ჩირქუე დუ სოლეილ-ის ქართველი ქორეოგრაფები, მათი ტანდემი სცენაზე და ცხოვრებაში - გზაპრესი

ჩირქუე დუ სოლეილ-ის ქართველი ქორეოგრაფები, მათი ტანდემი სცენაზე და ცხოვრებაში

"საქართველოს სპორტული ცეკვების ისტორიაში ჩვენ ვართ ერთადერთი წყვილი, ვინც გავედით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მე და ჩემი მეწყვილე აკა მოდებაძე ორგზის ევროპის და მსოფლიოს ფინალისტები ვართ", - ამბობს გვანცა ციხელაშვილი.

როგორ შედგა მათი ტანდემი ჯერ სცენაზე და შემდეგ ცხოვრებაში, როგორ დაიწყო წყვილის წარმატების ამბავი, რატომ არიან უფრო ცნობილები ქვეყნის საზღვრებს მიღმა, ვიდრე საკუთარ სამშობლოში? - ამ ყველაფერზე გვანცა ციხელაშვილი გვესაუბრება.

- ათი წელია, მე და აკა საქართველოში არ ვსაქმიანობთ, უმეტესად ვართ იტალიაში, ესპანეთსა და ჰონკონგში. გავდივართ ტურნირებზე სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, გვყავს მწვრთნელები. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ძირითადად 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ასპარეზობაზე ქვეყნების საუკეთესო წყვილები გამოდიან. 2012 წელს "გრანდ სლემის" მეოთხედფინალისტები გავხდით, ეს შედეგი 300 წყვილს შორის ვაჩვენეთ, ძალიან დიდი წარმატება იყო.

- ცეკვით რა ასაკში დაინტერესდით?

- 12 წლის ვიყავი, ცეკვა რომ დავიწყე, ეს საკმაოდ დაგვიანებულ ასაკად ითვლება. მანამდე დავდიოდი ქართულ ცეკვებზე, ცურვაზე, ყოველთვის ელასტიკური სხეული მქონდა. ცეკვაზე მამამ მიმიყვანა. თავიდან სოლო მოცეკვავე ვიყავი, სულ მინდოდა, ლიდერი ვყოფილიყავი. იმ პერიოდში აქტიურად ტარდებოდა კონკურსები: "მის სამბა", "მის ჩა-ჩა-ჩა", "მის რუმბა", რომლებზეც გავდიოდი და პირველ ადგილს ვიკავებდი, სულ წარმატებები მქონდა.

- პირველი დიდი წარმატება რა იყო?

- თავიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს სოლო მიღწევები იყო, მაგრამ პირველ დიდ წარმატებას აკასთან ერთად მივაღწიე.

- თქვენი ტანდემი როგორ შედგა?

- 20 წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ცეკვაზე ერთ სტუდიაში დავდიოდით. ბავშვობიდანვე ახლო მეგობრები ვიყავით. აკას პერიოდულად სხვადასხვა მეწყვილე ჰყავდა, მე სოლო პარტიას ვირჩევდი. საქართველოში საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა. იმ პერიოდში აკა თავის მეწყვილეს დაშორდა და მაშინ გადავწყვიტეთ, ერთად ცეკვა გვეცადა. ამ კონკურსში დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ შეუძლებელი შევძელით, 5 დღეში 5 ლათინურამერიკული ცეკვა დავდგით: "საბმა", "რუმბა", "ჩა-ჩა-ჩა", "პასადობლი" და "ჯაივი". გაგვიმართლა, საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალში გავედით. მივხვდით, უკვე შემდგარი წყვილი ვიყავით. მაშინ 18 წლის ვიყავი. ამ ტურნირზე იმდენად დიდი ემოციები განვიცადეთ, სიყვარულის ცეკვა ("რუმბა") რომ შევასრულეთ, პარკეტზე ცეკვის დროს ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ. ეს დაუგეგმავი, სპონტანური ქმედება იყო. პარკეტიდან რომ გამოვედით, სანამ მომდევნო ცეკვაზე შევიდოდით, ერთმანეთს გაოცებულები ვეკითხებოდით, ეს რა გავაკეთეთ?!. მაშინ ვმეგობრობდით. ეს ტურნირი ძალიან კარგად მახსოვს, ალბათ ემოციურადაც სხვა დატვირთვა ჰქონდა, ეს იყო ეტაპი, საიდანაც დაიწყო ჩვენი წინსვლა და კარგი ამბები, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.

- ამ დღის შემდეგ რა მოხდა?

- მე და აკა რამდენიმე დღე ერთმანეთს ვერ ველაპარაკებოდით (იცინის), თითქოს ცოტათი დაძაბულებიც ვიყავით. მერე სავარჯიშოდ რომ მივედით, ყველაფერი თავისთავად დალაგდა, ჩვენი ურთიერთობა ჯანსაღად, ტკბილად და ჰარმონიულად აეწყო. დროთა განმავლობაში ჩვენ შორის ძალიან სუფთა, გულწრფელი სიყვარული ჩამოყალიბდა.

- აკა სიყვარულში როგორ გამოგიტყდათ?

- ერთ დღეს ვარჯიშიდან გამოვედით და აკა მეუბნება, - გვანცა, შენ ჩემი ცოლი გახდები. ეს იყო და ეს, მანამდე სიტყვა "მიყვარხარ" ნათქვამიც კი არ ჰქონდა.

dsc8955-1635500392.jpg

- თქვენი რეაქცია როგორი იყო?

- გულიანად გამეცინა. რა ცოლი, რა სიყვარული, რა დროს ამაზე ფიქრი იყო, პატარები ვიყავით. აქედან დაწყებული, 5 წლის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს მეკითხებოდა, ცოლად ხომ გამომყვებიო? მერე გავყევი.

- თქვენი ქორწილი როგორი იყო?

- ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი: ლამაზი დღე იყო, კარგი კაბა მეცვა, გვქონდა ხელმოწერა, ჯვრისწერა...

- აკამ რით მოგხიბლათ? რის გამო გახდა თქვენი რჩეული?

- უსაზღვროდ ნიჭიერია, პირველი ეს დავინახე და მოვიხიბლე, ამასთანავე არანორმალურად შრომისმოყვარეა. ნიჭიერებასთან ერთად ეს თვისებაც თუ არ გაქვს, მხოლოდ ნიჭი არაფერს ნიშნავს, დაიკარგები. აკას საოცრად კეთილი, გულთბილი და სათუთი სული აქვს. მისნაირი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. ამავე დროს, შინაგანად ძალიან ძლიერია.

- ახლახან პირდაპირ ეთერში გთხოვათ ხელი. ბევრი სიგიჟე ჩაუდენია? რა გახსენდებათ?

- ძალიან მოულოდნელი ხელის თხოვნები იცის ხოლმე. ვენეციაში ვიყავით. უეცრად ხალხმრავალ მოედანზე, ადამიანს, რომელიც სუვენირებს ყიდდა, სთხოვა, ფეიერვერკი გაეშვა, დამიჩოქა და ხელი მთხოვა. ეს როგორ მოახერხა, არ ვიცი. ქორწილის შემდეგ 4-ჯერ მაინც აქვს ხელის თხოვნის ცერემონია ჩატარებული. 24 საათი ერთად ვართ და მაკვირვებს, მალულად ორგანიზებას როგორ ახერხებს?! ბოლოს პირდაპირ ეთერში ბეჭედი მაჩუქა, მასზე მზე და მთვარეა გამოსახული: ჩემი მზე და მთვარე შენ ხარო.

- დღევანდელი გადასახედიდან, პროფესიაში თქვენი წყვილის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად რას თვლით?

- ჩვენ ნულიდან დავიწყეთ და დღეს მსოფლიო სპორტში ბრენდია სახელები "აკა და გვანცა". საქართველოს სპორტული ცეკვების ისტორიაში ვართ ერთადერთი წყვილი, ვინც გავედით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. ორგზის ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტები ვართ.

- თქვენს პროფესიონალიზმს საზღვარგარეთ მეტად აფასებენ, ვიდრე სამშობლოში?

- შეიძლება ასეც ითქვას. იქ შენი სჯერათ, სხვაგვარად გაფასებენ და დიდ გასაქანს გაძლევენ. თუ არ იმსახურებ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არავინ გაგიყვანს, ჟიური რეპუტაციას არ გაიფუჭებს. ისეთ შოუს თუ ვერ დადგამ, რომელიც კარგად არ გაიყიდება, ქორეოგრაფად ოფიციალურად არავინ აგიყვანს. წლების წინ ერთ-ერთმა კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია ქორეოგრაფის პოზიციაზე. მაშინ მე და აკას, "სივიც" კი არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვცადეთ და ჩვენი ცეკვის ვიდეო გავგზავნეთ. მეორე დღესვე გამოგვეხმაურნენ. გავხდით ამ კომპანიის ქორეოგრაფები, მაგრამ ცეკვებს ისე ვდგამდით, ჩვენი სახელები არსად არ ჩანდა. იქ ჰყავდათ მთავარი ქორეოგრაფი, რომელიც მოვიდოდა, ჩვენს ნამუშევარს ნახავდა, ტაშს დაუკრავდა და წავიდოდა. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო. ჩრდილში ყოფნის პერიოდი 2 წელს გაგვიგრძელდა, მაგრამ დაგვიგროვდა გამოცდილება, თანხაც გვჭირდებოდა, რომ ტურნირებზე გვევლო, თანამშრომლობის ამ ფორმას ამიტომ დავთანხმდით. 2 წლის შემდეგ მეორე კომპანია გამოჩნდა, სადაც უკვე ოფიციალურ ქორეოგრაფებად დავიწყეთ მუშაობა და ჩვენი სახელები და გვარები აფიშებზეც გაიტანეს.

- მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წარმოდგენის - ჩირქუე დუ სოლეილ-ის ქორეოგრაფები როგორ გახდით?

- აქაც კასტინგის გზით მოვხვდით, ჩვენი ცეკვის ვიდეოები გავგზავნეთ და რომ გამოგვეხმაურნენ, იმდენად ემოციური ამბავი იყო, ხელები ამიკანკალდა. ჩვენ ძალიან თავმდაბლები ვართ.

- ამბიციურები?

- ამბიციურობა არ გვაკლია, არც თავდაჯერებულობა, მაგრამ ვართ თავმდაბლები და საოცრად თვითკრიტიკულები. ჩემი მწვრთნელი სულ მეუბნება, ასეთი კრიტიკული ნუ ხარო. ეს პროფესიულად მზრდის. მე და აკა ჩირქუე დუ სოლეილ-ის აზიის ფილიალის ქორეოგრაფები (ცეკვის განხრით) ვართ. პირველად კონფერენციაზე რომ მოვხვდით, გავოგნდი, იმდენად ბევრი გამოცდილი და ტიტულოვანი ადამიანი ესწრებოდა, მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ შეკრებილნი, რომლებსაც საოცარი სანახაობები შეუქმნიათ, მათდამი ყოველთვის დიდი მოკრძალება და მორიდება მქონდა. ძალიან სასიამოვნო იყო, როცა იმავეს ვგრძნობდი ამ ადამიანებისგან.

- ამ კომპანიაში თქვენი როგორც ქორეოგრაფების მუშაობის სპეციფიკა როგორია?

- ვქმნით იდეებს, სტილი რა მიმართულებით უნდა წავიდეს, ვარჩევთ მუსიკას, განათებას, კოსტიუმებს. ხანგრძლივი პროცესია, ყველა დეტალს უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

- გვანცა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში პირადად თქვენ მიერ შესრულებულ ცეკვას დიდი გამოხმაურება და ბევრი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ზოგიერთი უსიამოვნო იყო. ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია გქონდათ?

- სიკეთეს როცა ვაკეთებ, არასდროს არ ველოდები მადლობას; როცა ვცეკვავ, არ ველოდები კომენტარებს, თვალს არც ვადევნებ. ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ რას გავითვალისწინებ და რას - არა, ჩემი გადასაწყვეტია. ბევრად მნიშვნელოვანია საქმეში პროფესიონალის აზრი, პიროვნების, ვინც გამხადა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი, ვინც გამხადა სამი დიდი კომპანიის ქორეოგრაფი. ვერ მივალ სტომატოლოგთან და ვერ ვეტყვი, რომ კბილი არასწორად გაბურღა, იმიტომ, რომ იმ საქმის პროფესიონალი არა ვარ...

- საწყენი არ იყო?

- არა: ისინი ხომ არაპროფესიონალები არიან. მე წინ უნდა ვიარო. იმდენად დიდი სპორტული ფსიქოლოგია მაქვს გავლილი, სხვებს შემიძლია კონსულტაცია გავუწიო. უარყოფითი არასდროს არ უნდა მიიღო უარყოფითად, შესაბამისად, შენზე ცუდად აღარ იმოქმედებს.

10155302-10152351689354280-3419087510233039031-n-copy-1635500357.jpg

- პოპულარული აშკარად გახდით.

- ეს კარგია. მილიონ 300 ათასი ნახვა აქვს ჩვენს ერთ ვიდეოს, მეორეს - მეტი. მე და აკამ ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ სიმაღლეზე ავსულიყავით. სანამ ქორეოგრაფები გავხდებოდით და მყარი შემოსავალი გაგვიჩნდებოდა, 3 ღამე აეროპორტშიც კი გვიძინია, რადგან სასტუმროს თანხა არ გვქონდა. ტურნირებზე მაინც მივდიოდით. ასეთი დაბრკოლებები არ გვაშინებდა. ერთ-ერთ ტურნირზე გამოსვლისას საკვების თანხაც კი არ გვქონდა. ამის თქმის არ მრცხვენია, რადგან დღეს უკვე თავად ვეხმარები სპორტსმენებს, სადმე რომ წავიდნენ და საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება მიეცეთ... გერმანულ ენას კარგად ვფლობ. ტურნირზე გასვლის წინ ვიღაცასთან მივედი და გერმანულად ვთხოვე, თუ შეიძლება, ერთი კრუასანი მომეცით-მეთქი. არ მინდოდა გაეგოთ, რომ ქართველი ვიყავი, იმ წუთში ჩემს ქვეყანას გავუფრთხილდი. ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.

- რუბრიკა "აკას და გვანცას ცეკვის ისტორია" როგორ დაიბადა?

- საქართველოში კორონას გამო ჩამოვედით, სხვადასხვა გადაცემაში გვიწვევდნენ. ერთ-ერთი იყო "შენი დილა". სამბა უნდა გვეცეკვა, თან გვთხოვეს, ამ ცეკვის შესახებ მცირე ისტორია გვიამბეთო, და ასე დაიბადა ახალი რუბრიკის იდეაც. მერე ეს იდეა თანდათან დავხვეწეთ. მაყურებელს ვთხოვ, აუცილებლად ადევნოს თვალი ცეკვის ისტორიას, ამის გარეშე ცეკვის გაგება ძალიან რთულია, ხასიათს ვერ ჩასწვდები. ეს იგივეა, დაჯდე და დაწყებული ფილმის ყურება დაიწყო.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- ტურნირები კორონას გამო გადაიდო. საზღვარგარეთ სატელევიზიო შოუებიდან გვაქვს მიწვევები. აქტიურად ვვარჯიშობთ და ველოდებით, მსოფლიო ფედერაციის მიერ ტურნირების დღეები როდის დაინიშნება. მზად ვართ, საქართველო კიდევ ერთხელ ვასახელოთ.

თამუნა კვინიკაძე