"ის ყველაფერი, რამაც ბედნიერად უნდა გახადოს კაცი, უკვე მაქვს" - გზაპრესი

"ის ყველაფერი, რამაც ბედნიერად უნდა გახადოს კაცი, უკვე მაქვს"

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი თვლის, რომ ქართველები ბელადომანიისკენ ვართ მიდრეკილები და რომ პოლიტიკოსების სიყვარული პათოლოგიაა. ოპტიმისტია და სჯერა, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყანა ყველა გამოწვევას გაუმკლავდება და ივერია გაბრწყინდება.

- "ყურადღება არ არის ის, რასაც ბავშვი ეძებს, არამედ - სიყვარულია" (ზიგმუნდ ფროიდი).

- ბავშვის დაბადება იმის მანიშნებელია, რომ სიცოცხლე გრძელდება და ადამიანი არასდროს სრულდება. ბავშვს ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდება და თვითონაც გაქვს ამის მოთხოვნილება, რომ გასცე სიყვარული. მისი გაჩენის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი სხვანაირი ხდება, მეც შევიცვალე. ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას. აი, მაგალითად, თუ ადრე ქუჩაში გადავდიოდი და არც ვიხედებოდი, მანქანა ხომ არ მეჯახებოდა, ახლა ყურადღებით ვარ, რადგან არ მინდა, ჩემი დაუკვირვებლობით თავს რამე დავმართო; მინდა, შვილთან უფრო დიდხანს ვიყო. სასწაული გოგოა, არ ვიცი, სიტყვებით ვერ აგიხსნით, როგორი. ჯერ მხოლოდ 8 თვისაა, ყოველდღე მაოცებს და ისეთ დღეში მაგდებს, ალბათ კიდევ კარგა ხანი ეიფორიაში ვიქნები. ერთი თოჯინა აქვს ამოჩემებული, პირთან მომიტანს ხოლმე და ამით მანიშნებს, რომ ვაკოცო. ძალიან ემოციური ვარ და არასდროს მიჭირს სიყვარულის გამოხატვა, მით უფრო ახლა, შვილთან. თუ რამე მოსაფერებელი სიტყვა არსებობს, ყველაფერს ვეუბნები. ზოგჯერ მეუღლე ამბობს: რა სიტყვებს იგონებ, რაებს ეუბნებიო?! საოცარია ეს გრძნობა, რასაც დედაშვილობა და მამაშვილობა ჰქვია. თურქეთში მომხდარი ხანძრის დროს გამაოცა ერთმა კადრმა - ჩანდა ბუდე კვერცხებით და დამწვარი ქათამი, არ დატოვა თავისი კვერცხები, ეს ხომ ინსტინქტზე მეტია. ზებუნებრივი ძალების ჩარევის გარეშე არც ერთ სულიერს არ ეძლევა სული და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ადამიანი არ სრულდება, სადღაც გრძელდება.

- "მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ" (ვოლტერი).

- მე ვინ ვარ, მისი ნათქვამი შევაფასო, მაგრამ ვეთანხმები. ძალიან მორწმუნე გახლავართ. მგონია, რომ ადამიანი ტყუილად არ ჩნდება ამქვეყნად, ყველას აქვს თავისი დანიშნულება და რაც უნდა მოხდეს, მნიშვნელოვანია ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა, თანადგომა - ყველაფერი ის, რაც ადამიანურია. ვიცი, ჩემი წინაპრები კარგი ადამიანები იყვნენ და განხილვის თემად არასდროს არ ქცეულა, შევძლებდი თუ არა ადამიანად დარჩენას.

- "დღეს ჩემი ქვეყანა ჰგავს პატარა საგიჟეს, რომელსაც ექიმი ესაჭიროება, მაგრამ ამ ექიმებს თვითონ ესაჭიროებათ ექიმი და აღარ ვიცი, რა ვუშველო ჩემს საბრალო ხალხს" (მიხეილ ჯავახიშვილი).

- ძალიან მძიმეა ის ყველაფერი, რაც ხდება. არ ვიცი, რა გიპასუხოთ და გითხრათ ამ დიდი ქართველის ნათქვამზე. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ დღეს ექიმებსაც კი ექიმი ესაჭიროებათ, თუმცა საგიჟეთს მაინც არ ჰგავს ჩვენი ქვეყანა. საზოგადოების მცირე ნაწილის გამო არ შეიძლება, მთელი ერი გიჟად მიიჩნიო. მე მეამაყება, რომ ამ ერისა და ქვეყნის შვილი ვარ! სულ ბრძოლაში ვართ, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, გადავლახავთ ყველა გამოწვევას, ვიმსახურებთ სიმშვიდესა და კარგ ცხოვრებას. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ და რანი ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვინდა. ბევრს აწყობს ჩვენი გაგიჟება, მაგრამ ამას ვერასდროს მიაღწევენ. აი, ნახავთ, ძალიან მალე ვიქნებით იქ, სადაც უნდა იბრწყინოს ჩვენმა ქვეყანამ. შეიძლება მე არ ვიყო, მაგრამ ჩემი შვილი აუცილებლად მოესწრება ასეთ ქვეყანას, რომლისთვისაც მე ყოველღამე მილოცია და ვლოცულობ. ივერია გაბრწყინდება, რაოდენ ბანალურიც უნდა იყოს es ვიღაცებისთვის.

- "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ" (ჩერჩილი).

- სწორია, პოლიტიკოსის სიყვარული ნამდვილად სიგიჟეა. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც შენ ქირაობ იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და ხალხს, არ უნდა გეზიზღებოდეს, მაგრამ რომ გიყვარს, ესეც დიდი პათოლოგია მგონია. ჩვენ გვაქვს ბელადომანიისკენ მიდრეკილება, ბოლო 30 წელმა ამ ტიპის ქართველის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. კარგია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთი არ არის. გვარსა და სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ მართლაც მიკვირს რამდენიმე ადამიანის პოზიცია. რაღაც ამოუხსნელი რამ სჭირთ პრეზიდენტთან ან რომელიმე პოლიტიკოსთან მიმართებაში და მათზე აუგი რომ თქვა, პირად შეურაცხყოფად იღებენ. მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ, ბევრი ცუდი რამ მომხდარა ფანატიკოსების მიერ. ისინი სიყვარულს არქმევენ ამას, მაგრამ მე ვთვლი, რომ სიგიჟეა. ფსიქიკური აშლილობა მგონია პოლიტიკოსის ფანატიკურად შეყვარება.

- "ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ, ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის, კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა საქართველო, სამოთხესავით" (ნოდარ დუმბაძე).

- რა უნდა თქვა? ვგიჟდები მასზე და მის შემოქმედებაზე. ჩემი წილი საქართველოც და ქართველებიც ასეთები არიან, მე რაღა დავამატო მის ნათქვამს. კიდევ ერთხელ ვამბობ, უბედნიერესი ვარ, რომ გახლავართ ქართველი, ამ ენაზე ვმეტყველებ, ვარ ჩოხატაურელი, გავიზარდე ბათუმში, რომ ვგიჟდები ნებისმიერ კუთხეზე, ჩვენს სიმღერასა და ცეკვაზე. სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არ ისწავლება, თანდათანობით გიყალიბდება. იყო პატრიოტი, ნიშნავს, გტკიოდეს თითოეული მოჭრილი ხე, დამახინჯებული ქალაქის იერი - ყველაფერი, რაც შენს ქვეყანას ერთი პროცენტით უკან ხევს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ის ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე ან ეს ვინმეს ასწავლო? განა ვინმე ვინმეს ასწავლის დედის ან მამის სიყვარულს?

- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული, მეგობრობა კი - არა" (ოსკარ უაილდი).

- გააჩნია, ვისთვის როგორ. მე მგონია, რომ არსებობს. მყავს ისეთი მეგობრები, რომლებზეც წამითაც კი არ გამიფიქრებია, როგორც ქალზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზები და მომხიბვლელები არიან. ბევრს დადნაფიცსაც ვეძახი.

- "ლამაზი ქალი მოსწონს თვალს, კეთილი - გულს. პირველი ლამაზი ნივთია, მეორე კი - სიმდიდრე" (ნაპოლეონ ბონაპარტე).

- კარგად უთქვამს ნაპოლეონს, თვალი სილამაზეს ხედავს და გული - სიკეთესო. თუმცა იმასაც გააჩნია, სილამაზე ვისთვის რა არის. მაგალითად, უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ვარდი ლამაზია, მაგრამ ჩემთვის ვარდზე ლამაზი შეიძლება იყოს ია, ამაშია საქმე.

- "ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი).

- უკაცრავად რემარკთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები. სიყვარული იმდენად ამოუხსნელი და სასწაული რამ არის, როგორ უნდა გაგასულელოს? ალბათ იუმორით ამბობს, კაცი სულელდებაო. ამას ვერ დავიჯერებ, პირიქით, სიყვარული სრულყოფილს ხდის ნებისმიერ ადამიანს.

- "თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას" (ხალხური).

- ასეა, მე ვიცნობ ისეთ ადამიანსაც, ვინც ერთხელ მოქცეულა არასწორად, მაგრამ მერე ისე უნანია, დაუჩოქებია იმ ქალის წინაშე, ბოდიშიც მოუხდია და ცხოვრებაში აღარასდროს მოქცეულა ასე. მოკლედ, გამონაკლისებიც ხდება.

- "თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანიაო" (სოფოკლე).

- სავსე თავის მქონე ადამიანებსაც ემართებათ მსგავსი რამ. ეს არ არის მხოლოდ უჭკუობის ნიშანი, განდიდების მანია უფროა. საკუთარი თავი ყველაფრის საწყისი რომ ჰგონიათ. შეიძლება შეგებრალოს ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და საკუთარ თავს ღმერთად მიიჩნევს. სხვათა შორის, დღეს ბევრ სფეროში არიან ასეთები და ამიტომაც ვართ ამ დღეში.

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- ყველაზე მეტად ადამიანებს სიკვდილი გვაშინებს, მაგრამ მე ის უფრო მაშინებს, სიკვდილის შემდგომ რაც იქნება, სამსჯავროზე წარდგომას ვგულისხმობ.

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზადა ხარ, საფრთხის შემთხვევაში - მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).

- რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მომხდარა ასე. გული მტკივა, მაგრამ რას ვიზამ. ამ ტკივილზე ყოველდღიურად ვფიქრობ. ღმერთმა სიკეთე მისცეს ყველას, იმათ არაფერი შეემატათ იმით, რომ გული მატკინეს. პირიქით, დააკლდათ ადამიანი, რომელიც კარგი მეგობარი იქნებოდა მათთვის.

222550809-3076561749252874-280247963648084523-n-copy-1636636877.jpg

- "კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე... მაგრამ, იგივე კაცი მეორედაც რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი არა, შენი ბრალიცაა. ხოლო მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა, ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო (ოტია იოსელიანი).

- კი ბატონო, ვიცი ოტიას ეს სიტყვები. ერთხელ რომ გიღალატებს და მეორედაც ენდობი, ღირსი ხარ გიღალატოს. ერთხელ სულელად ჩაგთვალა, მაგრამ კარგი, ენდე და მის კაცობაზე იყოს, მაგრამ მეორედ, მესამედ და მეოთხედაც რომ მოატყუებინებ თავს, სულელი შენ ხარ, აბა, რა!

- "როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენი იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს, რომელიც გაიღო ჩვენთვის" (ჰელენ კელერი).

- და ვინ რა იცის, როდის გაიღება ბედნიერების კარი ან რა არის შენი ბედნიერება, სანამ მას არ ეზიარები? მაგალითად, მე ბევრი რამე და ვინმე მეგონა ჩემი ბედნიერება... გულწრფელად ვამბობ, რომ მე ნამდვილად ბედნიერი კაცი ვარ - მაქვს პროფესია, რომელიც მიყვარს, მყავს დედ-მამა, და, არაჩვეულებრივი მეუღლე და ღვთის საჩუქარი, ჩემი შვილი, სიყვარულის ნაყოფი. ყველაფერი კიდევ წინაა, თუმცა ის ყველაფერი, რამაც ბედნიერად უნდა გახადოს კაცი, უკვე მაქვს.

ნინო ჯავახიშვილი