"შეყვარებული ვარ, ეს ახალი ამბავია"
იმდენად ვეჩვევი, შეიძლება ვინმეზე დამოკიდებულიც კი გავხდე. ნებისმიერი დამოკიდებულება სისუსტეა, - ამბობს მსახიობი ნინო შავგულიძე.
რისი ეშინია ყველაზე მეტად, რას შეუძლია წონასწორობიდან მისი გამოყვანა, რომელ თვისებას ებრძვის საკუთარ თავში და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1987 წლის 17 ნოემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ყურადღების ცენტრში ყოფნა, სცენაზე დგომა, ცეკვა, სიმღერა, პაროდიების გაკეთება მიყვარდა, მინდოდა, ძალიან პოპულარული ვყოფილიყავი. ბავშვობაში კიკეთში რომ ვისვენებდი, წარმოდგენებს ვმართავდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ხმა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ ადამიანი, ვინც ყველას უგებს. რეალურად, მართლა ემპათიური ვარ, მეგობრები სულ მაგის გამო დამცინიან.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...უფრო კარგ განათლებას მივიღებდი, ვიდრე მაქვს.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...ჩემი პირველი როლი თეატრში, გოგა თავაძის სპექტაკლში - "მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები" ვითამაშე. ეს სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა. პრემიერის შემდეგ თეატრმცოდნეები, მსახიობები, რეჟისორები კულისებში შემოდიოდნენ, მილოცავდნენ და საქებარ სიტყვებს მეუბნებოდნენ, გაოცებული და ძალიან დარცხვენილი ვიყავი, ამავდროულად - ბედნიერიც, თუმცა ეს მოგვიანებით გავიაზრე, იმ წუთში სრული შოკი მქონდა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას. ის ყველაზე კარგი კრიტიკოსი იყო და დღესაც ასეა. ზუსტად მიმანიშნებს იმ პატარა დეტალებზე, რომლებსაც თავადაც ვგრძნობ. ძალიან სწორად მაწვდის, რაზე უნდა ვიმუშაო.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...დავიბადე, რომ ვსუნთქავ, სიცოცხლე მიყვარს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ყველაფერი დალაგდეს ამ არეულ მსოფლიოში.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მომთმენი ვარ. ეს ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე, აფექტურ მდგომარეობაში ყოფნისას, არასდროს ვიღებ. ემოციების კონტროლი ძალიან რთულია, შეიძლება ყოველთვის მოთმინება არ გეყოს. რამდენიმე წლის წინ, მანანა კოზაკოვამ მასწავლა - როგორც უნდა გაბრაზდე, ათამდე დაითვალე, ღრმად ისუნთქე, ეცადე იმ ღამეს გამოიძინო, დილით ისევ ისეთი განწყობით თუ გაიღვიძებ, მერე თქვი და იმოქმედე, ცხელ გულზე კი ნურაფერს გააკეთებო. ეს სიტყვები ცხოვრების წესად მექცა, რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა გავბრაზდე, ჩუმად ვარ და მეორე დილის გათენებას ველოდები.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ასეთი ერთი თვისება მაქვს, მაგრამ ხმამაღლა თქმა არ მინდა. მას სულ ვებრძვი, ზოგიერთ სიტუაციაში შენიღბვასაც ვცდილობ. (პაუზის შემდეგ) კარგი, გაგიმხელ, საკუთარ თავში ეგოიზმს ვებრძვი.
- დაშვებული შეცდომები...
- ...პერიოდულად თავს მახსენებს, ალბათ ეს საჭიროა, ისევ რომ არ გავიმეორო, გული აღარავის ვატკინო.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში ვისწავლე ის, რომ ჩემი (საერთოდ, ყველა ადამიანის) ყველაზე დიდი მტერი საკუთარი ენაა.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი იაზრებს დანაშაულს და სინანულის განცდა აქვს.…თუ მივხვდები, რომ ადამიანს უნებლიეT ვაწყენინე, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს, პატიებას თავადაც ვითხოვ.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...მეშინია. გლობალური შიშები მაქვს, დათბობის მეშინია, დედამიწა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. საერთოდ, მომავალზე ბევრს არ ვფიქრობ, არც წარსულზე, რეალურ დროში ვცხოვრობ. ახლა ისეთი დროა, არავინ იცის, ხვალ, ზეგ რა მოხდება. მოლოდინებიც არასდროს მაქვს და ეს ძალიან მაბედნიერებს: როცა მოლოდინი არ გაქვს, იმედგაცრუებასაც აღარ განიცდი.
- ვიბნევი...
- ...დაბნეული ადამიანი არა ვარ.
- ვნანობ...
- ...არაფერს. ვთვლი, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველა მოვლენა გამოცდილების მომტანია, ყველა შეცდომა რაღაცას გვასწავლის. კარგი იყო თუ ცუდი, რაც მოხდა, მოხდა, რაღაც ხომ ვისწავლეთ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...იქ, სადაც ვარ და როგორც ვარ, შინ საყვარელ ადამიანთან ერთად და ვარ ძალიან ბედნიერი.
- ჩემი ჰობია...
- ...სამსახური. ვიყვარებ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ. შეიძლება ეს სულაც არ იყოს პროფესია.
- სერიალი "იდეალური დედა"...
- ...ძალიან მიყვარს. გადაღებები გრძელდება, მაყურებლის ყურადღება მაბედნიერებს, მათგან ყოველთვის დადებითი განწყობა მოდის, განსაკუთრებით - პატარებისგან. ქუჩაში რომ მხვდებიან, ემოციას ღიად გამოხატავენ.
- პერსონაჟთან გაიგივება...
- ...იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მიცნობენ, არ ხდება. მათ იციან, რომ ჩემი პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ. ვინც არ მიცნობს, ყველას ტასო ვგონივარ და ისიც სჯერათ, რომ საჭმელების კეთება არ ვიცი.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…
- ...ნიჟარაში დაგროვილ დასარეცხ ჭურჭელს - ეს მაგიჟებს, სისუფთავე ძალიან მიყვარს.
- მეზარება...
- ...ვარჯიში.
- სიყვარული - ეს...
- ...არის ზრუნვა.…
- პირველად რომ შემიყვარდა...…
- ...სულ მახსოვს ის ეიფორია, მონატრება, საღამოს რომ ვეღარ ვნახულობდი, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. მაშინ მე და ის ბიჭიც პატარები ვიყავით, პირველი სიყვარული კარგ მოგონებად დამრჩა.
- ახლა შეყვარებული...
- ...ვარ, ეს ახალი ამბავია, მაგრამ საჯაროდ ლაპარაკი არ მინდა, ცუდი გამოცდილება მაქვს. ფოტოებს და ინფორმაციას ვერც ჩემს გვერდზე, სოციალურ ქსელში ვერავინ ნახავს. ეს პიროვნება არ არის მსახიობი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...
- ...მეგობრებმა.
- მაკვირვებს...
- ...ბოლო (იცინის). "ფიცი მწამს - ბოლო მაკვირვებს".
- ვრისკავ...
- ...იშვიათად, მაგრამ გააზრების, დაფიქრების შემდეგ სიფრთხილეს ყოველთვის ვიჩენ. წარსულში მქონდა მომენტი, როცა უნდა გამერისკა და გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ეს ვერ გავბედე. ასე რომ მოვიქეცი, შეიძლება უკეთესიც იყო. გადაწყვეტილების არმიღებაც ხომ რისკია.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ის არის, რომ ადამიანებზე მიჩვევა ვიცი, იმდენად ვეჩვევი, შეიძლება ვინმეზე დამოკიდებულიც კი გავხდე. ნებისმიერი დამოკიდებულება სისუსტეა.
- ვამაყობ...
- ...როცა ქუჩაში ვხედავ ადამიანს, რომელიც სხვა ადამიანს ეხმარება ან მიუსაფარ ცხოველებს აპურებს, როცა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი სხვა ქვეყანაში დიდ წარმატებას აღწევს...
- ბოლოს ვიტირე...
- ...ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მრცხვენია. შექება გულის სიღრმეში ყველას უხარია, ჩემთან ეს სიხარული მას შემდეგ მოდის, როცა უხერხულობის განცდა ქრება.
- შიში მაქვს...
- ...ის მიღწევები, რომელიც გვაქვს, ჩვენმა ქვეყანამ წყალში არ ჩაყაროს და ისევ იქ არ დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით. ამის საფრთხეს რეალურად ვხედავ. კარგი გზით არ მივდივართ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ძალიან ბევრს მუშაობო. მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები - ყველა ამას მეუბნება.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ახლა არაფერს შევცვლი, წლების წინ მინდოდა, მაღალი ვყოფილიყავი.
- ვუფრთხილდები...
- ...ადამიანებთან ურთიერთობებს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ფრჩხილების დაჭრა (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ხელსაქმე მეხერხება, მარცხენა ხელში მაკრატელს რომ ვიჭერ, ჩემი მოხერხებულობა მანდ მთავრდება.
- ვიტყუები, როცა...
- ...საქმეს სჭირდება.
- თავისუფლება არის...
- ...აზროვნების თავისუფლება.
- როცა მარტო ვარ...
- ...ვკითხულობ ან ფილმებს ვუყურებ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ....არ მინდა.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ალბათ ბევრი რამ არის ისეთი, რაზეც იტყვი, არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავაკეთებო, მაგრამ ადამიანი მაინც ყველაფრის გამკეთებელია, ამიტომ "არასოდეს თქვა არასოდეს".
- მენატრება...
- ...მამა. 2 წლის წინ გარდაიცვალა.
- ვაგროვებ...
- ...წიგნებს. ძალიან კარგი ბიბლიოთეკა არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, ყველა წიგნი მიყვარს. მარსელ პრუსტი ის ავტორია, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, "დაკარგული დროის ძიებაში" ძალიან მომეწონა, გადავირიე.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...მეგობრები მშველიან. ზოგჯერ მარტო დარჩენაც საუკეთესო წამალია.
- დარიგება, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება...
- ...მამა მეუბნებოდა ხოლმე, შორი გზით იარე, შინ მშვიდობით მიხვალო.
- დაბოლოს გეტყვით...
- ...ყველას მადლობა, დრო რომ დაგვითმეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. მინდა გთხოვოთ, როგორმე გაუძელით ამ სირთულეებს, ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარული გვქონდეs, ყველაფერი კარგად იქნება!
თამუნა კვინიკაძე