"ვცდილობ, საკუთარი თავის ფსიქოლოგი ვიყო" - გზაპრესი

"ვცდილობ, საკუთარი თავის ფსიქოლოგი ვიყო"

სახელი, გვარი: შოთიკო ნოზაძე.

ასაკი: 31 წლის.

პროფესია: მსახიობი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს "ჩემი ცოლის დაქალებში", არის "კომედი შოუს" მსახიობი, ხელმძღვანელობს საბავშვო გასართობ ცენტრს.

ჰობი: თევზაობა.

ცხოვრების დევიზი: "ყველაფერი სიყვარულით".

- წარმოიდგინე, რომ არავინ გიცნობს. საკუთარ თავს საზოგადოებას როგორ წარუდგენ?

- ეს ჩემთვის ნაცნობი სიტუაციაა: წინათ, ვიდრე სერიალში გამოვჩნდებოდი, ადამიანებს ჩვეულებრივ ვეცნობოდი ხოლმე, რომ ვარ შოთიკო ნოზაძე, მსახიობი, მაქვს ესა და ეს გამოცდილება... ისინი ჩემს სიტყვებს ამოწმებდნენ თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია... დღეს აღარ მიწევს იმის ახსნა, ვინ ვარ.

- წინათ, საკუთარი თავის წარდგენა სხვებისთვის დამაჯერებელი არ იყო?

- როგორც ხდება ხოლმე: როცა უცხო ადამიანს ხედავ, შეკითხვები გიჩნდება. შესაბამისად, ამ კითხვებით სიმართლეს ეძებ...

- იღბალი თუ ნიჭი?

- ნიჭი. იღბალიც მნიშვნელოვანია, მაგრამ - ნიჭთან ერთად. წარმოიდგინე, რომ გაგიმართლოს და მერე, უნიჭო ტიპი "გაიჩითო", მალევე დაიკარგები..

- წონაში როგორ დაიკელი?

- წონამ შემაწუხა და ვიფიქრე - საკმარისია, უნდა გავხდე-მეთქი. ვარჯიში დავიწყე, ვცურავდი, სარბენ ბილიკზე დავრბოდი... პლუს, ცოტას "ვდიეტობდი" - სწორად ვიკვებებოდი. ამ რეჟიმში 3 თვე ვიყავი. შედეგი გამოიღო: დაახლოებით 25 კილო დავიკელი. ახლა წონაში ისევ მოვიმატე და ისევ ის პრობლემა მაქვს, რაც წინათ მქონდა. ვერ მოვახერხე, რომ ნაბიჯი გადავდგა და ჩემს თავს მოვუარო.

- რომელი კერძის ჭამის ცდუნებას ვერ უძლებ დიეტის დროსაც კი?

- ჩემთვის შემწვარი კარტოფილი უსაყვარლესი საჭმელია, მის ჭამაზე უარს არასოდეს ვამბობ.

- კარტოფილის შეწვა კარგად გამოგდის?

- ძალიან მაგრად! შემიძლია, მოვამზადო ნახევრად მოხარშული კარტოფილი, ასევე - დაბრაწული, "ფრი"... მოკლედ, ამ საკითხში დისერტაციის დაცვა შემიძლია - აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი.

- შენი მესაიდუმლე ვინ არის?

- საკუთარი თავი. როცა რაღაც ხდება, ჩემს თავთან ვსაუბრობ: კითხვას ვუსვამ, ვპასუხობ კიდეც და იმ საიდუმლოებებსაც თავად ვინახავ... ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ ვენდობი და ადამიანებთან საუბარი, მათთვის გულის გადაშლა არ შემიძლია. უბრალოდ, მირჩევნია, ჩემს კითხვებს პასუხი ისევ თავად გავცე. კი ბატონო, სხვებისგან რჩევას მივიღებ, მაგრამ მაინც იმას გადავწყვეტ, რასაც თავად მივიჩნევ საჭიროდ. ასე რომ, ჩემს თავთან ვსაუბრობ, მაგრამ თუ სიტუაციას ვეღარ ვუძლებ, მერე უკვე დახმარებას მეგობრებისგან ვითხოვ...

- ფსიქოლოგისთვის მიგიმართავს?

- არასოდეს. ამის სურვილი არც გამჩენია, რადგან მგონია, ამა თუ იმ სიტუაციაში, საკუთარი თავის დამშვიდება შემიძლია. შეიძლება, ადამიანმა ეს ყოველთვის ვერ გააკონტროლო, მაგრამ ვცდილობ, ჩემი თავის ფსიქოლოგი თავად ვიყო.

- რამ ან ვინ იქონია ზეგავლენა, რომ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყავი?

- ალბათ ჩემ მიერ განვლილმა ცხოვრებამ: 90-იანი წლები, გაჭირვება, საშინელ სიტუაციაში ყოფნა... თან, ყოველ წელს, ყოველდღე ხომ რაღაცები ხდება, არა? სხვების და საკუთარ შეცდომებზე სწავლობ... დროთა განმავლობაში ეს გაძლიერებს. ძლიერი იმაში ვარ, რომ ვიცი, ამა თუ იმ განსაცდელს როგორ გავუმკლავდე.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ალბათ, ფრენას. ხუმრობით რომ ვთქვა, ამ საშინელ საგზაო საცობებს თავს ავარიდებდი და სამსახურში დროულად მივიდოდი - 10-15 წუთით სულ ვაგვიანებ (იღიმის)...

- მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდი, უცნობ ადამიანებს ყველაზე უცნაური რა მოუძახებიათ?

- ეს უკვე უცნაური აღარ არის: "შე კარგ მოტ...ლოს" მეძახიან ხოლმე (იცინის). თენგოს ფრაზებით მომმართავენ. თავდაპირველად, უცნაურად მომხვდა ყურში, მაგრამ იმწამსვე მივხვდი, რაზე იყო საუბარი. შესაბამისად, ამ ფრაზას "ვატარებ". მათი დამოკიდებულება გასაგებია. არ მაღიზიანებს, პირიქით - მომწონს, რომ ამ ადამიანებმა ჩემი პერსონაჟის შესახებ იციან, მოსწონთ და უყვართ.

- რას ნიშნავს შენთვის "ჩემი ცოლის დაქალები"?

- ჩემს ცხოვრებას, რადგან ამ სერიალმა ჩემი ცხოვრება ამოატრიალა - რადიკალურად შეცვალა კარგისკენ...

- შენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- თუნდაც, კრიტიკის მიღება - საუბრით "გამოვდივარ". შეიძლება, არასწორ რელსზე ვდგავარ, ამ რელსზე სიარული მინდა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას მეტყვიან და ასე ვთქვათ, აზრზე მომიყვანენ. ხანდახან ალკოჰოლითაც ვშველი თავს, მაგრამ იმდენს არ ვსვამ, რომ თრობა მომერიოს - ნორმალური დოზით ვიღებ. მიმაჩნია, რომ ადამიანი ცუდ ხასიათს თავადვე უნდა ებრძოლო, "თვალებში ჩახედო" და შეეცადო, შეცვალო, მაგალითად - მეგობრების წრეში ფილმი ნახო, მუსიკას მოუსმინო...

- საკუთარ შვილს შენთვის ყველაზე უცნაური რა უკითხავს?

- ეს ბავშვი ყოველდღე სხვანაირად ფიქრობს, აზროვნებს, იზრდება... ისეთ რაღაცებს მეკითხება, რაც არ ვიცი. ალბათ, ეს იმის გამო ხდება, რომ ინტერნეტთან წვდომა აქვს და რაღაცებს უყურებს. მის მიერ დასმული უცნაური შეკითხვა არ მახსენდება. ყოველ შემთხვევაში, ისეთი კითხვები აქვს, რომ რამდენიმე წამს პაუზა, დაფიქრება მჭირდება, მერე კი სწორ პასუხს ვცემ.

- შენი საყვარელი იუმორისტული გადაცემა რომელია?

- რასაც ჩვენი გუნდი ვემსახურებით: "ნიკა არაბიძის შოუ", "კომედი შოუ", "სიცილი ფულია"...

- ბატებთან ახლო-დამკვირვებლური ურთიერთობა გქონია?

- ბატებს ახლა ვაკვირდები, სერიალის გამო. გავიგე, რომ მისი ხორცი სასარგებლო არ ყოფილა და ჩემი პერსონაჟი იხვის ბატით ჩანაცვლების იდეას რატომ "აწვება", არ ვიცი (იცინის).

- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, როგორ გაანაწილებდი?

- აუფ.... კი, მიფიქრია, მილიონი რომ მქონდეს, რას გავაკეთებ, მაგრამ რეალისტი ვარ: მილიონ დოლარს ხომ მოპოვება, შრომა სჭირდება, არა? ამ თანხის მიღების პერიოდში, ალბათ, ადამიანი უკვე დაფიქრებულიც იქნები, როგორ უნდა გადაანაწილო... უცბად ჯეკპოტი რომ "დამეცეს", ალბათ, პირველ რიგში, იმას შევიძენ, რაც არ მაქვს, მაგალითად - სახლს. რაც მაკლია და მჭირდება, დანაკლისს შევივსებდი. დარჩენილ თანხას სამეგობროს, საახლობლოს გავუნაწილებდი, თანხის ნაწილს კი იმ ადამიანებს მოვახმარდი, ვისაც ჩემზე მეტად სჭირდება.

- პირველი სიყვარული როდის გეწვია?

- მგონი - სკოლაში სწავლის პერიოდში. შეიძლება, ეგ ამბავი საბავშვო ბაღშიც იყო, არ მახსოვს... ალბათ, ეგ სიყვარულიც არ ყოფილა. ხომ იცი, სხვას რომ ვიღაც მოსწონდა, შენც მოგწონდა თუ რაღაც მსგავსი... მოსწავლეობის პერიოდში ყველა ბიჭი შეყვარებული იყო. ასეთი ამბები ისე არ მახსენდება, რომ ვთქვა, - ვაიმე, ვდნებოდი და მაჟრიალებდა-მეთქი (იცინის)...

- გოგონებს შორის პოპულარული იყავი?

- საშუალოდ. ვერ ვიტყვი, რომ სულ გოგონების ყურადღების ქვეშ ვიყავი. საერთოდ, ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომ ძირითადად, პირველ ნაბიჯს არასდროს ვდგამ. აქტიური გოგონები მომწონს. გოგოს რომ შევხედავ, ვგრძნობ, მას აქტიურობა შეუძლია თუ არა. პირველი ნაბიჯი რომ გადავდგა, გარკვეულ დონემდე უნდა მივიდე, რა. იყო შემთხვევები, როცა ეს დამზარებია...

- მეუღლის შემთხვევაში, ურთიერთობის ინიციატორი თავად იყავი?

- კი. ეს სოციალური ქსელის მეშვეობით მოხდა: როცა ჩემი ახლა უკვე მეუღლე დავინახე და მომეწონა, იმ დღის მერე, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ვნახე. სურვილი გამიჩნდა, მისკენ ნაბიჯი თავად გადამედგა: სოციალური ქსელით დავუკავშირდი, მივწერე და პასუხიც მივიღე. შემდეგ, მიწერ-მოწერაში ერთმანეთი გავიცანით, შევხვდით და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი ურთიერთობა განვითარდა, ოჯახის სახე მიიღო.

- მეუღლეები ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

- "სოფ", "შოთ"... როცა ვბრაზობ, "სოფოთი" მივმართავ (იცინის).

- ყველაზე ხშირად რის გამო კამათობთ?

- იმის გამო, რომ შინ დიდი ხნით ვერ ვარ. მეუბნება, სახლში დარჩი, ნუ გარბიხარო. უნდა გავიქცე - გადაღებაა, ჩაწერაა... მის გაბრაზებას ვიაზრებ, რადგან კარგია, როცა ოჯახში ბევრ დროს ატარებ, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაციის გამო, ასეთ რეჟიმში ცხოვრება მიწევს. დასვენების პერიოდში კი ადამიანს გინდა, დიდი ხნის უნახავი მეგობრებიც მოინახულო... აი, დროის განაწილებაზეა ხოლმე "ამბავი".

- ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, მეუღლეები ერთმანეთს რამდენი ხნით გაშორებიხართ?

- მგონი, კვირა-ნახევრით: საზღვარგარეთ ვიყავი, კონცერტი გვქონდა...

- დაასახელე საყვარელი ფილმი...

- "მონანიება", თუმცა საყვარელი - არაა, უფრო "ღრმაა": ისეთია, დროს რომ გაუძლო და ეს თემა დღესაც აქტუალურია...

shotiko-shviltan-copy-1636022524.jpg

- რომელ ფილმში ითამაშებდი სიამოვნებით?

- სერიალში - Narcos, რომელიც ცნობილი ნარკობარონის - პაბლო ესკობარის შესახებ მოგვითხრობს. საერთოდ, პაბლო ესკობარის შესახებ ბევრი ფილმიცაა გადაღებული. ნებისმიერ ასეთ ფილმსა თუ სერიალში სიამოვნებით ვითამაშებდი, რადგან მგონია, რომ გარეგნობით პაბლო ესკობარს ვგავარ (იღიმის).

- შენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რას მიიჩნევ?

- მიტევებას. შემიძლია ვიჩხუბო, გავბრაზდე, მაგრამ მეორე-მესამე დღეს აღარ მახსოვს - ადამიანს მარტივად შევუნდობ, ვაპატიებ, თუმცა ამასაც თავისი ზღვარი აქვს.

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- მავნე ჩვევების მეტი რა მაქვს?! მაგალითად, ბილწსიტყვაობა. წინათ, ეს არ მახასიათებდა, მაგრამ ალბათ, ჩემმა პერსონაჟმა გავლენა მოახდინა. თენგოს მსგავსად არ ვიგინები, თუმცა მისი ლექსიკისთვის დამახასიათებელი სიტყვები ჩემს ლექსიკონშიც "ჩაჯდა" და შემიძლია, ყოველდღიურად გავაჟღერო (იცინის). ვხვდები, რომ შეიძლება, ეს ზედმეტიც არის... კიდევ ბევრ სიგარეტს ვეწევი. საშინელებაა... სიმართლე გითხრა, არც მიცდია, მოწევისთვის თავი დამენებებინა - უბრალოდ, მომწონს და ვეწევი.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ალბათ, სარგებლობის მოტანა კარგი ადამიანობით შემიძლია, რა... ვფიქრობ, ყველა ადამიანს, ვინც დედამიწაზე დააბიჯებს, სამყაროსთვის რაღაც სასარგებლოს გაკეთება შეუძლია, თუნდაც - ერთი შეხედვით, უმნიშვნელოსი, მაგრამ თუ ამ "უმნიშვნელოებს" შევაჯამებთ, ერთი დიდი, მაგარი საქმე გამოვა. მაგალითად, ნაგავი ყველამ ურნაში რომ ჩავყაროთ და გარემო არ დავაბინძუროთ, გარკვეული დოზით, სამყაროს გადარჩენაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.

ეთო ყორღანაშვილი