თეონა თავართქილაძე: „დღეს ძალიან მწირი ფინანსებითაც შეიძლება, იდეალურად გამოიყურებოდე, სახის კანი და თმა გიბრწინავდეს“ - გზაპრესი

თეონა თავართქილაძე: „დღეს ძალიან მწირი ფინანსებითაც შეიძლება, იდეალურად გამოიყურებოდე, სახის კანი და თმა გიბრწინავდეს“

„დიეტებს არასოდეს მივმართავ, სისტემატიურად ვვარჯიშობ და ამისთვის ყველა წუთს ვიყენებ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება. მე თვითონ ვეგეტარიანელი ვარ, უფრო ხშირად ბოსტნეულით ვიკვებები და შეიძლება ესეც მეხმარება წონის შენარჩუნებაში...“ - ამბობს გემოვნების მეტრად აღიარებული დიზაინერი თეონა თავართქილაძე:

- მე მაინც ვფიქრობ, უმთავრესია ის, თუ რა გარემოში იზრდება ბავშვი და რას ხედავს. აქ საერთოდ არ არის საუბარი სოციალურ მდგომარეობაზე. ის ესთეტიკა, ინტელექტი, ლამაზი ბუნება, რასაც მის ირგვლივ ხედავს, მგონია, რომ აყალიბებს გემოვნების რეცეპტორებს. შემდეგ უკვე - სხვა ყველაფერი, როგორც მისი ცხოვრება ვითარდება. თუ აქვს ადამიანს იმის საშუალება, რომ იმოგზაუროს, სხვადასხვა ქვეყანა ნახოს, განსხვავებული ქვეყნების კულტურას ეზიაროს, ეს, რასაკვირველია, გავლენას ახდენს. თუმცა, დღეს ტექნოლოგიები უკვე იმდენის საშუალებას იძლევა, რომ შეიძლება სულ არ იმოგზაურო, მაგრამ ყველაფერი დაათვალიერო, სხვადასხვა ქვეყნiს კულტურას ეზიარო და შენთვის მისაღები ჩამოაყალიბო. ამ ყველაფრის ნაკრები კი აყალიბებს უკვე საერთო ხედვას და გემოვნებას.

- ოთხმოცდაათიანებში, როდესაც ჩაბნელებული იყო მთელი საქართველო, თქვენმა თაობამ დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე. მიუხედავად გაჭირვებისა, ძალიან ბევრის გაკეთება შეძელით მოდის სფეროში...

- ჩვენთვის ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, რადგან არ გვქონდა ინფორმაცია და ვიღაცას ვთხოვდით, უცხოეთიდან ჟურნალი ჩამოეტანა. მნიშვნელოვანი იყო, ჟურნალები დაგვეთვალიერებინა, მოდის სფეროს ტენდენციების შესახებ მეტი გაგვეგო... დასამახსოვრებელი კი სწორედ იმის გამო, რაც თქვენ ახსენეთ! ეს იყო ჩაბნელებული პერიოდი, როდესაც არაფერი არ ხდებოდა და თითოეული წარმატებული ნაბიჯი - დიზაინერის, მოდელის, მსახიობის ან ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლის - ჩანდა როგორც საოცრება...

დღეს შედარებაც არ არის, თუ როგორ ვცხოვრობთ და რამდენის საშუალება გვაქვს. ინფორმაციის ულევი ნაკადია, უადვილესად და უსწრაფესად შეიძლება ზღვა ინფორმაციის მოპოვება. იმდენად ყველაფერი განვითარდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიახლე გვხვდება, მგონია, ნაკლებად დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე მაშინ, როდესაც თითო რამ ხდებოდა თვეების მანძილზე.

- თქვენ რას უმადლით დახვეწილი გემოვნების ჩამოყალიბებას?

- ისევ და ისევ ვიტყვი - ჩემს ოჯახს, გარემოს... დიდ გავლენას ახდენდა, რასაც სულ ვხედავდი. მქონდა იმის საშუალება და ბედნიერება, იმ ჩაკეტილ პერიოდშიც ქვეყნის ფარგლებს მიღმა გავსულიყავი. თუნდაც განათლება უცხოეთში რომ მივიღე, გარკვეული შედეგი იქონია.

- პირველად სად იმოგზაურეთ და ჩაკეტილი საბჭოეთიდან უცხოეთში რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

- ასე კარგად არ მახსოვს ჩემი პირველი მოგზაურობის შთაბეჭდილება, რადგან ყოფილი საბჭოთა სივრცის შემდეგ პირველად სტამბოლში მოვხვდი და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. კარგად ვერ აღვიქვი ნანახი... პირველი შთაბეჭდილება პარიზზე მახსენდება, რადგან იქ ზრდასრულ ასაკში ვიმყოფებოდი საცხოვრებლად და სასწავლებლად. ვსწავლობდი იმას, რაც მაინტერესებდა და რაც არ იყო განვითარებული ჩვენს ქვეყანაში, - მოდელირების ფაკულტეტზე. სწორედ ამას დავასახელებ ჩემს პირველ გამოცდილებად, შთაბეჭდილებად და ყველაზე მეტად სამახსოვროდ.

- მოსახლეობა სად იყო ყველაზე გემოვნებიანი?

- პარიზში! ამ მხრივ პარიზი ჩასვლის დღიდანვე გამოვარჩიე და დღემდე ასეა! ამბობენ, რომ პარიზი ძალიან შეიცვალა, აღარ არის კარგად ჩაცმული, მაგრამ ეს ყველაფერი დღევანდელი განვითარებისა და პროგრესის შედეგია. ყველაფერი მოდაშია და შესაბამისად, პარიზი, რომელიც იყო მხოლოდ „შანელის“ და „ივ სენ ლორანის“, სხვა ცნობილი ბრენდების, ახლა არავისი აღარ არის, ყველასია! იქ ახლა უამრავი ახალგაზრდა დიზაინერია, მათ შორის - ჩვენი თანამემამულეები...

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მართავს მოდის სფეროს და დემნა გვასალია მართლაც ნომერი პირველი ფიგურაა! აქედან გამომდინარე, არც ერთ ქვეყანაში აღარ არის, მხოლოდ ერთი სტილი რომ დომინირებდეს. ესეც ძალიან ბუნებრივი პროცესია და მისასალმებელია.

1kira-copy-1636964192.jpg

- მოგზაურობას როგორ ქვეყნებში ამჯობინებთ?

- ჩემთვის საინტერესოა ორივე ერთად - მდიდარი წარსული და თანამედროვეობა. დღეს ორივე ერთად არის ევროპაში. მაგალითად, ამერიკაში არა ვარ ნამყოფი და რამდენჯერაც მექნება არჩევნის საშუალება, ყოველთვის ევროპაში წასვლას ვამჯობინებ. ის კულტურა, რაც აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ თანამედროვეობაში.

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ არის თქვენთვის მისაბაძად გემოვნებიანი?

- კირა ანდრონიკაშვილი, მაკა ასათიანი... კიდევ ძალიან ბევრის ჩამოთვლა შემიძლია და არც დამელევა, მაგრამ ამჯერად ამ ორს დავასახელებ.

- რამდენად ეთანხმებით, როდესაც ამბობენ, თბილისში თბილისური მოდა დაიკარგაო?

- სულაც არა! ჩვენი ქვეყანა ამდენად მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია და მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად კარგად და გემოვნებიანად აცვიათ, განსაკუთრებით ახალგაზრდობას. ძალიან საინტერესო ჩაცმის სტილი აქვთ თინეიჯერებს. მართალია, ძველებური წეს-ჩვეულებები დაიკარგა, როდესაც ოპერაში წასასვლეად ქალბატონები განსაკუთრებულ კაბას იკერავდნენ ან იძენდნენ, მაგრამ იგივე ხდება მთელ მსოფლიოში. დღეს რომ წახვიდეთ "ლა სკალაში", იქ ალბათ ნახავთ დარბაზში ადამიანს, რომელიც შეიძლება სპორტულად ჩაცმული იყოს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზად ჩანდეს. ეს ყველაფერი თანამედროვეობამ მოიტანა და შეიძლება სრულიად კლასიკურ კაბაზე სპორტული ფეხსაცმელი გეცვას ან - პირიქით. მთავარია, ლამაზად შეგეძლოს ერთმანეთთან შერწყმა. მაღალი ქუსლი ქუჩაში ალბათ წლებია აღარც დაგვინახავს. ეს თანამედროვეობამ მოიტანა, იმდენად აჩქარდა ყველაფერი. ყველას ყველგან ეჩქარება, აგვიანდება და არაკომფორტულიც არის ქუსლიანი ფეხსაცმლით სირბილი.

- რას ურჩევდით ქალბატონებს, მუდმივად გემოვნებიანად რომ გამოიყურებოდნენ? მიუხედავად დუხჭირი ყოფისა, გარკვეული ხრიკები რომ გაგვიზიაროთ...

- ქალს რაც uნდა მძიმე ცხოვრება ჰქონდეს, მაინც როგორმე უნდა მოახერხოს, ცოტათი მაინც მოუაროს თავს. ეს არანაირად არ გულისხმობს ძალიან დიდ ფინანსებს. შეიძლება ძალიან ძვირფასი არ გეცვას, მაგრამ ლამაზად ჩაცმულi iyo. თავის მოვლის საშუალებების შეძენა თუ არ შეგიძლია, უამრავი სახის ნიღბები არსებობს, რომლებიც შეიძლება სახლის პირობებში მოამზადო, თუნდაც საკვები პროდუქტებისგან. იოლად შეგიძლია მოუარო სახის კანს, სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდე. მთავარია, იყოს სურვილი და ბევრი რამ ხერხდება. ძალიან წამოიწია დღეს წინ სააფთიაქო "ბიუთი" სფერომ, რომელიც ძალიან ბიუჯეტურია და გაძლევს საშუალებას, შენმა კანმა, თმამ იბრწყინოს.

- რა ფერების ჩაცმა ჯობია, გემოვნებიანი რომ ჩანდეს?

- ასე ყველას ერთად განხილვა ცოტა რთულია, რადგან ინდივიდუალურია, თუ ვის რა ფერები უხდება. ყველა სეზონსა და ყველა დროს თავისი ტენდენციები ახლავს. მე მაინც მგონია, რომ სულაც არ არის აუცილებელი, მოდის ტენდენციებს მიჰყვე, არსებობს კლასიკური ფერები, თუნდაც შავი, რომელიც ჩემი საყვარელი ფერია. გარეგნულადაც ყველაფერს უფრო დახვეწილს და ელეგანტურს ხდის. ვთქვათ, ერთნაირი სამოსი ჭრელი და შავი რომ აიღო, შავი ყოველთვის უფრო ელეგანტურად გამოიყურება. მუდმივად შეიძლება შავი ფერის შეხამება მოახერხო. თუ არ გაქვს იმის საშუალება, რომ შენი გარდერობი მდიდარი იყოს, უნდა გქონდეს გემოვნებით შერჩეული სამოსი და შეძლებ იმდენად შეუხამო ერთმანეთს, მოსაწყენიც არ იყოს.

- აქსესუარებზე რას იტყვით?

- აქსესუარებიც ინდივიდუალურია, ვისაც რა უნდა, იმას ატარებს. მე მაგალითად, ძალიან მიყვარს მზის სათვალე და შეიძლება სულაც არ გეცვას გამორჩეული სამოსი, მაგრამ სათვალე გეკეთოს კარგი ხარისხის, ყველაფერს სულ სხვანაირს ხდის. სხვას შეიძლება ბეჭედი, საყურე, მძივი ჰქონდეს ასე ამორჩეული და თუ, ვთქვათ, ძვირფასი აქსესუარების შეძენის საშუალება არ არის, სულაც შეგიძლია შენით დაამზადო. შენ თუ არ გამოგდის, აუცილებლად გეყოლება ერთი მეგობარი მაინც, ვისაც ეხერხება.

image0aaaaa-1636964178.jpg

- პლასტიკური ქირურგიის მომხრე რამდენად ხართ?

- რა თქმა უნდა, მომხრე ვარ ზომიერი პლასტიკური ქირურგიის. ვისაც აქვს საშუალება და სურს, რაც აწუხებს, ის გამოისწოროს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოიქცეს. მეც მაწუხებს, ინდივიდუალურობა რომ დაიკარგა, ყველა ერთმანეთს დაემსგავსა და სწორედ ამიტომ ვიგულისხმე, რომ ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს ჩარევა. ნაოჭი თუ გაჩნდა, გაწუხებს და კომპლექსს გიქმნის - კი ბატონო, უნდა გაიქრო, მაგრამ გადაჭარბებულად პლასტიკური ოპერაციებით გატაცება სასურველი არ არის.

- მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ, წონის შესანარჩუნებლად დიეტებს მიმართავთ?

- დიდი მადლობა, თუ ასე ფიქრობთ... დიეტებს არასოდეს მივმართავ, სისტემატიურად ვვარჯიშობ და ამისთვის ყველა წუთს ვიყენებ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება. მე თვითონ ვეგეტარიანელი ვარ, უფრო ხშირად ბოსტნეულით ვიკვებები და შეიძლება ესეც მეხმარება წონის შენარჩუნებაში... დიეტა არ არის სასურველი და, პლასტიკური ოპერაციების არ იყოს, ზომიერებაა აუცილებელი! სწორი და ჯანსაღი კვება ფანტასტიკურია, საერთოდ აღარ დასჭირდება აღარავის მკაცრი ზომები და შიმშილი წონის შესანარჩუნებლად.

მანანა გაბრიჭიძე