ამბები თავშესაფრიდან - გზაპრესი

ამბები თავშესაფრიდან

"მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო, უასაკოთაც და უსულთ შორის" - ნ. ბარათაშვილის ეს გენიალური სიტყვები გაახსენდება ყველას, ვინც ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ინტერვიუს წაიკითხავს: ბატონმა თამაზმა მის მიერვე დაარსებულ ცხოველთა თავშესაფარში მომხდარი უჩვეულო ისტორიები გვიამბო. მისი ნაამბობი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხოველებმა საოცარი ერთგულება და სიყვარული იციან:

- ვინ იცის, ჩემს თავშესაფარში რამდენი ცხოველი შეგვიფარებია: მგელი, დათვი, ტურა... ერთხელ კურდღელიც კი მომიყვანეს და, როგორც შეგვეძლო, ვუპატრონეთ. გამოგიტყდებით, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ცხოველი მაინც მგელია. მას ერთი საოცარი თვისება აქვს - ერთგულება: როდესაც ხვადი, ან ძუ მგელი თავის "გულის სწორს" იპოვის, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგული რჩება. თუნდაც რომელიმე მოკვდეს, მეორე ქვრივად რჩება და სხვას აღარ უწყვილდება. კენტად დარჩენილი მგელი მთელ ცხოვრებას მარტო ატარებს. საერთოდ, ისინი ხროვებად ცხოვრობენ - ერთ გუნდში დაახლოებით 5-10 მგელი მაინც ერთიანდება. დედ-მამა ახალდაბადებულ ლეკვს ნადირობას პატარაობიდანვე ასწავლის. მგლები ადამიანებივით ნადირობენ: მსხვერპლს ერთი გამოეკიდება, დანარჩენები კი, ამ დროს ჩასაფრებულები არიან. სხვათა შორის, თუ მსხვერპლი გაჩერებულია, მგელი არ გაედევნება, როცა გაიქცევა, მხოლოდ მაშინ მისდევს. კიდევ ერთი აუხსნელი თვისება აქვთ: როცა მგელი ადამიანთან ცხოვრობს და რაღაც პერიოდის შემდეგ ტყეში მოხვდება, მგლის ხროვა მას ახლოს აღარ გაიკარებს. ის სიმარტოვისთვის არის განწირული და ტყეშიც მარტო უწევს ცხოვრება. მარტო დარჩენილი მგელი მხოლოდ მაშინ დაწყვილდება, თუ ტყეში თავის მსგავს მარტოხელას გადააწყდება, თუ არა და, მთელ ცხოვრებას ეულად ატარებს. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა - "მარტოხელა მგელი".

- ამბობთ, რომ თქვენს თავშესაფარშიც ცხოვრობდა რამდენიმე მგელი, მოგვიყევით მათ შესახებ.

- "მავნეს" ამბით დავიწყებ, რომელიც ჩემთან მამა იოანემ მოიყვანა: მამა დუშეთის რაიონის სოფელ დავათში მონასტერში ცხოვრობდა. ჰყავდა საოცრად გონიერი, ჭკვიანი ძაღლი, რომელსაც მურთაზა ერქვა. ეს ულამაზესი მონასტერი ტყეშია. 2014 წელი იყო, როცა მამა იოანეს მგლის პატარა, ჯერ კიდევ თვალაუხელელი ლეკვი მიუყვანეს. მამა იოანემ ეს ლეკვი დაიტოვა და გაზარდა. უკვე წამოზრდილ ლეკვს მამა იოანემ "მავნე" დაარქვა, რადგან თუ რაიმეს მოიხელთებდა, ყველაფერი გარეთ, ეზოში გამოჰქონდა და აფუჭებდა - ფეხსაცმლით დაწყებული, წინდებითა და ტანსაცმლით დამთავრებული, არაფერს უჩერებდა. ერთხელ "მავნე" დაიკარგა, მონასტერში ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა და მამას რამდენიმე ქათამი მიუტანა - ეს იყო მისი პირველი ნანადირევი. მამა იოანე გაბრაზდა, მაგრამ რა უნდა ექნა? ასე, პერიოდულად იკარგებოდა "მავნე" და როცა ბრუნდებოდა, ყოველთვის რაღაც ნადავლი მოჰქონდა, ერთხელ გოჭიც კი მიუყვანა. მერე მურთაზაც აიყოლია და ორივე მეგობარი ერთად მიდიოდა სანადიროდ. მოკლედ, "მავნემ" და მურთაზამ მთელი სოფელი გადაიმტერეს.

- ესე იგი, მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებდნენ?

- სამწუხაროდ, ასე იყო და მათი ამბავი ცუდად დასრულდა: ერთ-ერთი ასეთი ნადირობიდან მხოლოდ მურთაზა დაბრუნდა, მამა იოანეს კაბაზე მოქაჩა და ტყისკენ წაიყვანა. წავიდნენ და შუა ტყეში დაჭრილი "მავნე" იპოვეს. ეს სოფელი მონასტერს 6 კილომეტრითაა დაშორებული. მამა იოანემ თავისი "მავნე" შინ წამოიყვანა, უმკურნალა, გადაარჩინა და ამის შემდეგ ჩემთან მოიყვანა - სოფელს უნდა მოვარიდოო. "მავნემ" ვოლიერში ძალიან მოიწყინა, ყოველთვის სევდიანი ჩანდა და საკვებს პირს არ აკარებდა. მამა იოანე მის სანახავად რომ მოდიოდა, სიხარულისგან გიჟდებოდა, ეხვეოდა, კოცნიდა და ხელებს ულოკავდა. მამა იოანემ შეხედა, რომ მისი გაზრდილი აღარ ჭამდა, ძალიან გახდა და სიარული უჭირდა, გადაწყვიტა, ისევ მონასტერში წაეყვანა. სამწუხაროდ, "მავნე" ცოტა ხანში მოკლეს. მამამ ტყეში დამარხა და ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე უცნაური ამბავი: მურთაზა სულ თავისი გაზრდილის საფლავზე იყო და იქაურობას არ შორდებოდა. ერთხელ მამა იოანე საფლავზე რომ ავიდა, მკვდარი მურთაზა დახვდა. როგორც გავარკვიეთ, გული გაუსკდა. ძაღლებს ეს უცნაური თვისებაც აქვთ: დიდი დარდი იციან და ხშირ შემთხვევაში გულით კვდებიან. ამის შემდეგ მამა იოანემ იქაურობა დატოვა, წამოვიდა და ახლა ფასანაურთან ახლოს ახალ მონასტერს აშენებს. სხვათა შორის, "მავნეს" და "მურთაზას" მეგობრობაზე ფილმიც გვაქვს გადაღებული.

- თავშესაფარში მცხოვრები სხვა მგლებიც ასეთი ჭკვიანები იყვნენ?

- კიდევ ერთი მგლის ამბავს მოგიყვებით: ორიოდე წლის წინ, თბილისში, ვაზიანთან ახლოს, მოსახლეობას უცნაური ყმუილი მოესმა. ეს ყმუილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. დამირეკეს და როცა მივედი, მიტოვებულ, ამომშრალ აუზში ჩავარდნილი მგელი ვიპოვე, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ამოვიყვანეთ, ვუმკურნალეთ და 2 თვე ჩვენთან ცხოვრობდა. რომ გამოკეთდა, ვაზიანში, ტყის პირას მივიყვანე და გავუშვი. მგელი ნელი ნაბიჯით წავიდა და ტყეს რომ მიუახლოვდა, შემობრუნდა, დაჯდა და ხუთი წუთის განმავლობაში გვიყურებდა, თითქოს მადლობას გვიხდიდა. მერე კი, შეტრიალდა და წავიდა. მგლებზე კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: ქარელის რაიონში არის სოფელი ბებნისი. იქ ძალიან კარგ კაცს, კახა წიქარიშვილს, საკალმახე მეურნეობა აქვს. ერთხელ მან ჭალაში ორი ახალდაბადებული მგლის ლეკვი იპოვა, წამოიყვანა და საწოვარათი გაზარდა. ერთი ლეკვი მოუკვდა, ხოლო მეორე გადარჩა და რადგან პანდემია ახალი დაწყებული იყო, "კოვიდი" დაარქვა. კოვიდი საკალმახეში გაიზარდა და იმდენად უწყინარი იყო, რომ ადამიანს არც კი უღრენდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, კახას თავისი ხელით გაზრდილი მგელი ჩამოართვეს. არც კი აუხსნიათ, გალიაში რატომ უნდა გამოეკეტათ ცხოველი, რომელიც საკალმახეში ცხოვრობდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. გარემოს დაცვის თანამშრომლები რომ მივიდნენ, წინააღმდეგობაც არ გაუწევია, კბილიც კი არ გაუკრავს. ახლა ის დათვების თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც ჩემმა მეგობარმა სოსო ჯიქურიშვილმა მიიღო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რადგან დათვები მგელს ერჩიან და შეიძლება კიდეც მოკლან. ახლა კოვიდი ცუდ დღეშია - კაცმა არ იცის, დათვები როდის დაგლეჯენ. საკითხავია, რატომ მოაშორეს ის შეჩვეულ გარემოს, სადაც თავს კარგად გრძნობდა?

- ესე იგი, დათვები მგლებზე უფრო აგრესიულები არიან?

- დათვები კიდევ ცალკე თემაა, რადგან თითოეულ მათგანს არანაკლებ სევდიანი ისტორია აქვს. რიკოთის უღელტეხილზე იყო რესტორანი "ედემის ბაღი", სადაც 15 წლის განმავლობაში ჰყავდათ დათვი, რომელიც გალიაში ცხოვრობდა. ყველამ იცოდა, რომ მას ლუდი უყვარდა და ერთ დალევაზე 1,5 ლიტრს სვამდა. ახლა იმ ადგილას გზა გაჰყავთ, რის გამოც რესტორანი დაანგრიეს. პატრონმა გვთხოვა და ეს დათვი ჩვენს თავშესაფარში წამოვიყვანეთ. ადრე ის სულ სხვა ცხოვრებას იყო დაჩვეული, იქვე წყაროს წყალი ჩამოდიოდა და ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა... ძალიან დარდობდა, ეტყობოდა, რომ თავშესაფარში ცხოვრებას ვერ ეგუებოდა და 1-2 თვეში მოგვიკვდა. საბედნიეროდ, კარგად არის მეორე დათვი, რომელიც ახალციხიდან წამოვიყვანეთ. საქმე ის არის, რომ თანამდებობის პირები დაკვლასა და შეჭმას უპირებდნენ. ამის შესახებ მისმა გამზრდელმა ქალმა გვაცნობა. მანქანაში ჩავსვით და დიდი კამათის შემდეგ, ჩვენთან წამოვიყვანეთ. "მერაბა" ჰქვია. მერაბა დღესაც ჩვენთან - დათვების თავშესაფარში ცხოვრობს. მიხარია, რომ იქაურობას შეეგუა და თავისი ახალი საცხოვრებლით კმაყოფილია.

- თავშესაფარში მცხოვრებ ძაღლებზე რა გახსენდებათ?

- პირველ რიგში მახსენდება ძალიან ლამაზი ძაღლი, რომელსაც სონდი ერქვა. "სონდი" ესტონურად ნისლს ნიშნავს და ასე პატრონი ეძახდა - ესტონელი ქალბატონი, რომელსაც ეს ძაღლი ქუჩიდან ჰყავდა აყვანილი. ალბათ გაინტერესებთ, ჩემთან როგორ მოხვდა: ერთ დღეს კარის მეზობელს ამ ქალის სახლიდან საშინელი ყმუილი მოესმა. კაკუნზე არავინ უპასუხა, კარი შეამტვრიეს და ნახეს, რომ ქალი გარდაცვლილიყო. ძაღლი გვერდით ეწვა, ტიროდა და მიცვალებულთან ახლოს არავის უშვებდა... სანამ პატრონს დაკრძალავდნენ, ეს ძაღლი ჩემთან, თავშესაფარში მოიყვანეს. ჯერ სულ ტიროდა და დასაფლავების დღეს გაიპარა, სახლში მივიდა და პატრონის დაკრძალვას მიუსწრო. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე უნდა გვეძებნა. სონდი ვერაფრით ვერ გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან: გაგვეპარებოდა სასაფლაოზე, მივიდოდით და წამოვიყვანდით. სამჯერ გაიპარა, მეოთხედ რომ მივაკითხეთ, ვეღარ ვიპოვეთ - როგორც ჩანს, გზაში რაღაც შეემთხვა, ან მანქანა დაეჯახა, ან რაღაც მოხდა. სონდის ამბავი დღემდე ცუდად მახსენდება.

- ბატონო თამაზ, როგორ ახერხებენ ცხოველები კილომეტრების გავლას და პატრონის მოძებნას?

- დიახ, მათ ეს საოცარი უნარიც აქვთ: შეიძლება პატრონმა თავისი ძაღლი ან კატა ქალაქის მეორე ბოლოში ან სხვა ქალაქში წაიყვანოს, მაგრამ ის უკან დაბრუნდეს. მეც მქონდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა. თელეთიდან მოგვიყვანეს უჭკვიანესი ლაბრადორი. ოთხი დღის შემდეგ გაიპარა და თავის პატრონთან წავიდა. პატრონი არ იჯერებდა, რომ სახლს თვითონ მიაგნო, ფიქრობდა, რომ ჩვენ დავუბრუნეთ. ისევ მოგვიყვანა, ისევ გაიპარა და ჩააკითხა. მესამედაც იგივე რომ განმეორდა, პატრონმა თოფით მოკლა!

tamaz-e-copy-1636637742.jpg

- რით აიხსნება კიდევ ერთი უჩვეულო მოვლენა - როცა ძაღლი და კატა მეგობრობენ?

- ეს ძალიან მარტივად აიხსნება: შიშის დროს ორგანიზმი ისეთ ნივთიერებას გამოყოფს, რომელსაც ძაღლი ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, ძაღლები ყოველთვის უყეფენ ისეთ ადამიანს, რომელსაც მათი ეშინია. როგორც ჩანს, კატის შემთხვევაშიც ასე ხდება: ძაღლები ზოგიერთ კატას მისდევენ, ზოგთან კი მეგობრობენ. ჩვენც გვყავს კატა, რომელიც ყველა ვოლიერში შედის და ყველა ძაღლს ემეგობრება, რადგან მათი არ ეშინია. ზოგჯერ მგონია, რომ თავი ძაღლი ჰგონია: დილაობით ყველა ძაღლს ჩამოუვლის და ეთამაშება. ძაღლებსაც მისი დანახვა ძალიან უხარიათ. ასე რომ, ძაღლისა და კატის მეგობრობა სულაც არ არის საკვირველი ამბავი.

- და ბოლოს, რით აიხსნება ამდენი მიუსაფარი ცხოველის არსებობა ჩვენს ქალაქებსა და დაბებში?

- ყველაფერი ასე იწყება: ბავშვებისთვის აჰყავთ პატარა ლეკვი, ზრდიან და მისით ერთობიან. მერე კი, როცა გაიზრდება, მისი მოვლა და რჩენა ჰბეზრდებათ და ქუჩაში აგდებენ. უცხოეთში ცხოველის მიტოვება მარტო ჯარიმით კი არა, ციხითაც ისჯება. მე ასეთი მკაცრი მიდგომის მომხრე ვარ. ევროპის ქვეყნებში ცხოველს არ მოგცემენ, თუ სპეციალურ გამოცდას არ ჩააბარებ. ადამიანთა დაუდევარი მოპყრობის გამო უამრავი ცხოველი სამუდამოდ მახინჯდება ან კვდება. ამის ბრალია, რომ თავშესაფარში გვყავს სამფეხა და ორფეხა ძაღლები, რომლებიც ადამიანთა დაუნდობლობის გამო დასახიჩრდნენ. 20 ათასამდე ცხოველმა გაიარა ჩემს ხელში და მათი უმრავლესობა სწორედ ასეთი მოპყრობის მსხვერპლი იყო.

ხათუნა ჩიგოგიძე