"მოზარდობისას საკუთარი გარეგნობა ძალიან არ მომწონდა" - გზაპრესი

"მოზარდობისას საკუთარი გარეგნობა ძალიან არ მომწონდა"

გარეგნობა, როგორც პროფესიის ნაწილი, თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ურთიერთობები, სამეგობრო, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული უხერხული შეკითხვები... - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც თათა გიორგობიანს ვესაუბრეთ. თათა ტელემაყურებელმა "ღამის შოუდან", მომღერლის ამპლუაში გაიცნო, ახლა კი უკვე ტელეწამყვანი გახდა - საღამოს ეთერში მუშაობს...

- თათა, როგორ შეეგუე ახალ სამუშაო რეჟიმს?

- ახალი სამსახურის გამო, ძველის დათმობამ მომიწია: ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ამ მიმართულებით, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ახლა უკვე ყოველდღიურად ტელევიზიაში ვარ. საზოგადოებას "საღამოს პოსტის" წამყვანის სახით მოვევლინე. ეს კიდევ ერთი ახალი სფეროა, რომელშიც შევაბიჯე. ვფიქრობ, ჩემი ახალი საქმე კიდევ უფრო მეტ მაყურებელთან, მსმენელთან დამაკავშირებს. ამიტომ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. "ღამის შოუში" მომღერალს შეგიძლია, კეკლუცი, თავისუფალი იყო, ტელეწამყვანობა კი შედარებით ოფიციალურია და ბევრი უნარის კომპლექსურობა სჭირდება: სხეულის ენა, მეტყველება, მოსმენისა და კითხვის დასმის კულტურა, რომ უნებურად, სტუმარს შეურაცხყოფა არ მიაყენო... ბედნიერი ვარ, რადგან ეთერში გასვლის პირველი დღიდანვე გადაცემის პროდიუსერებმა მითხრეს, - თითქოს ამ საქმისთვის ხარ დაბადებული. დროთა განმავლობაში, კიდევ დაიხვეწებიო. საერთოდ, შენიშვნების გათვალისწინება მახასიათებს. ვიხვეწები, - კი ნუ მაქებთ, მითხარით, თუ რამე მაქვს გამოსასწორებელი, რომ ჩემს თავზე ვიმუშაო-მეთქი. ნებისმიერ საკითხში განვითარება ადამიანის უპირველესი მისიაა - ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყოთ.

- ვინ გაკრიტიკებს ყველაზე მეტად?

- დედა. მან ბავშვობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მომცა, როდესაც ოპერაში, თეატრში, მუსიკაზე, ხატვაზე, ცეკვაზე, სამსახიობო არტისტიზმზე (სტუდია "ბერიკებში") დავყავდი... ბევრი რამ მაჩვენა, რამაც ისეთ ადამიანად ჩამომაყალიბა, როგორიც ვარ. ვფიქრობ, ეს მრავალფეროვნება ჩემს ახალ პროფესიაში კარგად გამომადგა.

- საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერე?

- გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ლამაზი გოგო ვარ თუ არა, ამას დღესაც ვერ ვაფასებ: საკუთარი თავის შეფასება ცოტათი რთულია. ალბათ, სასიამოვნო გარეგნობა მაქვს, მაგრამ რომ ვთქვა, - ვაიმე, რა ლამაზი ვარ-მეთქი, ასე არ არის. თუმცა ბევრს ჰგონია, რომ ასე ვფიქრობ და ცოტათი უხეში ხუმრობებიც კი მომისმენია: თავი ყველაზე მაგარი გგონია, არაო? ვერ ვიტყვი, რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს, ვერც - იმას, რომ "თავში ამივარდა".

- გქონია პერიოდი, როცა საკუთარი გარეგნობა კატეგორიულად არ მოგწონდა, თუნდაც - მოზარდობისას?

- კი, რა თქმა უნდა. მოზარდობისას საკუთარი გარეგნობა ძალიან არ მომწონდა, თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი შეხედულება უსაფუძვლო იყო. მოზარდობისას თითოეულ ნაკვთს ზედმეტად კრიტიკულად აფასებ. დრო რომ გავიდა, მივეჩვიე, შევეგუე (იცინის)... გარეგნობაში რაღაცები შევცვალე, დავხვეწე... პრინციპში, დღეს საკუთარ თავთან, გარეგნობასთან კომფორტულად ვარ. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სხვა შემთხვევაში თავდაჯერებული ვერ იქნები და ეს ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახება, კარიერიდან დაწყებული, პირადი ურთიერთობებით დამთავრებული.

- გყავს სადაქალო, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად ხვდები?

- რა თქმა უნდა, საკმაოდ ახლო მეგობრები - გოგონებიც და ბიჭებიც - მყავს. სამწუხაროდ, მათ ნახვას ყოველკვირა ვერ ვახერხებ. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ხშირად ვნახულობ. ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება მეგობრებთან ყოფნაა: ამ დროს ვცდილობ, სხვა არაფერზე ვიფიქრო, არც - სწავლაზე, არც - სამსახურზე. საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ. შეიძლება, ცოტა ალკოჰოლიც მოვწრუპოთ, ვიცინოთ, დღე მხიარულად გავატაროთ...

- როცა გოგონები იკრიბებით, თქვენი განხილვის თემა რა არის ხოლმე?

- ბევრი რამ: პოლიტიკაც კი, მოდასთან ერთად, ადამიანური ურთიერთობები... არა მგონია, რომელიმე საკითხში შეზღუდული ვიყოთ, რადგან ისეთი მეგობრები მყავს, რომლებსაც ნებისმიერ თემაზე თავისუფლად საუბარი შეუძლიათ. ალბათ, ბევრი მეგობარი სწორედ ამიტომ არ მყავს - ამ მხრივ, ზედმეტად პრეტენზიული ვარ. უახლოეს ადამიანებთან ნებისმიერ თემაზე საუბარი შემიძლია, თუმცა უფრო ფართო წრეებში საუბრის თემები იზღუდება. საერთოდ, მაღიზიანებს, როდესაც ახალგაზრდას თავისი ქვეყანა არ აინტერესებს. ალბათ, ეს ასაკმაც მოიტანა - პატარა აღარ ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის მომავლით დაინტერესებული ვარ - საგარეო კურსით, შიდა საქმეებით... ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდისთვის ეს საინტერესო თემა უნდა იყოს.

- გქონია შემთხვევა, როცა პოლიტიკაზე საუბრისას, ახლობელთან კონფლიქტი მოგსვლია?

- აზრთა სხვადასხვაობა, ჯანსაღი პოლემიკა ჩემს სამეგობროშიც არის, მაგალითად - რელიგიურ საკითხებზეც. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ განსხვავებული აზრის გამო კი არ ვყვირით და მეგობრებს კი არ ვკარგავთ, არამედ - ვმსჯელობთ, ვცდილობთ, ჩვენი აზრი დავასაბუთოთ, ერთმანეთის პოზიციას ვისმენთ... გარკვეულ კონსენსუსამდე მივდივართ, ზოგჯერ - ვერც მივდივართ, მაგრამ ჩვენს მეგობრობას ამას არ გადავაყოლებთ. ბუნებრივია, ყველა ადამიანი ერთ აზრზე ვერ იქნება.

- თათა, რომელი ასაკიდან გისვამენ შეკითხვებს: როდის თხოვდები? რატომ არ თხოვდებიო?..

- მგონი, რაც თავი მახსოვს, ეს შეკითხვები სულ იყო (იცინის)... სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვიღაც სულ არსებობს, ვისაც ეს აინტერესებს. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე დაგეგმვა არ გამოვა: ცხოვრებას, ვითარებას უნდა მიჰყვე. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ჯობია, მოიცადო, მოითმინო და სწორად შეარჩიო ადამიანი, რომელთან ერთადაც გინდა, განვლო დანარჩენი ცხოვრება. რა თქმა უნდა, იმის გარანტიაც არ არსებობს, რომ აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ისე უნდა მოიქცე, რომ სანანებელი არ იყოს მასთან რაღაცების გაზიარება. ვფიქრობ, ასეთი არჩევნის გაკეთებისას გულიც და გონებაც ჩართული უნდა იყოს.

- უხერხულ შეკითხვებს თავს როგორ ართმევ?

- გააჩნია, ვინ მეკითხება. თუ ახლობელია, ვუხსნი - ასე არ უნდა იქცეოდე-მეთქი, მაგრამ უცხოებს ახსნას არ ვუწყებ - უბრალოდ, ვუღიმი და არ ვპასუხობ. ისე, მგონი, ახალი თაობის წარმომადგენლები ხვდებიან, რომ ერთმანეთის პირადი სივრცე უნდა დავიცვათ.

- საქმეში ქალური მომხიბვლელობა დაგხმარებია?

- ეკრანისთვის მუშაობისას გარეგნობა პროფესიის ნაწილია. ადამიანი ამ მხრივაც უნდა ვითარდებოდეს - საკუთარ გარეგნობაზე მუდმივად ზრუნავდეს. ცხადია, მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ მინიმუმ, მოვლილი, მოწესრიგებული უნდა იყოს. როგორც სხვა უნარების განვითარებაზე ზრუნავს, ასევე, გარეგნობასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რაც მთავარია, ცვლილების შედეგი ლამაზი, ესთეტიკური უნდა იყოს... სიმართლე გითხრა, ტელევიზიის მიღმა, ქალური მომხიბვლელობა არ გამომიყენებია. ალბათ, სხვისი მხრიდან ყურადღების გამოჩენის შემთხვევა ყოფილა, მაგრამ ვაიგნორებ - ვცდილობ, ამაზე აქცენტი არ გავაკეთო.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ხშირი სტუმარი ხარ?

- არა, უფრო - სალონების: ფრჩხილების, წარბების, წამწამების მოსაწესრიგებლად დავდივარ... ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ერთხელ ვიყავი - წარბზე ტატუაჟი მოვიშორე.

- როგორ მიიღეს ადამიანებმა, როცა შეიტყვეს, რომ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე? ამის შესახებ თავად რომ არ გეთქვა, პირადად მე, ვერც წარმოვიდგენდი - ბუნებრივად გამოიყურები...

- ახლობლები, ვინც მანამდეც მიცნობდნენ, მეუბნებოდნენ, - რად გინდოდა? არაჩვეულებრივი ცხვირი გქონდა, ოპერაცია სულაც არ იყოს საჭიროო. პირველ რიგში, ძგიდე იყო გამრუდებული - ვერ ვსუნთქავდი, რაც ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევდა. მით უმეტეს, როდესაც მომღერალი ხარ, ეს საკმაოდ ძლიერ სუნთქვით დატვირთვას უკავშირდება და აუცილებელია, ცხვირი "თავისუფალი" გქონდეს... მოკლედ, პლასტიკური ოპერაციაც გავიკეთე, რადგან ცხვირის ოდნავ უფრო, ასე ვთქვათ, ევროპული ფორმა მინდოდა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ (იღიმის).

- რატომ მოგინდა, ამის შესახებ საჯაროდ გეთქვა?

- გოგონები, ვისაც ცხვირი "გაკეთებული" აქვს, ამას არ მალავენ. არ მიმაჩნია, რომ ეს დასამალია. მისასალმებელია, როცა ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს - როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური განვითარებისთვის, მით უმეტეს, როცა ეკრანზე ჩანს... ჩემი ნათქვამი წახალისება უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც თუნდაც, ეკრანზე არ ჩანს, მაგრამ საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილის გამო კომპლექსდება, თავს ცუდად გრძნობს, ვერ გადაუწყვეტია, შეცვალოს თუ არა... საბედნიეროდ, დღეს გარეგნობის კორექტირების საშუალება გვაქვს. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, თუ შედეგი მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული იქნება? სხვათა შორის, ვიღაცები ცდილობენ, ეს ცუდად წამომაძახონ (იცინის), მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.

img-5121-copy-1637569125.jpg

- საქართველოში ქალად ყოფნა რთულია?

- საქართველოში კი არა, ყველგან რთულია. მგონი, ქალები ერთმანეთს მოვექეცით ასე, რადგან ვზრდით შვილებს, რომლებიც შემდეგ საზოგადოებას ქმნიან და ისევ ქალებისთვის შეზღუდულ სტანდარტებს აწესებენ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ყველა ქალმა ისეთი შვილი აღზარდოს, რომელიც შემდეგ ჯანსაღ საზოგადოებას შექმნის და გარკვეული მიმართულებებით, მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან შედარებით, ქალი დაჩაგრული, ჩამორჩენილი არ იქნება. ესეც დროის საკითხია და დარეგულირდება. იცით, ყველაზე მეტად რა მწყინს? თუნდაც სოციალურ ქსელებში, პირადად მე, ყოველთვის დადებითი კომენტარები მაქვს, მაგრამ ზოგადად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს საზიზღარ კომენტარებს ისევ ქალები უწერენ. ეს ძალიან მწყინს, რადგან ბრძენი ქალი გაბოროტებული კი არა, მშვიდია და ყოველთვის საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობს. შესაბამისად, ერთმანეთს კი არ უნდა ვემტერებოდეთ, არამედ - მხარში ამოვუდგეთ.

- შენი აზრით, შესაძლებელია მეორე ნახევრის გარეშე ადამიანი სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- ალბათ, ეს ინდივიდუალური საკითხია და არ მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ ვინმე უნდა "დაშტამპოს", მოსთხოვოს - აუცილებლად ქორწინებაში ან ურთიერთობაში იმყოფებოდეს. ადამიანი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ბედნიერად იგრძნობს თავს. ალბათ, ვიღაცებისთვის მეორე ნახევრის გარეშე ბედნიერება შესაძლებელია.

- შენთვის?

- ჩემთვის მარტოობა დისკომფორტი აბსოლუტურად არ არის, რადგან საკუთარ თავს ამას არ ვაიძულებ - ვიაზრებ, რომ ცუდ ურთიერთობას მარტოობა ჯობია. საკუთარ თავს არაბუნებრივ სიტუაციაში ყოფნას არასოდეს ვაძალებ. თუ გრძნობა "მოვიდა", რა თქმა უნდა, ურთიერთობას ვცდი... ძალიან მალე ვხვდები, ადამიანი საჩემო არის თუ არა. ჩემთვის ადამიანთან ახლო ურთიერთობაში ყოფნა მარტივი არ არის, არც - ხშირი. ამიტომ, როცა ხედავ, რომ კარგი ურთიერთობა არ გამოგივა, ჯობია, მარტო იყო. ბუნებრივია, მოთხოვნილება ყოველთვის არის, რომ გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეს, რომელსაც გაუზიარებ ყველა შენს ემოციას, გრძნობას, სიხარულს, ტკივილს და ის გაგაძლიერებს, მაგრამ "მოლოდინის რეჟიმში" არ ვიმყოფები: როდესაც მარტო ვარ, ეს ჩემი გააზრებული არჩევანია. დიდ დისკომფორტს არ ვგრძნობ...

ეთო ყორღანაშვილი