"ქართველი კონკურსანტები სანიმუშო ქცევით გამოირჩევიან" - გზაპრესი

"ქართველი კონკურსანტები სანიმუშო ქცევით გამოირჩევიან"

16 წლის ანი სტეფანიშვილმა სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე - Mისს შუმმერ ჭორლდ პირველი ადგილი დაიკავა. გოგონა ალბანეთში სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელთან - ეკა მგალობლიშვილთან ერთად იმყოფებოდა...

ანი სტეფანიშვილი:

- უკვე მეორე წელია, რაც სამოდელო სააგენტო "კატრინში" დავდივარ. სილამაზის საერთაშორისო კონკურსისთვის, ქართველი წარმომადგენლის შესარჩევად კასტინგი ჩატარდა, სადაც გავიმარჯვე. მე და სააგენტოს ხელმძღვანელი - ეკა მგალობლიშვილი Miss summer world-ის კონკურსზე ალბანეთში გავემგზავრეთ.

ეკა მგალობლიშვილი:

- უკვე 7 წელია, რაც Miss Summer World ტარდება. ქართველი კონკურსანტები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ბრუნდებიან ხოლმე, თუმცა "ტოპხუთეულში" პირველად ანი გავიდა და პირველი საპრიზო ადგილიც დაიკავა.

- Miss Summer World შემოდგომით რატომ ჩატარდა?

- პანდემიის გამო. ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სამოდელო და სილამაზის საერთაშორისო კონკურსი თუ ფესტივალი ვერ ჩავატარეთ, მაგრამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ალბანეთში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ იყო. სამედიცინო ნიღბის ტარებაც არ ყოფილა სავალდებულო. კორონავირუსზე არ საუბრობდნენ... მართალია, ტირანაში ჩავფრინდით, მაგრამ 10 დღის განმავლობაში ალბანეთის 5 ქალაქი მოვიარეთ. ყოველ დილით, 8 საათზე ვდგებოდით, მაღალმთიან რეგიონებში მივემგზავრებოდით - ზოგჯერ თავი სვანეთში გვეგონა... მანამდე, საბერძნეთის საზღვართან, ულამაზეს ქალაქში - სარანდაშიც ვიყავით... სხვათა შორის, ალბანეთსა და საქართველოს შორის ბევრი საერთო დავინახეთ: სამზარეულო, ადამიანების ხასიათი...

ანი:

- სამზარეულოს რაც შეეხება, მაგალითად, ჰქონდათ ხაშის, ჩახოხბილის, ხაჭაპურის მსგავსი საჭმელი...

img-5561-1636963609.jpg

- საქართველოდან, სადაც "კოვიდთან" დაკავშირებული რეგულაციები მოქმედებს, ალბანეთში ჩასულმა თავი როგორ იგრძენი?

- თავისუფლად. საქართველოდან ბევრი სამედიცინო ნიღაბი წავიღე, მაგრამ იმავე რაოდენობით ჩამოვიტანე, რადგან იქ ნიღაბი საერთოდ არ გამოგვიყენებია.

- გვიამბე, კონკურსი რას მოიცავდა, 10 დღის განმავლობაში კიდევ რას აკეთებდით?

- გვქონდა ნაციონალური სამოსის ტური და "ტალანტ შოუ", სადაც "პოპური" (აჭარული, ლაზური და ლეკური) ვიცეკვე. გორის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ლაჟვარდის" სოლისტი ვარ. კონკურსისთვის ცეკვის დადგმაში ქორეოგრაფი ნონა გამხიტაშვილი დამეხმარა.

- შენი ცეკვის ამსახველმა ვიდეომ სოციალურ ქსელში უამრავი "ნახვა" დააგროვა. ალბანეთში კონკურსის დამსწრე საზოგადოებამ ცეკვა როგორ მიიღო?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ტალანტ შოუზე" ჩემ მიერ შესრულებულ ცეკვას დიდი მოწონება ხვდა წილად, რამაც ჩემს გამარჯვებაზე იმოქმედა.

- გამარჯვებამდე კიდევ რა ეტაპები გაიარე?

- გვქონდა საცურაო კოსტიუმების ტური, ფოტოსესიები, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ტელევიზიებში სტუმრად ვიყავი, შევხვდით ქალაქის მერს.

- ყველაზე ძლიერ კონკურენტად რომელი ქვეყნის წარმომადგენელს მიიჩნევდი?

- უნგრეთის წარმომადგენელს, რომელმაც გარეგნობითა და ინტელექტით მომხიბლა.

- თავად შენი, როგორც კონკურსანტის მთავარი ხიბლი რა იყო, როგორ ფიქრობ?

- ძალიან კარგი "ქეთვოლქი", რომელიც მარკუს მეტრეველისა და ნინი გრძელიშვილის დახმარებით, "კატრინში" ვისწავლე, ინტერვიუ ჟიურისთან და "ტალანტ შოუზე" შესრულებული ცეკვა. რაც მთავარია, ქალბატონი ეკა თან მახლდა, რომელმაც ჟიურის სხვა წევრებს საქართველო არ დააჩაგვრინა (იღიმის).

ეკა:

- საერთაშორისო ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდით. ყოველი ტურის შემდეგ ქულების დათვლა მიმდინარეობდა. ნამდვილად კარგად ვასაბუთებდი, თუ რატომ ეკუთვნოდა ქართველ კონკურსანტს "ტოპხუთეულში" მოხვედრა, ფინალის დღეს თამამად ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს პირველი ადგილი ეკუთვნოდა, გრან-პრი კი - უნგრეთს. ამაში ყველა დამეთანხმა. ჟიურის გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, რადგან ანი მაღალი ინტელექტით დაჯილდოებული, ხელოვანი, ლამაზი გოგონაა, სიმაღლეში - 177 სმ-ია... კონკურსისთვის თავიდან ბოლომდე მომზადებული გახლდათ. იქ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იცით, საერთაშორისო ჟიურის სხვადასხვა წევრი რას ამბობდა?.. ეკა, წლების განმავლობაში შენი ყველა კონკურსანტი გამორჩეულია, დახვეწილი მანერები აქვთ, ყველა გვესალმება, ზრდილობიანია. თუნდაც კლუბში დისკოთეკაზე მოკრძალებულად იქცევიანო... სანიმუშო ქცევით ქართველი კონკურსანტები მართლაც გამოირჩევიან. საერთაშორისო ჟიურისთვის მნიშვნელოვანია, კონკურსანტი როგორ იქცევა, თუნდაც - სადილზე, ვახშამზე, საკვებს როგორ მიირთმევს... ანის ყველა საჭირო თვისება ახასიათებს... ალბანეთის მასშტაბით 5 სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა გვიწევდა, ვხვდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. 5 მერს შევხვდით, რომლებიც თავიანთ ქალაქებში სხვადასხვა აქტივობას აწყობდნენ. ღონისძიებებს ალბანეთის პარლამენტარები, ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ... ალბანა ჩახშირმა (Miss summer world-ის ორგანიზატორმა) კონკურსი მაღალ დონეზე ჩაატარა... წარმოიდგინეთ, ყოველ დილით, 8 საათზე ჩემოდნები უნდა ჩაალაგო, სხვა ქალაქში გაემგზავრო, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდე, მერე უცებ უნდა გამოიცვალო და ჟიურის წევრებს შეუერთდე, ანის ყურადღება მიაქციო, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს. პლუს, საღამოს სხვადასხვა აქტივობა, კონცერტი, ტური, ვახშამი, შეხვედრა - ეს ყველაფერი შრომატევადი, მაგრამ კარგი იყო!..

ანი:

- კონკურსის დასრულების ბოლო წუთამდე ძალიან ვნერვიულობდი. ეკა მკაცრი იყო. ფინალამდე, წინადღეს ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ უკვე იცოდა, მაგრამ ჩემთვის არ უთქვამს. კონკურსზე წარმატება ჩემთვის ისეთი ამაღელვებელი იყო, რომ სცენაზე სიხარულისგან ვტიროდი...

ეკა:

- გაუჩერებლად ტიროდა. ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, - რა ხდებაო? ანისთვის ეს პირველი საერთაშორისო კონკურსი იყო - ცრემლები ღვარღვარით ჩამოსდიოდა. ვიდრე გულში არ ჩავიკარი, ვერ გაჩერდა (იცინის).

ანი:

- ამ კონკურსზე წარმატებამ თავდაჯერება შემმატა. მთავარია, საქართველო ვასახელე. 36 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დავიკავე... უკვე სხვადასხვა ქალაქიდან მიწვევა მივიღე. გაისად, ახალ კონკურსანტებთან ერთად, ისევ ალბანეთში უნდა გავემგზავრო. ალბანეთის სამოდელო სააგენტოსთან 1-წლიანი კონტრაქტიც გავაფორმე...

img-8613-copy-1636963622.jpg

- ანი, სამოდელო სფეროთი როგორ დაინტერესდი?

- სოციალურ ქსელში ყველაზე წარმატებული სააგენტოს - "კატრინის" შესახებ ინფორმაცია ვნახე და სურვილი გამიჩნდა, კასტინგზე მივსულიყავი. მივედი, ამირჩიეს და მეორე წელია, უკვე აქ ვარ.

- როგორც ვიცი, გორში ცხოვრობ. თბილისში სააგენტოში სიარულს როგორ ახერხებ?

- ყოველ შაბათ-კვირას სააგენტოში ჩამოვდივარ, რომ სიახლეები არ გამოვტოვო. ვსწავლობ აერობიკას, დეფილეს, სასცენო პლასტიკას, ხელოვნებას, მოდის ისტორიას, კამერის წინ პოზირებას და ა.შ. მართალია, ძლიერი მოტივაცია მაქვს, რომ სააგენტოში გორიდან თბილისში ვიარო, მაგრამ რაიონშიც ბევრი ითხოვს, "კატრინის" ფილიალი გაიხსნას.

- პროფესია არჩეული გაქვს?

- სამომავლოდ დიზაინერობას ვაპირებ. სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებას ვგეგმავ. როდესაც გორში ჩვენი სააგენტოს ფილიალი გაიხსნება, მასთან აუცილებლად ვითანამშრომლებ.

- შენი ოჯახის წევრებიც სამოდელო სფეროში ხომ არ მუშაობენ?

- არა. სანამ ეკას გაიცნობდნენ, ოჯახის წევრები სამოდელო სფეროდან შორს იყვნენ. დედა ექიმია, მამა - სამშენებლო სფეროში მუშაობს. ასევე, არაჩვეულებრივი ძმა მყავს...

ეკა:

- ანის დედა - მაკა ისედაც ლამაზი და სასიამოვნო ქალბატონია, მაგრამ დღეს რომ დავინახე, აშკარად წონაში 20 კილოგრამით ნაკლებია. ახლა, როცა მსოფლიო სილამაზის კონკურსზე პირველ საპრიზო ადგილზე გასული გოგონას დედაა, თავის გარეგნობას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება. მალე "მისის პლანეტისთვის" (რომელშიც 2018 წელს ნინი შერმადინმა გაიმარჯვა) კასტინგი გვაქვს ჩასატარებელი და მგონი, ანის დედას გამარჯვებისთვის ბრძოლა უნდა (იცინის)...

- შენთვის რომელი მოდელის კარიერაა სამაგალითო?

- ქართველებიდან - ნინი გრძელიშვილის. საერთოდ, ქალბატონი ეკა გვასწავლის, რომ პოდიუმზე ბევრი უნარ-ჩვევაა საჭირო, რაც ნინი გრძელიშვილს აქვს, რადგან ისიც ეკას გაზრდილია. მსოფლიო მასშტაბით, ჩემი ფავორიტი მოდელი ამერიკელი ქენდალ ჯენერია: თავისუფალია, სცენას კარგად ფლობს, მომწონს მისი გარეგნობა და მინდა, მეც არანაკლებ პოპულარული ვიყო... პირველ რიგში, მინდა, კარგი, განათლებული ადამიანი ვიყო, ბევრი ვისწავლო და მსოფლიო მწვერვალები დავიპყრო.

ეთო ყორღანაშვილი