ჰგავს თუ არა საკუთარ პერსონაჟს ნანცო ცხვირაშვილი - გზაპრესი

ჰგავს თუ არა საკუთარ პერსონაჟს ნანცო ცხვირაშვილი

"ჩემს გმირს ჯერ ხასიათი არ გამოუვლენია. ის ერთი შეხედვით მშვიდ, ბედის მომლოდინე გოგოს ჰგავს, თუმცა ინსტინქტით მალევე ხვდება, მისი "პრინცი" რომელი "ზღაპრიდან" მოვიდა. ლელა გონიერია, საჭირო დროს თავდაჭერილიც", - ამბობს მსახიობი ნანცო ცხვირაშვილი. როგორ მოხვდა იმერელი გოგოს როლზე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", როგორ იხსენებს გადასაღებ მოედანზე მუშაობის პირველ დღეს, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში ან რა არ მოსწონს, რას მალავს და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ (რესპონდენტის პასუხების სტილი დაცულია).

- დაბადების თარიღი...…

- ...1989 წელი, 31 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ის, ვინც გამოვედი – მსახიობი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...გაცნობამდე – უკარებააო, გაცნობის შემდეგ – ადამიანების მოყვარული და მზრუნველი

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისეთ ტკივილებს, რომელმაც ვერ გამზარდა, გამოვტოვებდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...თეატრალურის სტუდენტობა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ვინც რწმენა და გულშემატკივრობა არ დამაკლო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვარ!

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ზრდის, უკეთესობის, განვითარების, გამოცდილების.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგულება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...საკუთარ გადაწყვეტილებაზე მყარად დგომა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ურთიერთობების გადარჩევა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ნებისმიერი, ვინც ან რაც პატიებას საჭიროებს...

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ბევრი პერსონაჟი და ბევრი ემოცია მინდა: ადამიანები, საინტერესო გარემო და შემოქმედება.

- ვიბნევი...

- ...როცა მაქებენ.

- ვნანობ...…

- ...როცა ვიბნევი.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...უნიღბო ცხოვრება. უნიღბო - ყველა მნიშვნელობით.

- ჩემი ჰობია...

- ...ცეკვა, სიმღერა, კულინარია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...ბევრ რამეს, ოღონდ ყველაზე მეტად იმას, რასაც ვერ შველი.

- მეზარება...

- ...თითქმის არაფერი.

- სიყვარული ეს...

- ...ნიჭია, ზეხელოვნებაა. …

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...სამყაროც და ადამიანებიც უკეთესი მეგონა.

- მაკვირვებს...

- ...თითქმის აღარაფერი.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მეგობრების ატმოსფერომ.

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის!

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ის, რაშიც ვერ გამიმართლა ან ვერ გამიმართლებს.

- ვამაყობ...

- ...ჩემი კეთილი სურვილებით სამყაროსა და ადამიანების მიმართ.

- ბოლოს ვიტირე...…

- ...ხანგრძლივად - მამის გარდაცვალების დროს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...საჯაროდ ვუხერხულობ.

- შიში მაქვს...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ვმალავ...

- ...რაც გასახსენებლად თვითონაც არ მომწონს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ჩემგან ზედმეტ ზრუნვაზე ისინი, ვისზე ზრუნვასაც ვერ ვახერხებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ემოციების მართვა.

- ვიტყუები, როცა...

- ...ჩემს სიმართლეზე სხვისი ბედია დამოკიდებული.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა ჩემ თვალწინ ფარისევლობას ვხედავ.

- თავისუფლება არის...

- ...იმ მდგომარეობით ტკბობა, რაშიც თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- ინტუიცია...

- ...მაქვს და მაშინებს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვცდილობ არ ვიყო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მარტოხელა ადამიანებისთვის ულამაზეს თავშესაფარს გავაკეთებდი და ვიზრუნებდი მათზე.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...შეგნებულ ღალატზე არ წავალ.…

- მენატრება...

- ...უსაფრთხო ყოველდღიურობა, ხალხმრავალი ქუჩები, სიცოცხლის უშიშრად შეგრძნება.

- ვაგროვებ...

- ...საუკეთესო შთაბეჭდილებებს.

- ბედისწერა...

- ...არსებობს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ მარტომ გადავიტანო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ....ის, რაც საკუთარ თავთან კონფლიქტში გამჩენია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...იზრუნეთ ერთმანეთზე და არ აქვს მნიშვნელობა, ამ ზრუნვას დააფასებენ თუ არა. ამით საკუთარ ცხოვრებას აკეთილშობილებ და ეს ერთადერთია, რაც უმადურობას და ცხოვრების სხვა ტკივილებს დაგაძლევინებს.

257636589-4965793586806966-4071345898928113111-n-copy-1637570572.jpg

- როგორ მოხვდი ამ სერიალში? მანამდე მაყურებელი იყავი?

- კეთილი ადამიანებით. ეს - შედეგის შეფასებით. რეალურად კი, ზუსტად ისე, როგორც ალბათ ბევრი სხვა. ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. ჩავწერე შესარჩევი ვიდეო და გავგზავნე. თეკლა ჯავახაძემ გამიწია რეკომენდაცია და ფაქტია, რომ დღეს ჩცდ-ს ნაწილი ვარ, რაც ძალიან, ძალიან მახარებს.

- როგორი იყო პირველი დღე გადასაღებ მოედანზე? ღელავდი?

- ჩემთვის დაძაბული, სხვებისგან მეგობრული და მხარდამჭერი. ყველა ეცადა ჩემს გათამამებას. კარგი გუნდი თავისთავად გულისხმობს მსგავს პროფესიულ კულტურას.

- როგორი პარტნიორია ბუბა?

- ძალიან კარგი. თუ დღეს თქვენ და პრესის სხვა წარმომადგენლებს ჩემს პერსონაჟზე კითხვები უჩნდებათ, თუ ვინმესთვის იყო საინტერესო ჩემი გმირი, ეს პარტნიორის დამსახურებაა. მე კამერასთან მუშაობის გამოცდილებით არ მივსულვარ ყველაზე რეიტინგული სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან, რადგან თეატრის მსახიობი ვარ. ასე რომ, იქაური გარემო, უპირველესად ბუბა და დანარჩენები იყვნენ ჩემი წარმატების შემოქმედები.

- ძალიან დამაჯერებლად თამაშობ, რას იტყვი შენს პერსონაჟზე, როგორია შენი თვალით დანახული ლელა? პიროვნული თვისებებიდან მასთან საერთოს პოულობ?

- ალბათ ჩემს გმირს ჯერ ხასიათი არ გამოუვლენია. ის ერთი შეხედვით მყუდრო, ბედის მომლოდინე გოგოს ჰგავს, თუმცა ინსტინქტით მალევე ხვდება, რომელი „ზღაპრიდან“ მოვიდა მისი „პრინცი“. გონიერია. საჭირო დროს თავდაჭერილიც. და ვფიქრობ, არაერთგვაროვანი განვითარება ელის მის პერსონალურ უნარებს. მოულოდნელობები ბევრად საინტერესოა. მე მასთან საერთო ბევრი არაფერი მაქვს და მით უფრო ველოდები სცენარის ახალ და ახალ თავს.

- როგორ მიიღო ეს პერსონაჟი მაყურებელმა? მათი მხრიდან გამოხმაურება, რეაქცია როგორია?

- მგონი მაყურებელიც ჩასაფრებულია. დიდი მხარდაჭერა არ ექნება ალბათ ლელას არჩევანს და ამ მოკლევადიანი ურთიერთობის ტრადიციულ გაგრძელებას. ბევრი გამოცდა უნდა გაიაროს. თანაც, ბაქარის პერსონაჟიდან გამომდინარე, პირადი და საზოგადოებრივი ამბიციებით, ადამიანებთან ასე გამომყენებლური ურთიერთობით, წინსვლის და ყველაფრის მოპოვების საოცარი ჟინით, ჩემი გმირი, ალბათ, ბევრი ზნეობრივი დილემის წინაშე დადგება. ვნახოთ.

- სოციალურ ქსელში კომენტარებს ეცნობი? მაყურებლის აზრი რამდენად მნიშვნელოვანია?

- ჯერჯერობით ნაკლებად. ვცდილობ არ გავხდე კომენტარებზე დამოკიდებული და შემოქმედებითი პროექტი რეალურ ცხოვრებად არ მომეჩვენოს. რაც შეეხება მაყურებლის აზრს, როგორ შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს. თუმცა, საკუთარი დამოკიდებულებების იქით ან იმ ადამიანების შეფასების შემდეგ, ვინც პროფესიულ რჩევას მაძლევს. საბოლოოდ, მაინც ყველაფერს მაყურებელი, ანუ ამ საზოგადოების უმრავლესობა წყვეტს და მეც ისეთივე მოლოდინი მაქვს ამ რეაქციის, როგორც მას ჩემი გმირის მომავალზე „ცჩდ“-ში.

თამუნა კვინიკაძე