"ვინც ამ ცხოვრებაზე ხელჩაქნეულია, ვეტყვი, მე ხელებიც კი არ მაქვს, რომ ჩავიქნიო"
გიორგი ხიზანიშვილი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა: 9 წლამდე და 9 წლის შემდეგ. 9 წლამდე ჩვეულებრივი ბავშვი იყო, 9 წლის შემდეგ "არაჩვეულებრივი" გახდა. როგორ იხსენებს დღეს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა, როგორია ყოველდღიური რეალობა ორივე ხელის გარეშე, როგორ იპოვა საკუთარ თავში ძალა და როგორ გახდა წარმატებული, ვინ იყო მისთვის ყველაზე დიდი მოტივაციის და სტიმულის მიმცემი? - ამ ყველაფერზე გიორგი ხიზანიშვილი გულახდილად გვესაუბრა.
- დედოფლისწყაროში, სოფელ არბოშიკში დავიბადე და გავიზარდე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. 9 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად, ორივე ხელი დავკარგე.
- ვაცნობიერებ, ამ დღის გახსენება თქვენთვის რამდენად რთული იქნება, შეძლებთ?
- 2003 წლის 30 დეკემბერი იყო. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც წინასაახალწლო სამზადისი გახლდათ. მე და ჩემი და ბიძაჩემს გავყევით, ჩვენთან ახლოს ცხოვრობს. ბავშვები ეზოში ვთამაშობდით. იქვე იდგა დაქოქილი ტრაქტორი, რომელსაც მიბმული ჰქონდა ავზი; ნაწილი, რომლითაც ტრაქტორს ავზი უკავშირდებოდა, ძალიან სწრაფად ტრიალებდა. ერთ მხარეს მე ვიდექი, მეორე მხარეს - ჩემი და. იმ მოტრიალე ნაწილზე ჯოხს ვდებდი, მეორე მხარეს ისროდა და ასე ვერთობოდით. მორიგ ჯერზე, ჯოხი ჩამივარდა, მის ამოსაღებად ხელი ჩავყავი, რა თქმა უნდა, ჩამითრია, მეორე ხელიც ინსტიქტურად მივაშველე და... ორივე ხელი ადგილზე დავკარგე. ჩემმა დამ დამიჭირა, მთლიანად რომ არ ჩავეთრიე. დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადამიყვანეს. ღია ჭრილობიდან სისხლი მდიოდა და გაცილებით უარესი სცენარის განვითარების დიდი რისკი იყო. ცნობიერება არ დამიკარგავს. დიდი ფიზიკური ტკივილისა და სისხლის დაკარგვის მიუხედავად, გონება წამითაც არ გამთიშვია. ექიმები ამბობდნენ, რომ ეს ნამდვილი სასწაული იყო, 2.5 ლიტრი სისხლი დავკარგე და არც შოკური მდგომარეობა მქონია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სასწაული.
- რეაბილიტაციის პერიოდი როგორი იყო?
- საკმაოდ რთული, ეს პროცესი 2 წლამდე გაგრძელდა. თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში, გულისხმიერი ექიმი მაცაცო ანთაძე მკურნალობდა. დედოფლისწყაროში ჩემი გადამრჩენელი ექიმი ნუკრი ბაღაშვილი იყო, პირველი დახმარება მან გამიწია. რეაბილიტაციის პროცესი რთული გახლდათ, სანამ ჭრილობები სრულად შეხორცდებოდა. მაცაცო ანთაძისადმი უზომოდ მადლიერი ვარ, ეს ადამიანი მიყვარს და ურთიერთობა დღესაც მაქვს. საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მქონდა. ქუჩაში რომ გავდიოდი, ტრანსპორტით გადავაადგილდებოდი, მარტივი ასატანი არ იყო ის, რასაც საზოგადოების მხრიდან ვგრძნობდი. ფიზიკურად რომ შევიცვალე, ხალხისთვისაც "შევიცვალე". სინამდვილეში ჩემი მდგომარეობა შინაგან ცვლილებას არ იწვევს, ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელე.
- რა პერიოდი დაგჭირდათ იმისთვის, რომ თქვენკენ გამოშვერილი თითისთვის ყურადღება აღარ მიგექციათ?
- 10 წელი მაინც დამჭირდა, ეს დამოკიდებულება რომ გადამელახა და დამეძლია.
- თანატოლებთან ურთიერთობა შეიცვალა?
- მკურნალობის შემდეგ სოფელში დავბრუნდი თუ არა, ჩვეულებრივი ცხოვრება გავაგრძელე, აქტიური ვიყავი, სულ მეგობრებთან ერთად დავდიოდი, კარგად ვსწავლობდი. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
- ალბათ მრავლად იყო მზრუნველობის მაგალითები, არა?
- რა თქმა უნდა, მეგობრები სულ ჩემ გვერდით იყვნენ და მომავალშიც იქნებიან.
- ვინ მოგცათ სტიმული, ცხოვრების მეორე ეტაპი ღირსეულად გაგეგრძელებინათ და დღეს ასეთ შემდგარ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყავით?
- როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, როგორც სულიერად, ასევე - ფიზიკურად, ჩემ გვერდით ყოველთვის დედა იყო. ის მაძლევდა ძალას, რომ მებრძოლა, არ დავნებებულიყავი, უკეთესი გავმხდარიყავი. დედა მუდმივად მირჩევდა და მეუბნებოდა, შენ ფიზიკურად ვერ იმუშავებ, გონებით უნდა იმუშაო, ამიტომ კარგად ისწავლეო. შენი ძლიერი მხარე და "იარაღი" არის გონება, რამეს თუ შეძლებ, შენი ცოდნითა და განათლებით უნდა მიაღწიოო.
- რა პროფესია აირჩიეთ?
- სკოლის დასრულების შემდეგ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩავაბრე. ხელოვნებათმცოდნე ვარ, მაგისტრატურაში სწავლა ჯერ არ გამიგრძელებია, მაგრამ ვაპირებ, მინდა დოქტორანტურაც გავიარო, ამ პროფესიას სრულად რომ დავეუფლო. წარმოუდგენელზე არასდროს ვოცნებობ, მე ვუყურებ იმ შესაძლებლობებს და ინტერესს, რომელიც მაქვს. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ პროფესიულ პროგრამაზე ჩავაბარე - ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესია ავირჩიე. გუშინ ჩავაბარე 2-წლიან სასწავლო პროგრამაზე, მედიისა და ტელეხელოვნების მიმართულებით. ტელე-რადიოწამყვანის პროფესიით დავინტერესდი.
- ყოჩაღ! წლების შემდეგ, საკუთარი თავი სად უფრო წარმოგიდგენიათ?
- თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლში ვმუშაობ, როგორც ხელოვნებათმოცოდნე და ვითავსებ გიდის პროფესიას. მანამდე სტაჟირებები გავიარე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ეროვნულ მუზეუმში. სულ საგანმანათლებლო სივრცეში ვტრიალებდი. გარდა ამისა, ჩართული ვიყავი და დღესაც ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე.
- მაგალითად?
- მცხეთის გენერალური გეგმის პროექტზე, როგორც ხელოვნებათმცოდნე ვმუშაობდი. აგრეთვე იუნესკოს პროექტში არამატერიალური მემკვიდრეობის კუთხით.
- ამ ყველაფერთან ერთად, სპორტითაც ხართ დაკავებული. პარასპორტში როგორ აღმოჩნდით?
- თავდაპირველად ცურვით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მწვრთნელი ვერ მოდიოდა, უმეტესად დროის გამონახვას ვერ ახერხებდა), თავი დავანებე. მსოფლიოს მასშტაბით ძლიერი პარამოცურავეები არიან, ეს სფერო განვითარებულია, მე მათ სადღა დავეწეოდი, დიდი დრო დამჭირდებოდა, ამიტომ ცურვას შევეშვი და პარატაიკვანდოს გავყევი, უკვე 3-4 წელია ვვარჯიშობ. სექტემბერში, თურქეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გავხდი, მესამე ადგილი ავიღე. საქართველოში ეს სპორტი პარამიმართულებით ახალი განვითარებულია. დეკემბერში თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება და ამ დღისთვის აქტიურად ვემზადები. ახლა 2 კვირით ბაკურიანში, სპორტულ შეკრებაზე მივდივარ.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- როცა ვარჯიში არ მაქვს, მეგობრებთან ერთად დავდივარ თეატრში, ოპერაში, კაფეში... მიყვარს მოგზაურობა, როგორც საქართველოში, ასევე - მის ფარგლებს გარეთ. პანდემიის დაწყებამდე აქტიურად ვმოგზაურობდი, ორ ქვეყანაში გასვლა მქონდა დაგეგმილი და ვეღარ მოვასწარი. ძალიან მინდა, მილანში ჩავიდე. სხვა ქვეყნების და კულტურის გაცნობა სულიერი საზრდოს მისაღებად, თვალსაწიერის გაზრდისთვის, მასშტაბური აზროვნების და ხედვის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია. ყველას ვურჩევ, საზღვრებს გასცდეს და სხვა კულტურას ეზიაროს.
- მიუხედავად იმისა, რომ დღეს შემდგარი პიროვნება ხართ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ მაინც არაერთ სირთულეს აწყდებით.
- რა თქმა უნდა, საზოგადოების ცნობიერების დონე ჯერ კიდევ დაბალია, შშმ კუთხით სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებაა აუცილებელი. შემქმნია პრობლემა სხვადასხვა ადგილას სერვისის მიღების დროს, ბანკში ბარათის აღების დროს და ა.შ.
- დამოუკიდებლად ცხოვრება შეგიძლიათ, თავისებური ტექნიკა გაქვთ შემუშავებული, როგორ იმუშაოთ კომპიუტერთან, შეგიძლიათ მოადუღოთ ყავა...
- სულ ვცდილობ, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიყო, ბევრი რამ უკვე ვისწავლე. რამდენიმე დღე დამოუკიდებლად ვყოფილვარ და არ გამჭირვებია, თუმცა ხშირად მჭირდება პირადი ასისტენტი, ეს არის ის სერვისი, რომელიც სახელმწიფომ უნდა დანერგოს. შშმ პირთა გაეროს კონვენცია, პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოებს, ამ მომსახურების დანერგვას. ჩვენთან შშმ პირთა ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს.
- პირად ცხოვრებაზე შეიძლება გკითხოთ?
- პირადი ცხოვრების აწყობაში ჩემს მდგომარეობას ხელი არასდროს შეუშლია.
- შეყვარებული ხართ?
- კონკრეტულად ერთ ადამიანზე არა, მაგრამ ისე, "სიყვარულის გარეშე ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა" (იცინის).
- დაბოლოს, რას ეტყვით ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა შეზღუდვის გამო, შინ იკეტებიან, ნაკლებად აქტიურობენ...
- ვინც ამ ცხოვრებაზე ხელჩაქნეულია, ვეტყვი, მე ხელებიც კი არ მაქვს, რომ ჩავიქნიო. იყვნენ აქტიურები, დატკბნენ ღმერთისგან ნაჩუქარი სიცოცხლით და არასდროს, არანაირ გამოწვევას და ბარიერს არ შეუშინდნენ. ყოველი სირთულის გადალახვის შემდეგ, მეტად ძლიერები და თავდაჯერებულები გახდებიან და ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.
თამუნა კვინიკაძე