"მის ევროკავშირი" 36 წლის ქართველი ექიმი გახდა
მართალია, ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით, ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ახლახან, ბუდაპეშტში გამართულ სილამაზის კონკურსზე - "მის ევროკავშირი" - საქართველოს წარმომადგენელმა გაიმარჯვა: 36 წლის მაიკო ლაფაჩმა ჟიურის 20-მდე წევრის კეთილგანწყობა დაიმსახურა, კონკურსის "ტოპხუთეულში" მოხვედრილმა იტალიის, უნგრეთის, გერმანიის და მაკედონიის წარმომადგენლებს აჯობა და გრან-პრი მიიღო...
- წლების განმავლობაში სამოდელო სააგენტო "კატრინთან" ვთანამშრომლობ, რომლის დამფუძნებელიც ეკა მგალობლიშვილი გახლავთ. სწორედ ის არის "მის ევროკავშირის" კონკურსის ლიცენზიის მფლობელი საქართველოში. თითქმის 20 წელია, რაც ეკა 25 საერთაშორისო სამოდელო და სილამაზის კონკურსის, ფესტივალების და მოდის კვირეულების წარმომადგენელი და ჟიურის წევრია მსოფლიოს მასშტაბით... საერთაშორისო კონკურსისთვის - "მის ევროკავშირი" ქალბატონმა ეკამ კასტინგი გამოაცხადა. პანდემიის გამო, ფოტოკონკურსი ჩატარდა (მარიამ ნიქაბაძის ხელმძღვანელობით)... გამგზავრებამდე 1 კვირით ადრე შევიტყვე, რომ საქართველოს სახელით ბუდაპეშტში მივემგზავრებოდი. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო!.. საერთოდ, ასეთი სახელწოდების კონკურსი პირველად ჩატარდა. ფინალურ ტურში, საქართველოს ჩათვლით, 22 ქვეყანა მონაწილეობდა.
- ბუდაპეშტში კონკურსი როგორ მიმდინარეობდა?
- ბუდაპეშტში 2 კვირა ვიმყოფებოდით. ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა: ჩვენი დილა 8 საათზე იწყებოდა. მთელი დღის განრიგი "გაწერილი" იყო... გაიმართა ნაციონალური კოსტიუმების ტური, "ფეშენ შოუები", მეგობრობის საღამო, სატელევიზიო გადაღებები და ფოტოსესიები... ასევე, უნგრეთის სხვადასხვა ქალაქში ვიმოგზაურეთ, გავეცანით უნგრეთის კულტურას, ხელოვნებას, ვესტუმრეთ მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს... თითოეული კონკურსანტისთვის ეს საკმაოდ რთული, ემოციური და დამღლელი იყო. ბოლო დღეებში, გოგონები ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ფსიქოლოგიურად ვეღარ უძლებდნენ, რადგან მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები უნდა გვცმოდა და აუცილებლად კარგ ფორმაში ვყოფილიყავით... ყოველდღიურად ვიზაჟისტი და სტილისტი არ გვყავდა, ამიტომ საკუთარი თავი (ვარცხნილობა, მაკიაჟი...) თავად უნდა მოგვეწესრიგებინა და ჟიურისგან მაქსიმალური ქულა მიგვეღო.
- გამარჯვებას ელოდი?
- საერთოდ, სილამაზის კონკურსებზე უშნო არავინ მიდის - იქ ყველა გოგოს ლამაზი სახე და ტან-ფეხი აქვს. ჟიური განსაკუთრებულ ყურადღებას პიროვნულ თვისებებს, განათლებას აქცევს - კონკურსანტი თავის სამუშაო სფეროში რამდენად შემდგარი და წარმატებულია... სიმართლე გითხრათ, ჩემ მიმართ დადებით დამოკიდებულებას თავიდანვე ვგრძნობდი. განსაკუთრებული პატივისცემა კი მაშინ ვიგრძენი, როდესაც გაიგეს, რომ ექიმი გახლდით... ჟიურის წევრებთან (20-მდე სხვადასხვა ქვეყნის, "მის ევროკავშირის" ნაციონალური დირექტორი) ყოველდღიური ურთიერთობა, მათთან ერთად გადაადგილება, ვახშამი გვიწევდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, მათთან ახლო კომუნიკაცია მქონოდა. ვეცადე, მათ წინაშე თავი წარმომეჩინა...
ბუდაპეშტში ძალიან ცივი ამინდი იყო. გოგონები გადაღებებზე თხელი ქსოვილისგან შეკერილ კაბებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილები დავდიოდით. თითქმის ყველანი გავცივდით, ზოგი - მოიწამლა, ერთ-ერთ გოგონას ფეხი გადაუბრუნდა, მეორეს - ოტიტი (ყურის ანთება) დაემართა. ფაქტობრივად, კონკურსზე გოგონების მკურნალი ექიმის როლი შევითავსე. ყელ-ყურის სპეციალისტი არ გახლავარ, რადიოლოგი ვარ. ამიტომ თბილისში, კლინიკაში შესაბამის ექიმთან დავრეკე, რომელმაც კონსულტაცია გამიწია, 10 დღის განმავლობაში ავადმყოფს რა უნდა დაელია, ყურის მწვავე ტკივილი ცოტათი მაინც რომ შეგვემსუბუქებინა... მოკლედ, ამ ყველაფრით, ჟიურისგან კეთილგანწყობა დავიმსახურე. უკვე "მის ჯორჯიას" კი არა, "ექიმს" მეძახდნენ (იცინის)... კონკურსზე ყველაზე მნიშვნელოვანი "ტოპხუთეულში" მოხვედრა იყო. ბოლომდე არ მეგონა, რომ მაკედონიასთან, უნგრეთთან, გერმანიასა და იტალიასთან ერთად, "ტოპხუთეულში" მოხვედრილი საქართველო გაიმარჯვებდა, რადგან მოგეხსენებათ, ხშირად სამოდელო კონკურსებს პოლიტიკური ნიშნით წყვეტენ. არ მეგონა, თუ ამ ქვეყნების გვერდით, საქართველო რამეს გახდებოდა, მაგრამ თურმე, წინ დიდი სიურპრიზი მელოდა; პირველ ადგილს და გრან-პრის თუ მივიღებდი, ვერ წარმოვიდგენდი. ეს მართლა დიდი გამარჯვება იყო!..
- თქვენთვის სტატუსი - "მის ევროკავშირი" რას ნიშნავს?
- მას შემდეგ, რაც თავზე გვირგვინი დამადგეს, მივხვდი, გულის სიღრმეში არსებული ბავშვური ოცნება (რომლის შესახებ საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი) ამისრულდა. თან, ჩემთვის ამ კონკურსზე გამარჯვება იმ მხრივაც არის წარმატებული, რომ ჟიურის აბსოლუტურად ყველა წევრისა და სამოდელო სახლების წარმომადგენლებისგან სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსსა და მოდის კვირეულზე მიწვევა მივიღე. მაგალითად, ნოემბერში, დუბაიში, 5-დღიან მოდის კვირეულზე მიმიწვიეს... ძალიან მინდა წავიდე, სამსახურმა თუ ხელი არ შემიშალა...
- "მის ევროკავშირის" კონკურსზე ასაკობრივი ზღვარი თუ არსებობდა?
- არა, ასაკი შეზღუდული არ ყოფილა. კონკურსანტებს შორის ყველაზე უფროსი გახლდით. ჟიურის წევრებისგან სრული მხარდაჭერა მივიღე. ამბობდნენ, - სხვა გოგონებისგან იმით განსხვავდება, რომ პროფესიულად შემდგარი და წარმატებულია, "მის ევროკავშირად" სწორედ ასეთი შემდგარი და განათლებული ლედი გვჭირდება და არა - თინეიჯერიო.
- მანამდე, სამოდელო სააგენტო "კატრინთან" რა ტიპის თანამშრომლობა გაკავშირებდათ?
- პატარა ასაკიდან სამოდელო სააგენტოებში დავდიოდი. გავლილი მაქვს სრული სამოდელო სკოლა, ვიზაჟის და დიზაინის კურსები, ტანსაცმლის ესკიზების ხატვაც მეხერხება... როდესაც სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავაბარე, მოდელობისთვის ვეღარ ვიცლიდი. სიმართლე გითხრათ, ამ სფეროში პატარა იმედგაცრუებებიც მქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ საქმეს ჩამოვშორდი. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მარიამ ნიქაბაძე გამოჩნდა, რომელიც ახლა უკვე ჩემი საუკეთესო მეგობარია. მან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და სამოდელო კარიერისკენ შემომაბრუნა. დღემდე მხარში მიდგას და ჯიუტად ცდილობს, წინ წავიდე.
- "მის ევროკავშირი" პირველი კონკურსია, რომელშიც მონაწილეობდით?
- სილამაზის კონკურსი - პირველია, მაგრამ 3 წლის წინ, კუნძულ სიცილიაზე, მაღალი დონის სამოდელო კონკურსზე - თჰე ლოოკ ოფ ტჰე ყეარ ვიყავი. ამ კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული მოდელი "მის ევროკავშირის" კონკურსზე ჩემთან ერთად მონაწილეობა. იმ გოგოს გვერდით გამოსვლა დიდი პატივი იყო ჩემთვის...
- ექიმის პროფესია როგორ აირჩიეთ?
- ჩემი სამოდელო კარიერა ჩემგან დამოუკიდებლად დაიწყო, რადგან ერთ-ერთმა დიზაინერმა შემამჩნია და მიმიწვია. მაშინ დაახლოებით 15 წლის ვიყავი. ბავშვობიდანვე ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სამედიცინო სფერო გახლდათ! სწავლა ძალიან მიყვარდა - სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. მასწავლებლები მუდმივად მიმანიშნებდნენ, რომ ჩემი გონებრივი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა. ამიტომ სამოდელო კარიერისთვის დიდი ყურადღება არ დამითმია - მედიცინის სფეროში წავედი. მას შემდეგ, რაც სამედიცინოზე ჩავაბარე, სხვა საქმისთვის ვეღარ ვიცლიდი. ახლაც ვმუშაობ: დღეს მორიგე ვარ, როგორც ექიმი რადიოლოგი. პარალელურად სწავლას ვაგრძელებ. ექიმის ლიცენზია აღებული მაქვს, მაგრამ სუბსპეციალობის პროგრამას გავდივარ (რამდენიმე თვის წინ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დავამატე, ახლა კი კომპიუტერულ ტომოგრაფიას გავდივარ). შემდეგი საფეხური დოქტორანტურა იქნება.
- როგორი რეჟიმით ცხოვრობთ?
- პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა მაქვს. მაქსიმალისტი ვარ: რასაც ხელს ვკიდებ, კარგად ვაკეთებ. ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობ (სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო), მონიტორინგის დეპარტამენტში. ასევე, კლინიკებში ექიმ რადიოლოგად ვმორიგეობ. საერთოდ, ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა - სხვა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მუდმივად ზრუნავ. ექიმობას მუდმივი განვითარება, შრომა სჭირდება, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. მიზნის მისაღწევად მონდომება და მოთმინებაა აუცილებელი, მე კი დიდი სტრესის და სირთულის მიუხედავად, უკან არასოდეს ვიხევ, ბევრს ვშრომობ, თავს არ ვზოგავ! ჩემი პროფესია მიყვარს და მუდმივად ძიებაში ვარ... მომწონს, როდესაც ვიმარჯვებ.
- ხშირად ექიმის პროფესია ოჯახურ ტრადიციასავით არის ხოლმე...
- ჩემი მშობლები ექიმები არ არიან. ბავშვობაში, როცა ექიმობა გადავწყვიტე, შემდეგ კი აბიტურიენტობის პერიოდში, აქტიური მეცადინეობა დავიწყე, მშობლები მეუბნებოდნენ - ბევრი წელი უნდა ისწავლო, მერე - რეზიდენტურაო... ერთი პერიოდი, ექიმობა გადამაფიქრებინეს და უნდოდათ დიპლომატიურ ფაკულტეტზე მესწავლა (ინგლისური ენა კარგად ვიცოდი), მაგრამ ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე... საინტერესო ისაა, რომ 2 და მყავს. სამივე ექიმები ვართ (იცინის)...
- თავს როგორ უვლით? ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ხშირად სტუმრობთ?
- არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. კოსმეტოლოგთან სახის კანიც კი არ გამიწმენდია. მიმაჩნია, რომ სილამაზის შენარჩუნების გზა სწორი რეჟიმით ცხოვრებაა, მაგრამ პირადად მე, ყველაფერს ისე ვაკეთებ, რაც "სილამაზის წესებს" ეწინააღმდეგება, მაგალითად - ღამეებს თეთრად ვათენებ (საქმის გამო). ვფიქრობ, გენეტიკის დამსახურებაა, რომ სილამაზეს ვინარჩუნებ... არანაირ ინიექციას არ ვიკეთებ. ჯანსაღ საკვებს ვიღებ. გაზიანი სასმელი, ტკბილეული, ჩიფსი და მსგავსი პროდუქტები ჩემთვის არ არსებობს. როგორც კი ვიცლი, დარბაზში ვვარჯიშობ. ასევე, ცურვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- რთულია, ექიმობას პირადი ცხოვრება შეუთავსო, რადგან ყოველდღიურად შინ ისეთი დაღლილი მივდივარ, რომ უბრალოდ მავიწყდება, ჩემს რომელიმე თაყვანისმცემელს პასუხი გავცე. მიმოწერისთვის ვერ ვიცლი, პაემანზე წასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...
ეთო ყორღანაშვილი