ცოლ-ქმრის ნაქარგობა - გზაპრესი

ცოლ-ქმრის ნაქარგობა

ნათია თავაძემ და შოთა მესტვირიშვილმა ოჯახი 2 წლის წინ შექმნეს და პატარა დემნას ზრდიან. სტუდენტები არიან, გოგონა მომავალი ფილოლოგია, ბიჭი - ხელოვნებათმცოდნე. წყვილი საქმესაც ერთად უძღვება. ქარგავენ ყველანაირი ტიპის ტანსაცმელზე, ხალათებზე, პირსახოცებზე, კედებზე, ბერეტებზე, ჩანთებზე, ინტერიერის დიზაინისთვის კი ტილოებს ამზადებენ, რომელზეც შეიძლება კონტურის მეშვეობით ძაფებით „მოხაზონ“ სასურველი პორტრეტები თუ ნებისმიერი ფიგურა. როგორც ნათიამ საუბარში აღნიშნა, ბევრი შეკვეთა აქვთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ მხრივ განსაკუთრებით ბათუმი და ქობულეთი „აქტიურობს“.

ნათია თავაძე:

- ადრეული ასაკიდან ვქარგავდი, მაგრამ აქამდე არასოდეს მიფიქრია ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო. მეუღლის მხარდაჭერითა და სხვა ადამიანების მხრიდან წამოსული მოწონების შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ნამუშევრები სხვებისთვისაც გამეზიარებინა და ადამიანების სამოსი თუ ინტერიერი გამელამაზებინა. თავიდან მხოლოდ მე ვმუშაობდი, მეუღლე "ფეისბუკ"-გვერდის მართვაში იყო ჩართული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქარგვა მასაც შევასწავლე, ისიც თავისუფლად ახერხებს. ამ ეტაპზე ჩვენი ნამუშევრებიდან ყველაზე ტრენდული მოქარგული ტილოებია, რომელიც თითქმის ყველა ჩემი მეუღლის შესრულებულია. ქსოვილზე ქარგვა რთულია, რადგან არ არის მყარი და არ გამოსდის, მაგრამ ტილოს ადვილად უმკლავდება. ყველა სტარტაპს გავეცანით და როგორც მოვიძიეთ, ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ქართულ ბაზარზე მოქარგული ტილოები შემოიტანა. პერსონალური პორტრეტები კარგი საჩუქარია და ამჟამად, მოქარგული ტილოები პოპულარობის ზენიტშია. ჩვენი ხელით მოქარგული ტილოები ორჯერ ორ უცხოელ წყვილს აჩუქეს, რომლებმაც საქართველოში დაიწერეს ჯვარი. ძალიან გაგვიხარდა, როცა ჩვენი ნაქარგი ტურისტების საქორწინო საჩუქარი გახდა.

5-1636639054.jpg

- თქვენ ვინ შეგასწავლათ ქარგვა?

- თავად ვისწავლე. მაშინ დაახლოებით 13-14 წლის ვიყავი. ხატვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ამ საკითხში უნიჭო ვარ. მინდოდა რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც ხატვასთან იქნებოდა ახლოს. ერთ დღესაც ფერადი ძაფები დავინახე და ვცადე - ჯერ გოგონას სახე მოვქარგე, შემდეგ გუსტავ კლიმტის „კოცნას“ შევეჭიდე, რომელიც ძალიან მომწონს. როცა მივხვდი, კარგი ნამუშევარი გამოვიდა, გადავწყვიტე სერიოზულად მეფიქრა ამ საქმიანობაზე.

- მეუღლემ როგორ აითვისა ეს საქმე?

- ერთხელ ბევრი შეკვეთა მქონდა და მითხრა, - მოდი, დაგეხმარებიო. მაშინ ისწავლა. პირველივე ნამუშევარი ძალიან კარგი გამოუვიდა. ჩემგან და ჩემი ოჯახის მხრიდანაც დადებითი შეფასება მიიღო. მას შემდეგ აღარ მაცდის ტილოების ქარგვას.

- ბავშვისთვის თუ გაქვთ რამე მოქარგული?

- არა, მაგრამ სანამ დაიბადებოდა, დათუნია მოვუქსოვე. ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი, ძალიან ლამაზი გამოვიდა და სამომავლოდ სწორედ ასეთი ნაქსოვი სათამაშოების დამატებას ვგეგმავთ ჩვენს სტარტაპზე.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ჩემი მეუღლე მოყვარული მსახიობი იყო, დამოუკიდებელ თეატრში „რამპა“. მე მოსწავლე გახლდით და სკოლაში სპექტაკლს ვდგამდით. შოთა ჩვენი რეჟისორის მეგობარი იყო. ერთხელაც რეპეტიციაზე მოჰყვა და მაშინ გავიცანი. ნელ-ნელა ურთიერთობა განვითარდა და ერთმანეთი შეგვიყვარდა. მოკლედ, ჩვენი ამბავი ხელოვნებასთან არის კავშირში (იღიმის).

4-copy-1636639068.jpg

- ხელით ქარგვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, სტუდენტი ხართ, თან პატარა გყავთ, როგორ აუდიხართ ამდენ საქმეს?

- ჩვენ დიდი ოჯახი გვყავს და ყველანი ერთად ვცხოვრობთ: დედამთილი, მამამთილი, მული, მაზლი... ყველანი მეხმარებიან დემნას მოვლაში. თან, ახლა ონლაინსწავლების რეჟიმში ვარ და ესეც მიწყობს ხელს საყვარელი საქმე ვაკეთო. ოჯახი ძალიან მიდგას მხარში, რომ განათლება მივიღო და თან საქმე ვაკეთო. და რაც მთავარია, მეუღლეს რომ არ მოეცა ჩემთვის სტიმული და გვერდში არ დამდგომოდა, ალბათ მარტო ვერაფერს შევძლებდი.

- აპირებთ სკოლაში შესვლას, როგორც პედაგოგი?

- აუცილებლად, ჩემი მიზანიც ყოველთვის ეს იყო. სწორედ იმიტომ ჩავაბარე ფილოლოგიურზე, რომ პედაგოგი გამოვსულიყავი. ვფიქრობ, როგორც საქართველოს, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მომავლის აღზრდაში უმნიშვნელოვანესი როლი და მნიშვნელობა აქვს პედაგოგს. ჩემი მიზანია, კარგი მასწავლებელი ვიყო. სასურველია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ამის სურვილი, რადგან ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა. იმედი მაქვს, ეს ოცნება ამისრულდება.

ანა კალანდაძე