"არასოდეს მინახავს პარიზელი ქალი ჩექმებითა და ბოტებით“ - გზაპრესი

"არასოდეს მინახავს პარიზელი ქალი ჩექმებითა და ბოტებით“

„გულწრფელად გითხრათ, საკუთარ თავზე ვერ გეტყვით, რომ ძალიან გემოვნებით ვიცვამ, თავისუფალი სამოსი მიყვარს. ტანსაცმელი არ უნდა ბოჭავდეს არც ჩემს აზროვნებას, არც მოძრაობას...“ - ამბობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელიც ამჯერად რუბრიკისთვის - „გემოვნება“ ჩავწერეთ.

- ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდ გავლენას ვფიქრობ, ჯერ ოჯახი ახდენს, შემდეგ გარემო...

- საინტერესო გარემო შეიძლება ყველგან იყოს? მაგალითად, ყველამ ვიცით, სად გაიზარდა კოკო შანელი...

- შანელს შინაგანად ჰქონდა დახვეწილი გემოვნება და ეს შეიძლება ტრადიციულად, ოჯახიდანაც მოსდევდა... არიან შინაგანად დახვეწილი გემოვნების ადამიანები და ამ შემთხვევაში ინტელექტიც მნიშვნელოვანია, აღქმის უნარიც...

- უამრავ ქვეყანაში ხართ ნამყოფი... დღეს ისტორიულად მდიდარი წარსულის ქვეყნები უფრო გიზიდავთ თუ თანამედროვე მიღწევების მქონე?

- სიმართლე გითხრათ, აქამდე ყოველთვის ევროპის ქვეყნებში წასვლას ვამჯობინებდი. თუმცა, ბოლო პერიოდში გულმა აზიისკენ გამიწია. ვთქვათ იაპონია, სადაც ბევრი რამაა ჩვენგან განსხვავებული. საქართველოში ევროპულად მოაზროვნე ხალხი ვართ და მე ვფიქრობ, ჩვენი აღქმაც ისეთივეა, როგორიც ევროპელების... ამიტომაც, ახლო აღმოსავლეთი დღეს ჩემთვის უფრო საინტერესოა. ადრე ვერ ვგრძნობდი ამ ყველაფერს და ჩემთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა. პირიქით, ევროპა მაინტერესებდა, რადგან იქ დიდი სივრცე იყო ამოსასუნთქად. ამ ასაკში სურვილები იმდენად შემეცვალა, რომ დიდი სიამოვნებით წავიდოდი თუნდაც, აფრიკაში, სადაც ნამყოფი არ ვარ.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

- საფრანგეთი ჩემთვის გამორჩეულია. იტალია ყველაზე მეტად მიყვარს, ყველანაირად მავსებს, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ხელოვნება იტალიაში, ვატიკანშია თავმოყრილი. მსგავსი რამ არსად მინახავს და მეგულება. მე და ჩემი მეუღლე ვატიკანში რომ ვიყავით, ჩემთვის ცოტა არ იყოს, აზრი დაკარგა ზოგადად მხატვრობამ, ყველაფერმა... დავინახე, რომ მთელი მსოფლიოს ხელოვნება, თუ რამ მომწონდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი ვატიკანში გახლდათ - აი, ასეთი უცნაური გრძნობა დამეუფლა. იტალია ხომ ამდენად მავსებს, მაგრამ საფრანგეთი - პარიზი მაინც ყველაფერს მირჩევნია მოგზაურობის, ცხოვრების, ურთიერთობების, დახვეწილ საზოგადოებაში ყოფნის მხრივ.

- პირველად ყოფილი საბჭოთა სივრცის შემდეგ, სად აღმოჩნდით?

- ზუსტად ეგ არის საინტერესო, რომ 12 წლის ასაკში პარიზში ჩავედი ნაცრისფერი კომუნისტური გარემოდან... პირველი გამოფენა იქ მქონდა. მახსოვს რა საოცარი დელეგაცია იყო: მერაბ ბერძენიშვილი, თენგიზ აბულაძე, რეზო ამაშუკელი... მე, რადგან არასრულწლოვანი ვიყავი, დედა მახლდა. ის პირველი შთაბეჭდილება სულ სხვაა და პარიზი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი იქნება... მაშინ დავინახე, ადამიანებს როგორ ლამაზად, მოხდენილად და გემოვნებით ეცვათ... დღემდე ვთვლი, რომ ყველაზე გემოვნებიანი ხალხი სწორედ პარიზშია. მე არ მახსოვს, რა სეზონზეც უნდა ჩავსულიყავი, როგორი სიცივეც უნდა ყოფილიყო, პარიზელ ქალს ჩექმა და ბოტები სცმოდა. აუცილებლად თხელი ფეხსაცმელები, კოლჰოტი და კოჭი - გამოკვეთილი... იქ ყოველთვის გემოვნებით, ჰაეროვნად და ლამაზად ჩაცმულები არიან. მათი მოხდენილობა მაოცებს.

- იმავეს ამბობენ მილანზეც...

- მილანში არასოდეს ვყოფილვარ... არადა, ლა სკალაში მოხვედრა ჩემი ძალიან დიდი ხნის ნატვრაა. ვგიჟდები საოპერო ხელოვნებაზე. იმედი მაქვს, ამ ოპერაში აუცილებლად დავესწრები სპექტაკლს, ვერდის რომელიმე ნაწარმოებს ვნახავ... იტალიაში ნამყოფი ვარ რომში, ვენეციაში, ფლორენციაში, ანუ ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც გამოფენები მქონდა.

- აზიაზე რას გვეტყვით?

- იაპონიის არქიტექტურა, მხატვრობა მეტყველებს მათ გემოვნებაზე. ძალიან დიდი და საოცარი ესთეტიკა აქვთ, - მინიმალისტური საშუალებებით მაქსიმალურის მიღება. ძალიან მობილიზებული ხალხია, ყველაფრის მიმართ საოცარი დამოკიდებულება აქვთ... ფერთა გამას სულ სხვანაირად აღიქვამენ. ფერთა გრადაციის ნახევარზე მეტს, რაც ჩვენთვის აღუქმელია, მათი თვალი აღიქვამს. ესაა ჩემთვის კლასი! იაპონიაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ კარგად ვიცნობ ამ ქვეყნის მხატვრობას და ძალიან მიყვარს.

- როდესაც კონტრასტული ფერების შერწყმაზეა საუბარი, ხშირად ახსენებენ თუშურ წინდას...

- თუ ჩვენს თუშურ, ხევსურულ სამოსზე საუბარს დავიწყებთ, ეს არის გემოვნებით შექმნილი, საოცარი ფერთა გამა; ისეთი ხელოვნებაა, როგორც ჩვენი დიდებული ეკლესიები, ფრესკები... მკაფიო ფერებია, მაგრამ იმდენად გადადის ერთმანეთში, რომ ზედმეტი არც ერთი ფერი არაა... ეს არის ადამიანების დახვეწილობის ნიშანი, როდესაც მთელი ფერთა გამა გაქვს გამოყენებული და იმდენად ლამაზად შეხამებული, რომ აღიქმება როგორც ერთი მთლიანობა! ქართული მთის ტანსაცმელი, მოქარგულობა უმაღლესი კლასის ნიშანია!

- ცნობილი ქართველებიდან ვის გამოარჩევდით, როგორც განსაკუთრებულად გემოვნებიანს?

- კლასიკური ჩაცმულობის მხრივ ნანი ბრეგვაძე გამოირჩევა... დავასახელებ ბასა ფოცხიშვილს, რომელსაც ძალიან კარგი სტილი აქვს... კიდევ ბევრი არიან და არ მინდა ვინმე გამომრჩეს...

- ქართველი დიზაინერების შემოქმედებას ადევნებთ თვალს?.. მაგალითად, დღეს მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრშია დემნა გვასალია...

- დემნა გვასალია და სხვა ქართველი დიზაინერებიც ძალიან კრეატიულები არიან. გვასალიას დემნას კონცეპტუალური სტილი აქვს და მისთვის მთავარი კონცეპტუალიზმია. ძალიან თავისუფალია და მივესალმები მის ასეთ მიდგომას. კარგია, რომ სითამამე ჰყოფნის ამისთვის. სასიამოვნოა, როდესაც ასეთი უშიშარი ხარ შენს გამოხატულებებში, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ყველაფერში აუცილებლად უნდა ჩანდეს სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებ და არა გამომწვევი დამოკიდებულება. ჰარმონიულად და ლამაზად უნდა გადმოსცემდე შენს სათქმელს.

img-4913-copyaaaaaaaaa-1637571094.jpg

- ამბობენ, რომ თბილისური მოდა დაიკარგა...

- ჩემ ირგვლივ რასაც ვუყურებ, ძალიან გემოვნებიანი ხალხია... თუნდაც, ჩემი ძმისშვილები, გოგოები და ბიჭებიც ძალიან გემოვნებიანად იმოსებიან... განსაკუთრებულად გემოვნებიანი ახალგაზრდა თაობაა, თავისი ორიგინალური სტილი აქვთ ჩაცმის, ვარცხნილობის და ასე შემდეგ... საინტერესოდ გამოიყურებიან...

- პირადად თქვენ, როგორ ჩაცმულობას ანიჭებთ უპირატესობას?

- ვერ გეტყვით, რომ ძალიან გემოვნებით ვიცვამ. რაც შეიძლება თავისუფალი სამოსი მიყვარს; ტანსაცმელი არ უნდა ბოჭავდეს არც ჩემს აზროვნებას, არც მოძრაობას და ასე შემდეგ... ყველაფერი ძალიან სადა უნდა იყოს...

- თავს დიდი ტრაგედია დაგატყდათ, მეუღლე დაკარგეთ, მაგრამ ოპტიმიზმს ინარჩუნებთ... რას ურჩევდით ქალბატონებს, რთულ პერიოდში სასოწარკვეთას რომ არ მიეცნენ?

- ამ წლების განმავლობაში ერთ რამეში დავრწმუნდი: სინამდვილეში ყველა ერთად ვართ, ბოლოს ყველა ერთად ამოვყოფთ თავს. სადაც დღეს ვიმყოფებით და ბოლოს, სადაც აღმოვჩნდებით, მათ შორის ძალიან პაწაწინა მიჯნაა და დიდი ერთობა. სასოწარკვეთას ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცე... ვინმე რომ ძალიან მოგენატრება, ისიც იფიქრე, რომ ბოლოს მაინც ერთად იქნებით და ეს აადვილებს ძვირფასი ადამიანის სიშორეს... საყვარელ ადამიანს თუ რამ საქმე დარჩა საკეთებელი, ის უნდა აკეთო, რაც შენც წაგადგება... თუმცა, ეს ყველაფერი სათქმელად ადვილია, შესასრულებლად - ურთულესი. მეც ძალიან მიჭირდა და ბევრი რამის გადალახვა მომიხდა, დეპრესიაში რომ არ ჩავვარდნილიყავი. მაგრამ იცოდეთ, ადამიანი თუ მინდომებს, შეუძლებელი არაფერია!

მანანა გაბრიჭიძე