ნუცა თოფურია უკრაინაში ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა
უკრაინამ ჯარის დღე ოკუპირებული უკრაინის საზღვრებთან აღნიშნა. სპეციალურად ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოდან უკრაინაში ნუცა თოფურია და გიორგი ცხადაძე გაემგზავრნენ. ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულეს და მათთვის კონცერტი გამართეს. რეპერტუარში ჰქონდათ როგორც ქართული, ისე უკრაინული სიმღერები.
ნუცა თოფურია:
- უკრაინაში ყველასთვის საყვარელ გიორგი ცხადაძესთან ერთად ვიმყოფებოდი. მოგეხსენებათ, უკრაინასა და რუსეთს შორის ახლაც გაცხარებული ომია. ჩვენი მისია იყო, კიევში ჩასვლითა და სიმღერით უკრაინელი ხალხისა და ჯარისთვის მხარდაჭერა გამოგვეხატა და მეგობრობა დაგვეფიქსირებინა. როცა ჩვენი ჩასვლის ამბავი შეიტყვეს, დიდი სიხარულით შეგვხვდნენ. იქ ჩვენი ბიჭებიც არიან გაგზავნილი უკრაინელთა დასახმარებლად. მე და გიორგი ქართულ ბატალიონსაც შევხვდით. ყველა აღნიშნავდა, რომ ჩვენ საერთო მტერი გვაკავშირებს და ყველას ძალიან ვუყვარვართ. უკრაინაში ხუთი დღე ვიმყოფებოდით, კერძოდ - 10-15 ოქტომბერს. უკრაინის ჯარის დღის აღნიშვნა 14 ოქტომბერს მოხდა. დიდი მადლობა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ირაკლი გოგიას, რომლის ინიციატივითა და ხელშეწყობითაც კიევში ჩვენი ვიზიტი დაიგეგმა. რეპერტუარი მისი უშუალო რჩევითა და აზრის გათვალისწინებით შევარჩიეთ. უკრაინაში ჩვენთვის ძალიან ემოციური დღეები გავატარეთ.
- უფრო კონკრეტულად, როგორ და სად ჩატარდა კონცერტი?
- კრამატორსკში ჩავედით, შემდეგ ამ ქალაქიდან პირდაპირ საზღვართან გავემგზავრეთ, უკრაინის ჯარის ბაზაში მიგვიყვანეს და მათთან ერთად სანგრებში მოგვიწია ყოფნამ. იმ ჯარისკაცებისთვის ჩავატარეთ კონცერტი, ვინც ბაზას ვერ ტოვებს. შემოგვთავაზეს, თუ სურვილი გვქონდა, შეეძლოთ „წითელ წერტილში“ წავეყვანეთ, თუმცა გაგვაფრთხილეს, რომ ეს დიდი რისკი იყო. ამ წინადადებაზე მე და ცხადომ, ორმა ექსტრემალმა, თანხმობა განვაცხადეთ. თავიდან საფრთხე ბოლომდე ვერ გავიაზრეთ, მაგრამ მერე, როცა თავდაცვისთვის ყველა საჭირო დეტალით აღგვჭურვეს, ცოტათი უფრო დავიძაბეთ და შეგვეშინდა. რეალურად, ჩვენი მხრიდან ეს მართლა სერიოზული ნაბიჯი იყო. გვითხრეს, ყურადღებით ვყოფილიყავით და მათი მითითებებისთვის გვესმინა: „დაწექით“, „გაიქეცით“, „ჩაიმუხლეთ“ და ა.შ. მე და ცხადო კარგად ვიქცეოდით და ხალხის გამხნევებას ვცდილობდით ჩვენი დადებითი ემოციებით. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ჯარისკაცები იქცევიან. ჩვენგან 50 მეტრში უკვე საზღვარი იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ცეცხლი გაეხსნათ. ვნახეთ, როგორ პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები, მათ შორის ბევრი ქალიც იყო. ულამაზეს ბუნებაში ვიყავით, მაგრამ გარემო მაინც გვძაბავდა. მიუხედავად ამისა, სულ ვიღიმოდი და ამას ყველა აღნიშნავდა.
უკან რომ ვბრუნდებოდით, გასროლის ხმა გაისმა. გვითხრეს, უკრაინელმა სნაიპერმა გაისროლაო, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის, რა მოხდა, იქ ვერაფერს განსაზღვრავ და ვერ გათვლი. კონცერტის შემდეგ გვითხრეს, რომ ცაზე უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა და აუცილებლად მალე უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია. ასეც მოვიქეცით. საზღვრიდან გამოვემგზავრეთ კრამატორსკში და იქ კულტურის ცენტრის დარბაზში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობითა და ჯარისკაცებით მთლიანად იყო სავსე, მეორე კონცერტი ჩავატარეთ. შევასრულეთ როგორც ცნობილი ქართული, ისე უკრაინული სიმღერები. განსაკუთრებული ოვაცია გამოიწვია „ჩიტო-გვრიტომ“, რომლის შესრულებისას მთელი დარბაზი აგვყვა. კონცერტში, ჩემსა და გიორგის გარდა, მონაწილეობდა ოპერის თეატრის მსახიობი, რომელმაც ცნობილი უკრაინული ლექსები წაიკითხა. ჩვენთან კონცერტებზე ლექსებს არ კითხულობენ, მაგრამ თურმე იქ ასეთი რამ ხშირია. უკრაინაში ეს ამბავი ყველა ტელევიზიით გაშუქდა, ჩვენს ვიზიტს არაერთი სიუჟეტი მიეძღვნა. რამდენიმე ჟურნალისტი საზღვართან სანგრებშიც კი წამოგვყვა, რომ უფრო დეტალურად აღეწერათ ჩვენი მარშრუტი. ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჩვენ, „ორი ქართველი ბავშვი“ - ასე გვეძახდნენ - მათთან გასამხნევებლად და მხარდასაჭერად ვიყავით ჩასული. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან ემოციური იყო. უკრაინაში კიდევ გველოდებიან, კონცერტზე მიგვიწვიეს და ძალიან მიხარია, რომ ეს მალე მოხდება.
- ამ ამბის შემდეგ სამხედრო ცხოვრების მიმართ ხომ არ გაგიჩნდათ ინტერესი ან მათ ცხოვრებაზე აქამდე სერიოზულად თუ დაფიქრებულხართ?
- სიმართლე გითხრათ, არასდროს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახე, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ პირობებში ცხოვრებას. ეს ადამიანები მართლა გმირები არიან.
- ნუცა, გიორგის უწევს ხოლმე უკრაინაში ჩასვლა და სიმღერა, თქვენთვის ეს პირველი ვიზიტი იყო?
- დიახ, გიორგი უკრაინაში კონცერტებსა და ფესტივალებზეა ნამყოფი და, თუ არ ვცდები, ახლა მეექვსედ იყო. მე კი პირველად ვიყავი.
- ეპიდვითარებაზეც მინდა გკითხოთ: რა ვითარებაა იქ ამ თვალსაზრისით, როგორი რეგულაციებია და კონცერტი დახურულ სივრცეში როგორ წარიმართა? დარბაზში მაყურებლები თითო სკამის გამოტოვებით სხედან?
- ვერ გეტყვით, რომ კიევში ამ თვალსაზრისით სიმკაცრეა. ღია სივრცეში პირბადე ათასში ერთ კაცს ეკეთა. მაღაზიებშიც იგივე სიტუაციაა. კონცერტის დროსაც დარბაზში არავის არ ეკეთა პირბადე, არც მსმენელს შორის იყო დისტანცია. ქალაქში ამბობენ, რომ კოვიდვითარებაზე არ ღელავენ და იქაურობა „მწვანე ზონაა“. ცხადოს პი-სი-არ ტესტის გაკეთება მოუხდა და საამისოდ ისეთ დროს მივედით, ჩვენთან თბილისში რომ სულ რიგებია, მაგრამ იქ არავინ დაგvხვდა, ცხადო პირდაპირ შეიყვანეს ტესტის გასაკეთებლად. კიევი და თბილისი რომ შევადაროთ, ჩვენთან ბევრად უკეთ და მკაცრად ვიცავთ რეგულაციებს.
- მოსახლეობა მასობრივად აიცრა თუ სტაბილური ეპიდსიტუაცია რაიმე სხვა გარემოებამ განაპირობა?
- როგორც გვითხრეს, მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტია აცრილი. ვაქცინაცია აუცილებელი და სავალდებულოა პედაგოგებისა და ისეთი პროფესიის ადამიანებისთვის, ვისაც ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაცია უწევს.
- ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ: შემოქმედებითი კუთხით რა სიახლეები გაქვთ?
- ჩემი პირველი სოლო ალბომის ჩაწერა დავასრულე, მაგრამ კონცერტი, რომლის ჩატარებასაც ვგეგმავდით და საბოლოო დედლაინით, ოქტომბერში მაინც უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ასევე - ყველა სხვა კონცერტი თუ საღამო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე და ცხადომ რომ გავიგეთ, უკრაინაში უნდა გვემღერა, ორმაგად გაგვიხარდა, რადგან სცენას მონატრებულები ვიყავით. თან, ჩვენი სიხარული იმით იყო გაორმაგებული, თუ ვინ იყო ეს აუდიტორია. ყველა ყურადღებით რომ გისმენს და თვალებში შემოგციცინებს, ეს განცდა ორივეს მოგვნატრებია და ეს ყველა უკრაინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში აღვნიშნეთ.
- ანუ ამ ეტაპზე ალბომის პრეზენტაცია გაურკვეველი დროით გაქვთ გადადებული?
- დიახ... ალბომის მომზადებას დიდი შრომა დასჭირდა, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და ამას ვერც წარმოვიდგენდი. თუმცა, მთავარია, რომ ბოლოში გავედით. ალბომში 10 სიმღერა შევიდა. მათ შორის უმეტესობა ქართულია, ასევე გვაქვს ინგლისური და ფრანგული სიმღერებიც.
- დაბოლოს, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამასაც გკითხავ - კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა თუ გაიკეთეთ?
- რა თქმა უნდა. პირველად, 14 ათასი დოზა „ფაიზერი“ რომ ჩამოიტანეს, იმ დროს ავიცერი, ხოლო მეორე დოზამ მაშინ მომიწია, როცა უკვე ამ ვაქცინის დიდი პარტია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. რეგულაციებს ვიცავ, მაგრამ პანდემიის განმავლობაში მაინც ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა, იყო პატარ-პატარა კონცერტები და გადაღებები და მიუხედავად ამისა, მეც ძალიან მიკვირს, რომ ვირუსი დღემდე არ შემხვედრია და იმედია, ასეც გაგრძელდება. ვფიქრობ, ეს ვაქცინის წყალობით ხდება.
ანა კალანდაძე