"ადამიანის საქციელისთვის გამართლების მოძებნა სახიფათო გზაა" - გზაპრესი

"ადამიანის საქციელისთვის გამართლების მოძებნა სახიფათო გზაა"

ამჯერად, მარჯანიშვილის თეატრის და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობის - ირაკლი ჩხიკვაძის "წიგნის თაროთი" დავინტერესდით და გავარკვიეთ, როგორ შეუყვარდა წიგნების კითხვა, რა სახის ლიტერატურას კითხულობს და რის წაკითხვას ურჩევს სხვებს.

- ალბათ, 8-10 წლის ვიყავი, როცა საკუთარი სურვილით, წასაკითხად წიგნი პირველად ავიღე ხელში. ეს იყო მაინ რიდის "ოკეანეში დაკარგულები". კითხვამ ძალიან გამიტაცა... მერე, ნელ-ნელა სხვა წიგნებსაც ვკითხულობდი. ზოგი მათგანი 1 დღეშიც წამიკითხავს: კითხვა დილით დამიწყია და საღამომდე ვერ მოვწყვეტივარ. საერთოდ, ლიტერატურულ ნაწარმოებს მკითხველი სხვა სამყაროში გადაჰყავs, თითქოს ტვინში სხვა კარი იხსნება და ადამიანი უფრო მშვიდი ხდები, ყველაფერს სხვაგვარად აანალიზებ... წიგნის კითხვა მიყვარს, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა პერიოდი, როცა მიტოვებული მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ახლაც ასეთი პერიოდი მაქვს, თუმცა, დასასვენებლად როცა მივდივარ, წასაკითხი ლიტერატურაც ყოველთვის მიმაქვს. რაკი მსახიობი ვარ, ძირითადად, პიესებზე, სცენარებზე ვმუშაობ. ამიტომ ნაწერთან, ნააზრევთან შეხება მაინც სულ მაქვს. შეიძლება, წიგნის დიდ დანაკლისს ამიტომ არ განვიცდი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს ხშირად ვუბრაზდები, რომ წიგნი უფრო ხშირად წავიკითხო.

- საერთოდ, წიგნის წაკითხვის სურვილი პირველად როგორ გაგიჩნდათ?

- "ოკეანეში დაკარგულები" ჩვენს სახლში სტუმარმა მოიტანა. ყდაზე ნახატი მომეწონა. მივხვდი, რომ ნაწარმოებში რაღაც თავგადასავალი იყო მოთხრობილი. ავიღე, გადავშალე და კითხვა დავიწყე...

- ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურა წაგიკითხავთ?

- შეიძლება, წამიკითხავს, მაგრამ არ მახსენდება, რომ ჩემზე რამე ზეგავლენა მოეხდინოს... რაღაცების წაკითხვა დავაგვიანე: სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. არ იყო საშუალება და დრო, რომ წიგნები მშვიდად გვეკითხა. ძირითადად, სულ გარეთ გვეჭირა თვალი, თუმცა თეატრი, კინო, მუსიკა, წიგნი ყოველთვის მიზიდავდა და რაღაცნაირად, მათთან სიახლოვეს ვბედავდი და ვახერხებდი.

- მოზარდობისას რას კითხულობდით?

- მოზარდობისას თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე. 1 წელიწადში თითქმის მთელი ქართული ლიტერატურა წავიკითხე, თემები დავამუშავე... იმ პერიოდში შინიდან თითქმის არ გავდიოდი. ჩემს ცხოვრებაში ალბათ ეს ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო. ნეტავ ასე გამეგრძელებინა... ყველას ვურჩევ, რომ აბიტურიენტობის შემდეგ, ლიტერატურის კითხვა გააგრძელონ.

- მშობლიურის გარდა, განსაკუთრებულად რომელი ქვეყნის ლიტერატურა გიზიდავთ?

- ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის ლიტერატურა საინტერესოა. ამერიკასაც ძალიან კარგი მწერლები ჰყავს. ლიტერატურაში რუსეთი ძალიან ძლიერია. უბრალოდ, რუსეთში სხვა პრობლემებია - არაჰუმანურობის დიდი გამოვლინებები არსებობს. ეს ისეთი ერი არ არის, რომ ქართველის მსგავსად, მტერს შეუნდოს და ა.შ. ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, ალბათ ყველაზე ძლიერები ვართ, რადგან ცოტანი ვართ და ამდენს ვახერხებთ... საერთოდ, საინტერესო მწერლები, პოეტები ყველა ქვეყანაში არიან.

- თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებას თუ ეცნობით ხოლმე?

- ახლახან წავიკითხე ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)". ძალიან მომეწონა, რადგან ამ ნაწარმოებში დავინახე ქალის მდგომარეობა, პოზიცია ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გამოჩენის შემდეგ. ეს ნაწარმოები არგუმენტირებულად გვიჩვენებს, თუ რა დაგვმართა რუსეთის მარწუხებმა, როგორ დაარღვია ადამიანების ერთობა, ოჯახები... ვიცით "ჩეკისტების" მიერ წართმეული, გადასახლებული მეუღლეები, რამაც ოჯახები დაშალა, ორ სქესს შორის ბალანსი არია... ყველაზე მთავარი ისაა, რომ წიგნის ავტორი საკუთარ თავს რეალურად უყურებს - რაღაცების თქმას არ ერიდება. სასიამოვნოა, როცა ადამიანი ასეთი გულწრფელია. ნინო ხარატიშვილი ნიჭიერი მწერალია, წარმატებას ვუსურვებ... საერთოდ, თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებას აქტიურად ვერ ვეცნობი: ხან საჭირო ფინანსები არაა, ხან - დრო (იცინის)... თან, ყველაფერს თავისი განწყობა უნდა, ხომ ხვდებით, არა? სახლში პატარ-პატარა წიგნები მაქვს წასაკითხი. ნელ-ნელა ვეცნობი. ვცდილობ, "მივეპარო", რომ მერე კარგად "ჩავიგდო" კითხვის მუღამი...

- როგორ არჩევთ წასაკითხ ლიტერატურას?

- ხანდახან ადამიანს წიგნების წაკითხვა გინდა, მაგრამ უბრალოდ არ იცი, საიდან, როგორ დაიწყო... ალბათ უნდა მოძებნო მეგობარი, რომელიც საუკეთესო წიგნებს კითხულობს და ლიტერატურა მისი გატაცებაა. მგონია, რომ როცა რაღაც თემა გაწუხებს, მაგალითად - უფროსთან პრობლემები გაქვს, გაინტერესებს, როგორ ეურთიერთო და პასუხი გჭირდება, ალბათ ლიტერატურით გატაცებულ მეგობარს უნდა ჰკითხო - იქნებ ამ თემასთან დაკავშირებული კარგი ნააზრევის წაკითხვა მირჩიო-თქო? მოკლედ, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოუსმინო და მერე იპოვი იმას, რაც გჭირდება. პირადად მე მსგავსი სიტუაცია ხშირად შემქმნია.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებზე რას გვეტყვით?

- რა თქმა უნდა, ძველი ქართული ფილმები კარგია, მაგრამ საერთოდ, წიგნის გასცენარებით აღფრთოვანებული არ ვარ. მაგალითად, მგონია, რომ "ბეჭდების მბრძანებელი" კარგი გადაღებულია იმასთან შედარებით, რაც წიგნში წერია, თუმცა ბევრისგან გამიგონია, წიგნი მირჩევნიაო. ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგ მკითხველს საკუთარ გონებაში აღძრული სურათები ისე უყვარს, რომ ურჩევნია, წიგნიდან ამოიკითხოს და გონებაში თავისი "ფილმი" ჰქონდეს, ვიდრე სხვისი გადაღებული ნახოს. ეკრანიზაციები ძირითადად, კარგი არ გამოდის ხოლმე. ბოლო დროს ტექნოლოგია იმ დონეზე განვითარდა, რომ არა მგონია, ეკრანიზაცია ჭირდეს, მაგრამ წიგნში აღწერილ ნააზრევს, რომელიც მაგალითად, ოთახში, ბუხართან, ცხელი ჩაის და სიგარეტის თანხლებით, ფურცელზე დაიწერა, მკითხველი სხვაგვარად აღიქვამ. ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის დროს რეჟისორი რაღაცას ცვლის. კი, იდეას ტოვებს, რითიც წიგნის ავტორმა წერა დაიწყო, მაგრამ ფილმში "გადმოსვლისას" ფერმკრთალდება, ჩემი აზრით.

- დეტექტივები არ გიტაცებთ?

- მიტაცებს, მაგრამ ბევრი ასეთი სპეციფიკური წიგნი არ წამიკითხავს. ახლა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" დეტექტივის როლს ვთამაშობ. ძალიან კარგი სერიალია, მაგრამ ჩემი აზრით, დეტექტიური ჟანრის ფილმს კიდევ ბევრი სხვა რაღაც სჭირდება - ბევრი დეტალი უნდა ასახო... "ჩემი ცოლის დაქალები" სატირაა: ეკრანზე დღევანდელ რეალობას გარკვეულ განზომილებაში ვაჩვენებთ, რომელშიც ჩემი გმირი - აკაკი შუკაკიძე, თავისი დეტექტიური დიალოგებით, აზროვნებით, თვალებით და ხმით, საკმარისია, თუმცა მეტიც შეიძლება იყოს... დეტექტივისთვის და საერთოდ, ნებისმიერი მსახიობისთვის საჭირო აზარტი (მაყურებელი რომ "ჩაითრიოს", დააინტერესოს) ჩემს პერსონაჟში როგორ ჩანს, არ ვიცი. თუ ჩანს, ძალიან მიხარია.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს განასახიერებდით სიამოვნებით ეკრანზე ან სცენაზე?

- აკაკი შუკაკიძეზე გადაღებულ ფილმში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი... ლიტერატურულ პერსონაჟებს რაც შეეხება, მაგალითად, წინათ, შექსპირის ნაწარმოებებიდან გარკვეული როლების თამაში მინდოდა ხოლმე... თეატრში ვოლანდის როლი შევასრულე ნაწყვეტში "ოსტატი და მარგარიტადან"... ძირითადად, ისეთი როლები და მათში ჩადებული იდეები მიზიდავს, რომლებსაც მაყურებლებისთვის რეალობის სხვა კუთხით ჩვენება შეუძლია. ხანდახან ადამიანები რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ რაღაცები გამოგვრჩება ხოლმე. სამწუხაროდ, ადამიანს იმის უნარი არა აქვს, რომ ნებისმიერ მოვლენას ყველა კუთხიდან შეხედოს, თუმცა ამის მიღწევა შეიძლება კითხვით, განათლებით და მიმღებლობით, რომ არ გეზარებოდეს, მოვლენას ყველა მხრიდან მოუარო, აწონ-დაწონო... ხანდახან გამოჩნდება როლი, პიესას წაიკითხავ და უცებ "იჭერ", რომ ამ გმირს ამა თუ იმ თემის მაყურებლისთვის სხვა კუთხით ჩვენება შეუძლია. ხელოვნებამ შინაგანად ცოტათი თუ არ შეგარყია, ისე რა აზრი აქვს?!.

dsc0707-1636963031.jpg

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნება?

- კი. სხვათა შორის, სულ მომდის ხოლმე აზრი - ხომ არ დავჯდე და დავწერო-მეთქი? ჩემს ცხოვრებაში არსებობს 5 ქალი - 3 და, დედა და ბებია, ასევე - მამა, თავიანთი ამბებით... რაც დრო გადის, მინდა, რაღაცნაირად, ჩემს ცხოვრებას ფურცელზე "მოვუკემსო" თავი. ალბათ ასეც მოხდება, ჯერ - დღიურების სახით, მერე კი - შეიძლება, წიგნად "შეიკრას"... საერთოდ, წიგნის სიუჟეტად ყველა ადამიანის ცხოვრება გამოდგება - ყველას ცხოვრებიდან შეიძლება, ისეთი რამ "ამოიტანო", რაც მკითხველისთვის საინტერესო იქნება...

- "გზის" მკითხველებს რის წაკითხვას ურჩევთ?

- ვურჩევ, თემო რეხვიაშვილის "კურიერის ამბები" წაიკითხონ. ავტორი ნაწარმოებს ასე იწყებს - მე ვარ მსახიობი, მაგრამ ბაზარმა დამარეგულირა როგორც კურიერიო, ანუ გულისხმობს, პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ ცხოვრება ისეთია, რომ დღეს კურიერობით ვირჩენ თავს. ეს არ მინდოდა, მაგრამ რას ვიზამთო? "ბაზარი არეგულირებს" - ეს ყველაზე სევდიანი ამბავია, რაც ცხოვრებაში გვემართება. მერე, როცა დავინახავთ, რომ ვიღაც არასასიამოვნოდ გამოიყურება ან არასასიამოვნოდ საუბრობს, არ ვკითხულობთ, ეს ადამიანი ასეთი რატომ არის, და პირდაპირ განსჯას ვიწყებთ - საშინელი ადამიანიაო, რადგან ასე უფრო ადვილია. გვირჩევნია, ვთქვათ, რომ საშინელია და "მორჩეს", ვიდრე ვარკვიოთ, რა სჭირს, რა დაემართა და ა.შ. ადამიანის საქციელისთვის გამართლების მოძებნა სახიფათო გზაა: ამის გამოძიება ან მოწოდებით უნდა გინდოდეს და ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვით, რისი დანახვაც სხვებს არ შეუძლიათ, "იზრდებოდე", ან ამას პროფესია უნდა გაიძულებდეს, გჭირდებოდეს. მაგალითად, მსახიობებს გვასწავლიან - ადამიანებს დააკვირდით, მათში საიდან რა მოდის, როგორ იწყება, რომ მერე პროფესიაში გამოიყენოთო. დაბადებისას ხომ ყველა კარგია - სუფთა ფურცელივითაა, არა?.. ასევე, "გზის" მკითხველებს ვურჩევ მაქს ფრიშის "შტილერის" წაკითხვას, რომელიც ადამიანების იდენტობის შესახებაა, თუ როგორ ეძებენ საკუთარ თავს; ზოგი პოულობს, ზოგი - ვერა. ცოტათი რთული წასაკითხია - რამდენჯერმე კითხვა მეც მივატოვე, მაგრამ მივხვდი, რომ ძლიერი წიგნია. კიდევ, ვურჩევ ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლეს (ბრილკას)" და ზაირა არსენიშვილის "ვა სოფელოს" (თითქმის "ბრილკას" თემაა)...

ეთო ყორღანაშვილი