გოგი ხოშტარია პოლიტიკოს ქალიშვილზე
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ორ კვირაზე მეტია, პარლამენტის შენობაში შიმშილობს და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ელენე ხოშტარიას შეფასებით, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ცინიკურ და სადისტურ შურისძიებას აქვს ადგილი. ბევრი მოწოდების მიუხედავად, ის შიმშილობას არ წყვეტს. ელენეს ჯანმრთელობაზე ცხადია, მისი მშობლები და ოჯახის წევრები ღელავენ. დედა, ქალბატონი ირინე ხშირად აკითხავს პარლამენტში მოშიმშილე შვილს, მამა, ბატონი გიორგი (გოგი) ხოშტარია კი ძირითადად, ტელეფონით ესაუბრება.
შეგახსენებთ, ბატონი გოგი 1990-1991 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და ორი მონოგრაფიის ავტორია. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და მისი ხელმოწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზეცაა.
როგორია მამის თვალით დანახული პოლიტიკოსი ქალიშვილი, ამას ბატონი გოგის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- გვიამბეთ, როგორ ზრდიდით ქალიშვილს?
- 4 შვილის მამა ვარ, ელენე ჩემი უმცროსი შვილია. არ ვაიდეალებ, მას აქვს თავისი ძლიერი დადებითი მხარეები და შედარებით ნაკლებად ძლიერიც, როგორც ყველა ადამიანს. ბავშვობიდან გამოკვეთილი ხასიათი ჰქონდა. ყოველთვის გაბედული იყო. 90-იან წლების საქართველოს მძიმე ისტორიამ მის თვალწინ ჩაიარა. 9 აპრილს სახლში დასისხლიანებული რომ დავბრუნდი, მაშინ ბავშვი გახლდათ. ბრძოლა საქართველოსთვის, საქართველო, როგორც უმაღლესი იდეალი, მასში თავიდანვე იყო ჩადებული. ძლიერად აქვს განვითარებული დაჩაგრულის გამოქომაგების სურვილი. ყველას მხარში უდგას. 12-13 წლის იყო, როცა ჩვენს დავრდომილ, ლოგინად ჩავარდნილ ახლობელს ელენე უვლიდა. მას მომვლელი არ ჰყავდა, საკმაოდ შორს ცხოვრობდა და ელენე დადიოდა მასთან, თავისი ხელით აჭმევდა, საცვლებს უცვლიდა. მზრუნველობა ადამიანის მიმართ, ეს მის ხასიათშია. მას უკან დახევა არ სჩვევია და არც შეუძლია. ამიტომაც, ახლა ძალიან ვღელავ მისი ამ თვისების გამო, მის ჯანმრთელობაზე. ჩემთვის, მამისთვის ის არის შვილი. 9 დღის იყო, რომ მომიყვანეს და გულზე მივიკარი, მას მერე ჩახუტებულები მოვდივართ. მშობლისთვის ძნელია, როცა შვილის შიმშილობას უყურებ. ძალიან საყვარელი, თბილი ბავშვი იყო, მაგრამ ამავე დროს, საოცრად მტკიცე ხასიათის და ამ ვითარებაში მაშინებს მისი სიმტკიცე. უბრალოდ, ექიმ ვახტანგ კალოიანის იმედი მაქვს. დიდი მადლობა მას ამ მზრუნველობისთვის. ვინც ელენეს იცნობს, ყველამ იცის, დიდი ბუნების გოგოა, გულით ეკიდება ყველაფერს. "დედა ტერეზას" ვეძახი. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, შეიძლება ითქვას, ჩემზე მეტიც. თბილისის მეექვსე სკოლა დაამთავრა და იქაც ლიდერი იყო. უსამართლოდ არასდროს იქცევა. თუმცა, შეუმცდარი არავინ არის. თუ იტყვის, რომ მართალია, ამას ვერ გადაათქმევინებ. მირჩევნია, ცოტათი უფრო დამთმობი იყოს. მამა ვარ, მე ობიექტური ვერ ვიქნები, სუბიექტური გახლავართ. 4 კარგი შვილი გავზარდე და მყავს 9 შვილიშვილი. შეკრული ოჯახი ვართ, ყველას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.
- მისი ბავშვობის ამბებს ხომ ვერ გაიხსენებთ?
- 13-14 წლის იყო, სკოლიდან კლასელები ექსკურსიაზე რომ წავიდნენ. უცებ ამინდი შეიცვალა და მდინარის გადავლა მოუხდათ ბავშვებს. წყლიდან ყველაზე ბოლოს ელენე გამოვიდა, მის თანაკლასელ ბიჭს თურმე ძალიან სციოდა, თავისი ქურთუკი გაიხადა და იმას ჩააცვა. ასეთი ბუნება აქვს. პატარა იყო დედამისმა მოფერებით ლაკა რომ შეარქვა და მას შემდეგ ასე ვეძახით. "დროას" ლიდერია, გუნდში შემოკრებილი ჰყავს კარგი გოგონები და ბიჭები, მათ ხუმრობით ლაკმაკებს ეძახიან. ელენემ მოსკოვში მიიღო განათლება, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. ისეთი გოგოა, რომელიც საქართველოს გამო ცეცხლშიც შევა. ძალიან უნდა ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული საქართველო და ამას ვერავინ გადაათქმევინებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში აქვს უთანხმოება მიხეილ სააკაშვილთან, ახლა, როცა კაცი გასაჭირშია, მის გვერდით დგას და ითხოვს, კლინიკაში გადაიყვანონ. მეც მაქვს კითხვები მიშასთან, მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში ამაზე საუბარი არაკაცობაა.
ელენეს ძალიან ფართო განათლება აქვს; ლიტერატურა, პოეზია, ფილოსოფია უყვარს. ამბობს ხოლმე, იქნებ ჯობდა, ეკონომიკური განხრით საგარეო ეკონომიკა მესწავლაო. თვითკმაყოფილი არასდროს არის, კრიტიკულად უდგება ყველაფერს. ისეთი ბავშვი იყო, მისგან შეწუხება არ მიგრძნია. ერთადერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, მაშინ თანამდებობაზე ვიყავი, მაგრამ არასდროს სარგებლობდა ჩემი თანამდებობით. სკოლაში დამიბარეს, ელენემ ბიჭი გალახაო. მერვე კლასში იყო. ეს რომ გავიგე, შევწუხდი. ამ ბიჭს ვუთხარი, შენ ვერ დაუბრუნე ხელი-მეთქი? თავი ჩაღუნა, არაფერი მითხრა...
ელენე, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ძალიან მზრუნველი დედა და მეუღლეა. უყვარს თავისი 4 შვილი, თავისი მშვენიერი მეუღლე. მეც ძალიან მიყვარს ჩემი სიძე.
- ბატონო გოგი, საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, როგორც ვიცით, მერე ქვეყნიდან წასვლაც მოგიხდათ. ელენე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რთული წლები გამოვიარეთო.
- ვაჟკაცურად შეხვდა ამ წლებს. რომ გაიგო, სამსახურიდან წამოვედი, თქვა, - რა კარგია, მამას ხშირად ვნახავო. დილის 8 საათზე მივდიოდი სამსახურში და გვიან ღამით ვბრუნდებოდი, მეც მაკლდა შვილებთან ურთიერთობა. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მძიმე ეკონომიკური ვითარება იყო ქვეყანაში. 14 წლის ელენე ღამის 11-12 საათზე პურის რიგში დგებოდა, მას მოჰქონდა სახლში პური. შევარდნაძის პერიოდში მე ვიყავი გედევან გელბახიანის სამოქალაქო დამცველი, ჩემი ელენე გელბახიანების ოჯახში მოდიოდა და ისეთი იყო, რომ უფროსი პეტრე გელბახიანი, ძალიან საინტერესო პიროვნება, 16 წლის ელენეს ქალბატონოთი მიმართავდა. ყოველთვის უყვარდა უფროსებთან ურთიერთობა, მათთან სერიოზული საუბარი. ჩვენს კორპუსში, 2 სართულით ქვემოთ, მუხრან მაჭავარიანი ცხოვრობდა და მასთან ხშირად ჩადიოდა. ართმევდა წასაკითხად წიგნებს და ესაუბრებოდა...
პოლიტიკური დევნილობის დროს მომიწია ქვეყნიდან წასვლამაც. მამიდაშვილი მყავდა ემიგრაციაში და მასთან ჩავედი. ძალიან მტკივნეულად განვიცადე თბილისის ომი, ორივე მხარეს ჩემი მეგობრები იყვნენ. სისულელე მოხდა მაშინ, უმძიმესი ამბავი. მე თოფი არ ამიღია, მაგრამ თავს ვადანაშაულებ, იქნებ უფრო მეტი გამეკეთებინა, შუაში ჩავმდგარიყავი... ჩემი და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა ცალკე ამბავია, ცალკე საუბრის თემა. ძალიან მეგობრობდა ელენე ზვიადის შვილთან, გიორგი გამსახურდიასთან.
- ელენემ გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რომ გააპროტესტა, მაშინ შეახსენეს რუსეთში მიღებული განათლება. რატომ წავიდა სასწავლებლად მოსკოვში?
- მაშინ იქ სწავლა 6.000 დოლარი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ თანამდებობაზე ვიყავი, არ მქონდა ამხელა თანხა, მაგრამ მეძლეოდა ლიმიტი, რაც იძლეოდა უფასო სწავლების საშუალებას. ელცინი იყო მაშინ პრეზიდენტი, ის დემოკრატი კაცი გახლდათ. ელენე გავუშვით მოსკოვში სასწავლო კვოტით, რადგან იქ მაშინ მაღალი დონის განათლებას იძლეოდნენ. სულ 2 ქართველს აქვს წითელ დიპლომზე ეს უნივერსიტეტი დამთავრებული, ერთმა 70-იან წლებში დაამთავრა, მეორე ელენეა. ზურაბ აბაშიძემ მაშინ მითხრა, - შენმა შვილმა ქართველები ძალიან გვასახელაო. ორი დეკანატი იყო, ერთი "ესენგეს" კუთხით, ივანოვი იყო გვარად ერთი დეკანი და მას უთქვამს: მოდი, ელენეს შევთავაზოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამდებობაო; მეორე დეკანს უპასუხია, - ისეთი ქართველია, აქ არ დარჩებაო... ელენე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ქირა რომ გადამეხადა, რამდენიმე ძალიან კარგი სურათი გავყიდე. მერე თვითონაც მუშაობდა და ე.წ. ჯიბის ფულს გამოიმუშავებდა. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როცა ნაცნობს მისცა ფული, იმან არ დაუბრუნა, ჰოდა, ვინაიდან იმ პერიოდში გაუჭირდა, მუშაობა დაიწყო. შრომა არასოდეს ეთაკილებოდა. მთელი მოსკოვი ფეხით მოუვლია სხვის დასახმარებლად. შეიძლება გამიბრაზდეს ახლა, ამდენს რატომ ჰყვები ჩემზეო? უნივერსიტეტშიც ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ჯგუფელებსაც ეხმარებოდა გამოცდების ჩაბარებაში. პირველი ბავშვი მოსკოვში იმშობიარა. სამშობიარო ბლოკში იყო, როცა დაურეკა ჯგუფელმა: ლენა დაგვეხმარეო. მოკლედ, დედა ტერეზას თვისებები და გიორგი სააკაძის ნიშნები ერთმანეთთან აქვს შეხამებული.
- შიმშილობას რომ იწყებდა, ამის შესახებ იცოდით?
- არაფერი უთქვამს, მერე დედას და მე ბოდიში მოგვიხადა, რადგან ფაქტის წინაშე დაგვაყენა. მისმა მეუღლემ იცოდა. ელენეს ეს ნაბიჯი არ გამკვირვებია, მაგრამ გული მტკივა, რომ შიმშილობს, ვღელავ. არ ვეტყვი, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ვიცი, ამას აზრი არ აქვს. ამბობს, არ ვაპირებ სიკვდილსო და როცა ექიმებმა უთხრეს, დაუჯერა და ორჯერ გაიკეთა გადასხმა... ჩემი მეუღლე პარლამენტში სულ აკითხავს, მე კი არ დავდივარ, ასაკში ვარ, 83 წლის გახლავართ უკვე. ვიცი, ელენე ჩემზე ძალიან ღელავს და რომ დამინახოს, როგორ ვნერვიულობ, ეს არ მინდა, ამიტომაც არ მივდივარ იქ. თუმცა, გაუჩერებლად ვურეკავ და ვიგებ, როგორ არის. ჩემი მეუღლეც მიყვება მის მდგომარეობაზე.
- როგორ აღმოჩნდა ელენე პოლიტიკაში და როგორ შეხვდით მის ამ გადაწყვეტილებას?
- სწავლა რომ დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა, ზურაბ ჟვანიასთან გაუწიეს რეკომენდაცია, მან კი სამსახურში აიყვანა. ერთ წელიწადში სამწუხაროდ, ზურა გარდაიცვალა. ის ძალიან დააკლდა მთელ საქართველოს და დააკლდა ელენესაც. მერე ელენე გია ბარამიძის გუნდში აღმოჩნდა. რომელ სამინისტროშიც გია მიდიოდა, იქ მიჰყვებოდა მოადგილედ. მუშაობდა შს სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, სადაც "ნატოს" და თავდაცვის რეფორმაზე ამერიკელებთან ერთად მუშაობდა... მერე აღმოჩნდა პარლამენტში...
ძალიან გახსნილი გონება აქვს. კარგად ერკვევა ხელოვნებაში. პოეზია უყვარს ძალიან, ეს არის მისი სუსტი წერტილი. ზოგადად, შემოქმედებითი ნატურაა, სპეციალურ ლიტერატურას კითხულობს, უყვარს კინო. თავის თავზე ბევრს მუშაობს, ეს ძალიან სჭირდება პოლიტიკოსს. 2 გოგო მყავს და ორი ბიჭი, იდეალური და-ძმობა აქვთ, სიყვარულში გაზრდილები არიან.
- შინ როგორია?
- სახლში ძალიან თბილია. უყვარს სამზარეულოში ტრიალი, თვითონ იგონებს კერძებს. კარგი კულინარიცაა. რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს კარგად აკეთებს. ამდენს როდის და როგორ ახერხებს, არ ვიცი.
- შვილები არ აპროტესტებენ, დედა სახლში რომ არ არის?
- სულ ენატრებათ ბავშვებს. ქალიშვილი და სამი ვაჟი ჰყავს. ორი წლის წინ პარიზში მყავდა ელენეს ქალიშვილი, საუკეთესო მუზეუმები შემოვატარე, ისიც ხარბად ეწაფება ყველაფერს. ვფიქრობ, ელენე კარგ შვილებს ზრდის... ტაბახმელაში ცხოვრობენ და თუ სადმე მიუსაფარი ძაღლია, ყველა სახლში მიჰყავს, ზოგს კუდი არ აქვს, ზოგი კოჭლობს... ადრე ძალიან იაფი ღირდა ტაბახმელაში მიწა და მაშინ ვიყიდე. თბილისში ჰაერი არ ვარგა. თამარ მეფის სანაქებო იყო კოჯორ-ტაბახმელა ისტორიულად, მიწის გარკვეული ნაკვეთი მე და ჩემმა მეუღლემ ვაჩუქეთ და თვითონ აიშენეს სახლი. მისი მეუღლე მშენებელია, არქიტექტორი. ძალიან ყოჩაღი ბიჭია და კარგად გააკეთა ყველაფერი.
- პანდემიის პერიოდი როგორ გაიარეთ?
- აცრილი ვარ და ბუსტერიც გაკეთებული მაქვს. ერთი პერიოდი ძალიან დაშინებულები რომ ვიყავით, ყოველდღე მოდიოდა და საჭმელი მოჰქონდა, სხვებთანაც მიდიოდა. ძალიან მზრუნველია ბუნებით. ბევრს პატრონობს, ოღონდ ამის აფიშირება არ უყვარს.
- რა არის ელენეს სამი განსაკუთრებული თვისება?
- გამბედაობა, ინტელექტი, სიკეთე, კულტურა - ოთხია, მაგრამ მის ამ თვისებებს წამოვწევდი წინ. რბილიც არის და მტკიცეც... პრანჭია არ იყო მაინცდამაინც, მაგრამ ყოველთვის კარგად ეცვა. მასთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულია. ამ ინტერვიუში ალბათ ჩანს ჩემი სუბიექტურობა, მაგრამ ვიმედოვნებ, ესეც გასაგები იქნება თქვენთვის.
თეა ხურცილავა