"დარწმუნებული ვარ, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი წარმატება მელოდება" - გზაპრესი

"დარწმუნებული ვარ, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი წარმატება მელოდება"

საქართველოს ძალოსან ქალთა ეროვნული გუნდის წევრი ნათია გადელია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საუდის არაბეთში აგვისტოში გამართულ 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში 85/88/91 კგ დასძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. აკვრაში 108/113/117კგ დააფიქსირა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ჩემპიონობა ორჭიდის ჯამში იზეიმა - მისი შედეგი 208 კგ-ია.

- დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, სოფელ რიყეში. მეთორმეტეკლასელი ვარ, მყავს ბებია-ბაბუა, მშობლები და და-ძმა. ჩემი მშობლები აფხაზეთიდან არიან. ბავშვობაში მეც ნამყოფი ვარ აფხაზეთში, ახლა, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. ამდენი წელია, ზუგდიდში ცხოვრობენ, მაგრამ აფხაზეთი დიდი მონატრება და ტკივილია მათთვის... ბავშვობიდანვე მიყვარდა სპორტი, რაც ჩვენი სკოლის დირექტორის, ქალბატონი ლია ნაჭყებიას დამსახურებაა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სპორტს, ჩვენი სკოლის გუნდი "მხიარულ სტარტებში" საქართველოს ჩემპიონები არიან. შემდეგ ძალოსნობით დავინტერესდი, ჩემი კლასელები დადიოდნენ და მომწონდა სპორტის ეს სახეობა. თანაც, ოჯახთან ერთად, ლაშა ტალახაძის გულშემატკივრები ვიყავით. ლაშა იმ წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ვარჯიში დამეწყო. სხვათა შორის, ჩვენი სოფლიდან ბევრმა გვასახელა წარმატებებით, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. სკოლასთან ახლოს გვაქვს დარბაზი, 13 წლისამ სწორედ იქ დავიწყე ვარჯიში. მწვრთნელი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ წარმატებას მივაღწევდი და ასეც მოხდა. მიხარია, რომ იმედი გავუმართლე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ როდესაც პირველად შევედი დარბაზში, ვიფიქრე, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი წარმატება მელოდება.

- მშობლებმა თუ მოგიწონეს გადაწყვეტილება?

- მამა მხარს მიჭერდა და ყველანაირად ხელს მიწყობდა. დედამაც გამიგო, დიდია მისი წვლილი ჩემს წარმატებაში, რისთვისაც მადლობელი ვარ. თავიდან, როგორც ყველა მშობელმა, მანაც დამიწუნა გადაწყვეტილება, რატომღაც, გოგოსთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. გოგონებიც არიან დაინტერესებული, თუმცა გარკვეული სტერეოტიპები ხელს უშლით. ამჟამად ნაკრებში სამი გოგო ვართ - მარიამ მურღვლიანი, რომელიც 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ევროპის ჩემპიონი გახდა. კარგად იასპარეზა მარიამ მაისურაძემაც, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. ვინც დაინტერესებულია ძალოსნობით, ვურჩევ, დასახული მიზნისთვის ყველა დაბრკოლება გადალახონ.

- ნათია, შენი წარმატებების შესახებ მომიყევი.

- ჩაქვის პირველობაზე სამი გოგონა ვმონაწილეობდით, გავიმარჯვე და მალევე საქართველოს ჩემპიონიც გავხდი - 14 წლის ასაკში. ძალიან მიხაროდა ასეთი წარმატება, უდიდეს სტიმულს მაძლევდა, უფრო მეტი რომ გამეკეთებინა. 2019 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზე. ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. შემდეგ ისრაელში 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილზე გავედი. მერე იყო პანდემიის 2-წლიანი პერიოდი, რამაც ძალიან იმოქმედა სპორტულ ცხოვრებაზე. სახლის პირობებში კი ვვარჯიშობდით, მაგრამ არა - სრულყოფილად. 2021 წელი ჩემს კარიერაში ყველაზე საუკეთესო აღმოჩნდა. 22 აგვისტოს გავემგზავრეთ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთში. 26 აგვისტოს ვიასპარეზე და 3 ოქროს მედალი მოვიპოვე. ოქტომბერში კი მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ერთი კვირით ადრე მუხლის ტრავმამ ძალიან შემაწუხა. შეჯიბრებამდე მხოლოდ ბოლო 5 დღე ვივარჯიშე, მაგრამ ჩვენი ექიმებისა და მწვრთნელების დამსახურებით შევძელი და მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდი.

245631896-132229292493457-3066573912711025678-n-1636637063.jpg

11 ოქტომბერი ჩემს ქვეყანაში გლოვის დღე იყო, ბათუმის ტრაგედიის გამო, მძიმე ემოციური ფონი გვქონდა. ატაცში ვერცხლის მედალი რომ ავიღე, მწვრთნელმა მითხრა, აკვრა აუცილებლად უნდა მოიგოო. ჩემი ეს გამარჯვება ამ დღეს მივუძღვენი. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში, რადგან შრომა დამიფასდა. აუცილებელია თავდაჯერებული იყო. ფიზიკურ ძალაზე მეტად სწორი ტექნიკაა საჭირო, ეს გიადვილებს წონის დამორჩილება-დაძლევას. კვირაში სამი დღე მაქვს ვარჯიში. ჩემი სკოლა და მასწავლებლები ხელს მიწყობენ, რომ სასწავლო პროცესს არ მოვწყდე. ძალიან ბევრ დროს მოითხოვს ვარჯიში, შეკრებები. გამოდის, რომ წელიწადში 10 თვე სახლში არ ვარ. აბიტურიენტი ვარ და ვფიქრობ, სწავლა ისევ ამ მიმართულებით განვაგრძო.

ძლიერი უნდა იყო, რომ ყველანაირ პრობლემას გაუძლო, მათ შორის მარცხსაც, ეს გარდაუვალია სპორტში. ახლა ვემზადებით მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატისთვის. ვეცდებით, კვლავაც გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები.

ნინო ჯავახიშვილი