"კორონავირუსის გადატანის შემდეგ ჩემთვის ეს საკითხი რთულია" - გზაპრესი

"კორონავირუსის გადატანის შემდეგ ჩემთვის ეს საკითხი რთულია"

სახელი, გვარი: მარიამ შენგელია.

ასაკი: 19 წლის.

განათლება: სწავლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.

ამჟამინდელი საქმიანობა: მღერის ბენდში - Fრიენდსიდე.

საზოგადოებამ გაიცნო მუსიკალური პროექტებით: "X-ფაქტორი", "ვოისი" და "საქართველოს ვარსკვლავი".

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ოთხფეხა მეგობართან, ძაღლ ლუისთან ურთიერთობა.

ცხოვრების დევიზი: "იყავი შენი თავის საუკეთესო ვერსია".

- მარიამ, რთულია, იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რადგან ბევრის გაკეთებაა საჭირო. გარკვეული დოზით უნდა გქონდეს თავდაჯერებულობა, ამბიცია... გამოცდილების საფუძველზე, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მაქვს, ოღონდ - წინ ჯერ კიდევ ბევრი რამეა. არაფერს ვუშინდები (იღიმის).

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

- კორონავირუსის გადატანის შემდეგ ჩემთვის ეს საკითხი რთულია: ვირუსი 2 თვის წინ გადავიტანე. მას შემდეგ უძილობას ვებრძვი. საბოლოო ჯამში, დღე-ღამეში 4-5 საათი მძინავს.

- რას აკეთებ ღამით, როცა ვერ იძინებ?

- ძირითადად ტელეფონით ვერთობი, სიმღერებს ვუსმენ... ახლა, ბოლო 2 კვირაა, ძირითადად ვსწავლობ, რადგან შუალედური გამოცდების პერიოდია და "საგიჟეთი" მაქვს (იცინის). ზოგჯერ სწავლაში ღამეების გათენებაც მიწევს.

- პოპულარობის პირველი შეგრძნება როდის დაგეუფლა?

- 14 წლის ვიყავი, როცა სცენაზე პირველად დავდექი, - ამის ამსახველ ვიდეოს მილიონობით "ნახვა" აქვს. მთელი სამეგრელო მხარში მედგა - მგულშემატკივრობდა. "თავში ავარდნის" პატარა ეპიზოდიც მქონდა. უბრალოდ, მერე საკუთარ თავს შემოვუძახე... მგონია, რომ "თავში ავარდნა" მცირე დოზით ყველას ახასიათებს ხოლმე, მაგრამ ზოგს ეს თვისება მერეც მიჰყვება... ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში, სიტუაციის დაბალანსება შევძელი.

- შენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რას მიიჩნევ?

- მიზანდასახულობას. მართლა ძალიან მიზანდასახული ვარ. თუ მინდა, აუცილებლად გავაკეთებ.

- შენს ცხოვრებაში ყველაზე წარუმატებელ ნაბიჯად რას მიიჩნევ?

- წარუმატებელი არაფერი მახსენდება. სცენაზე პატარა ასაკიდან დავდექი და ყველა პროექტში, რომელშიც ვმონაწილეობდი, გარკვეულ წარმატებას მივაღწიე. დღეს ყველაფერი მაკმაყოფილებს, რაც გამოვიარე.

- შენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ყველაზე ძლიერი ზეგავლენა ვინ მოახდინა?

- ჩემმა ოჯახმა. ჩემ გვერდით ოჯახი რომ არ ყოფილიყო, დღემდე ვერ მოვიდოდი: სცენაზე ჩემი დგომა ოჯახის წევრების (მშობლები, ძმა) დამსახურებაა, რადგან ყველა პროექტში მათი ინიციატივით ვმონაწილეობდი. რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვან რჩევებს მათგან ვიღებ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან.

- ძირითადად როგორ კომპლიმენტებს იღებ?

- ბევრი ბანალური კომპლიმენტია: "ლამაზი ხარ", "კარგად მღერი"... იცი, ყველაზე მეტად რომელი კომპლიმენტი მაღიზიანებს? როცა ვმღერი, კომენტარში კი მიწერენ, - რა ლამაზი ხარო!.. ეს ძალიან ცუდი კომენტარია (იცინის)! სიმღერისას ჩემთვის პრიორიტეტი მაინც სიმღერაა. რა თქმა უნდა, გარეგნობაც მნიშვნელოვანია და ამასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ.

- თავს განსაკუთრებულად უვლი?

- კი, კი, რადგან პირველ რიგში, ყველა გარეგნობას აკვირდება - მომღერალი იქნები, მოცეკვავე, მსახიობი თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი. პირველ შთაბეჭდილებას მაინც ვიზუალი ახდენს. შესაბამისად, სიმღერის შემდეგ ჩემთვის გარეგნობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი "წიკები" მაქვს: სხვადასხვა გადაცემაში ერთი და იმავე სამოსის ჩაცმა არ შემიძლია. მინდა, სულ სხვადასხვანაირად გამოვიყურებოდე. ბოლო დროს თმას "ვერჩი" - თმის ფერს, სიგრძეს ვიცვლი ხოლმე... ჯერ კიდევ ჩემი სტილის ძიებაში ვარ, მაგრამ ახლა შავი თმით ჩემი გარეგნობა მომწონს.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- დედას. მე და დედა ჩვეულებრივი დაქალები ვართ. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 18 წელია. მაღაზიაში რამე რომ მომეწონება, ფოტოს დედას ვუგზავნი და ვეკითხები, - კარგია? ვიყიდო თუ არა-მეთქი?..

- რა საკითხზე ვერ თანხმდებით?

- შინ გვიან მოსვლაზე. ეს ჩვენი დიდი პრობლემაა: ან მეგობრებთან ვარ, ან - ბენდის კორპორაციულ კონცერტზე, "ივენთზე"... დედას ჩემთან დიდხანს განშორება არ შეუძლია. მეც ასე ვარ, მაგრამ ჩემს საქმეს ასე სჭირდება... კომენდანტის საათის პერიოდში, დედა უბედნიერესი იყო, რადგან 9 საათზე სახლში ვიყავი (იცინის).

- ბავშვობაში რომელი ცნობილი ადამიანის გაცნობაზე ოცნებობდი, ვისთანაც დღეს მეგობრობ?

- ასეთი ბევრი შემთხვევა მაქვს. მაგალითად, ბავშვობაში დათო ევგენიძე ძალიან მიყვარდა. დღეს ჩემი უახლოესი მეგობარია - ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. სტეფანესთან, რომელიც პროექტში ჩემი მენტორი იყო, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბავშვობაში მის სიმღერებზე ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა... თეონა ლეჟავაზე "ვაფრენდი", ისე მიყვარდა "ლელას ვოისიდან". ერთი სული მქონდა, როდის გავიცნობდი. მეგობარმა გამაცნო. თეონა ოთახში რომ შემოვიდა, სიხარულისგან ვიკივლე (იცინის). ბოლოს ყველაზე მეტად მისი გაცნობა გამიხარდა.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- მახარებს ის ფაქტი, რომ სიზმრები იშვიათად მამახსოვრდება. თუ რაღაც დამესიზმრა, აუცილებლად მიცხადდება. მაგალითად, ერთხელ დამესიზმრა, რომ ჩემს მეგობარს რიკოთზე ავტოავარია შეემთხვა. ამის შესახებ მეგობარი გავაფრთხილე. მეორე დღეს დამირეკა: მანქანა დამეჯახა, ნორმალური თუ ხარო?!. სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, მაგრამ ასე თუ ისე, ჩემი სიზმარი ახდა. ცოტათი მეშინია ხოლმე, რომ ჩემი სიზმარი არ ახდეს.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- რეალურად, პროექტების გამო, სკოლაში მისვლა იშვიათად მიწევდა, მაგრამ როცა მივდიოდი, კარგი მოსწავლე ვიყავი. ხელს მიწყობდნენ. სწავლა კარგ ქულებზე დავასრულე. სხვათა შორის, იმავე წელს, "ევროვიზიის" გამო, კონსერვატორიის გამოცდებზე არ გავსულვარ - ვფიქრობდი, რომ მზად არ ვიყავი. კონსერვატორიაში მოხვედრა ადვილი არ არის. ისე მოხდა, რომ მომდევნო წელს უკვე "ვოისში" ვმონაწილეობდი. მოგეხსენებათ, პროექტში მონაწილეობისას თავისუფალი დრო არ გაქვს კონკურსანტს. არ ვიცოდი, კონსერვატორიაში ჩამებარებინა თუ არა. 3 საგანში მხოლოდ 8 გაკვეთილს დავესწარი, გამოცდაზე გავედი და 15 ბავშვს შორის, კონსერვატორიაში მოვხვდი. ცოტა არ იყოს, შოკში ვიყავი - მართლა არ ველოდი... ადამიანს მიზანი თუ გაქვს და გინდა, რაღაც აუცილებლად მოხდეს, აუცილებლად მოხდება!..

dsc04251-1635499496.jpg

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- ყველგან მაგვიანდება. შინიდან 1 ან ნახევარი საათით ადრე გავდივარ, მაგრამ მაინც სულ ვაგვიანებ. თავის მოწესრიგებას ბევრ დროს ვანდომებ. მერე, შინიდან გამოსული ვფიქრობ - სახლში რამე ხომ არ დამრჩა-მეთქი? ვბრუნდები... ისე არსად დამიგვიანებია, რომ საქმეს ხელი შეშლოდა: მაქსიმუმ, 20-25 წუთით მაგვიანდება...

- კომპლექსი, რომელიც დაsძლიე...

- ბავშვობაში დიდი ყურების კომპლექსი მქონდა. "დამბოს" მეძახდნენ (იცინის). თმააწეული საერთოდ არ დავდიოდი - მეგონა, ძალიან დიდი ყურები მქონდა. იცი, ახლა სახლში როგორი ძაღლი მოვიყვანე?.. ძალიან დიდი ყურები აქვს - შინ "მარტო არ ვარ" (იცინის).

- რეალურად, კომპლექსი როგორ დაsძლიე?

- ისეთი დაკომპლექსებული ვიყავი, რომ ნერვები მეშლებოდა. ბოლოს ქუჩაში თმააწეული რომ გავედი და არავინ არ დამცინა, მივხვდი, რომ თურმე დიდი ყურები არ მქონია...

- 10-15 წლის შემდეგ შენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

- პირველ რიგში, კონსერვატორიაში სწავლა დასრულებული მექნება. ისევ სცენაზე ვიდგები, საავტორო სიმღერები აუცილებლად მექნება.... დაოჯახებას რაც შეეხება, არ მინდა, რომ ეს ნაბიჯი ნაჩქარევად გადავდგა. ბოლო პერიოდში ვხვდები, რომ ძალიან კარიერისტი აღმოვჩნდი. მეორე ნახევარიც კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანია. როცა ვიგრძნობ, რომ გვერდით მეორე ნახევარი უნდა მყავდეს, ალბათ მეყოლება, თუმცა, რამდენ წელში, ამას ახლა ვერ განვსაზღვრავ. ახლა და ბევრი წლის განმავლობაში ჩემთვის პრიორიტეტული კარიერა იქნება. სანამ ყველაფერი ისე არ "აეწყობა", როგორც მინდა, ვფიქრობ, დაოჯახება სასურველი არ არის...

ეთო ყორღანაშვილი