"მირჩევნია, ჩემი იდეის ერთგული ვიყო და პოლიტიკას არ გავეკარო" - გზაპრესი

"მირჩევნია, ჩემი იდეის ერთგული ვიყო და პოლიტიკას არ გავეკარო"

სახელი, გვარი: სიკო ჭუმბურიძე

ასაკი: 37 წლის.

განათლება: დაამთავრა საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი (სპეციალობა - ფინანსები და საბანკო საქმე).

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "კომედი შოუს" მსახიობი, "ნიკა არაბიძის შოუს" სცენარისტი და "სიცილი ფულიას" პროდიუსერი.

ჰობი: ფეხბურთი. არის ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბის - "ჯვაროსნების" დამფუძნებელი.

ცხოვრების დევიზი: სიყვარული.

- გახსოვთ პირველი "სკეტჩი", რომლითაც ეკრანზე გამოჩნდით?

- პირველად "ქლაბ შოუში" გამოსვლა დავიწყე. სკეტჩის შინაარსი - არა, მაგრამ მწარედ მახსოვს, რომ შარვალი, რომელიც ჩამაცვეს, ძალიან მიჭერდა (იცინის)...

- იუმორის სფეროს გარდა, სხვაგან თუ გიმუშავიათ?

- კი, როგორ არა! უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, დისტრიბუციაში ვმუშაობდი, ჯერ - ღვინის, შემდეგ კი - ნახევარფაბრიკატების კომპანიაში (სადაც ხინკლებს და მსგავს რაღაცებს დავატარებდი). ასევე, "მანსანკანის" გუნდებს ვხელმძღვანელობდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზიის ხელმძღვანელიც გახლდით... ბევრ პროექტში ვმონაწილეობდი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...

- ყველაზე მაღალი ჰონორარი, რა თანხა მიგიღიათ?

- დაახლოებით 1.000-2.000 დოლარი, ამაზე მეტი არ ამიღია. საახალწლო "ივენთების" მომსახურება ყველაზე ძვირი ჯდება. ძირითადად, კორპორაციული საღამოების წამყვანი ვარ, ასევე - იუმორისტული საღამოებიც გვაქვს.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- სიზმრებს ბავშვობაში უფრო ვხედავდი: მაგალითად, ხშირად თითქოს სიმაღლიდან ვვარდებოდი, მაგრამ დაცემამდე მეღვიძებოდა... შეიძლება, რეალურად რამე ფილმი მენახა, გონებაში ჩამრჩენოდა და ის დამსიზმრებოდა...

- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- მეგობრებთან ერთად ყოფნა, ალკოჰოლი და გიტარა განტვირთვის საუკეთესო საშუალება და ენერგიის აღმდგენია.

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- იმის მიხედვით, თუ როგორ უყვარს სხვა ადამიანები. ხშირად შესაძლებელია, პიროვნება სხვებთან ურთიერთობაში ამოიცნო და მასთან ერთად, "1 ფუთი მარილის ჭამა" საერთოდ არ დაგჭირდეს. პატარა ბიჭიც აღარ ვარ, თუმცა ალბათ, რაღაცები კიდევ სასწავლი მაქვს, მაგრამ ასე თუ ისე, ადამიანების ცნობა ვიცი. ამ საკითხში მაგარი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან რამდენჯერმე შევცდი.

- მეგობრისგან ღალატი გიგემიათ?

- კი. ვიღაცების შესახებ მეგონა, რომ იმას არ ჩაიდენდნენ, რაც გააკეთეს. შეიძლება, მათი საზომით ღალატი არაა, მაგრამ ჩემი საზომით - ღალატია, რა... ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას ვაპატიო. რაც შევძელი, მანამდეც ვაპატიე... საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ასეთ ადამიანებზე აღარ ვიფიქრო, უფრო წინ ვიყურო და მათზე ვკონცენტრირდე, ვინც ჩემთვის ძვირფასია, ჩემ გვერდით არიან და ვიცი, მიერთგულებენ...

- ადამიანთან პირველი შეხვედრისას, გარეგნობის რომელი დეტალი იქცევს ყურადღებას?

- გოგონების შემთხვევაში - საჯდომი, სანამ ცოლს მოვიყვანდი, მაგრამ ამ ეტაპზე - თვალები (იცინის).

- ეჭვიანი ხართ?

- საკუთარ თავს "ეჭვიანს" ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ სადაც სიყვარულია, იქ რაღაც ნერვიულობაც არის...

- ფეხბურთით როდის დაინტერესდით?

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. გარდატეხის ასაკში რაღაც ვირუსი შემხვდა, რის გამოც, გარკვეული პერიოდი ჩემთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა... მერე უკვე ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ჰობად დარჩა.

- უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხართ?

- კი. სხვათა შორის, უსამართლობაზე მძაფრი რეაქცია მაქვს. ძირითადად, თუ რამე კონფლიქტი მომსვლია, მიზეზი ეს ყოფილა. ყველა შემთხვევაში სამართლიანები ვერ ვიქნებით - ჩვენი საქციელი ვიღაცისთვის მაინც უსამართლო იქნება, მაგრამ ვცდილობ, სამართლიანი ვიყო. ირგვლივ მყოფებისგანაც იმავეს ველოდები.

- ცხოვრებაში ყველაზე მეტად, რა გაშინებთ?

- ალბათ, სიკვდილის შიში ყველას აქვს. საერთოდ, მომავალზე ვნერვიულობ. თუნდაც, იმაზე ვდარდობ, რაც დღეს ხდება. მაგრად მინდა, ყველანი კარგად ვიყოთ. ქუჩაში გამოსულებს არ გვეშინოდეს და საინფორმაციო გამოშვებებიდანაც ძირითადად, კარგი ამბები გვესმოდეს... ვშიშობ, რომ შეიძლება, ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ საკუთარ თავს "ოპტიმისტს" ვუწოდებ და ირგვლივ მყოფებიც ასეთად მიცნობენ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ამას ცოტა დრო უნდა, რა...

- როგორ გაგზარდეს მშობლებმა და თავად შვილების აღზრდის როგორი მეთოდი გაქვთ?

- სხვათა შორის, ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც გამზარდეს. 15 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. რაც მახსოვს, მამასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მასთან გულახდილი ვიყავი, ერთმანეთს ვენდობოდით. ასე ვთქვათ, სწორ გზაზე დავდექი... მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი შვილებიც იმავენაირად გავზარდო. საერთოდ, აკრძალვები არ მიყვარს. მეც მწარედ მახსოვს, როცა ბავშვობაში რაღაცებს მიკრძალავდნენ. ამიტომ, თუ რაღაც განსაკუთრებულს არ ითხოვენ, ვცდილობ, შვილებს არაფერი ავუკრძალო, მენდონ და ჩემთან გულახდილები იყვნენ. მგონი, ცხოვრებაში მშობლებზე კარგი მრჩეველი რთულად მოიძებნება.

siko-01-1636963801.jpg

- რომელი ცნობილი ქართველი გეამაყებათ ყველაზე მეტად?

- ვინც უცებ გამახსენდა, გია ყანჩელია, მაგრამ უამრავი საამაყო ადამიანი გვყავდა და ახლაც გვყავს. გოგი დოლიძე ჩემი ნათლია იყო. ძალიან მაგარი კაცი გახლდათ. ჩემთვის იდეალია! ასევე, კახი კავსაძეს დავასახელებ... თუ საუკუნეებით "უკან დავიხევთ", დავით აღმაშენებელი ნომერი პირველი ადამიანია: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ იყო სერიოზული ლიდერი, მხედართმთავარი...

- შეგიძლიათ, გოგი დოლიძესთან დაკავშირებული რომელიმე მოგონება გაგვიზიაროთ?

- 10-11 წლის ვიყავი, როცა მომნათლა. სამწუხაროდ, ცოტა ხანში გარდაიცვალა... გოგის ქეიფები ტკბილად და გემრიელად მახსოვს, გიტარით რომ ჩამოჯდებოდა ხოლმე... საინტერესო კაცი იყო და სუფრას ხშირად თამადობდა. სადღეგრძელოს სიმღერა მოჰყვებოდა... საერთოდ, ბავშვობა ტკბილად მახსოვს. ეს მოგონებები მთელი ცხოვრება გამყვება.

- დღის განმავლობაში, ტელეფონით ყველაზე ხშირად ვის ეკონტაქტებით?

- მეუღლეს და უფროს შვილს (უმცროსს ჯერ ტელეფონი არ აქვს). დედასაც ვურეკავ ხოლმე - ცალკე ცხოვრობს... თანამშრომლებს სამსახურში ყოველდღე ვნახულობ.

- ყველაზე მეტად, "სკეტჩებში" ვისთან ერთად თამაში გსიამოვნებთ?

- თავდაპირველად, "ქლაბ შოუში" გამოსვლა რომ დავიწყე, გარკვეული პერიოდი ნიკა არაბიძესთან ერთად წყვილში ვთამაშობდი. ძირითადად, ჩვენ მიერ მოფიქრებულ ნომრებს ვასრულებდით. მგონია, რომ კარგი იყო. ხანდახან იმ "სკეტჩებს" ახლაც ჩავრთავთ ხოლმე - ვერთობით...

- რომელი პროფესიის წარმომადგენელი ვერ იქნებოდით ვერასოდეს?

- ექიმობა მინდოდა, მაგრამ წამლების სახელწოდებებს ვერ ვიმახსოვრებ. ადამიანი ექიმი რომ გახდები, ხომ უნდა გახსოვდეს, რომელი წამალი რის სამკურნალოდ გამოიყენება, არა? ეს ამბავი ძალიან მერთულა. ამიტომ ექიმობა აღარ ავირჩიე. მეორე ასეთი პროფესია იურისტობაა: კანონებს, მუხლებს, ქვეპუნქტებს ვერ დავიმახსოვრებდი. ეს თუ არ იცი, იურისტიც არ ხარ. შესაბამისად, ეს პროფესიაც გამოირიცხა. დანარჩენს რაც შეეხება, ხომ გაგიგონიათ - არასოდეს თქვა, "არასოდესო"? დისტრიბუციაში ვმუშაობდი, ახლა ტელევიზიაში ვარ. შეიძლება, ოდესმე რამე ბიზნესიც წამოვიწყო...

- დაძლეული ფობია და კომპლექსი...

- ფობიის დაძლევის პროცესში ვარ: ბავშვობაში, სოფელში, ერთმა საკმაოდ ტანადმა გოგონამ აუზში მაყვინთავა - ბევრი წყალი ვყლაპე. მას მერე, წყლის შიში მაქვს. ფეხს ფსკერზე თუ ვერ ვდგამ, ცუდად ვხდები. ზღვაში ნელ-ნელა შევდივარ და ვჩერდები... ახლა აუზში უკვე ვხტები და მეორე ნაპირამდე ცურვით უცებ გავდივარ, ნელ-ნელა თავს ვერევი... კომპლექსს რაც შეეხება, თავდაპირველად, ალბათ, აუდიტორია მაკომპლექსებდა - მეშინოდა, გაეცინებოდათ თუ არა, მაგრამ მაყურებლების წინაშე 1-2-ჯერ რომ გახვალ და ყველაფერი კარგადაა, აუდიტორიასთან ურთიერთობას ეჩვევი...

- უცებ დამისახელეთ ღირსეული ქართველი მოქმედი პოლიტიკოსი...

- აუ, ვერ გეტყვი, რა... საერთოდ, პოლიტიკოსების არ მჯერა, თუ უხეშად ნათქვამი არ გამომივა... რა თქმა უნდა, ვიღაცებს ცოტათი გამოვარჩევ, მაგრამ დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან მთელი ცხოვრება ასე ვიქცევი: შეიძლება, რაღაც აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვთქვა, მაგრამ ამას ისეთი ამბავი მოჰყვეს, თითქოს ვინმეს მხარდამჭერი ვიყო. არასდროს არავის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, არც ვარ და არ ვიცი, თუ ვინმე ისეთი ვნახე, რომ გადავირიო, დავუჭერ მხარს...

- თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი რა არის?

- შვილების მომავლის მაქსიმალურად უზრუნველყოფა.

- ცოტა რამ გვიამბეთ თქვენი შვილების შესახებ...

- 2 შვილი მყავს: 10 წლის ნატუკა და 8 წლის ლიზი. ძალიან მინდა, ზრდილობიანები, კეთილები იყვნენ და ადამიანები უყვარდეთ. მშობლისთვის შვილი ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩემი შვილებით მართლა კმაყოფილი ვარ, რადგან მგონია, რომ ადამიანები ძალიან უყვართ, ურთიერთობებში პრობლემები არ აქვთ, ასე თუ ისე, კომუნიკაბელურები და კეთილები არიან. მსურს, ძალიან განათლებულები იყვნენ და მაქსიმალურად ვეცდები, მათ ამ საკითხშიც გვერდით დავუდგე...

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ჩემი პრინციპები. შეიძლება, ხანდახან ეს ჩემი უახლოესი მეგობრებისთვისაც სასაცილო იყოს, შეიძლება, ზოგჯერ სტერეოტიპულიც ვიყო, მაგრამ ვცდილობ, 21-ე საუკუნეს დავეწიო.

- მაგალითისთვის რომელიმე პრინციპი დაგვისახელეთ...

- ერთგულება, თუნდაც - საქმის, ოჯახის, მეგობრის, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩემს იმედადაა; თუნდაც - პოლიტიკასთან დაკავშირებული ჩემი დამოკიდებულების: ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ შემეძლო, დღეს რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ვყოფილიყავი და ჩემი ოჯახის შემოსავალი ცოტათი უფრო მეტი ყოფილიყო, მაგრამ ისევ მირჩევნია, ჩემი იდეის ერთგული ვიყო და პოლიტიკას არ გავეკარო.

ეთო ყორღანაშვილი