სასახლის კარის ინტრიგები და ესპანური ტემპერამენტი - გზაპრესი

სასახლის კარის ინტრიგები და ესპანური ტემპერამენტი

პანდემიით გამოწვეული მოსაწყენი და მძიმე დღეებისგან „გასაქცევად“ თეატრი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი კი ის ადგილია, რომელიც აქტიურად მართავს წარმოდგენებს და აქ პრემიერებიც ხშირია. ამჯერად რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა „დონ სეზარ დე ბაზანი“ წარმოადგინა, რომელიც დრამის, ოპერისა და ბალეტის ელემენტების შერწყმით მიღებული სანახაობაა და საპრემიერო თარიღები თეატრის ნოემბრის აფიშაზეა ჩანიშნული...

ეს სათავგადასავლო, რომანტიკული კომედია არაერთხელ დადგმულა ქართულ თეატრში: რუსთაველის თეატრში დოდო ალექსიძის მიერ, მარჯანიშვილის თეატრში გოგი თოდაძემ განახორციელა, ხოლო მოზარდ მაყურებელთა თეატრში თემურ ჩხეიძემ წარმოადგინა. დონ სეზანის როლს ასრულებდნენ: გიორგი გეგეჭკორი, რევაზ თავართქილაძე, კოტე მახარაძე, ამჯერად კი ეს რომანტიკოსი პერსონაჟი ნიკო ნანიტაშვილია. სპექტაკლი კოტე მახარაძის 95 წლის იუბილეს ეძღვნება.

დონ სეზარ დე ბაზანის გმირი ვიქტორ ჰიუგოს „რუი ბლაზიდან“ იღებს სათავეს. XIX საუკუნეში კომპოზიტორმა ჟიულ მასნემ ამ ნაწარმოების მოტივებზე თავისი ოპერა „დონ სეზარ დე ბაზანი“ შექმნა, ხოლო ფილიპ დიუმანუასა და ადოლფ ფილიპ დენერის პიესა დიდი პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა კავშირში და ხშირად სხვადასხვა თეატრში იდგმებოდა. ლამაზი ბოშა გოგონა და ესპანეთში სასახლის კარზე განვითარებული მოვლენები ის მთავარი ღერძია, რომლის გარშემოც ორი მოქმედება „ტრიალებს“. პრემიერის შესახებ დამდგმელ რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს ვესაუბრეთ:

- ბატონო დიმა, სპექტაკლში ულამაზესი კოსტიუმები და სცენოგრაფიაა, ასევე მუსიკალური ნომრები - დასმა მოგცათ ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის დასაწყისში მარიამ ჩუხრუკიძე არიას ასულებს. სცენაზე შექმნილი ვიზუალური გარემო და მისი ვოკალური მონაცემები მაყურებელში ოპერაზე დასწრების განცდას იწვევს...

- ეს არ არის პიესა, არამედ ლიბრეტოა. აქედან გამომდინარე, შევეცადეთ სწორედ საოპერო ჟანრში ყოფილიყო წარმოდგენილი. მით უმეტეს, დასში გვყავს მეცოსოპრანო მარიამ ჩუხრუკიძე, რომელმაც კონსერვატორიაში დაამთავრა ბაკალავრიატი და მაგისტრატურაში სწავლობს. მასაც მივეცით შანსი, რომ ეს თანხვედრა ყოფილიყო. თან, ქართულ თეატრში მოგვაკლდა რომანტიკული, სიყვარულით სავსე სპექტაკლები, ბოლო დროს ძალიან დავიძაბეთ. ჩვენ გვაქვს სპექტაკლები, რომელიც, რაც „ქუჩაში ხდება“, იმავეს ასახავს სცენაზე, მაგრამ ვფიქრობ, ხანდახან განტვირთვაც უნდა მოხდეს.

- და ამაში „დამნაშავე“ ალბათ, მსოფლიო პანდემიაა...

- რა თქმა უნდა. ეს რომ არა, „დონ სეზარ დე ბაზანის“ დადგმას არც ვიფიქრებდი, მით უმეტეს, სხვა გეგმებიც მაქვს, რომელიც კომედიური ხასიათის არ არის, მაგრამ პანდემიის პერიოდში პრაქტიკულად, პირველი პრემიერაა და სწორედ ამიტომ ვიფიქრე მისი წარმოდგენა. თეატრის ახალგაზრდა მსახიობების გუნდს დაახლოებით ამავე ჟანრში აქვს ნამუშევარი სპექტაკლზე „აურზაური არაფრის გამო“, მეორე იყო „ბაზანი“ და თუ კიდევ რამეს დავდგამ ამ ჟანრში, ტრილოგიად გაერთიანდება, ამჯერად კი, ასე ვთქვათ, დილოგიაა.

- სპექტაკლში თქვენი შვილი ლაზარინიოს როლს თამაშობს...

- დიახ, ესეც ერთგვარი სიახლეა. ამ როლს მარჯანიშვილის თეატრში მიხეილ კინწურაშვილი ასრულებდა, მაგრამ როგორც წესი, მას ქალები თამაშობენ - ტრავესტის ამპლუაში. მე ჩავთვალე, რომ ჩვენს სპექტაკლში ის იმხელა ბავშვი უნდა ყოფილიყო, რამხელაც პიესაშია.

დაბოლოს, ამიერიდან აღნიშნული სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარშია, რეკომენდებულია 15 წლის ზევით მაყურებელზე. პროექტი „დონ სეზარ დე ბაზანი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. აქვე გეტყვით, რომ 1-ლი დეკემბრიდან სპექტაკლზე დასასწრებად მაყურებელმა უნდა წარმოადგინოს ე.წ. მწვანე პასპორტი.

„დონ სეზარ დე ბაზანი“ - დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, დამდგმელი მხატვარი მანანა გუნია, ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. მონაწილეობენ: ნიკო ნანიტაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, ვანო დუგლაძე, ქეთი ჩაჩუა, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი ჯიქურიძე, შალვა ანთელავა, რატი გოგუაძე, სანდრო ლელუაშვილი, არჩილ სულაქველიძე, გიორგი ოქრუაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, სალომე წურწუმია, ნინო შუშიაშვილი, ხატია მელქაძე, ლევან ხვთისიაშვილი.

ანა კალანდაძე