ნუცა ციმაკურიძე გათხოვდა - გზაპრესი

ნუცა ციმაკურიძე გათხოვდა

ნუცა ციმაკურიძე მუსიკალურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. თავადაც ადრეული ასაკიდან მღერის. ამჟამად მომღერალი ავსტრიაში იმყოფება, სადაც ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრა. ახლახან, შემოდგომაზე მის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა...

- ამჟამად ვენაში იმყოფებით, სადაც სასწავლებლად გაემგზავრეთ. უფრო კონკრეტულად მოგვიყევით ამ წლებზე.

- ჩემი პირველი ვიზიტი ვენაში გაცვლითი პროგრამის წყალობით, 2017 წელს განხორციელდა. ერთი წელი როგორც "ერასმუსის" სტუდენტი, ისე ვსწავლობდი. მეოთხე, დამამთავრებელ კურსზე, საქართველოში დავბრუნდი და ბაკალავრიატი დავასრულე. მიზნად მქონდა, რომ დავბრუნებულიყავი კლასიკური მუსიკის შუაგულში, სადაც ჩემი ოცნებების განხორციელებას შევძლებდი. ეს მიზანი ნახევრად განვახორციელე და როგორც რეგულარული სტუდენტი, ისე დავბრუნდი ვენაში. გამართლების ტოლფასია და ყოველი წუთის, წამის მადლობელი ვარ, რომ დღეს ამ ქალაქში ვცხოვრობ.

- ბავშვობიდან სცენაზე ხართ, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული იყავით. ამჟამად არ აპირებთ რაიმე კონკურსში მონაწილეობას?

- მოგეხსენებათ, თუ რამდენად განსხვავებულია საესტრადო და კლასიკური მუსიკა ერთმანეთისგან, რამდენად შრომატევადი და რთული გზის გავლა გიწევს მანამდე, სანამ "წელში გაიმართები"; სცენაზე მიკროფონით გახვალ თუ მხოლოდ შენი ხმითა და ცოცხალი ინსტრუმენტით, "შეიარაღების გარეშე", ამაში ძალიან დიდი განსხვავებაა. სცენაც სულის სარკეა და რთულია მოიტყუო, ითამაშო. იყო მუსიკოსი, ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს, რომ გრძნობდე, იყო მუსიკალური, სენსიტიური.

საჭიროა უდიდესი მოთმინება, დისციპლინა, საკუთარი თავის რწმენა თუ ნება - "მინდა ვიყო საუკეთესო", რაც დამეთანხმებით, ძალიან რთულია და ყოველდღე მოწოდების სიმაღლის შენარჩუნება ადვილი არ არის, განსაკუთრებით იმ სამყაროში, სადაც ცხოვრებას საკუთარი "მეს" აღმოჩენასა და შეგუებაში ატარებს ადამიანი, რაღაც მომენტში კი აანალიზებ, რომ ერთხელ ცხოვრობ და ბევრი დროც არ გაქვს ამ ყველაფრისთვის, ამიტომ დაჩქარებული ტემპებით ვცდილობ რაღაცების მიღწევას - კონკურსები, გამარჯვებები, დიდი სცენები... ვიცი, იოლი არ არის, მაგრამ ადვილი რომ იყოს, ალბათ არც ასეთი დიდი ინტერესი მექნებოდა. იმედია, მალე ავისრულებ ოცნებებს.

- პირველ ეტაპზე მოგიწევდათ დამოუკიდებლად ცხოვრებასთან შეგუება. რა გასწავლათ ამ წლებმა და რა შეიცვალა თქვენში?

- ვიყავი ადამიანი, რომელიც ვარდისფერი სათვალით უყურებდა სამყაროს. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები და სრულიად მარტო ცხოვრება ნამდვილად არ იყო იოლი, მაგრამ ეს რომ არა, უფრო გამიჭირდებოდა მომავალში. ჩემი ოჯახიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე, ირგვლივ ყოველთვის კეთილი, თბილი და მხარში მდგომი ადამიანები მყავდნენ, რაც თავს დაცულად მაგრძნობინებდა, დამოუკიდებლობამ კი ყველაფერს ძალიან სწრაფად მიმახვედრა, გამომაფხიზლა... ადამიანების შეცნობა, ცუდისა და კარგის გარჩევა მასწავლა. სრულიად მარტოს ბევრი დრო გაქვს ყველაფრის გასაანალიზებლად, დასაფასებლად. ვისწავლე შრომის ფასი. მანამდე არსად მიმუშავია, აქ კი, დღე თუ ღამე მიწევდა და მიწევს საათობით ფეხზე დგომა და სტუდენტური სამსახურით, ფიზიკურად დატვირთვა და მუშაობა, ჩემი სწავლისა თუ ცხოვრების გადასახადების დაფარვა. მაგრამ ეს ყველაფერი ძალას მმატებს, რომ უფრო მეტი ვიშრომო, მალე მივაღწიო წარმატებებს ჩემს პროფესიაში და მხოლოდ იმ საქმით დავკავდე, რომელიც მიყვარს და რასაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნი.

- ალბათ ვერც ერთ ინტერვიუში გვერდს ვერ ავუვლით მამაზე საუბარს. "ობოლა ციმაკურიძის შვილია", - ასე წერდნენ რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში, როცა თქვენი სიმღერის ვიდეო საჯარო გახდა და უამრავი გაზიარება ჰქონდა... ბევრი დადებითი სიტყვა იწერებოდა მამათქვენზე...

- ძალიან მინდა, ერთ დღეს გავიღვიძო და ვთქვა - "მე ეს შევძელი"; შევძლო ის, რომ მისი გზა და ის დარჩენილი, განუხორციელებელი მიზნები, რაც ჰქონდა, მე გავაგრძელო სცენაზე, რომელიც ნაადრევად დატოვა; მე დავდგე და ისევ დავატრიალო მისი წრფელი, სიყვარულითა თუ სითბოთი გაღვივებული აურა, მეც შემიყვაროს ხალხმა ისე, როგორც მამა უყვარდათ - აი, მაშინ ვიქნები უბედნიერესი ადამიანი. თუმცა კი საწუწუნო ახლაც არაფერი მაქვს, მაგრამ ხვდებით ალბათ, რომელ ბედნიერებაზე ვსაუბრობ. რამდენჯერ უცხო წრეში, სრულიად უცხო ადამიანებს რომ გაუგიათ, ობოლას ქალიშვილი ვარ, გულში ჩავუკრივარ და ატირებულან. ხშირად მიფიქრია, რამდენი სიკეთისა და სიყვარულის დატოვება მოასწრო-მეთქი, თან - ძალიან ახალგაზრდამ... მთელი ცხოვრება ვნატრობდი, რამდენიმე წუთით მაინც მომეკრა თვალი და ნათლად დამენახა, მაგრამ სულ მოგონებებით, აღქმითა თუ შეკოწიწებული კადრებით ვცხოვრობდი. დღემდე უბედნიერესი ვარ, რაიმე ახალ, ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობ ამბავს თუ მოვისმენ ხოლმე მასზე. სად წავალთ, ოდესმე მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა. იმედი მაქვს, იამაყებს ჩემით.

- ძმა გყავთ. რამდენი წლის იყავით, როცა მამა ტრაგიკულად დაიღუპა და მასთან დაკავშირებული, ყველაზე ნათელი მოგონება რა არის?

- მამას გარდაცვალებიდან სამ დღეში 4 წლის ვხდებოდი, ჩემი ძმა ჩემზე 2 წლით უფროსია. ალბათ ხვდებით, როგორი სიახლოვე, სიყვარული გვაკავშირებს. მას სულ მზრუნველი მამის როლი ჰქონდა აღებული, სულ ჩემ გვერდით იყო და არის. უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ. ცოტა რომ წამოვიზარდე და გავაანალიზე ეს ტრაგედია, ვფიქრობდი, შეგნებულ ასაკში ალბათ ვერ გადავიტანდი ამ ყველაფერს. ყველასთვის ერთადერთი და განსაკუთრებულია დედა; ყველა თვლის, რომ დედამისი არის გამორჩეული, მეც არ ჩამოვრჩები მათ და გეტყვით, რომ დედაჩემი გმირია, მაგალითია ჩემი ცხოვრების. რაც მან შეძლო და გააკეთა, ნამდვილად იშვიათობაა. ჩვენი დღევანდელობა მისი დამსახურებაა.

- ამჟამად რა სიახლეებია თქვენს კარიერაში და რას გეგმავთ სამომავლოდ?

- დაგეგმილი მაქვს საინტერესო შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ჩემი მონაცემებით, პირადად მოსმენასა და შეხვედრას მთხოვენ. წინასწარ გეგმების გაშლა არ მიყვარს, ამიტომ ამ შეკითხვას მომავალში უფრო თამამად ვუპასუხებ (იღიმის).

dfhhd-1636022309.jpg

- ახლახან ქორწილი გქონდათ. თქვენს რჩეულსა და სიყვარულის ამბავზე მოგვიყევით...

- ყველაფერი ძალიან უცბად მოხდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქორწილის ფოტოსესია ულამაზეს შონბრუნში გაიმართებოდა და საერთოდ, აქ, ან ჯერ თუ გავთხოვდებოდი... მაგრამ ზოგჯერ ბევრი ფიქრიც არაა საჭირო ცხოვრებაში კარგი გადაწყვეტილებების მისაღებად. თან, როცა ბედნიერი ხარ ადამიანთან, გიყვარს და უკვე ასე თუ ისე შეგიძლია, შენს თავს დაეყრდნო და ამ საყრდენს მეორე ნახევარიც გიმაგრებს, რატომაც არა?!. ჩემი მეუღლე, ბრაიანი ირლანდიელია. ვენაში ჯერ სასწავლებლად, შემდეგ კი სამუშაოდ ჩამოსული, არ აპირებდა აქ დარჩენას, სანამ მე არ გამიცნო (ვენის შუაგულ რესტორანში). რამდენიმე თვე გახდა გადამწყვეტი მისთვის, საბოლოოდ მიხვდა, რომ ვერ დამტოვებდა მარტო (იღიმის)... დიდი სულის პატრონია, გამორჩეული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ჩემი საჩუქარი. ქართულ კულტურას ირლანდიური ძალიან ჰგავს - ტრადიციებით, მებრძოლი ხასიათით, შეგრძნებებით, ერთმანეთის პატივისცემით... უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი მაოცებს ყოველდღიურად. ხელს მიწყობს და მეხმარება მიზნებთან მიახლოებაში. რა თქმა უნდა, ორივეს მხრიდან ხდება ხელშეწყობა.

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში და რა სიხშირით ახერხებთ ჩამოსვლას?

- სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ და განსაკუთრებით, ამ პანდემიის პერიოდში. ბოლოს ეს ახალ წელს მოხდა და თუ ყველაფერი დალაგდება, წელსაც მინდა, უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად ჩამოვიდე. ერთი სული მაქვს, როდის დავათვალიერებინებ საქართველოს, თვითონაც ასევე ელის ჩვენს პირველ ვიზიტს ჩემს სამშობლოში.

- დაბოლოს, რომ არა სიმღერა და მუსიკა, რა პროფესიის იქნებოდა ნუცა ციმაკურიძე?

- ბევრჯერ მიფიქრია, რა შეიძლება მუსიკაზე, სიმღერაზე მეტად მიყვარდეს? პასუხი ჯერ არ მაქვს, მაგრამ რომ არა სიმღერა, მაინც სცენასთან ახლოს ვიქნებოდი. ვგრძნობ, რომ ამის გარეშე დიდად ვერ გავიხარებდი... მოცეკვავე, მსახიობი, რეჟისორი... წერაც მიყვარს, პოეტი, მწერალი ვიქნებოდი... ხელოვანი ვიქნებოდი აუცილებლად, გენებში ჩანერგილ სცენისა და ხალხის სიყვარულს ვერსად გავექცეოდი...

ანა კალანდაძე