"არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ" - გზაპრესი

"არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ"

მომღერალი ნინი ქარსელაძე ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად, იმედის თვალით უყურებს ყველაფერს და არასდროს არ კარგავს ოპტიმიზმს. სამართლიანია, ძლიერ ქალად მიიჩნევს თავს, თუმცა, ზედმეტად მიმნდობია. ცდილობს, პატივი სცეს სხვის აზრს, რაც უნდა მიუღებელი იყოს მისთვის.

- „სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის“ (გოდერძი ჩოხელი).

- ჩემთვის ეს გამონათქვამი განსაკუთრებულია. ალბათ მე არ ვარ განსაკუთრებული და გამორჩეული და ყველა შვილისთვის ასეა - სანამ დედა ცოცხალი გყავს, სულ ბავშვად გრძნობ თავს. იმედიანად ხარ, რადგან ის ყოველთვის გიცავს, და ძლიერიც, ვიდრე დედა შენ გვერდითაა.

- „იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი“ (პლატონი).

- ჩემი აზრით, სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ყოველთვის სიმართლის მხარეს ვარ, რაც უნდა მწარე და მტკივნეული იყოს, თუნდაც ახლობელს ეხებოდეს საქმე. დედაც რომ იყოს, მაინც ყოველთვის სიმართლეს ვარჩევ. თუ ვთვლი, რომ ხათუნა რამეში მართალი არ არის, ყოველთვის ვკამათობთ და ვეუბნები, რაც სწორად მიმაჩნია. ადამიანები რწმუნდებიან, რომ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ახლობელია თუ უცხო, - ობიექტურობა მთავარია. ასეთი ხასიათი შეიძლება პრობლემებსაც მიქმნის, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც ვუყვარვარ ჩემებს. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლებში შემემთხვა, - დედას ჯანმრთელობას ვგულისხმობ, - მშვენიერია, როდესაც ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად გყავს. ეს დიდ ძალას გაძლევს ცხოვრებაში. კარგის სურვილი ალბათ ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ამისკენ უნდა ისწრაფოდე.

- „ცხოვრება გვასწავლის, რომ საკუთარ მეწყვილეს გავიცნობთ, როცა დავშორდებით; საკუთარ ძმებს გავიცნობთ, როცა გავიყოფთ მემკვიდრეობას; საკუთარ შვილებს - როცა დავბერდებით; საკუთარ მეგობრებს - განსაცდელის ჟამს, ხოლო იდიოტებს - არჩევნების დროს (ებრაული სიბრძნე).

- მენტალობით ალბათ ძალიან განვსხვავდებით ებრაელებისგან, მაგრამ არის სიმართლის მარცვალი ამ გამონათქვამში. საბედნიეროდ, მე არ მქონია მსგავსი შემთხვევები - არც ოჯახის წევრებთან მქონია მემკვიდრეობის გამო კამათი, ღმერთმა დამიფაროს ამისგან. რაც შეეხება ჩემს მეორე ნახევარს და მეწყვილის გაცნობას, ალბათ დაშორების შემდეგ ადამიანები გამწარებულები არიან და სხვანაირები ხდებიან, არც ეს გამომიცდია. ვერ ვიტყვი, რომ იდიოტებს არჩევნების წყალობით გავიცნობთ, მაგრამ პოლიტიკა რომ ადამიანებს და ოჯახის წევრებს აშორებს, ეს ცხადია. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. როგორ შეიძლება, ახლობლებმა პოლიტიკის გამო ერთმანეთი დავკარგოთ?! მიმძიმს ამის გააზრება. მყავს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ახლობლები, ნათელმირონებიც, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ერთმანეთისთვის აკრძალული გვაქვს. ვცდილობ, პატივი ვცე მათ აზრს, მიუხედავად იმისა, რომ არ მესმის, ვერ ვიგებ და ვერც ვერასდროს გავიგებ. ამის გამო შეურაცხყოფას არ მივაყენებ მათ და არ ვაწყენინებ.

- „კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე... მაგრამ, იგივე კაცი მეორედაც რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი არა, შენი ბრალიცაა. ხოლო მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა, ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო“ (ოტია იოსელიანი).

- ზუსტად ასეა და, სამწუხაროდ, მეც იმ ბრიყვ ადამიანებში შევდივარ, ვინც მეასედაც ენდობა. რაც უფრო მეტად ეკლესიური და მლოცველი გავხდი, მით უფრო მეტს ვფიქრობ ამ თემაზე. არ მინდა, ადამიანებზე შთაბეჭდილება დავკარგო და ვიფიქრო ის, რაც რეალურია. როდესაც არავის აღარ ენდობი და ყველას ეჭვის თვალით უყურებ, ცხოვრება აზრს კარგავს. ამიტომ მირჩევნია, გული მეტკინოს, ვიდრე ადამიანებზე ის ვიფიქრო, რაც რეალობაა.

- „დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო“ (დალაი ლამა).

- კი არ კურნავს, უბრალოდ, დრო გაჩვევს ტკივილთან ერთად ცხოვრებას, თორემ არა მგონია, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი განიკურნოს და გაქრეს.

- „მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას - ფრთებს, შენს ფანტაზიებს - ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი - ყველაფერს" (პლატონი).

- ნამდვილად ასეა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მუსიკოსი და მომღერალი ვარ, ჩემი აზრით, მუსიკა არის ერთადერთი რამ, რაც ადამიანებს გადაარჩენს, მოვა ამის დროც.

- „ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა არის ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა“ (მარკ ტვენი).

- დედაჩემის შემთხვევაში მართლა ასეა: რაც არ მოსწონს, იმას აკეთებს და მიირთმევს. რაც გვიყვარს და გემრიელია, ყველაფერი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მე არასდროს არ ვყოფილვარ დიეტაზე.

- „ცხოვრებამ ერთი განსაკუთრებული გაკვეთილი მომიძღვნა და მასწავლა: ვინც მძიმე წუთებში ერთხელ უკვე გიღალატა, გიღალატებს მეორედაც" (დონალდ ტრამპი).

- ადამიანებს ტკივილის გაზიარება უფრო შეუძლიათ, ლხინის გაზიარება კი უჭირთ. გააჩნია ღალატსაც, მე შანსს ყველას ვაძლევ. ამას როგორც ქრისტიანი, ისე ვამბობ. უფალმა ყველას მისცა შანსი და როგორ შეიძლება, მე ერთი შეცდომა არ ვაპატიო ვიღაცას?! ღმერთმა ისეთი საჩუქარი მიწყალობა, ალბათ რამდენიმე ცხოვრება არ მეყოფა მადლიერებისთვის და არ შემიძლია, სხვანაირად ვიფიქრო.

- „ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს... ოღონდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს“ (შვაიცერი).

- ადამიანი მაინც იმედის თვალით უყურებს ყველაფერს და არ უნდა, ცუდი დაიჯეროს, ცდილობს, არ დაკარგოს იმედი. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ, ალბათ ყველაზე ოპტიმისტიც კი, ვისაც ვიცნობ. ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი ვამბობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ალბათ ცხოვრებისეულმა გაკვეთილებმა მასწავლა ეს. აუცილებლად უნდა გჯეროდეს უკეთესის, რომ მიიღო, რასაც ისურვებ.

- „ქალის უფრო დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს“ (ზიგმუნდ ფროიდი).

- მგონია, რომ ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული. როდესაც გიყვარს, დადებითი ენერგიით ივსები და სულ სხვანაირი ხდები - ქალიც და კაციც, არა აქვს მნიშვნელობა. მე ბევრად უფრო ძლიერი გავხდი, ვიდრე ვიყავი.

- „კაცები ქორწინდებიან ქალებზე იმ იმედით, რომ ისინი არასოდეს შეიცვლებიან, ქალები კი ქორწინდებიან მამაკაცებზე იმ იმედით, რომ ისინი შეიცვლებიან. საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი მუდმივად იმედგაცრუებული რჩება“ (აინშტაინი).

- არ მომწონს, როდესაც მეორე ადამიანის შეცვლას იწყებენ. როგორც კი იწყებ მის შეცვლას, მგონია, მანდ მთავრდება ყველაფერი. თავიდან ხომ ისეთი გიყვარდება, როგორიც სინამდვილეშია. მე არასდროს არ მიცდია ვინმეს შეცვლა - არც მეგობრის, არც საყვარელი ადამიანის.

- „ქალები არიან პრობლემების დიდი ნაკრები, რომელიც ყველას გვიყვარს“ (ერნესტ ჰემინგუეი).

- ქალს გააჩნია. არიან ქალები, ვისაც ბევრი პრობლემა აქვთ და უყვართ ამის აფიშირება. პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ მე არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი. არ ვარ წუწუნა, ძალიან იშვიათად ხდება, მეგობრებთან დავიჩივლო რამე.

- „მამაკაცები სამყაროს ყველაზე ლამაზი მეორეხარისხოვანი არსებები არიან“ (კრისტი ჰეფნერი).

- დაქორწინებამდე ჩემს ცხოვრებაში იყო მამაჩემი, ასევე, ბიძაჩემი, ზურა და სამივე ჩემთვის ძლიერი დასაყრდენი იყო. სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა და რაც წლები გადის, უფრო და უფრო ვხვდები, რამხელა ძალას მაძლევდა და როგორი იმედი მქონდა მისი.

- „არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასივებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის“ (ოტია იოსელიანი).

- როდესაც ერთბაშად მომაწვება ხოლმე ემოციები, მხოლოდ მაშინ ვტირი, ჩუმად, არავინ რომ არ დამინახოს, ისე.…

- „ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია, და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას“ (ბუასტი).

- ბევრი ისეთი ადამიანი მყავს, ვისთან ერთი საათით საუბარიც კი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მართლაც კარგი წიგნის წაკითხვის ტოლფასია. განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობით ბევრ რამეს სწავლობ. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვაც და ბევრს ვკითხულობ, ბოლო პერიოდში სამედიცინო ლიტერატურით დავინტერესდი.

- „მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ - რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს“ (მარკ ტვენი).

- მოგზაურობა კარგია და სასიამოვნოცაა, მაგრამ სიყვარულის გაცემა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან არავინ არ იცის, ხვალ ვის რა გველის. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა გავცეთ რაც შეიძლება მეტი სიყვარული.

- „ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია“ (იულიუს კეისარი).

- ალბათ ასეთია ადამიანის ბუნება, თუმცა, მე ასეთი არა ვარ. ბევრჯერ ტყუილი ყოფილა ის, რისი დაჯერებაც მნდომებია. ამიტომ ასე ადვილად აღარ მჯერა.

22310674-10212799748761273-125579219543327681-n-copy-1635499818.jpg

- „მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს“ (პასკალი).

- დიდი მოთმინებით ვისმენ, თუმცა, გააჩნია, ვინ მიმითითებს. ადრე ძალიან ადვილად ვბრაზდებოდი ხოლმე და ხათუნა სულ მიბრაზდებოდა ამის გამო, მოთმინება ისწავლეო. გავიდა წლები და ესეც მასწავლა...

- „თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ“ (ჩერჩილი).

- ფანატიზმი არ მომწონს, კერპთაყვანისმცემლებს ვამსგავსებ ასეთ ადამიანებს, თუმცა მეც არანაკლები სიყვარული ვიცი იმ ადამიანების, ვისაც ჩემიანად ვთვლი და მათ გამო ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. გარდა ამისა, არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ.

- „ვისაც რომ სამშობლო უყვარს, სიცოცხლე მისთვის ომია“ (ვაჟა-ფშაველა).

- დღეს ბევრმა რამემ დაკარგა ფასი და ბევრი რამ, მათ შორის პატრიოტიზმიც, რატომღაც საღლაბუცო თემად გადაიქცა. სამშობლოს სიყვარული პატარაობიდანვე უნდა ასწავლო ბავშვს. როდესაც უცხოეთში ვცხოვრობდით, იქ უფრო მძაფრად შევიგრძენი სამშობლოს მონატრება.

ნინო ჯავახიშვილი