ლალი მოროშკინას ჰობი და საიდუმლო გატაცება - გზაპრესი

ლალი მოროშკინას ჰობი და საიდუმლო გატაცება

ის ყოველთვის მხნე და ენერგიულია, არასდროს ყრის ფარ-ხმალს და ურთულეს სიტუაციებშიც ცდილობს გამოსავალი იპოვოს. ამ ყველაფერთან ერთად, ახერხებს მუდამ ფორმაში იყოს. თავისი წარმატების საიდუმლოს პიარტექნოლოგი, პროფესორი ლალი მოროშკინა გაგვიმხელს.

- სად და როგორ ჩამოყალიბდა თქვენი მებრძოლი, შეუპოვარი ხასიათი?

- ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამის მიზეზი დედაჩემი - მანანა ყარყარაშვილია: ის ყოველთვის ძალიან ნაზი და მოკრძალებული ქალი იყო. ბავშვობაში რაღაცით კეთილ ფერიას მაგონებდა. მანანა ყველაზე რბილი ადამიანია, რომელსაც შეიძლება მარტივად მიაყენო შეურაცხყოფა და გული ატკინო. ჩემ თვალწინ იმის გამოც უტირია, რომ ვიღაცამ კარგი გამარჯობა არ უთხრა ან ვიღაცას რაღაც უჭირდა. ვხედავდი ასეთ თბილ, ტკბილ, ძალიან სათუთ მანანას და სულ ვფიქრობდი, რომ მისი მსგავსი არ უნდა ვყოფილიყავი. ასე გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ქალი, რომელიც თუ საჭიროა, კედელსაც გაანგრევს. იმისათვის, რომ დედაჩემის ხასიათი უკეთესად გაგაცნოთ, ერთ სახალისო ამბავს მოგიყვებით: 1990-იანი წლების ბოლოს, უნივერსიტეტიდან ამერიკაში წავედით. მე, როგორც სტუდენტი და დედაჩემი - როგორც პედაგოგი. ვაშინგტონში, ცნობილი ადამიანების საფლავები დავათვალიერეთ. დედაჩემი ჯონ კენედის საფლავთან გაჩერდა, თან ტირის და თან, ჩვენს მეგზურს ცრემლიანი ეკითხება: კენედის ცოლი ხშირად მოდის მის საფლავზეო? ეს კაცი გაგიჟდა, როცა წარმოიდგინა, რომ ჟაკლინ კენედი, რომელსაც ქმარი დიდად არ უგლოვია და მალე გათხოვდა კიდეც, მოდიოდა და ამ საფლავზე გულამოსკვნილი ტიროდა... მეორე დღეს ჩვენს კარზე კაკუნი გაისმა. გავიხედეთ და ეს კაცი დგას, ყვავილებით ხელში. ცოტა ხანში დედაჩემს მიუბრუნდა და ეუბნება - ცოლად გამომყევიო. ძლივს გავაგებინეთ, რომ ამ ქალს ქმარი ჰყავდა. სხვათა შორის, მანანას მეგობარს ფოტოც კი აქვს გადაღებული, როგორ გოდებს დედაჩემი კენედის საფლავზე. აი, ასეთი დედის გაზრდილი ვარ, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა ჩემს ცხოვრებაზე მამინაცვალმა - თალეს შონიამ იქონია - ამას ყველგან ვამბობ.

- მამაზე უფრო მეტი გავლენა ჰქონდა?

- დიახ, თალეს შონიამ გამზარდა და პიროვნებად მაქცია. მართალია, არაჩვეულებრივი მამა მყავდა - ვიქტორ მოროშკინი, რომელიც ძალიან კარგი პედიატრი იყო, მაგრამ თალესმა გაცილებით მეტი მასწავლა. ის ქართული ტრადიციებისა და საქართველოს დიდი მოყვარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამაც ძალიან მიყვარდა, ჩემთვის სიტყვა "მამინაცვალი" არ არსებობდა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ სკოლაში მესწავლა და საქართველოს ყველა კუთხე შემაყვარა. მისი დამსახურებაა, რომ ერთნაირად მტკივა როგორც ქართული, ასევე რუსული მხარე, რადგან ჩემს ძარღვებში ორივე სისხლი და ორივე გენეტიკაა.

- თქვენი, როგორც ჟურნალისტის კარიერა როგორ დაიწყო?

- 8 წლის ვიყავი, როცა დედაჩემის მეგობარმა - ირინა მათიაშვილმა ტელევიზიაში მიმიყვანა. მას პირველ არხზე გადაცემა მიჰყავდა - "შევისწავლოთ რუსული ენა". ძალიან კარგი ფორმატი გამოგვივიდა და 4 წელი ტელევიზიაში დავრჩი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან პატარა ასაკიდან ვეზიარე ხალხთან ურთიერთობას, ტელეეკრანს და პირდაპირ ეთერს. 8 წლის ბავშვისთვის ეს ცოტას როდი ნიშნავს. ამას ისიც დაემატა, რომ ბებიას, რომელიც ცნობილი მსახიობის - ლიუდმილა გურჩენკოს უახლოესი მეგობარი იყო, ყოველ ზაფხულს დავყავდი იმდროინდელი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში: გდრ-ში, პოლონეთში, უნგრეთში... ევროპა ძალიან მომწონდა და დიდი სურვილი მქონდა, ჩემი ქვეყანაც ასეთი ყოფილიყო. მოკლედ, ტელევიზიაში მუშაობა 8 წლიდან დავიწყე, უფრო მოგვიანებით კი, რუსული გადაცემა - "ვესტნიკი" მიმყავდა. დადგა დრო, როცა გადავწყვიტე, ტელევიზიიდან წამოვსულიყავი და არაქართველ მოსახლეობას დავხმარებოდი.

- რატომ?

- ეს იყო ურთულესი წლები, როცა ჩვენთან ყველაფერი ქართულ ენაზე გადადიოდა. პერიფერიებში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას ძალიან უჭირდა, რადგან უმეტესობამ ქართული ენა არ იცოდა. 1990-იანების მიწურულს და 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩემი მონაწილეობით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც "ჩემი საქართველო" ერქვა. ეთნიკურად არაქართველებს ვეხმარებოდით ადაპტაციაში, საბუთების თარგმნაში და სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში... მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო: საქართველოდან წავიდნენ ბერძნები, რუსები, ებრაელები... ზოგიერთი ბინას და ყველაფერს კარგავდა, რადგან თაღლითებს გადაეკიდა. ვცდილობდი ეს ადამიანები დამეცვა. მაშინ ბევრი ოჯახი საქართველოდან გარბოდა და ბინა რომ არ დაეკარგა, ჩემს სახელზე აფორმებდა. მეც, ამ ბინებს ვყიდდი და კუთვნილ თანხას ბოლო "კაპიკამდე" ვუგზავნიდი. პირველად სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბიზნესი კარგად გამომდიოდა.

- შევარდნაძის ყურადღება როგორ მიიქციეთ?

- ბატონმა ედუარდმა ამ არასამთავრობო ორგანიზაციიდან გადამიყვანა მინისტრის მოადგილედ. ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო, რადგან მაშინ, 30 წლის ასაკში, ასეთ მაღალ პოსტზე არავის ნიშნავდნენ. მან მოულოდნელად დამიბარა და როცა მივედი, ასეთი რამ მითხრა: ძალიან დამღალე, ტელევიზორს ჩავრთავ და ყველგან შენ ხარ, სულ რაღაცას აპროტესტებ, სულ კამათობ და რაღაც არ მოგწონსო. მეც ვუპასუხე: არ მომწონს, რომ ახალციხეში ქართული წარწერები არ არის; არ მომწონს, რომ თქვენი დეპუტატები არაფერს აკეთებენ; არ მომწონს, რომ სამაჩაბლოს და ცხინვალს არავინ ახსენებს-მეთქი... - ვიცი, სადაც უნდა გაგიშვა, რომ ამდენი დრო აღარ გქონდეს - კონფლიქტების სამინისტროში გაგიშვებო. ასე დაიწყო ჩემი სახელმწიფო სამსახური. მე ამ ადამიანს ყოველთვის ვემადლიერები, რადგან საათობით გვისაუბრია და დღემდე ვფიქრობ, რომ ის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი იყო. ამავდროულად, უძლიერესი დიპლომატი გახლდათ, ვისაც კი შევხვედრივარ. 2 წელი ვიმუშავე ამ თანამდებობაზე, ამასობაში "ვარდების რევოლუციაც" დაიწყო და ქვეყნის სათავეში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა.

- ალბათ ქალისთვის რთულია ისეთ კოლექტივში მუშაობა, სადაც სულ მამაკაცები არიან.

- გამოგიტყდებით, მაგრამ მე მამაკაცების წრეში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან კომპრომისებს არ ვითხოვ. მიმუშავია პოლიციელებთან, სამხედროებთან, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებთან. მათთან დღემდე ვმეგობრობ და ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, რადგან უკან არასდროს დამიხევია, საქმის არსი ყოველთვის კარგად მესმოდა და ქალური კაპრიზებიც არ მახასიათებს. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან მთავარი მრჩეველი ვიყავი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც ისევ და ისევ პოლიციასა და უშიშროებასთან მიწევდა კონტაქტი. ამას ემატებოდნენ პატიმრები, რომლებსაც უმძიმესი ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი და მათთან შესვლა, დალაპარაკება მამაკაცებსაც არ სურდათ. გავიხსენოთ, რა რთული მდგომარეობა იყო ადრე ციხეებში. "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასეთ პატიმრებთან კონტაქტი ხშირად მიწევდა. რასაკვირველია, მძიმე შემთხვევებიც მქონია: როდესაც პატიმარს ვენები ჰქონდა გადასერილი, როცა თვითდაზიანებას იღებდა და საათობით ვესაუბრებოდი, რომ მდგომარეობიდან გამომეყვანა... ეს გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე კეკლუცი ქალების კოლექტივში მუშაობა. 3 წელი ამ ურთულეს საქმეს ვემსახურებოდი და ოჯახში მისვლას მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად ვახერხებდი. რთული იყო მათი უმძიმესი ისტორიების მოსმენა და დღემდე ვამაყობ, რომ მათთან საერთო ენას ვნახულობდი, შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი.

deda-copy-1636022111.jpg

- უფრო ადრე, სააკაშვილმაც შემოგთავაზათ მაღალი თანამდებობა, უარი რატომ თქვით?

- დიახ, შევარდნაძე რომ წავიდა, სააკაშვილისგანაც მივიღე შემოთავაზება მინისტრობაზე, მაგრამ უარი ვუთხარი. მისი მართვის სტილი ჩემთვის მიუღებელი იყო. ჩვენი გზები სწორედ მაშინ გაიყარა და ასე დაიწყო კონფლიქტიც. 2006 წელს, როცა "ნულოვანი ტოლერანტობა" გავაპროტესტე, ყველა გზა გადამიკეტეს. მხოლოდ ახალციხისა და ბათუმის უნივერსიტეტში მუშაობა დამრჩა. ურთულესი წლები იყო, რადგან ამ ქალაქებში მიწევდა ჩასვლა და ლექციების ჩატარება, მაგრამ ტყუილად ის წლებიც არ დამიკარგავს: სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ბევრ საინტერესო იდეას, მაშინ დავიწყე ფიქრი ჩემს წიგნზე - "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი", რომელიც "ბიბლუსმა" გამოსცა და 2009 წლიდან დღემდე ბესტსელერია. იმ წლებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: თუ ბედისწერის დარტყმას არ დაემორჩილები, ყველაფერი თანდათან დალაგდება.

- ტურისტულ ბიზნესში ჩართვა რატომ გადაწყვიტეთ, თანაც, სიღნაღში სასტუმროს შეძენა?

- თუ შეგიძლია ციხეები მართო და ათასობით პატიმარს გაუგო, ბედნიერ სეგმენტში ამის გაკეთება უფრო მარტივია. სასტუმრო ბედნიერი ადგილია, რადგან იქ ადამიანი დასასვენებლად მოდის. რატომ სიღნაღი? - მე კახური ფესვები მაქვს: ბებიაჩემი ვაჩნაძის ქალი იყო და მთელ კახეთში ვეძებდი ადგილს, სადაც დავფუძნდებოდი. მიხარია, რომ ეს ნატვრა ავისრულე...

- ადრეულ ასაკში გათხოვდით, ოჯახის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება არ გაგიჭირდათ?

- რა თქმა უნდა, ცუდია, როცა სწავლა გინდა და 15 წლის ასაკში მოგიტაცებენ. ჩემს ოჯახს უკვე დაგეგმილი ჰქონდა პეტერბურგში სასწავლებლად გავეგზავნე, მაგრამ ვეღარ წავედი. 16 წლისას უკვე პირველი შვილი მყავდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ბედნიერი ვარ: გვერდს 35 წლის შვილი მიმშვენებს, თანაც, ისეთი შვილის ყოლას, როგორიც სანდროა, ვერც ერთ უნივერსიტეტში სწავლა ვერ შეედრება. მე და სანდრო დედაჩემმა ერთად გაგვზარდა, ახლა კი, ის ჩემი მთავარი იმედია. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ოჯახი აქვს - ორი არაჩვეულებრივი შვილის მამაა, ყოველთვის შემომივლის და ყურადღებას არ მაკლებს. ასეთივეა ჩემი უმცროსი შვილი - გიორგი, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა და თვითონ შემომთავაზა ბიზნესპარტნიორობა. წარმოგიდგენიათ? - წელს, როცა ახალი სეზონისთვის მზადებას დავიწყებ, გვერდით ჩემი ბიზნესპარტნიორი - უმცროსი შვილი მეყოლება. ბედნიერებაა, რომ შვილებთან ასეთი კარგი ურთიერთობა მაქვს - ისინი ჯერ ჩემი მეგობრები არიან და მერე - შვილები. სანდროს ორი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს - კირა და ანდრე - ორივე ჩემი სიხარულია.

sandros-qorcili-copy-1636022095.jpg

- თქვენი შვილების გადაწყვეტილებებსა და მათ პირად ცხოვრებაში თუ ჩარეულხართ?

- ისეთი დედა ვარ, რომელიც შვილის პირად ცხოვრებაში არ ჩაერევა. ისინი თავიანთ ცხოვრებას თვითონ განაგებენ და ყველაფერს თავად წყვეტენ. მიუხედავად ამისა, საუკეთესო მეგობრები ვართ: ბიჭები არიან, მაგრამ შემიძლია ყველაფერს მოვუყვე. ჩემზე მუდმივად იყო რაღაც ჭორი ან ერთმანეთში აზელილი ჭორ-მართალი, მაგრამ მათგან მხოლოდ თანადგომა მახსოვს. რაც მთავარია, ისინი ჩემთან იზრდებოდნენ, ყოველთვის ჰქონდათ სადილი და გარეცხილი ტანსაცმელი, ბაღში, სკოლაში, სხვადასხვა წრეზე - ყველგან მე დავყვებოდი... სხვათა შორის, ჩემს სახლში სადილს ყოველთვის დიდი ქვაბით ვამზადებდით და ახლაც ვერ გადავეჩვიე: მარტო ვცხოვრობ, მაგრამ პატარა ქვაბში სადილს ვერ ვაკეთებ. კულინარობა და დიასახლისობა საკმაოდ კარგად გამომდის, სიღნაღის სასტუმროში რესტორნის დამატება ალბათ, ამიტომაც მინდა.

- დაბოლოს, თუ გაქვთ ჰობი, საიდუმლო გატაცება, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის?

- ასეთი გატაცება ფარიკაობაა. ბევრმა არ იცის, რომ ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და ეს საქმე ძალიან მიყვარს. ასე რომ, თუ ვინმე ჩემთან შერკინებას გადაწყვეტს, ძალიან გაუჭირდება - ფარიკაობაშიც საკმაოდ ყოჩაღი ვარ.

ხათუნა ჩიგოგიძე