 წლის თანამშრომელი ლუკა ჩორგოლაშვილი იყო, რომელიც თავიდან ყველას მაშველი ეგონა...

ის 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან ჩამონგრევიდან ძალიან მალე გამოჩნდა და სამაშველო ოპერაციის ბოლომდე იბრძოდა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. 29 საათის განმავლობაში მაშველად ქცეული ადამიანი იმ კოშმარულ ღამესა და თავის ცხოვრებაზე გვიამბობს.

- 8 ოქტომბერს, ასე, 12 საათისთვის, "ბათუმის წყალში" შეტყობინება შემოვიდა, სახლი ჩამოინგრა და ადამიანები არიან მოყოლილიო. ბათუმის "წყალკანალის" ტექნიკა პირველი მივიდა ნანგრევებთან, ჩვენს ჯგუფთან ერთად. ამწესთან ვიდექი და მიმართულებას ვაძლევდი, როდესაც თქვეს, ადამიანია ნანგრევებში, წყალს ხომ ვერ მივაწვდითო?.. სიმძიმეები, ე.წ. სინკარები, ბეტონის კედლები, ბოძები და სხვა ნაშალი მასალა გამოგვქონდა. ყველა მოძრაობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა.

მაშველები ზევით, ჩამოშლილ შენობაზე მუშაობდნენ. ერთ-ერთი დადიოდა და იძახდა, - ჩემი ხმა თუ ვინმეს ესმის, ხმა მომაწვდინეთო!.. ასე მათი პოვნა უფრო გაადვილდებოდა. შევამჩნიე, როგორ მივიდა იმ ადგილას, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი მუშაობდა... ამიხსნეს, რომ ინსტრუქციას მიჰყვებოდნენ, თავისუფლად გადაადგილება არ შეიძლებაო, მაგრამ ხმები მესმოდა, შველას ითხოვდნენ - აქ ვარ, დამეხმარეთო, გაიძახოდნენ ნანგრევებიდან და ვერ მოვითმინე. ერთ-ერთს გამოველაპარაკე, - ნუ გეშინია, აქ ვართ და შენს გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებთ-მეთქი. მიპასუხა, - ვერაფერს ვხედავ, სუნთქვა მიჭირს; გეხვეწებით, როგორმე სინათლე დამანახვეთო... - როგორმე ძალა მოიკრიბე, აუცილებლად გამოგიყვანთ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. - ზვიადი ვარ, თავდგირიძეო, - მითხრა... რამდენჯერმე მივედი იმ ადგილას, ვცდილობდი დამემშვიდებინა, იმედი მიმეცა... - გონებას ვკარგავ, უკვე აღარ შემიძლიაო. რა ძნელი მისახვედრი იყო, რა მდგომარეობაშიც იქნებოდა?! დასაიმედებლად ჩავძახე, - მე გხედავ, ნუ გეშინია, გაჭედილი ხარ და იმიტომ ვერ გვხედავ, სუნთქვაც ამიტომ გიჭირს-მეთქი... თითქოს იმედი მიეცა, - მართლა მხედავო?.. - კი, ცოტაც და ამოგიყვანენ-მეთქი... ვცდილობდი, მასთან კონტაქტი არ დამეკარგა და ისე გავაკეთე, რომ შევინარჩუნე.

ღამდებოდა. მაშველები თავდაუზოგავად შრომობდნენ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - იბრძოდნენ. ბათუმელი მაშველების გვერდიგვერდ რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან ჩამოსული მუშაობდნენ...

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა მომეცა. მტვერი ახრჩობდათ, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, თავადაც ბეწვის ხიდზე გადიოდნენ. 38 წლის ვარ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, სიკვდილს რამდენჯერმე ჩავხედე თვალებში, რადგან აფხაზეთში, დრანდაში ვცხოვრობდი და ომი ვნახე, მაგრამ რასაც იმ ღამეს ვუყურე, გმირობის ნამდვილი მაგალითი იყო. სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძოდნენ, ემოციებისგან ცუდად ხდებოდნენ, მაგრამ მუშაობას განაგრძობდნენ. ერთმანეთს ამხნევებდნენ. როდესაც ლაპარაკობენ, ქართველებმა ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა დავკარგეთო, იმ ადამიანებს მაშველების მუშაობა უნდა ანახვო, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად, დასისხლიანებული ფრჩხილებით იქექებოდნენ ნანგრევებში. რამდენჯერაც მომეცემა ამ პროფესიონალიზმის და გასაოცარი ადამიანობის გამო მათთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, იმდენჯერ ვეტყვი, რომ არასდროს დამავიწყდება მათი თავგანწირვა, მათი სულისკვეთება. თან მიფრთხილდებოდნენ, ჩემზეც ნერვიულობდნენ, თვალს არ მაშორებდნენ... საოცარი გმირები გვყავს, მაგალითის მომცემი ადამიანები.

- დახმარების უფლება როგორ მოგცეს?

- დახმარების უფლებას არავის აძლევდნენ, მაგრამ ვინაიდან თავიდანვე მათთან ერთად ვმუშაობდი, ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, წასვლაზე წუთითაც არ მიფიქრია. თავდაპირველად არ მაძლევდნენ დარჩენის უფლებას, თქვენთვის აქ ყოფნა სახიფათოა, რა წამს რა ჩამოინგრევა, არავინ იცის, აქ ვერ დარჩებითო... პირდაპირ ვუთხარი, - არსად წასვლას არ ვაპირებ, რითაც შემიძლია, თქვენ გვერდით ვიქნები; როდესაც ნანგრევებიდან ადამიანი შველას ითხოვს, სახლში ვერ წავალ, თუნდაც ეს ჩემი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს-მეთქი. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას ეს სიგიჟედ მოეჩვენოს, მაგრამ იქ ადამიანები, ბავშვები და ქალები მეგულებოდა, ადამიანების ხმა მესმოდა, ზოგს თვითონ გამოველაპარაკე, მათთვის გადარჩენის იმედის ნაპერწკალი ვიყავი და შინ ვერ წავიდოდი, მერე მთელი ცხოვრება სანანებელი მექნებოდა. ამიტომ ვუთხარი, - ვიცი, რომ რისკზე მივდივარ, მაგრამ არ მაინტერესებს, რა მომივა-მეთქი. გარშემო ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრები, ახლობლები და სხვა ადგილობრივები იყვნენ. ყველა იმედით შემოგვყურებდა...

8 ოქტომბრის დილიდან მეორე საღამომდე, თითქმის 28 საათი ვიმუშავეთ. დაძინება კი არა, გარშემო მყოფებს თვალიც არ მოუხუჭავთ. მაშველები ერთმანეთს ცვლიდნენ. ყავის დასალევად რამდენიმე წუთი ვისვენებდით. ის ფოტოები, პირდაპირ ქუჩაში რომ წვანან, გარშემო მყოფებმა გადაიღეს. რამდენიმე წუთი ისვენებდნენ, რომ ძალები აღედგინათ. მუშაობის სირთულიდან გამომდინარე, შიშველი ხელებით მუშაობდნენ, უდიდესი სტრესის ფონზე, ცრემლებს იწმენდნენ, ხმა უწყდებოდათ. ერთმანეთს არ აჩვენებდნენ და მტვერში ამოგანგლულები ჩუმად იწმენდნენ სახელოებით ცრემლებს...

როდესაც ერთადერთმა გადარჩენილმა, ზვიად თავდგირიძემ მითხრა, - მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ ვსუნთქავო, - მივხვდი, თავგანწირვადაც რომ დამჯდომოდა, უნდა გამერისკა. მაშველებს ვუთხარი, - მიწის ქვეშ მუშაობის გამოცდილება მაქვს, რადგან ზემოდან დიდი საფრთხეა, მიწა ამოვჭრათ და ისე უფრო ამოვიყვანთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი ვარ-მეთქი. წუთის დაკარგვა არ შეიძლებოდა. საშიშიაო, მითხრეს, მაგრამ ისევ გავუმეორე, - ვიცი, მოსალოდნელი შედეგიც გააზრებული მაქვს, არც ზვიადს დავკარგავთ-მეთქი. მაშინვე მოვიდა სამი მაშველი და მიწა ამოჭრეს. შემდეგ მათმა უფროსმა უთხრა, ჩაფხუტი დაახურეთ, რამე არ დაეცესო და მაშველის ტანსაცმელიც ჩამაცვეს. მიწის ქვეშ ბევრჯერ ჩავსულვარ და არ გამჭირვებია, მაგრამ ალბათ უფალმა მომცა ძალა და იმიტომ, ადრე მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. ერთი სიტყვით, ვნახე, როგორ ელაგა ქვები, შეუძლებელი იყო, რამე დამცემოდა. ისიც ვიცოდი, რომ ზევით მყოფი მაშველები დამაზღვევდნენ.

როდესაც ზვიადს ზურგზე შევეხე, იგრძნო. ვუთხარი, - აგერ ვარ, ყველაფერი კარგად არის-მეთქი. იმ წუთში მეორედ დაიბადა. იმ მხარეს იყო გაჭედილი, რომელზეც კადრში ხელს იკიდებს... მივხვდი, რომ უკვე გადარჩენილი გახლდათ. გონება აღარ დაუკარგავს. ის ადგილი გავამაგრეთ, ზემოდანაც ამოვჭერით. თავისი სახლის ჭერმა გადაარჩინა. სინკარის ქვეშ იყო მოყოლილი, მაშველები ნახევარი საათი ჭრიდნენ.

- ქალის ამოყვანის ოპერაციაშიც მონაწილეობდით?

- დიახ და ახლა არ მჯერა, რომ ინგა ვერ გადარჩა. არადა, იმ ნანგრევების ჯოჯოხეთში სიცოცხლისა და იმედის პირველი სიგნალი მისი ხმა იყო. მაშველებსაც ელაპარაკებოდა. ამშვიდებდნენ, ცოტაც და ამოგიყვანთ, ცოტა კიდევ გაუძელითო. მერე ჟანგბადი ჩავუტანე... გვემუდარებოდა, ჩემს შვილებს ხომ გადამირჩენთ?! შემპირდით, რომ ცოცხლებს ამოიყვანთო!.. ყველას სასწაულის იმედი გვქონდა, მაგრამ დაპირება ვერ შევუსრულეთ, ვერც თავად გადავარჩინეთ. მისი ხმა ყურებში მაქვს. ისეთი განცდაა, თითქოს ოჯახის წევრი, ძალზე ახლობელი ადამიანი დავკარგე. ზვიადის ამოყვანის შემდეგ უკვე ვხვდებოდით, რომ მხოლოდ სასწაულის იმედად უნდა ვყოფილიყავით, ვინაიდან ხმა არ ისმოდა; იმ ხმაურში მხოლოდ იმას ვგრძნობდით, რომ ნანგრევებიდან ადამიანების ხმა შეწყდა და ეს სიჩუმე გვანადგურებდა. არავის განეცადოს მსგავსი რამ, რაც ბავშვების ამოყვანას ახლდა თან. მაშველებს ხელები და ხმა უკანკალებდათ. მტვრიან სახეზე ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდათ. ალბათ ყველაზე მწარეა, როდესაც ყველაფერს აკეთებ ადამიანის გადასარჩენად, მაგრამ იმ ყრუ კედლებს ვერაფერს უხერხებ. ისინი ინსტრუქციას უნდა გაჰყოლოდნენ, ცოცხალი ადამიანი რომ არ დაეზარალებინათ.

როდესაც ოპერაცია დასრულებულად გამოცხადდა, შინ წავედი, მაგრამ სახლში ვეღარ შევედი. ეზოში ვიდექი და ვფიქრობდი, რა ჯოჯოხეთური ღამე გათენდა ყველასთვის. ქუჩაში დავდიოდი და კორპუსებს ვათვალიერებდი. მეგონა, ყველა სახლი საფრთხის შემცველი იყო, თუმცა, ასეც არის, ყველა თუ არა, ძალიან ბევრი სახლია, რომელში ცხოვრებაც სახიფათოა... მერე ისევ 26 მაისის ქუჩაზე დავბრუნდი, იმ ადგილას, სადაც გლოვის კედელი აღმართეს. უამრავ სათამაშოში, ყვავილებსა და ანთებულ სანთლებში იმ საბედისწერო სახლის მობინადრეების ფოტოები ეწყო, რომლებიც ვერ გადავარჩინეთ. ის ღამეც იქ გავათენე, მაშველებთან და იქ მყოფებთან ერთად. თითქოს ნაწილებად ვიყავი დაშლილი... ორი ღამე იქ გავათენე, რადგან შინ ვერ მივდიოდი. ისევ იმ ადამიანების გარემოცვაში ვიპოვე ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად.

luka-1-1634900386.jpg

- მას შემდეგ ზვიადი თუ ნახეთ?

- კი, ბევრჯერ, მაგრამ პირველად რომ ვნახე, თავი ვერ შევიკავე და ისე ჩავეხუტე, მერე უხერხულად ვიგრძენი თავი. ემოციური ადამიანი ვარ, ასეთ დროს კი, როგორ გინდა ემოციებს მოერიო?!. მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული მირონი მქონდა და მივუტანე. თვითონაც ძალიან განიცადა.

- ოჯახი გყავთ?

- ბიჭი მყავს...

- სოხუმელი ხართ, ხომ?

- დიახ. მეორე კლასში ვსწავლობდი, აფხაზეთი რომ დავტოვეთ... პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. თითქოს საშინელებათა ფილმს ვუყურებდი, გარშემო ყველაფერი ფეთქდებოდა. სოხუმი ეცემოდა. დედ-მამა, მე და ჩემი და დრანდაში წაგვიყვანეს, სადაც უკრაინული სამხედრო გემი იდგა. თეთრი იყო და რომ დავინახეთ, დედაჩემს ვუთხარი, ამაში ჩავსხდებით და აღარ დავიხოცებით-მეთქი?.. სასწაულებრივად ავედით გემზე. მოწინააღმდეგეები გვესროდნენ, ჰაერიდან ყრიდნენ ბომბებს, მაგრამ გემს არ მოხვედრია. დედაჩემს ვიყავი ჩაბჭაუღებული. ვფიქრობდი, თუ გემი დაიშლება და ზღვაში ჩავცვივდებით, დედას არ მოვშორდები და გადავრჩები-მეთქი. როგორღაც სამშვიდობოს გამოვაღწიეთ. გემმა ფოთში შემოგვიყვანა და მაშინ მივხვდი, რომ ერთბაშად დიდი გავხდი.

- სოხუმის სახლზე იცით რამე?

- ჩვენ წინ აფხაზი ცხოვრობდა, ნათლიაჩემი იყო, სლავიკი. ომის შემდეგ, ის გადმოვიდა ჩვენს სახლში, უვლიდა კიდეც. "სტარიი პასიოლოკში" ვცხოვრობდით, ნოზაძის ქუჩაზე. ახლა არ ვიცი, რა ჰქვია. ნათლიაჩემი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა. ორი გოგონა ჰყავდა. მისი შვილებიც მახსოვს, ერთად ვთამაშობდით... სულ კარგი მახსოვს მისგან, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა და რაც უფროსი თაობისგან მსმენია. იმ ქუჩაზე ჩვენიანი არავინ დარჩენილა. დროთა განმავლობაში, აფხაზ ნათლიასთანაც დავკარგეთ კონტაქტი. ალბათ ოდესმე ჩავალთ იმ სამოთხეში, მე თუ არა, ჩემი შვილი მაინც... დრანდაში, ბებია-ბაბუის სახლი იყო. ომის შემდეგ ბებია არ წამოგვყვა, ჩემს სახლს ვერ დავტოვებ და სხვაგან ვერ ვიცხოვრებო. 2000-იანი წლების დასაწყისში დედაჩემი ჩავიდა ბებიას წამოსაყვანად, მაგრამ არ გამოჰყვა... არც შემდეგ წამოსულა, აქ უნდა დავიმარხოო და იქ გარდაიცვალა კიდეც.

ლალი პაპასკირი