უჭირისუფლოდ დარჩენილი სოფელი გუდაუთაში - გზაპრესი

უჭირისუფლოდ დარჩენილი სოფელი გუდაუთაში

ამ ქალბატონმა რუსთავში, თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზო ბაღნარად აქცია. პროფესიით მასაჟისტი გახლავთ. დღემდე აქტიურად მუშაობს, გარდა ამისა, სხვადასხვა უცნაური მასალისგან ულამაზეს კომპოზიციებსაც აწყობს, რომელთა უმეტესობა აფხაზეთის თემაზეა.

აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილია, მისი წინაპრები იქ რაჭიდან ჩაუსახლებიათ. საუბრის დასასრულს მითხრა, რომ დედა, გენუშა ბოხაშვილი, რომელიც რუსთავში 2013 წელს დევნილობაში გარდაიცვალა, დღიურს იმის შესახებ წერდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ქართველები ომის პერიოდში. ახალსოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ გენუშა ბოხაშვილი თავდაპირველად სოფელ ლიხნში მუშაობდა მასწავლებლად, შემდეგ - სოფელ ჯირხვაში.

1992 წლის 15 აგვისტო

- დაგვიდგა საშინელი დღე. შეიარაღებული აფხაზი სეპარატისტები ყოველი ქართველი გლეხის ოჯახს აწიოკებენ, ვითომ იარაღს ეძებენ და თუ რამე თვალში მოუვიდათ, თან მიაქვთ. მოდიან და ძალით ითხოვენ ოქროსა და ფულს. უნომრო მანქანებით გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ ახალგაზრდები, სასტიკად სცემენ და აწამებენ მათ. ბევრ მათგანს ოქროსა და ფულის გამოძალვის მიზნით კლავენ.

1992 წლის 28 აგვისტო

- ყველას ძალიან გვეშინოდა მაშინ, როცა ეზოს კართან მანქანა გაჩერდებოდა და მოასიგნალებდა. მაშინვე სახლის უკან ბაღ-ბოსტნებში ვიმალებოდით. საღამოს 8 საათზე ჩვენი ეზოს კარს მოადგა თეთრი "ჟიგული". მე და ოლია (მეზობელი. - ავტ.) ეზოში ვიყავით. ორ მცირეწლოვან ბავშვს დივანზე ეძინა სამზარეულოში. მათ ძმას, ერთი თვის გიზოს - საბავშვო ეტლში. ჩემმა შვილმა ოლეგმა ეზოს კარი გააღო და "სტუმრები" ეზოში შემოიპატიჟა. 5 შეიარაღებული "ბოევიკი" დაუყოვნებლივ გადმოხტა მანქანიდან და ეზოში შემოვიდა. სამმა მათგანმა ოლეგს დაუწყო საუბარი, ორი კი სამზარეულოში, მძინარე ბავშვებთან შევიდა. მე შემეშინდა და მათ თან შევყევი. ოლეგიც მუქარით შემოიყვანეს იქ და გამოგვიცხადეს, ან ოქრო მოგვეცით, ან ფულიო. რაც კი ფული მქონდა ბანკიდან გამოტანილი და სარდაფში ვინახავდი, გამოვუტანე და მივეცი. თანხა იცოტავეს. ოლეგი წინ აიდევნეს და მანქანაში ჩასვეს. ვიყვირე, მეც შვილთან ერთად მომკალით-მეთქი. ერთმა ბრძანა: მიბრუნდით და ბავშვები ამოხოცეთო. ინსტინქტით გამოვასწარი მათ, სამზარეულოს კარს მივეყრდენი და მთელი ძალით შევკივლე, ბავშვები არა, მე დამხვრიტეთ-მეთქი! ერთ მათგანს იარაღზე ხელი ვუტაცე და ლულა გულთან ახლოს მივიბჯინე. ჩეჩენმა ამ სურათს რომ შეხედა, უყვირა აფხაზებს, წავიდეთო, და რატომღაც თავზე იტაცა ხელები. კარში გაცვივდნენ და დაგვიბარეს, მოვბრუნდებით და დანარჩენი ფული დაგვახვედრეთო. ის ფული, რაც გამოვუტანე, თან წაიღეს. შეშინებულები მთელი ღამე ჩვენი ბავშვებით სიმინდის ყანაში ვიმალებოდით.

1992 წლის 29 აგვისტო

- როგორც იქნა, გათენდა. ჩემი ოჯახის წევრები საჩქაროდ გაემგზავრნენ ბომბორის სამხედრო აეროდრომისკენ. იქ რამდენიმე დღე დაჰყვეს, მაგრამ იცოდნენ, რომ ბავშვებს უკვე აღარავინ მოკლავდა და თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ. ოლეგმაც წასვლა გადაწყვიტა, ამათ მივაცილებ, მე კი სოხუმში დავბრუნდებიო. როგორც იქნა, გაფრინდნენ, დავრჩი მარტოდმარტო.

1992 წლის 30 აგვისტო

- 28 აგვისტოს, როცა ჩვენთან მოვიდნენ სეპარატისტები, როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩვენ შემდეგ ჯემალთანაც, ჩემს დეიდაშვილთანაც მისულან, წაუყვანიათ და სასიკვდილოდ უცემიათ. ჯემალი მათ 6.000 მანეთს შეჰპირებია და ამ პირობით მოუყვანიათ სახლში. როგორც იქნა, ფული იშოვა და ისიც თბილისში წასასვლელად ცოლ-შვილით ბომბორის სამხედრო აეროდრომზე წავიდა. ძალიან უჭირდა ფეხზე დგომა და გაფრენამდე აეროდრომის მინდორზე იწვა. დარჩა კლავდიაც (და. - ავტ.) ჩემსავით მარტო.

1992 წლის 2 სექტემბeრი

- მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. წამებით მოკლეს ჩემი მაზლი საშა ფოჩხიძე. ხალხი მის სახლთან შეჯგუფებულიყო, ლიანას ტირილი ისმოდა. საშა კი არსად ჩანდა. ავტომატის ვაზნებისგან პირდაპირ ვოვას სახლის კედელში იყო შეტენილი საშას ცისფერი სპორტულის ნაგლეჯები... ის ჯერ დანით უწამებიათ, შემდეგ ავტომატით დაუცხრილავთ. მისი გვამი მიწაზე უთრევიათ, სისხლის კვალი ეზოს წითლად ემჩნეოდა. 5 სექტემბერს გავასვენეთ. სატირალში ჩემი შვილის, რიტას ნათლია, ნინო ლობჯანიძეც იყო. მომეხვია, დამშვიდდი, რას იზამ, უნდა გავმაგრდეთ, ჩემთანაც მოვიდნენ და მითხრეს, საშა მოვკალით, ახლა სული უნდა ვუხსენოთ და იცოდე, ეს დღე შენც მოგელისო.

1992 წლის 6 სექტემბერი

- ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული, საშინელი წივილ-კივილი რომ მოისმა. ჩვენ ყველანი გავიქეცით იქით, საიდანაც ხმა მოდიოდა. ნინო ლობჯანიძის სახლთან მივედით, ნინო მკვდარი ეგდო ეზოში, ნახევარი ტანი სახლის შიგნით იყო, ნახევარიც გარეთ, გულიდან სისხლი სდიოდა, ლოყა დანით ჰქონდა დასერილი. 10 მეტრში ეგდო რაჟიკუნა, მეუღლე ნინოსი, ავტომატით თავში დაცხრილული. ტვინი სხეულის გვერდით ეგდო... გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ყველა ავღრიალდით, მაგრამ რაღას ვუშველიდით. მივასვენებდით საწყლებს და ჩვენც სასაფლაოსკენ მივლასლასებდით ღონემიხდილები, აღარავინ იყო ჭირისუფალიც...

1992 წლის 10 ოქტომბერი

- ძალიან ცოტანიღა შემოვრჩით სოფელს. სულ შიშის ქვეშ ვიყავით, მაგრამ მაინც იმედი გვქონდა მოლაპარაკების. ველოდით მონაგარის უკან დაბრუნებას. თავს არ ვზოგავდით საშემოდგომო მოსავლის დასაბინავებლად. ყურძენი მოვკრიფე. მომეხმარნენ კლავდია და ლიანა, ბიჭებიც. მე დავრეცხე ჭურჭელი, მოვწურე 900 ლიტრა, საუკეთესო ღვინო გამოვხადე, არაყიც. ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა წელს.

1992 წლის 15 ოქტომბერი

- საღამოს 7 საათია. ხვალისთვის სამზადისში ვარ, ვამზადებ სადილს და აივანზე სიმინდის დასაყრელ ადგილს ვათავისუფლებ. ბევრი სიმინდი მოვიწიე მდინარე შავწყალას ნაკვეთში და გასაშრობად აივანზე უნდა დავყარო. გართული ვარ შრომაში. ვიღაც შემოვიდა „ზალაში", ვხედავ, აფხაზია. რაც გინდა, ამოირჩიე, წაიღე-მეთქი. ჩემი მურა ყეფდა, აიკლო იქაურობა. გააჩერე შენი ძაღლიო. ეზოში ჩავედი და უცებ ვიღაცამ ბოთლი ჩამარტყა თავში, გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, ხმამაღლა მოვრთე ყვირილი, მიშველეთ-მეთქი. მოცვივდა ხალხი, თავი შემიხვიეს და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

1993 წლის 11 იანვარი

- ჩვენთვის ახალი წელი აღარ იყო გასახარელი. მარტო მოხუცებიღა შემოვრჩით სოფელს. ჩემი მთავარი საფიქრალი იყო მეომარ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება და მონაგარის უკან დაბრუნება. ყველაფერი ბევრი მქონდა: სიმინდი, ლობიო, ღვინო, ხბოს ველოდებოდი. ჭიშკრის კარს ჯაჭვით ვრაზავდი, ძროხის მოპარვის შიში მქონდა და მე მეზობლის, ნინას სახლში მივდიოდი ღამის გასათევად. დილით, სახლში რომ მოვდიოდი, გულის ფანცქალით ჯერ ბოსელს შევხედავდი, ძროხა თუ იყო ადგილზე. კარგი ჯიში იყო, 12-13 ლიტრ რძეს მაძლევდა. იმ დილითაც შევიხედე ბოსელში და აღარ დამხვდა. აფხაზი მეზობელი "შეწუხდა" და იმედი მომცა, ვიპოვი აუცილებლადო, მაგრამ მდგომარეობა ისე დაიძაბა, ძროხა კი არა, თავიც აღარ გვახსოვდა.

1993 წლის 11 თებერვალი

- შევაღე თუ არა ჩემი ეზოს კარი, მივხვდი, რომ სახლში ყველაფერი თავდაყირა იყო. ამ დროს წივილ-კივილის ხმა შემომესმა. თავი დავანებე ყველაფერს და იქით გავიქეცი, საიდანაც ხმა მომესმა. საზარელი სურათი დამხვდა. მიშა და ნათელა გოგრიჭიანები, ცოლ-ქმარი, სისხლის მორევში ცურავდნენ. მიშა ფეხშიშველი საწოლიდან გადმოუთრევიათ და მისი უთავო სხეული კედელთან იყო მიგდებული. ნათელას პირი თოფის კაფსულებით ჰქონდა სავსე, სამზარეულოს იატაკი სისხლისგან წითლად იყო შეღებილი. როგორც ჩანდა, თავდამსხმელებს მათთან უქეიფიათ, მიშა დაუთვრიათ და მერე მოუკლავთ საწყლები - წინადღეს ნათელა ჩემთან იყო და ტიროდა, მეშინია, მომკლავენ აფხაზებიო, ხელჩანთები მომზადებული ჰქონდათ თბილისში წასასვლელად.

1993 წლის 12 თებერვალი

- ზამთარი ძალიან მკაცრი დაგვიდგა. დღე არ გავიდოდა, რომ არავინ მოეკლათ. სოფელი ცარიელდებოდა. უხაროდა ბევრ აფხაზს, იწმინდება ჩვენი მიწა-წყალი ქართველებისგანო. ბევრი სახლი დაცარიელდა და სულ გააპარტახეს. კედლების მეტი აღარაფერი დატოვეს. თქვენც წადით, რაღას უყურებთ, ცოცხლებს არავის არ დაგტოვებთო, გვემუქრებოდნენ ზოგიერთები.

1993 წლის 13 თებერვალი

- საბჭოს მდივანმა, ოტელო ფხაზარიამ გამოგვიცხადა, თუ გინდათ, ცოცხლები დარჩეთ და შეინახოთ სახლ-კარი, თქვენ ვინც გსურთ, ის აფხაზები შეასახლეთ ხელწერილით და უკეთესი იქნებაო. მეც სხვა რა დამრჩენოდა, დავიჯერე და მოვნახე ჭედია ბიჭიკო. აფხაზებმა დაიწყეს მთებიდან ჩამოსვლა, ჩვენ კი თბილისში უნდა წავსულიყავით. დღემდე თუ იმედი მქონდა ჩემიანების დაბრუნების და მოსავალს ვინახავდი, ეს იმედიც საბოლოოდ გადამეწურა და ყველაფრის გაყიდვა დავიწყე, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა.

1993 წლის 14 თებერვალი

- ზოსიმე ჭედიას შვილმა, ბიჭიკომ, რომელიც გუდაუთის სამხედრო კომისარიატში "ვაენკომად" (სამხედრო კომისარი. - ავტ.) მსახურობდა, ჩემს სახლში თავისი სიძე-ქალიშვილი მომიყვანა. იმედი მომეცა, რომ სახლს არ გადამიწვავდნენ, გადაწყვეტილი მქონდა წასვლა. მეორე დღეს ამ აფხაზთან ერთად ვენახში წავედი ვაზის გასასხლავად, რომ არ გაფუჭებულიყო და როცა დავბრუნდებოდით, დაეხვედრებინა. ჩვენი სახლის ეზოს ტრაფარეტი ჩამოხსნა და თავისი გვარი მიაწერა. ყველამ ასე გააკეთა, უბნის სახლებს აფხაზების გვარი რომ ეწერა, ძალიან ძნელი ასატანი იყო ყველა ჩვენგანისთვის. დაგვეკარგა ყველანაირი იმედი, ერთი აფხაზი თუ დაიღუპებოდა ომში, 10 ქართველი უნდა მოეკლათ.

245507635-273047484700540-589023941073338061-n-1635501244.jpg

1993 წლის 15 აპრილი

- ყოველ ოჯახში უკვე აფხაზები ტრიალებენ. ამუშავებენ მიწას. ჩვენ კი საკუთარ ეზოებში მოწმეებივით ვართ. ნერვებზე მოქმედებდა, ჩვენს ნაწვალებ ოჯახებში ზედმეტები რომ გავხდით და ყოველი ქართველის ოჯახს აფხაზები რომ ეპატრონებოდნენ. ქართველები მალულად მიდი-მოვდიოდით ერთმანეთთან. მათი შვილები დასრიალებდნენ სოფელში ქართველი ბავშვების მიერ დატოვებული ველოსიპედებით.

1992 წლის 17 აპრილი

- გადაწყდა სოფლის მთლიანად დაცარიელება. გაემგზავრნენ ორი ავტობუსით, ცოტანიღა დავრჩით წასასვლელები. ჩვენი სიაც უკვე შედგენილია. გაცვლა-გამოცვლა ხდება.

1993 წლის 18 აპრილი

- გავამზადეთ 7 დიდი ხელჩანთა პირადი ნივთების წასაღებად, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ წაგვეღო მხოლოდ 2 "სუმკა". რაც მეტი აღმოჩნდება, ზღვაში გადაგიყრითო. გადაწყვეტილი იყო გუდაუთიდან სოხუმამდე გემით წასვლა, 2 დიდი "იკარუსი" კლავდიას სახლთან უნდა ჩამომდგარიყო. არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს სახლში, ჩემი მურას ყეფას ყველანი ცნობდნენ, ბოხი ხმით ყეფდა. როდესაც ყეფდა, მე ძალიან განვიცდიდი და ვფიქრობდი, ჩემს სახლ-კარს ან ძარცვავდნენ, ან წვავდნენ. მურა დავტოვე სახლის სადარაჯოდ. მე კი სხვასთან ერთად გავემგზავრე გუდაუთაში, იქიდან კი სოხუმში. როცა სოხუმში გემით შევდიოდით, ქალაქი ჩაბნელებული იყო.

1993 წლის 19 აპრილი

- სოხუმში გველოდებოდა მატარებელი "სოხუმი-თბილისი". ყველანი ჩვენთვის მიჩენილ ადგილებზე განვთავსდით. როგორც მეზობლებთან საუბარში გავარკვიე, აფხაზებს ავტობუსები მართლა გაუჩხრეკიათ და უმეტესობისთვის ბევრი რამ წაერთმიათ. აღარ გვზოგავდნენ აფხაზები, არც დიდს და არც პატარას. რაც მოეწონებოდათ, თავისთვის მიჰქონდათ. ახლა უკვე ვიცოდით, რომ აღარავინ მოგვკლავდა. მდინარე გუმისთის აქეთ თავს მაინც უფრო დაცულად და ლაღად ვგრძნობდით.

აღდგომა დღე იყო, გავშალეთ სუფრა, ავანთეთ სანთლები. 8 თვის განმავლობაში პირველად უშიშრად ვჭამდით საჭმელს.

1993 წლის 21 აპრილი

- ჩამოვედი თელავის სასტუმრო "კახეთში", მე-5 სართულზე, 509 ოთახში დავიდე ბინა. ოთახი მომეწონა, აივანი მთელ თელავს გადაჰყურებს, იქვეა ერეკლეს მოედანი და მთელი თელავი ისე ჩანს, როგორც თბილისი ფუნიკულიორიდან. ჩემი შვილიშვილი გიზუნა უკვე 10 თვისაა, გაზრდილია. მიხაროდა და თავს ბედნიერად ვთვლიდი, რომ ყველანი კარგად დამხვდნენ...

ნინო ჯავახიშვილი