ქართველი ხელოვანი ფილადელფიაში ქართველ ბავშვებს ასწავლის
თუმცა ხატვა და ხელოვნებისადმი ინტერესი ბავშვობიდან მოსდევს. მუდმივად სიახლეების ძიებაში მყოფს, ხატმწერსა და ხელნაკეთი ნივთების დიზაინერს თბილისში საკმაოდ აქტიური ცხოვრება ჰქონდა.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როცა თითოეული ადამიანის ცხოვრების სტილი შეიცვალა, არსებული "გაყინული" რეალობა მისთვის ძალზე რთული ასატანი აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტა, ცხოვრებაში სიახლე შეეტანა და ფილადელფიაში გაემგზავრა. უკვე რვა თვეა, რაც სხვა ქვეყანაში, ახალ გარემოსა და წრეში ცხოვრობს, თუმცა ეს დრო საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. უფრო დაწვრილებით, ინტერნეტის საშუალებით შემდგარი დიალოგიდან შეიტყობთ.
- ჩემს ქვეყანაზე ძალიან ვარ შეყვარებული და გამგზავრება არასდროს არ მნდომებია. 8 წელია, ვიზა მაქვს, მაგრამ ხელუხლებლად მედო, თუმცა, კორონავირუსის პანდემია რომ დაიწყო, ახალი წლის გამოფენა და ფესტივალი დასრულდა, ყველაფერი ჩაიკეტა და შინ დავსხედით, ეს ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. გადავგვარდი ადამიანი და თავს ვერაფერს ვუხერხებდი. საზოგადოებასთან, ხალხთან ურთიერთობას ვარ მიჩვეული, საკუთარი ნახელავისა და ემოციების გაზიარება ჩემთვის ნარკოტიკივითაა. როცა ეს გზა დაიკეტა და ადამიანები ერთმანეთს ვერ ვნახულობდით, გაუსაძლისი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. თუ მოტივაცია არ მაქვს, მაშინ ვიკარგები და დეპრესია მეწყება. ასე რომ მოხდა, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაფერი თავად უნდა შემეცვალა. ფილადელფიაში ჩემი მეუღლე იმყოფებოდა, აქ ორი წლის წინ გამოემგზავრა და მუშაობს. ისიც ისე წამოვიდა, როგორც ყველა ქართველი, ბედის საძიებლად და სამუშაოდ. მეც ალალბედზე წამოვედი, რადგან არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ჩამოვედი, ვხატავდი და ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებდი, უცნობ ადამიანებს თავად გაუჩნდათ სურვილი, მათი შვილებისთვის მესწავლებინა.
- სად ასწავლით?
- აქ მეუფე საბა ინწკირველის მიერ დაარსებულია კულტურის ცენტრი, სადაც ქართველები იკრიბებიან. საერთოდ, ძალიან ბევრი ქართველია. ყველა ზრუნავს, რომ შვილებმა მშობლიური ენა, სიმღერა, ცეკვა იცოდნენ და საკუთარ ფესვებს არ მოსწყდნენ. ამ ყველაფერს სათავეში მეუფე საბა უდგას. მან შემომთავაზა ბავშვებთან მუშაობა, რაზეც დავთანხმდი. ახლა უკვე კულტურის ცენტრშიც მყავს ბავშვები და ჩემთან, შინაც მოდიან. პატარა სტუდია მაქვს მოწყობილი და ვისაც უფრო საფუძვლიანად სურს, ხატვასა თუ ხელსაქმეს დაეუფლოს, კვირაში ერთხელ ჩემთან ვიკრიბებით, ვძერწავთ, ვხატავთ. მათ ფანტაზიისა და საკუთარი იდეების რეალიზაციის საშუალებას ვაძლევ. ეს ჩემთვისაც ძალზე საინტერესოა, რადგან ბავშვის ფანტაზია ხომ უსაზღვროა და მათთან ურთიერთობას არაფერი ჯობს.
- რა ასაკის მოსწავლეები გყავთ?
- ჩემი მოსწავლეები არიან 4 წლიდან ზევით. ერთმა 3 წლის შვილიც მომიყვანა და ვნახოთ, რა გამოგვივა (იღიმის). როგორც აღვნიშნე, მშობლებს იმდენად დიდი სურვილი აქვთ, მათ შვილებს ქართველებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, რამე ქართული ასწავლონ, რომ საამისოდ ყველაფერს აკეთებენ. ბრუკლინშიც მაქვს ურთიერთობა ქართველებთან. იქაც არის კულტურის ცენტრი და მას ვიქტორ სილერსენი ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, ბრუკლინში ქართული ბიბლიოთეკა აღმოვაჩინე და, როგორც შევიტყვე, ის თენგიზ შაუთიძის ძალისხმევითაა დაარსებული. ამ ბიბლიოთეკას კი ჩვენი ცუცა კაპანაძე ხელმძღვანელობს. ჩემი მეუღლე მღერის და ერთხელ რეპეტიციაზე რომ წავყევი, იქვე ქართული ბიბლიოთეკის კარი შევაღე. აქ მაღაზიაში ხმელი სუნელი რომ აღმოვაჩინე, ჩავიხუტე და ბევრი ვკოცნე, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა ქართულ ბიბლიოთეკაზე (იღიმის). ბიბლიოთეკაში "კვირის პალიტრის" სერია "დიდი მხატვრები" რომ დავინახე, ალბომებს ზედ ისე დავემხვე, როგორც "ჯარისკაცის მამაში" სერგო ზაქარიაძე - ვენახს: "აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო ჰა?!" (იცინის). წიგნები წამოვიღე და ბავშვებს დავათვალიერებინე, ამის შემდეგ ხშირად მთხოვენ ხოლმე, შეიძლება კიდევ დავათვალიეროთო?..
- რა დატვირთვით მუშაობთ და სხვა ქართველებთან შეხვედრას თუ ახერხებთ?
- აქ ქართველები დიდი დოზით მუშაობენ. მე ეს ფიზიკურადაც არ შემიძლია. აქ ყველა ბევრს შრომობს, უმეტესობა პროფესიას იცვლის და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მართალია, შინ ბავშვებისთვის კვირაში ერთი დღე, საათ-ნახევარი მქონდა გამოყოფილი, მაგრამ ზოგს ძალიან დიდი სიყვარული აქვს ხატვის მიმართ და ამიტომ კვირაში ორჯერაც მოდიან. როცა ბავშვი ნიჭიერია და თავად აქვს შემეცნების სურვილი, ხელი უნდა შევუწყოთ. რაც შეეხება სხვა ქართველებთან შეხვედრას - კი, ხშირად ვიკრიბებით, საღამოობით, სამსახურიდან დაბრუნებულებში "მოსული ამბავია" ერთი ჭიქის ერთად აწევა. ერთმა მეგობარმა მითხრა, ჩვენ აქ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს და ერთმანეთის პატრონები ვართო, და ასეცაა. თან, როგორც ჩანს, სამშობლოს მონატრების გამო აქ ტრადიციები უფრო მეტადაა შენარჩუნებული და გაძლიერებული, ძალიან ფრთხილად ვეპყრობით და ვუფრთხილდებით ერთმანეთს.
- თბილისში სხვადასხვა გამოფენასა თუ ღონისძიებაზე ხშირად შევხვედრივართ. მახსოვს, ერთხელ მითხარით, რომ კერვას დაეუფლეთ, კაბებსა და ყაბალახებს კერავდით. რა ხდებოდა ამერიკაში გამგზავრებამდე?
- თბილისში ხატვით ნაკლებად ვხატავდი, უმთავრესად ხატწერით ვიყავი დაკავებული. ხატებს ეკლესიებისთვის მიკვეთდნენ და, ფილადელფიაში რომ ჩამოვედი, ჩემი ხელით დაწერილი ხატები აქ ეკლესიაშიც დამხვდა. ასევე, ხელნაკეთ სამკაულს ვაკეთებდი და ამ საქმემ ბევრი სასიამოვნო პერიოდი მაჩუქა. ვისწავლე ტანსაცმლის კონსტრუირება და დიზაინიც. საკმაოდ კარგად გამომივიდა და ძალიან ვერთობოდი შრიალ-შრიალა კაბების კერვით. მოკლედ, საკმაოდ კარგად მქონდა საქმე აწყობილი და დრო განაწილებული. ფუნქცია გვქონდა, შემოქმედებითად ტვინიც სხვანაირად მუშაობდა და განწყობაც სახალისო იყო, მაგრამ "კოვიდის" შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა, სრული სიცივე ჩამოწვა და ყველაფერი შეწყდა. თურმე რა ბედნიერება იყო პანდემიამდე საქართველო!..
- ანუ, კორონავირუსი რომ არა, ამერიკაში შეიძლება კიდევ არაერთი წელი არც წასულიყავით. პანდემია რომ დასრულდება, საქართველოში დაბრუნებას გეგმავთ?
- რა თქმა უნდა, ვინმემ რომ მითხრას, არ დაბრუნდეო, შეიძლება მოვკლა (იცინის). თბილისი ადამიანივით მიყვარს და ამ ქალაქზე ლაპარაკი ჩემთვის ემოციის გარეშე შეუძლებელია...
- მანდ არ კერავთ?
- კი, ახლახან საქორწილოდ, დედოფლის კაბა შევკერე. ისედაც, ყოველდღიურ კაბებს ვკერავ გოგონებისთვის. სამომავლოდ ცეკვის ანსამბლებისთვის ფორმები უნდა შევკერო. ხატვითაც სულ ვხატავ, ოთახი მოვხატე და გარდა ამისა, სულ სიახლეების ძიებაში ვარ, ვსწავლობ, ვკითხულობ, რომ მეტი ვიცოდე და ყოველდღიურად სულ უფრო უკეთესი ვიყო. ამერიკული სტანდარტების მიხედვით, კომპანია გავაკეთე და ინტერნეტმაღაზია გავხსენი. სამკაული, ნახატები განვათავსე. თბილისში მატყლისგან ანგელოზებს ვაკეთებდი და ახლაც ვგეგმავ საახალწლოდ მათ დამზადებას. იმედია, აქაც ისევე მოეწონებათ, როგორც საქართველოში. ჩემი კომპანიის სახელით უკვე შემიძლია გამოფენებში მონაწილეობაც. ამერიკელებსაც ვესაუბრე, ძალიან კარგი საურთიერთობო ხალხია და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები და ფესტივალები რომ დაიგეგმება, მეც ვაპირებ მონაწილეობას. აქ ყაბალახი რა არის, არ იციან, უშუალოდ უნდა ანახვო, როგორ მოიხმარონ, შესაბამისად, როცა უშუალოდ ვიქნები გამოფენის მონაწილე, მაშინ გამოვფენ ყაბალახებსაც. თბილისში ჩამოსულ ტურისტებს ძალიან მოსწონდათ ეს ნივთი და იმედი მაქვს, აქაც მიიპყრობს ყურადღებას.
ანა კალანდაძე